შავ ზღვაში რუსული ხომალდების არშემოშვებისთვის მოსკოვმა ანკარას...მადლობა გადაუხადა (?!) და, აი, რატომ... - კვირის პალიტრა

შავ ზღვაში რუსული ხომალდების არშემოშვებისთვის მოსკოვმა ანკარას...მადლობა გადაუხადა (?!) და, აი, რატომ...

ნატოს წევრმა თურქეთმა უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს ომის კლასიფიკაცია მისცა, მონტროს კონვენციის მე-19 მუხლი აამოქმედა და რუსეთის სამ სამხედრო ხომალდს (მათ შორის, იმ, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილებს, რომლებითაც რუსეთი დაუნდობლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს) დარდანელისა და ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შემოსვლის უფლება არ მისცა.

ოფიციალურმა კიევმა მოიწონა ანკარის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ როგორ საოცრადაც არ უნდა მოჩანდეს, მოსკოვმაც მადლობა გადაუხადა ამისთვის თურქეთის ხელისუფლებას?!

რა ხდება? როდის ყოფილა, რომ კრემლი რუსული ხომალდების შეჩერებისთვის ვინმეს მადლობას უხდიდეს?

ამ „საოცრების“ გასაღები დეტალებშია...

1936 წლის მონტროს კონვენციის მე-19 სტატიის თანახმად, თუკი თურქეთი არ მონაწილეობს ომში, მას შეუძლია შეზღუდოს შავი ზღვის არასანაპირო ქვეყნების სამხედრო ხომალდების შემოსვლა შავ ზღვაში, რაც მშვიდობიანობის დროს დაშვებულია 21 დღე-ღამის განმავლობაში.

რუსეთი კი არის შავი ზღვისპირა ქვეყანა (ყველა ჩვენგანის სამწუხაროდ), მაგრამ ის სამი რუსული ხომალდი, რომლებიც თურქეთმა არ შემოუშვა, არ განეკუთვნებიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და არ ბაზირებენ შავი ზღვის პორტებში.

სამაგიეროდ, ეს დროებითი აკრძალვა, ასევე, ვრცელდება ნატოს წევრი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი შავ ზღვაზე, შესაბამისად, ის ამერიკული სარაკეტო კრეისერები და ფრეგატები, რომლებიც გასულ წლებში ერთმანეთს ანაცვლებდნენ შავ ზღვაში 21 დღე-ღამის ცურვის შემდეგ, ჯერჯერობით ვერ გადმოკვეთენ დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებს...

არადა, ეხლა უკრაინისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა, რომ შავ ზღვაში, ოდესის პორტის ტრავერსზე ფრთოსანი „ტომაჰავკებით“ (რომლებიც მოსკოვამდე წვდებიან) აღჭურვილ ამერიკულ კრეისერს ედრეიფა...

მკითხველს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა - ვინ უშლიდა ამერიკელ ან ბრიტანელ მეზღვაურებს თავიანთი მრისხანე სამხედრო ხომალდები ჯერ კიდევ ომამდე შემოეყვანათ ან ომის დაწყების შემდეგ, სამ-ოთხ დღეში (აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტი ხომ ისედაც ხმელთაშუა ზღვაშია), სანამ თურქეთი შავ ზღვაში შემოსასვლელ სრუტეებს ჩაკეტავდა?

ეტყობა თავიანთი ხელისუფლება, ლონდონსა და ვაშინგტონში, რომლებსაც საკმარისი სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდათ იმაზე, რომ პუტინი აუცილებლად დაარტყამდა უკრაინას და არ სურდათ ამ დროს მათი მეზღვაურები შავ ზღვაში აღმოჩენილიყვნენ და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებთან რამე საშიში ინციდენტი მომხდარიყო, რაც უკვე ბირთვული ქვეყნების დიდ დაპირისპირებაში შეიძლება გადაზრდილიყო...

რუსეთის შავი ზღვის ფლოტს საკმაო ძალა აქვს და დიდად არ დაზარალდება, თუკი თურქეთი ბარენცისა და ჩრდილოეთის ზღვებიდან ჩამოსულ ხომალდებს დროებით არ შემოუშვებს შავ ზღვაში (მით უმეტეს, რომ ომის დაწყებამდე რუსეთის სხვა ფლოტების რამდენიმე ფრეგატი, კორვეტი და ექვსი დიდი სადესანტო ხომალდი უკვე შემოვიდა შავ ზღვაში და ეხლა აქტიურად ემზადება ოდესასთან და მარიუპოლთან საზღვაო დესანტის გადასასხმელად).

უშუალოდ ის რუსული ხომალდები და წყალქვეშა ნავები, რომლებიც ჯერ კიდევ იმყოფებიან ხმელთაშუა ზღვაში, მათ შორის - სირიის პორტ ტარტუსში, სადაც რუსეთს სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს, უპრობლემოდ დაბრუნდებიან შავ ზღვაში, რადგან მიწერის პორტი ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლში აქვთ.

ასე, რომ, ნატოს წევრი თურქეთის მიერ დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების დროებით ჩაკეტვამ რუსეთი დიდი არაფრით დააზიანა, სამაგიეროდ, შეუძლებელი გახადა ნატოს წევრი, მაგრამ არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდების შემოსვლა შავ ზღვაში (რაზეც ნატოში თავს ისედაც არ იკლავდნენ), ასე რომ, მოსკოვს თურქეთისთვის მადლობის თქმის სრული საფუძველი ჰქონია...