ამ ხელისუფლების ხელში ვერც 2024 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ვერც 2028-ში" - კვირის პალიტრა

ამ ხელისუფლების ხელში ვერც 2024 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ვერც 2028-ში"

ამ ხელისუფლების ხელში ვერც 2024 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ვერც 2028-ში და ვერც 2032-ში, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ქვეყანას არაფორმალური მმართველი ეყოლება, „რაც არ უნდა მიმართვები აგზავნო, მიმართვა დარჩება ცარიელ ფურცლად“.

„სანამ ქვეყანას მართავს ჩირგვებიდან ოლიგარქი, სანამ ეს არის არა ევროპული ტიპის დემოკრატია, არამედ გაუგებარი წარმონაქმნი ხელისუფლების თვალსაზრისით, რომელმაც სახელმწიფო ჩაიგდო ხელში, ქვეყანა ევროპული სახელმწიფო ვერ გახდება. წარმოუდგენელია, ევროპული სახელმწიფო გახდეს და ევროკავშირის წევრი გახდეს ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ერთი არაფორმალური ოლიგარქი ლიდერი. მსგავსი პრეცედენტი არ მოიძებნება არსად მსოფლიოში. ჩვენ ვართ უნიკალური გამონაკლისი, რადგან ტოტალიტარულ, არადემოკრატიულ ქვეყნებშიც კი აქვს ხელისუფლებას ფორმა - ფორმალურად მაინც არის არჩეული ადამიანი, ვინც ქვეყანას მართავს.

ეს ქაღალდი დარჩება ფარატინა ფურცლად თუ ჩვენ არ მოვუარეთ იმას, რასაც საქართველოს რეალური ევროპული მომავალი ჰქვია. თუ გვეყოლა არაფორმალური მმართველი, თუ გვეყოლა მის მიერ დანიშნული პარლამენტი, მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი, მის მიერ ოკუპირებული და ხელში ჩაგდებული საარჩევნო სისტემა, არ ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები, არ გვეყოლა ნორმალური სასამართლო და ელემენტარული ევროპული ფასეულობები ამ ქვეყანაში ფეხქვეშ იქნა გათელილი, ვერანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსათვის რეალური ვერ გახდება, რაც არ უნდა მიმართვები აგზავნო მიმართვა დარჩება ცარიელ ფურცლად“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ორმა ფაქტორმა აიძულა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეეტანა:

"დოკუმენტი ჩვენ უკვე გავუგზავნეთ, ვიდრე ბატონი კობახიძე გამოაქვეყნებდა თავის წინადადებას მოთხოვნასთან დაკავშირებით, შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და სხვებს ევროპაში. ეს არის მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართვა ევროკავშირის ხელმძღვანელების მიმართ, სადაც ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, რომ დააჩქაროს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის საკითხის განხილვა. ეს დოკუმენტი სამი დღეა ცირკულირებს. ხელისუფლებასაც გაეგზავნა ეს დოკუმენტი. გუშინდლამდე იყო აბსოლუტური სიჩუმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი გაიგზავნა ევროკავშირში, ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე გაანალიზა ის, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში, მიხვდა, რომ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ამ ფონზე, მათ ევროკავშირისთვის არ მიემართათ“, - ამბობს ბურჯანაძე.

ბურჯანაძის თქმით, პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ „უკან დაიხია“.

"მე გეტყვით პირდაპირ, ამ ხელისუფლების ხელში, რომელიც ჩირგვებშია შემძვრალი, რომელმაც ის ვერ მოახერხა, რომ სიტყვა „რუსეთი“ რეზოლუციაში ეხსენებინა, ის ვერ მოახერხა ელემენტარულად, რომ უკრაინის ელჩი არ ყოფილიყო საქართველოდან გაწვეული ამ კრიტიკულ ვითარებაში, ვერ მოახერხა მეგობარი სახელმწიფოსთვის თანაგრძნობა ისე გამოეხატა, რომ არც მისი ქვეყანა დაეზიანებინა და არც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, მე არანაირად არ ველოდები არანაირ პერსპექტივას. პირიქით, მე გაცილებით უარეს პერსპექტივას ვხედავ საქართველოსთვის ამ ხელისუფლების პირობებში და არა რაიმე ფანჯარას, მაგრამ ხელისუფლება მაინც ყოველთვის მეტ-ნაკლებად რეაგირებს, როცა დიდი სახალხო პროტესტია. როცა ხელისუფლებამ დაინახა რამდენიმე დღიანი საკმაოდ მრავალრიცხოვანი პროტესტი, ვერც კი გაბედა ეთქვა, რომ რომელიმე პარტიის მობილიზებული იყო ან ვინმე ფულს უხდიდა და მან უკან დაიხია”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"