"ომს მხოლოდ ომი შეაჩერებს, რომელიც უკვე დაწყებულია. პუტინს სანქციები არ შეაჩერებს"
ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა საკმარისი არ არის.
"მხდალი დასავლეთი? თუ პუტინის ომის დანაშაულის თანამონაწილეები? პუტინს სანქციები არ შეაჩერებს, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ომს მხოლოდ ომი შეაჩერებს, რომელიც უკვე დაწყებულია. უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვის, მისი შვილები გვიფარავენ პუტინის სიგიჟისგან,“ - წერს ექსპრეზიდენტი.
მისი თქმით, მანტრის მუდმივი გამეორება, რომ ნატო უკრაინას ვერ დაეხმარება, უკვე პათეტიკურად ჟღერს.
„პუტინიც ხედავს ამას. დასავლეთს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ უკრაინაში ევროპული ომი მიმდინარეობს. ან მონაწილეობ მასში და ებრძვი აგრესორს, ან დგახარ და უყურებ, როგორ ანადგურებს ის უკრაინას და მის ხალხს და ხდები სამხედრო დანაშაულების თანამონაწილე, დიახ, თანამონაწილე,“- წერს დალია გრიბაუსკაიტე.
მისი თქმით, თუ დასავლეთი პუტინს არ შეაჩერებს, მაინც მოუწევს ბრძოლა, მაგრამ საკუთარ ქვეყნებში.
„თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, მაინც მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებში. უკრაინა ითხოვს რეალურ დახმარებას და ჩვენ ტელეეკრანებზე ვუყურებთ, თუ როგორ იბომბება საცხოვრებელი უბნები და ვიფიცებით, რომ „ნამდვილად მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - წერს გრიბაუსკაიტე.
"ინტერპრესნიუსი"