"დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გაყვანა უკრაინაში ან პოლონეთში" - კვირის პალიტრა

"დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გაყვანა უკრაინაში ან პოლონეთში"

დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გაყვანა უკრაინაში ან პოლონეთში, სააკაშვილის საქართველოში ამ პირობებში ყოფნა ნიშნავს მისი წამების და სიცოცხლის მოსპობის გაგრძელებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატზე ბადრაგის მხრიდან მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას უკავშირდება.

მისივე განცხადებით, როცა საბადრაგო სამსახური, სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული პირები, არ ერიდებიან და პირდაპირ თავს ესხმიან ადვოკატს, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ციხეში პრეზიდენტი სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ქვეშაა.

„საზოგადოებამ კარგად ნახა, მოუსმინა ჩანაწერს, სადაც ნათლად ჩანს პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატზე, ასევე საზოგადოებამ კარგად მოისმინა ფრაზა თანამშრომლის, რომელიც ამბობს, რომ აქ მობრძანდით, სადაც კამერები არ არის და შემდეგ იწყებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჩვენ ამასობაში შეგახსენებთ, რომ მოთხოვნილი გვაქვს კადრები,რომელიც უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის წამებას, თუმცა პენიტენციური სამსახური გვეუბნება, რომ ეს მასალა არის წაშლილი. ამის შემდეგ, ვფიქრობ, ძალიან მარტივია გამოიცნოთ თუ რა წამების და არაადამიანური მოპყრობის ქვეშ არის ამ თვეების განმავლობაში პრეზიდენტი სააკაშვილი, როცა საბადრაგო სამსახური, სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული პირები არ ერიდებიან და პირდაპირ თავს ესხმიან მის ადვოკატს.

პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ხნის განმავლობაში წართმეული აქვს დაცვის უფლება, მას წართმეული აქვს ჯანდაცვის და ფაქტობრივად სიცოცხლის უფლება, მასთან უკვე რამდენიმე თვეა არ უშვებენ ექიმებს და სპეციალისტებს, რომ დაადგინონ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის ძალიან მძიმე. ამასობაში ჩვენ ვხედავთ ჩვენ უკრაინელ ძმებზე თავდასხმას ოკუპანტების მხრიდან და მნიშვნელოვანია, აი ამ კადრების შემდეგ, როცა საზოგადოება ხვდება და აღიქვამს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ჰყავთ პრეზიდენტი სააკაშვილი, არაადამიანური მოპყრობის და წამებია ქვეშ, დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გაყვანა უკრაინაში ან პოლონეთში, ნებისმიერ შემთხვევაში სააკაშვილის საქართველოში ამ პირობებში ყოფნა ნიშნავს განგრძობითად მისი წამების და სიცოცხლის მოსპობის გაგრძელებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"