"პუტინს გეგმები ჩაეშალა, მაგრამ შეუძლია, უფრო ძლიერად დაარტყას" - BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის (BBC Russian) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „რუსეთის ომი უკრაინასთან: პუტინს გეგმები ჩაეშალა, მაგრამ შეუძლია, უფრო ძლიერად დაარტყას“ (ავტორი - ჯონ სიმპსონი). მასში გაანალიზებულია ომის მიმდინარეობის პირველი ეტაპის შედეგები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ომის პირველ დღეებში უკრაინელების მიერ რუსეთის არმიის მიმართ გაწეული წინააღმდეგობა უფრო ძლიერი და გაბედული აღმოჩნდა, ვიდრე ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ელოდა, ან, უფრო სწორად, მისი გენერლები, რომლებიც მთავარსარდალს სწრაფ გამარჯვებას ჰპირდებოდნენ. როგორც ჩანს, ჩვენ ომის ჯერ კიდევ საწყისი ეტაპის მომსწრენი ვართ - ძალიან მტკივნეული და დამანგრეველი ეტაპისა.
აშკარაა, ვლადიმერ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ კიევს ჯარების შეჭრიდან რამდენიმე დღეში აიღებდა და დარწმუნებული იყო, რომ დასავლეთის ქვეყნები - დაშინებულნი და განცალკევებულნი - შეურიგდებოდნენ იმას, რომ მოსკოვი „ოდინდელ რუსულ“ (პუტინის აზრით) ტერიტორიას დაიბრუნებდა.
მაგრამ არც პირველი და არც მეორე არ მომხდარა: უკრაინა კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ხოლო დასავლეთის, განსაკუთრებით - გერმანიის რეაქცია - უფრო მკაცრი და ხისტი, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტს ეგონა.
რუსეთის ეკონომიკამ უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა: ჩინეთი, რუსეთის ერთადერთი მეგობარი სახელმწიფო, როგორც ჩანს, სერიოზულად არის შეშფოთებული, რომ რუსეთის შემდეგ დასავლეთი პეკინსაც მიხედავს და ჩინეთის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. შესაბამისად, „ცისქვეშეთმა“ უკრაინაში რუსეთის შეჭრისაგან თავი შორს დაიჭირა და დისტანცირება არჩია.
ნატოს პოზიცია, ალბათ, კიდევ უფრო გაძლიერდება. ამჟამად ალიანსს ნეიტრალური ქვეყნებიც შეიძლება მიუერთდნენ - შვეიცარია, შვედეთი და ფინეთი - საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. არადა, ვლადიმერ პუტინმა ომი ნატოში უკრაინის გაწევრების ხელის შეშლის მიზნით დაიწყო, ალიანსს კი, სავარაუდოდ, ახალი წევრები მიემატებიან - ამჯერად უკვე რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან.
ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინმა შეცდომები დაუშვა და მისი გეგმები ირღვევა. რადგანაც რუსეთის ლიდერი კორონავირუსის გამო იზოლაციაში იმყოფება, იგი იშვიათად ხვდება მრჩევლებს, ხოლო ვისაც უკვე შეხვდა, როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ იმას ეუბნებოდნენ, რის გაგონებაც მას სურდა.
ახლა რუსეთის პრეზიდენტს ახალი სვლების ძიება მოუწევს. რადგანაც ვლადიმერ პუტინს, თუნდაც წარუმატებლობის დროს, უკან არასოდეს დაუხევია, სავარაუდოდ, ის კიდევ ერთხელ დაარტყამს, ამჯერად უფრო ძლიერად: მას ამისთვის ყველა აუცილებელი საშუალება და შესაძლებლობა აქვს.
აშშ-ში უკრაინის ელჩის მტკიცებით, რუსეთის არმიამ უკვე გამოიყენა თერმობარული ბომბი, რომელსაც სხვაგვარად „ვაკუუმურ ბომბს“ უწოდებენ და დიდი გამანადგურებელი ძალით გამოირჩევა. რასაკვირველია, ომიანობის დროს არცთუ იშვიათად, ფაქტების გაბერვა და დამახინჯება ხდება და ამისგან ელჩებიც არ არიან დაზღვეულნი, მაგრამ საქმე ისაა, რომ უკრაინისკენ მიმავალ გზებზე თერმობარული რაკეტები დამკვირვებლებმა უკვე შეამჩნიეს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამგვარი იარაღის გამოყენება მხოლოდ დროის საკითხია. გარდა ამისა, არის იმის ნიშნებიც, რომ რუსეთის არმია კასეტურ ბომბებსაც იყენებს. ასეთი იარაღი 2008 წლის კონვენციით აკრძალულია, მაგრამ რუსეთს ამ დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია.
