"ვისაც სალომეზე საშინელებები აქვს ნათქვამი, არ მგონია, თავისი საქციელის რცხვენოდეს... მოსანანიებლად არ უნდა გაიხადო საქმე" - კვირის პალიტრა

"ვისაც სალომეზე საშინელებები აქვს ნათქვამი, არ მგონია, თავისი საქციელის რცხვენოდეს... მოსანანიებლად არ უნდა გაიხადო საქმე"

"ოპოზიცია სალომეზე საოცრებებს ლაპარაკობდა, ამდენ ბოღმასა და შეურაცხყოფას არ ვიცი, რომელი ქალი აიტანდა. მისი ქალობა და სიძლიერე ზუსტად ამაში ჩანს, როგორ ღირსეულად გაუძლო ამდენ რამეს! ასეთი ძლიერი ქალი და პიროვნებაა სალომე! ის არაჩვეულებრივი დედა და მეგობარია, პრინციპული და მართალი! არავითარ შემთხვევაში ტყუილს არ იტყვის. მისი უახლოესი მეგობარი ვარ და ყოველთვის მეუბნება, თუ სწორი არ ვარ და მართალ საქმეს არ ვაკეთებ. მეგობრობაც იცის, თავის საქმეც, დედობაც...", - ამ სიტყვებს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი - ნათელა მაჭავარიანი ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

"რა გასაკვირია, სალომე ზურაბიშვილს საუბრისას ცოტა აქცენტი ჰქონდეს?! დედამისიც კი საფრანგეთში დაიბადა და როგორ იცავდა იგი ქართულ ენას, როგორი პატრიოტიზმით და სიყვარულით გაზარდა შვილები!

სალომემ თქვა, ხუთი წლის ბავშვს მამაჩემი ქართულ წიგნებს, პირველ რიგში - "ვეფხისტყაოსანს" გადმომიღებდა და მეუბნებოდა, ჯერ ქართული უნდა ისწავლო და მერე - ფრანგულიო...", - აღნიშნავდა ინტერვიუში მაჭავარიანი.

რუსეთ-უკრაინის ომის დროს, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციამ მისი ბევრი ოპონენტი აღაფრთოვანა და ამბობენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი მთავრობიდან ერთადერთია, რომელიც მსოფლიოს თვალში საამაყოდ წარმოგვაჩენს...

ნათელა მაჭავარიანს კოვიდის გადატანის შემდეგ ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეერყა და ამბობს, რომ სახლიდან გასვლაც უჭირს, მაგრამ მოკლე ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა...

ნათელა მაჭავარიანი, ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მსახიობ გეგა კობახიძის დედა:

- ღმერთო, უმრავლე საქართველოს სალომე ზურაბიშვილისთანა მამულიშვილები! მაპატიეთ, მაგრამ ვისაც მასზე საშინელებები აქვს ნათქვამი, სირცხვილის გრძნობა არ აქვს და არც ახლა მჯერა, თავისი საქციელის რცხვენოდეს... ჯერ უნდა იგრძნო, ადამიანი რასაც ლაპარაკობ, მერე - წინ როგორ დაგხვდება! მოსანანიებლად არ უნდა გაიხადო საქმე და არც ვენდობი მაგ ადამიანებს, თითქოს, ახლა მოინანიეს. მეორე წუთში, თუ დასჭირდებათ, უარესს იტყვიან...

და მაინც, თუ ვინმე გულწრფელად ინანიებს, მოხარული ვარ და მათ ღმერთმა გამარჯვება მისცეთ...

სალომე ზურაბიშვილი ამდენ ადგილზეა ნამუშევარი, ასეთი დიპლომატია, ასეთი ურთიერთობები, კავშირები აქვს, ენები იცის და ეს ყველაფერი თუ ბოლოსდაბოლოს დაფასდა და დაინახეს, ძალიან მოხარული ვარ!

- უკრაინაში რაც ხდება, ამაზეც გაგვიზიარეთ შეხედულება...

- უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეგვძრა! რაღა უნდა ვთქვა, რასაც ვუყურებ, ეს ხომ კოშმარია, წარმოუდგენელი საშინელება ხდება! ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ერთხელ, ორჯერ, რამდენჯერ?.. მე ღრმად მწამს, რომ ეგენი აუცილებლად სამაგალითოდ დაისჯებიან ღმერთისგან, არ შეიძლება, ამდენი ცოდვა შერჩეთ! გაუგონარი სისასტიკეა, თვალს ვერ ვუსწორებ, ბავშვების ცოდვით ვიწვი...

გულწრფელად გითხრათ, ბოლო დროს ვეღარ ვუყურებ და იმიტომ კი არა, რომ ჩემს თავს ვუფრთხილდები, უფრო უარესად არ გავხდე, უბრალოდ, თვალს ვეღარ ვუსწორებ რაც ხდება. მე ცუდად ვარ, მაგრამ ისინი რა დღეში არიან, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ. აღარ არის ნერვები, ასაკი, პატარა ხომ აღარ ვარ?! 83 წლის ვხდები აპრილში და არ მეგონა, კიდევ ამ საშინელებას თუ მოვესწრებოდი.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ვუ­თხა­რი: არა­კა­ცი ხარ-მეთ­ქი"

"სალომე საოცარ კერძებს ამზადებს - საცივს, ხაჭაპურს... აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი?

"სალომეც ადამიანია, გული ბევრჯერ ეტკინა, მაგრამ არ იმჩნევდა. ალბათ მაინც პროვინციელები ვართ, თორემ მამაკაცები ამდენ უღირს საქციელს არ იკადრებდნენ"