"3 მარტი ჩვენს ოჯახში ყოველთვის გულისამაჩუყებელია" - 10 შვილის დედა და წარმატებული ქალი
დღეს 3 მარტია - დედის დღე და ჩვენ 10 შვილის გამჩენი, გმირი დედისა და წარმატებული ქალის შესახებ მოგითხრობთ. ირმა ცქიფაშვილი და ზაზა ჯაბანიშვილი ფშავის პატარა სოფელ თხინვალაში ცხოვრობენ და ბარბარეს, იოსებს, მარიამს, სალომეს, თინას, ჯაბას, ნინოს, ნაზის, ელენეს, დავითს ზრდიან. ეს ამბავია ქვეყნად ათი სიცოცხლის მოვლინების სიხარულზე, სიყვარულის გამოხატვის გულწრფელ ემოციებზე, სიკეთეზე, ბავშვობის გაუაზრებელ ოცნებაზე, რომელიც რეალობად იქცა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ამ დღეს გამორჩეული სიხარული ახლავს. პატარებისგან ყოველთვის გულწრფელ ემოცია მოდის, რა თქმა უნდა, სიყვარულს დიდებიც გამოხატავენ, მაგრამ პატარები - მეტად. 3 მარტი ჩვენს ოჯახში ყოველთვის გულისამაჩუყებელია. დილით გაღვიძებულს შვილების მოსალოცი ბარათები მხვდება, ზოგიერთი ლექსს მიძღვნის. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. ხშირად მიფიქრია, ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია-მეთქი. მოგეხსენებათ, მთაში ვცხოვრობთ, აქ გაზაფხული ცოტა გვიან შემოდის, სადმე ყვავილს თუ იპოვიან, სიხარულით მოარბენინებენ..."
"მრავალშვილიან ოჯახებში აღზრდილი ბავშვები მეტად მზრუნველები არიან, სხვაგვარი სიყვარული იციან. როცა ბავშვები ერთმანეთზე სიყვარულით ზრუნავენ, წლების შემდეგ მათი მზრუნველობა არა მხოლოდ და-ძმებს შორის გრძნობად რჩება, არამედ სამეგობრო წრეში გადადის, მერე - ერის და ბერის სიყვარულში. ჩემი შვილებიდან გამომდინარე, ეს შემიძლია თამამად ვთქვა. შრომის სიყვარულსაც გამორჩეულად ეჩვევიან..."

"მთაში მესაქონლეობის განვითარება ძალიან შრომატევადი და მძიმე საქმეა. ბავშვებიც შრომობენ, ასე ერთმანეთის მხარში დგომით ვცდილობთ, არაფერი გავიჭირვოთ და უკეთესი ხვალინდელი დღე შევიქმნათ..."
"საჯარო სამსახურში ვარ დასაქმებული, სოციალური დახმარება აღარ მეკუთვნოდა, მაგრამ ჩემი ხელფასი საარსებო მინიმუმს რადგან არ აღემატებოდა, ამის გამო ბავშვებზე ვიღებ დახმარებას. როცა წახალისება ხდება, კარგია, მაგრამ შვილები ვიღაცის ან სახელმწიფოს იმედად არ გამიჩენია. მათი მოვლინება ღვთის ნება იყო და ვალდებული ვარ, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთო...
"სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 3 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
თამუნა კვინიკაძე