"პრადვინუტები" რომ ამბობენ, - ნახეთ, უკრაინა როგორ ვაჟკაცობას ავლენსო, როგორც ჩანს, ბევრს მეხსიერება ღალატობს..." - კვირის პალიტრა

"პრადვინუტები" რომ ამბობენ, - ნახეთ, უკრაინა როგორ ვაჟკაცობას ავლენსო, როგორც ჩანს, ბევრს მეხსიერება ღალატობს..."

უკრაინაში რუსეთის მიერ ორგანიზებულმა სამხედრო თავდასხმამ მსოფლიო გამოაფხიზლა. ქართველი ხალხი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინელებს თანადგომა გამოუცხადა. სოლიდარობის აქციები გრძელდება... ყველა თანხმდება, რომ რუსეთი აგრესორია, თუმცა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა მაინც არსებობს, თუნდაც - უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვის ფორმებთან დაკავშირებით...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ზაალ წულუკიძე (ვინი):

"ფაქტია, უკრაინაში სპეცოპერაცია კი არა, ჩვეულებრივი ომია, როგორიც საქართველოში იყო. ომთან ერთად, ეს მსოფლიოს წინაშე რუსეთის დიდი პროვოკაციაცაა: ძალაუფლება მაქვს. საქართველოში ასეთი საქციელი გამივიდა. მაშინ ბევრი ფაქტორის გამო გავჩერდი, ახლა კი შემიძლია, ბოლომდე გავიტანო, რაც მინდაო... კრემლი და მისი ლიდერები ყველაზე დიდი ბოროტების მანქანა რომ არის, ეს არახალია, ძველია: ალბათ, 12 წლის ვიყავი, როცა პროტესტის გრძნობა გამიჩნდა (9 აპრილის მოვლენების შემდეგ). მას მერე მუდამ ამ ბოროტების მანქანის ბორბალში მოყოლილები ვართ..."

winni-1646290143.jpg

"უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გვაჩვენა, რომ არსებობს ერი, რომელიც ბოლომდე დგას თავისი მიწის, სამშობლოს, მომავლის სადარაჯოზე, რაც სამაგალითოა! ამ მაგალითმა დიდწილად განაპირობა, რომ ცოტათი "მონაზო" ევროპა გამოაფხიზლა, თუმცა ეს ყველაფერი სამწუხაროდ, სისხლის ფასად ხდება და არა - მშვიდობიანი გზით. ომი სანამ მათ (ევროპის) კართან არ მივიდა, მანამდე არაფერი გააკეთეს. საქართველო ნახევარ გზაზე მიატოვეს... იმედია, რუსეთის აგრესია შეჩერდება. უკრაინელ ხალხს, უპირველეს ყოვლისა, გამძლეობას ვუსურვებ. სამაგალითოა ის სიმამაცე, რასაც მამაკაცები, ქალები, ბავშვები, ხანში შესულები ავლენენ. დღეს ვნახე, 86 წლის მამაკაცი ომში წამსვლელ მოხალისეებს შორის როგორ ეწერებოდა..."

"ქართველი ვითომ კარგი ტიპი "პრადვინუტები" რომ ამბობენ, - აი, ნახეთ, უკრაინა როგორ ვაჟკაცობას ავლენს, ჩვენ კი ყოველთვის განცალკევებით ვდგავართო, ნამდვილად არ ვეთანხმები. როგორც ჩანს, ბევრს მეხსიერება ღალატობს და არ ახსოვს ქართული ჯარის ვაჟკაცობა თუნდაც, აფხაზეთის მოვლენების დროს, ასევე - 2008 წლის აგვისტოში მათი თავგანწირვა, როცა 100-ჯერ მეტ მტერს ბოლომდე ებრძოდნენ, მთელი ერის ერთად დგომა. ოდიოზურ და გაშიფრულ პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ, ვინც საქართველოდან გარბოდა..."

"ბევრი ცდილობს, ქართული სული და ერთიანობა, დადებითი ეპიზოდები დააკნინოს და ამით რაღაც ქულები დაიწეროს. ჩემთვის ეს მდაბიო საქციელია... უკრაინისადმი სოლიდარობას რაც შეეხება, მიხარია, რომ ეს არა მხოლოდ მსოფლიოს სხვა ქალაქებში განხორციელდა, არამედ - ალბათ, ერთ-ერთი პირველი საქართველო იყო, ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. სოლიდარობის აქცია გრძელდება და გაგრძელდება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 3 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი