შეუძლებელია ეს არ ვთქვა... - კვირის პალიტრა

შეუძლებელია ეს არ ვთქვა...

გახსოვთ, რობაქიძის ნათქვამი რუსებზე? პატარა ფრაგმენტს შეგახსენებთ: „რუსეთი იმთავითვე მღვრიე თვალებით სიგიჟეს ატარებდა და დოსტოევსკიდან მოყოლებული, ვიდრე ანდრეი ბელიმდე მას აპოკალიფსური ეპილეფსია ეკიდება...“ მართლა ასე იყო ყოველთვის. არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, რუს ხალხსაც სიკვდილისკენ სწრაფვა ახასიათებს. ომი საერთოდ რა საჭიროა, მაგრამ ფაქტია, რუსეთს არასოდეს შეუცვლია პოლიტიკა და ყოველთვის ამ სიშლეგეს ემსახურებოდა საუკუნეების მანძილზე.

ვფიქრობ, რუსეთს არ აინტერესებს ჩუმად ხარ, ელოლიავები თუ იყვირებ, სულ სხვა ბრძოლა მიდის მსოფლიოში და ის საქართველოშიც შემოიხედავს უცილობლად და ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი ტაქტიკა და პოზიცია.

არ ვაპირებ განვიხილო ომის ამბები, სპეციალისტი არ ვარ. დღეს ჩემი მოქალაქეობრივი გულისტკივილი უნდა ამოვთქვა.

ვინ არის, ერთ დროს, რუსეთ-ბელორუსის კავშირის მომხრე, რადას დეპუტატი გონჩარენკო, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერს (როგორც არ უნდა მომწონდეს ის) მარიონეტი უწოდოს და ქართველ ხალხს პატრიოტობისკენ მოუწოდოს?

ან, სად თქვა ზელენსკიმ - ზოგჯერ ხალხი არ არის ხელისუფლება, მაგრამ ეს ხალხი ხელისუფლებას სჯობსო? ვიდეოში არ ამბობს და „ტვიტერზეც“ ეს ერთი წინადადება არ იკითხება. ესეც „ქვეყნის გულშემატკივრების“ გამუქებული ამბავი მგონია.

რაც მკაფიოდ გავიგონე ეს არის, უკრაინის ქალაქის კონოდოპის მერი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ნაძირალებს უწოდებს და „პროევროპული“ ტელევიზიები სიხარულით ავრცელებენ. მაგალითები ძალიან ბევრია და ყველას არ დავწერ, მაგრამ რაც დრო გადის მართლა მექმნება აზრი, რომ ჩვენი ომში ჩაბმა უნდათ... ბოდიში, მაგრამ მაქვს გრძნობა, რომ კარგად მუშაობს „მიშას სამეგობრო წრე“. თუმც, შესაძლოა „ნაცებს“ ზურგს სხვა ძალაც უმაგრებდეს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ცდილობენ ქართული სული და ღირსება დააკნინოთ და ამით რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ. ეს მდაბიო საქციელია!

ევროპელი მაშინ ხდები, როცა შენს ხელისუფლებას და ქვეყანას სხვას არ აცინინებ და მერე ეს დამცირება უკიდეგანოდ არ გიხარია.

რა თქმა უნდა ღარიბაშვილმა არასწორ ადგილას, არასწორი აქცენტით გააკეთა განცხადება და საერთოდ ცალკე განხილვის საგანია, რატომ არ ხდება მოსახლეობის სწორი ინფორმირება, მაგრამ გადაჭრით გეუბნებით - ქუჩაში არ დასდევენ პირველ პირებს ომის საკითხზე კომენტარისთვის.

მომწონს თუ არა ქვეყნის პირველი პირი არა აქვს მნიშვნელობა, ბორდიურზე, შემთხვევით გამოჭერილ პრეზიდენტს ომზე კომენტარს არ სძალავენ. დარწმუნებული ვარ, ერთი სიტყვაც რომ დასცდენოდა ზურაბიშვილს, იმასაც ისევე გააშავებდნენ, როგორც ღარიბაშვილი..

პრეზიდენტი კი არა, შენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე რომ ლანძღო ევროპელის პირისპირ, თვითონ არ მისცემს თავს უფლებას რომ აგყვეს და აუგად მოიხსენიოს. ეს არის განვითარებულობის მაჩვენებელი და ამას ითხოვს შენგანაც.

კარგად ვიცი ევროპელების ფსიქოლოგია. სულ რომ ქუჩაში წაიქცე, თუ არ მოკვდი, არ მოვა და ხელს არ მოგაშველებს თუ არ დაგინახა, რომ ჯერ შენ თვითონვე ცდილობ წამოდგომას, აი მერე მოდის და გეკითხება - დახმარება ხომ არ შემიძლია?

