როგორ ანადგურებდნენ უკრაინელ პატრიოტებს საბჭოთა სპეცსამსახურები - კვირის პალიტრა

როგორ ანადგურებდნენ უკრაინელ პატრიოტებს საბჭოთა სპეცსამსახურები

უკრაინაში რუსეთის აგრესიიდან მეცხრე დღე დაიწყო და პუტინმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია: მან ვერ შეძლო ღია ბრძოლებში ავიაციის, არტილერიისა და სარაკეტო დარტყმების გამოყენებით უკრაინის დაჩოქება. რუსეთს ჯავშანტექნიკის მრავალკილომეტრიანი კოლონა უკვე რამდენიმე დღეა კიევის მისადგომებთან ჰყავს გაჩერებული და უკრაინის დედაქალაქს ჯერ არ უტევს. არ უტევს იმიტომ, რომ ეშინია “ადუღებულ ქვაბში” არ მოხვდეს: მრავალმილიონიან ქალაქებში, სადაც მოსახლეობა კვლავ მრავლადაა და უკრაინის სპეცსამსახურები, ასევე “ტერიტორიული თავდაცვის” დანაყოფები მტერს ელიან, მძიმე ტექნიკის შეყვანა რუსეთისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. ალბათ ბევრმა ნახეთ თუ როგორი მონდომებით ამზადებენ უკრაინელები “მოლოტოვის კოქტეილებს”. ამიტომ პუტინმა ყველაზე სასტიკ და დანაშაულებრივ მეთოდს მიმართა: რუსეთმა დაიწყო ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების სარაკეტო იერიშები, რათა უკრაინის მოსახლეობა აიძულოს დატოვონ საცხოვრებლები და თავშესაფრები. უკვე ძალზე დიდია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. პუტინისთვის კი ეს უმოკლესი გზაა ჰააგისკენ.

რუსეთი მთელი უკრაინის ოკუპაციას და ანექსიას ვერ მოახერხებს, ამიტომ ეცდება უკრაინაში “ჩეჩნური მოდელის” ამოქმედებას და მარიონეტული ხელისუფლების მოყვანას. ყირიმს, ე.წ. “დონეცკისა” და “ლუგანსკის” “რესპუბლიკებს” პუტინი უკვე თავისად თვლის, ახლა კი “დანარჩენი უკრაინისთვისაა” შესაფერი “მარიონეტი” მოსაძებნი. პარალელურად კი რუსეთის რეჟიმი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციას ეცდება. აქ კი მას, პუტინისთვის სათაყვანებელი, საბჭოთა (იგივე რუსეთის) იმპერიის მრავალწლიანი ტერორისტული ოპერაციების მაგალითები აქვს.

პოლიტიკური მკვლელობისა და ტერაქტების ორგანიზების მხრივ საბჭოთა სპეცსამსახურები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დაუნდობლობითა და “ნოვატორული” იდეებით.

სანამ საბჭოთა დიქტატორი - სტალინი ცოცხალი იყო, ყველა მნიშვნელოვანი ლიკვიდაციის ოპერაციების ოპერატიულ საკითხებს აუცილებლად მასთან ათანხმებდნენ. სტალინს შესწორებები და შენიშვნები შეჰქონდა წარმოდგენილ გეგმებში. ხშირად კი თვითონ სთავაზობდა “ორიგინალურ იდეებს”. ასე იყო ემიგრაციაში უკრაინის ეროვნული ორგანიზაციების ლიდერის ევგენი კონოვალეცის ლიკვიდაციის შემთხვევაშიც. მოახსენეს რა, რომ კონოვალეცს ძალზე უყვარს შოკოლადი, სტალინმა სუდოპლატოვს, საბჭოთა ლიკვიდაციის სპეცოპერაციების “დიდოსტატს”, მაშინვე ურჩია ამ სისუსტის გამოყენება. დანარჩენი უკვე საბჭოთა კავშირის შინსახკომის ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილების სპეციალისტებზე იყო დამოკიდებული. მართლაც სულ მალე შოკოლადის ყუთის ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობა მზად იყო.

2-1646379472.jpg
ევგენი კონოვალეცი

ევგენი კონოვალეცი

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ის ავტომატურად მოდიოდა მოქმედებაში. სუდოპლატოვმა 1938 წლის 23 მაისს როტერდამში რესტორან “ატლანტაში” კონოვალეცს დამშვიდობებისას მაგიდაზე დაუტოვა“სტალინის საჩუქარი” და რამდენიმე წუთში ოპერაცია უკვე დამთავრებული იყო: “შოკოლადი” აფეთქდა და კონოვალეცთან ერთად რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

საბჭოთა ხელისუფლება (ისევე, როგორც დღეს პუტინი) უკრაინელების თავისუფლებისკენ სწრაფვას ვერ ეგუებოდა და ტერორისტული მეთოდებით ცდილობდა უკრაინელი პატრიოტების ლიკვიდაციას.