ვლადიმერ პუტინს მომატებული საფრთხის მქონე იარაღის გამოყენებისა არასოდეს ეშინოდა. როგორც თვლიან, სწორედ მან გასცა პირადად სანქცია რადიოაქტიური "პოლონიუმ-210" გამოყენებულიყო ლონდონში მყოფი „კაგებეს“ ყოფილი აგენტის - ალექსანდრე ლიტვინენკოს ლიკვიდირების მიზნით. ამბობენ, რომ ასევე მისი განკარგულებით იქნა გამოყენებული ნერვულ-პარალიტიკური გაზი „ნოვიჩოკი“ სოლსბერიში 2018 წელს „მტრის მხარეს გადასული“ „კაგებეს“ კიდევ ერთი აგენტის, სერგეი სკრიპალის წინააღმდეგაც. იგი, მართალია, გადარჩა, მაგრამ ის ადგილობრივი მცხოვრები გარდაიცვალა, რომლის კანზე ნივთიერება შემთხვევით მოხვდა.
ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, სამოქალაქო პირების სიკვდილის შესაძლებლობა სულაც არ ადარდებს. ზემოთ ხსენებული მკვლელობები წინასწარ კარგად იყო დაგეგმილი, მათ კონკრეტული მიზანი ჰქონდათ, იმისგან განსხვავებით, რასაც ჩვენ ახლა უკრაინაში ვხედავთ. თუმცა საერთო პრინციპი არ შეცვლილა: როცა საქმე რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ეხება, პრეზიდენტს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გაწირვა იოლად შეუძლია.
თუ საბოლოოდ უკრაინის შემთხვევაში მოვლენები ისე განვითარდება, როგორც რუსეთის პრეზიდენტს სურს, მაშინ იბადება კითხვა: შეუძლია თუ არა ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენება? აშკარაა, რომ ამ ვარიანტის გამორიცხვა მთლიანად არ შეიძლება, თუმცა ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებამდე დრო ჯერ კიდევ შორს არის.
ვლადიმერ პუტინმა, ომს რომ იწყებდა, მსოფლიო გააფრთხილა, რომ უკრაინის ამბებში არავინ ჩარეულიყო და თუ ვინმე ჩაერეოდა, მას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა - როგორც კონკრეტული სახელმწიფოსათვის, ასევე - ისტორიისათვის. იგი იმასაც ამბობდა, რომ ისეთი მსოფლიოს არსებობას, სადაც რუსეთი არ იქნებოდა, აზრი არ აქვსო. თუმცა აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნატოც ცდება, როცა ჰგონია, რომ რუსეთი ატომურ ომს დაიწყებს.
ისტორია კი შეიძლება ასეთნაირად განმეორდეს: 1939-40 წლის ზამთარში იოსებ სტალინი იმედოვნებდა, რომ ფინეთს ორიოდე დღეში დაამარცხებდა, მაგრამ ფინელი მთავარსარდლის - გუსტავ მანერჰეიმის ძალისხმევით, თავდაცვის ძლიერი ხაზი შეიქმნა, რის შედეგადაც წითელმა არმიამ გარკვეული მარცხი განიცადა. საბრძოლო მოქმედებები 100 დღე გრძელდებოდა: ფინეთმა ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.
ჩვენ ახლა მხოლოდ კონფლიქტის დასაწყისში ვიმყოფებით და თვითონ ფაქტი, რომ უკრაინა თავდამსხმელს ძლიერ წინააღმდეგობას უწევს, ჯერჯერობით არ ნიშნავს იმას, რომ კიევი დიდი ხნით გაუძლებს რუსეთის არმიის იერიშებს.
მაგრამ პირველი რაუნდი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კარგად დასრულდა და დასავლეთის პასუხიც უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ბევრი ელოდა - პირველ რიგში კი, თვითონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