ევროპელს არ უყვარს რომ თავს აცოდებ. არ დაგიდგება გვერდით. სულ რომ სისხლისგან იცლებოდე, ის უნდა ხედავდეს რომ ჯერ შენ იბრძვი შენი ღირსებისთვის, სიცოცხლისთვის. მერე კი მოდის მხარდასაჭერად.

არ წავა განვითარებული სამყარო ძალადობის გზით. ჩვენ, მოუთმენელ ქართველებს იმ წამსვე გვინდოდა ომი დაეწყო დასავლეთს. ჭკუას ვასწავლიდით, ვბრაზობდით... არადა, მათი შეშფოთება გაცილებით მეტია, ვიდრე ქილიკის საგანი. მას სხვა მექანიზმებიც აქვს, რომლითაც შეუძლია რუსეთზე ზემოქმედება და ამაზე ახლა არ ვისაუბრებ.

ბოდიში, მაგრამ რა გავაკეთეთ 2008-ში. საწყალი თვალებით შევყურებდით დასავლეთს. გვსურდა იმას ებრძოლა, იმას დაეჩაგრა მტერი. რაო გუბაზმა და მისმა მსგავსებმა? ცხინვალში ვიყავიო?! არ ვიცოდეთ მაინც როგორ გარბოდნენ თავის გადასარჩენად ქალაქიდან. ახლა რაღა შეგიძლიათ გინების გარდა? არაფერი! ამიტომ შეგვრჩა 1 ლარი=1.60 დოლარის ფასად დაკარგული ტერიტორიები და დახოცილი ბიჭები.

არ გახსოვთ ე. წ „პროევროპულმა“ ტელევიზიებმა და პოლიტიკოსებმა ძლივს, დაღრეჯილი სახით რომ აღიარეს ვიზალიბერალიზაციის მიღების საკითხი და ლამის ყოველ თვე გვაშანტაჟებდნენ მალე გაგვიუქმებენო. ახლა, კიდევ ვისმენ: “ნუთუ ღარიბაშვილის ხელმოწერილ განაცხადს დააკმაყოფილებს ევროკავშირი?“ - ამას ჟურნალისტი კითხულობს ირონიული სახით.

რომ ვაკვირდები, ქვეყნის მოძულეებს ამ მთავრობის პირობებში არ აწყობთ ჩვენი წევრობა ცივილურ სამყაროსთან. ჯობს ყველაფერი გაკეთდეს ერის გახლეჩისა და ომის დაწყებისთვის, რომ კარგად გაზეპირებული რევოლუცია კიდევ ერთხელ გაიმეორონ... რაღაც, 9 მილიონის „მოტეხის“ სუნი მცემს ისევ.

ახლა, გაიხსენეთ რა წერია „ნატოს“ კანონმდებლობის მეორე პუნქტში. ქვეყნები, სადაც განლაგებულია უცხო ქვეყნის ჯარი, არ მიიღებენ ნატოს წევრად. რა გავაკეთეთ მთელი ამ წლების განმავლობაში დაკარგული ტერიტორიებისთვის? ერთი ფილმის გმირი ელიოზივით ვსხედვართ და ილუზიაში ვართ, იქნებ „ნატოში“ მიგვიღონ და მერე სწრაფად, ბრძოლით მოვაგვაროთ პრობლემა. ამიტომ გაჭიანურდა ჩვენი ინტეგრაცია. არ სურს „ნატოს“ ომი. გაიგეთ!

მსოფლიოსთვის ამ ურთულეს სიტუაციაში, ჩვენთან ყველაზე მთავარია პოლიტიკური სტაბილურობა და ამ დროს, როცა ერის პოლარიზებისთვის ყველაფერს აკეთებ, ეს პრორუსული სვლაა. ამის გამო არ გაგიკვირდეთ, რომ კიდევ ერთხელ აგვარიდოს თავი ცივილურმა მსოფლიომ... შანსი, ისედაც არ არის მაღალი.. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა. მხოლოდ წევრობა რას მოგვიტანს თუ ჩვენი საქციელით და სისტემით არ დავემსგავსეთ ცივილურ ქვეყნებს?! ევროკავშირთან მოლაპარაკებების და ომის ფონზე, საგარეო საფრთხეებზე კონცენტრირების ნაცვლად, ქვეყნის შიგნით შუღლის გაღვივება და ხალხის დაქსაქსვა არ არის სამართლიანი ბრძოლა. ჩემი გულისტკივილი ხელისუფლებასაც ეხება, რომელიც ხშირ შემთხვევაში არანაირ დადებით ნაბიჯს არ დგამს ...

სახელმწიფოს თუ პიროვნების თავისუფლება პასუხისმგებლობით დასტურდება და არა თვითნებობით. დაფიქრდით, ვინ რა პასუხისმგებლობას იღებთ ჩვენი ქვეყნისთვის, თორემ პასუხი მწარედ მოგეთხოვებათ.