დასავლეთ გერმანიაში მოქმედი უკრაინის ეროვნული ორგანიზაციის ლიდერების ლიკვიდაციისათვის სპეციალურად შეარჩიეს “კილერი” - ასევე უკრაინელი, ოცდახუთი წლის ბოგდან სტაშინსკი, რომელიც იმ დროისათვის კა-გე-ბეს ლვოვის განყოფილების ფარული თანამშრომელი იყო. სათანადო შემოწმებისა და სპეციალური მომზადების შემდეგ მისი კანდიდატურა სკკპ ცკ-ში განიხილეს და დაამტკიცეს.

ლევ რებეტი

1957 წლის 13 ოქტომბერს მიუნხენის გაზეთები იუწყებოდნენ ცნობილი უკრაინელი ანტისაბჭოთა მოღვაწის, პროფესორის და გაზეთის რედაქტორის, ლევ რებეტის მოულოდნელ გარდაცვალებას, დიაგნოზი: “გულის მწვავე უკმარისობა”.

3-1646379519.png
ლევ რებეტი

სტეფან ბანდერა

ზუსტად ორი წლის შემდეგ იმავე ქალაქში ასევე მოულოდნელად გარდაიცვალა უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლიდერი სტეფან ბანდერა. დიაგნოზი ანალოგიური იყო.

4-1646379562.jpg
სტეფან ბანდერა

ორივე შემთხვევაში არავინ დაეჭვებულა, რომ ეს პოლიტიკური ტერაქტები იყო. ორივე მკვლელობის ავტორი ბოგდან სტაშინსკი 1962 წლის შემოდგომაზე კა-გე-ბესგან ფარულად გადავიდა დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე და პოლიციაში აღიარა ჩადენილი დანაშაული.

ორივე შემთხვევაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის იარაღი, რომელიც კა-გე-ბეში იყო სპეციალურად ამ “სპეცღონისძიებისათვის” დამზადებული.

ეს იყო მცირე პარამეტრების მსუბუქი ლითონისაგან დამზადებული ცილინდრის ფორმის მილი (წონა-200გ; დიამეტრი-0,75 სმ, სიგრძე-7სმ), რომლის “ვაზნას” წარმოადგენდა ჰერმეტულად დახუფული პლასტიკური ამპულა, შიგნით მოთავსებული უფერო და უსუნო ციანიდის შხამით.

5-1646379592.jpg

სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერით მილში სკდებოდა ციანიდის ამპულა და გამოიფრქვეოდა თხევადი შხამის ჭავლი. მსხვერპლისგან დაშორება არ უნდა ყოფილიყო 45 სმ-ზე მეტი. სახეში მისხურების შემდეგ შხამი ხვდებოდა რა სასუნთქ გზებში, მსხვერპლს ეწყებოდა სისხლძარღვების მკვეთრი და ძლიერი შევიწროება, რაც სპაზმებს და რამდენიმე წუთის შემდეგ სიკვდილს იწვევდა. შხამიანი აირი ორთქლდებოდა და არანაირ კვალს არ ტოვებდა. ტერაქტის შემსრულებელი თავდასხმის წინ იღებდა სპეციალურ აბებს, რათა შხამისგან დაცული ყოფილიყო. ამ აირის მფრქვეველი იარაღის მნიშვნელოვანი თავისებურება ის იყო, რომ მალევე სისხლძარღვები პირვანდელ ფორმას უბრუნდებოდნენ და გამოცდილ პათოლოგანატომსაც კი გაუჭირდებოდა სიკვდილის ნამდვილი მიზეზის დადგენა.

2016 წელს პუტინმა განაცხადა: „არ შეიძლება ყველაფერს შავი საღებავი გადავუსვათ, რაც იყო წარსულში“. მან კომუნისტური იდეებისადმი საკუთარი სიმპათიაც დაადასტურა და კომუნიზმის მშენებლობის კოდექსი ბიბლიას შეადარა. პუტინის განაცხადებით მას არ გადაუგდია პარტიული ბილეთი სხვებისაგან განსხვავებით. საინტერესოა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ლენინის მემკვიდრეობიდან “წითელი ტერორის” და სისხლიანი რეპრესიების ფაქტები კი არ აწუხებს, არამედ ის, რომ ლენინმა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებს ვითომდა ძალზე დიდი უფლებები მისცა, რის გამოც საბჭოთა იმპერია დაინგრა. უნდა თუ არა პუტინს, მისი იმპერიაც მალე დაინგრევა.