რამდენად საშიშია რუსული „ვაკუუმური“ ბომბები... - კვირის პალიტრა

რამდენად საშიშია რუსული „ვაკუუმური“ ბომბები...

თავიდანვე ვიტყვი, რომ განმარტება „ვაკუუმური ბომბი“ არასწორია, მაგრამ ჟურნალისტებში და მოსახლეობაში მაინც ამ სახითაა ცნობილი, თუმცა მისი მოქმედების პრინციპი დამყარებულია მოცულობით აფეთქებაზე და ამ კლასის საბრძოლო საშუალებებსაც მოცულობით ფეთქებადი საბრძოლო მასალა ეწოდება.

მისი მოქმედების პრიციპი მარტივად რომ ავხსნათ, ასეთია - თხელკედლიან საავიაციო ბომბში მაღალი წნევით ჩაჭირხნულია აირი, მაგალითად, ეთილენის ოქსიდი. ბომბის მიწაზე დაცემამდე, მისი სარქველებიდან დიდი წნევით გამოიტყორცნება ეს აირი და ატმოსფეროს ჟანგბადთან ერთად ქმნის აირის ფეთქებად ღრუბელს, რომელიც წამის მეათედებში ასწრებს ახლო მდებარე მოცულობების (სარდაფის, სანგრის) შევსებას, რის შემდეგ ამოქმედდება ბომბის ასაფეთქი, ხდება აეროზოლის ღრუბლის დეტონაცია და აფეთქების ტალღა ყველაფერს ანადგურებს...

1-1646314857.jpg
მოცულობითი აფეთქების მომენტი...

ეს მართლაც საშინელი იარაღია, რადგან თუკი ჩვეულებრივი მსხვრევად-ფუგასური მოქმედების ბომბის აფეთქებისას სარდაფში მყოფი ადამიანი შეიძლება გადაურჩეს ნამსხვრევებს, მოცულობით აფეთქებადი ბომბი ამის შანსს თითქმის არ ტოვებს...

რუსეთი უკრაინის ქალაქების დასაბომბად, ძირითადად, ოთხი სახის მოცულობით ფეთქებად საბრძოლო მასალას იყენებს.

ესაა - ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტების - Искандер-М-ის კასეტურ საბრძოლო ქობინში განთავსებული მოცულობით ფეთქებადი საბრძოლო ელემენტები; 500 კგ კალიბრის მოცულობით ფეთქებადი საავიაციო ბომბი ОДАБ-500; თერმობარული რაკეტების გამშვები Буратино და Солнцепёк და ერთჯერადი თერმობარული ყუმბარსატყორცნები „შმელები“.

2-1646315092.jpg
რუსულ მოიერიშეზე ჩამოკიდებული ОДАБ-500-ები...

აერობალისტიკური რაკეტა Искандер-М -ი შეიძლება ბირთვული ქობინითაც აღიჭურვოს და - მსხვრევად-ფუგასურითაც, მაგრამ მის კასეტურ ქობინში განთავსებული 50-მდე მოცულობით ფეთქებადი საბრძოლო ელემენტი განსაკუთრებული დამაზიანებელი ეფექტით გამოირჩევა.

მოცულობით ფეთქებადი საავიაციო ბომბის - ОДАБ-500-ის აფეთქების ეპიცენტრში დამრტყმელი ტალღის წნევა 30 ატმოსფეროს აღწევს და 30 მ-ის რადიუსში ადამიანების სრულ განადგურებას იწვევს.

ასეთი ბომბები რუსეთმა რამდენჯერმე გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ.

ამ ბლოგის ავტორს თავის დროზე მოუწია მონაწილეობის მიღება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ვარციხის საწყობიდან წამოღებული ასეთი, ვადაგასული ბომბების დიდი შირაქის აეროდრომის სიახლოვეს აფეთქების გზით გაუვნებელყოფის პროცესში - სპეციალურად ამოთხრილ ღრმულში ოდაბის აფეთქბა ძალიან შთამბეჭდავი გახლდათ...

3-1646311967.jpg
Солнцепёк -იდან რაკეტების ზალპი...

Буратино და მისი მოდერნიზებული ვარიანტი Солнцепёк-ი, ფაქტობრივად, ტანკის ბაზაზე დამონტაჟებულ, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას წარმოადგენენ, რომლებიც მოცულობით ფეთქებად უმართავ რაკეტებს „გრადივით“ უშვებენ, თუმცა ბევრად უფრო მცირე მანძილზე, სულ რაღაც 6 კმ-მდე, რაც ამ მრისხანე იარაღის მთავარ სუსტ მხარედ ითვლება, რადგან მოწინააღმდეგეს მის პოზიციამდე მიღწევა 120 მმ-იანი ნაღმებითაც კი შეუძლია (ყარაბაღის ბოლო ომში სომხეთისა და აზერბაიჯანის რუსეთში ნაყიდმა „სოლნცეპეკებმა“ ერთმანეთს „კბილი“ მოუსინჯეს და ააფეთქეს კიდეც).

„ბურატინოს“ მოქმედების საშინელი შედეგი ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ გროზნოშიც მინახავს და მის სამიზნედ გადაქცევას არავის ვურჩევ.

თერმობარული ანუ იმავე მოცულობით ფეთქებადი საბრძოლო საშუალების გამოყენება ერთ მებრძოლსაც შეუძლია ერთჯერადი ცეცხლსატყორცნის - Шмель -ის სახით.

4-1646311996.jpg
ერთჯერადი ცეცხლმტყორცნი Шмель -ი

მახსენდება, 1998 წელს რუსთავთან, იაღლუჯის შინაგანი ჯარების პოლიგონზე პირველად როგორ გავისროლეთ ორი ასეთი „შმელი“, რომელიც მაშინ ჩვენთვის დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ქართველი მებრძოლებისთვის გასროლების ვიდეოჩანაწერი გავაკეთე და შემდეგ მათ ვაჩვენებდით, თუ როგორ უნდა გაისროლო „შმელი“ და რამდენად დიდი დამაზიანებელი ფაქტორები აქვს მას ჩვეულებრივ ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიან რეაქტიულ ჭურვთან შედარებით, თუკი გასროლა დახურული შენობების მიმართულებით ხდება, ფანჯარაში შევარდნილი „შმელის“ აფეთქება სახლს ნაწილებად შლის...

5-1646312035.jpg

რუსეთის ავიაციის მიერ სირიაში განსაკუთრებული სიმძლავრის მოცულობით ფეთქებადი საავიაციო ბომბის გამოყენების მომენტი, რომლის სიმძლავრე ტაქტიკური ბირთვული ბომბისას უტოლდება, ოღონდ რადიაციის გამოყოფის გარეშე...

უკრაინის დამცველებმა რუსი აგრესორების რამდენიმე "სოლნცეპეკი" ჩაიგდეს ხელში, ხოლო „შმელები“ საბჭოთა პერიოდიდან ექნებოდათ შემორჩენილი, ისევე, როგორც საავიციო ОДАБ-500-მდე და მათაც შეუძლიათ „ვაკუუმური ბომბების“ „გემო“ რუს დამყრობლებსაც გაასინჯონ...