აკი არ ვიცოდით, უკრაინაში საომრად თუ მივყავდითო?! - რუსი სამხედრო ტყვეების დიდი ტყუილი - კვირის პალიტრა

აკი არ ვიცოდით, უკრაინაში საომრად თუ მივყავდითო?! - რუსი სამხედრო ტყვეების დიდი ტყუილი

უკრაინაში ერთკვირიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად უკრაინელმა მებრძოლებმა ორასზე მეტი რუსი სამხედრო დაატყვევეს - ზოგი ბრძოლებში აიყვანეს ტყვედ, ზოგი მშიერი რუსი ჯარისკაცი კი თავად ჩაბარდა უკრაინის დამცველებს...

მაგრამ ეს რუსი სამხედრო ტყვეები, ყველა, როგორც ერთი, ვიდეოკამერის წინ დაზეპირებულად იმეორებენ - წაგვიყვანეს სამხედრო სწავლებაზე და არ ვიცით, როგორ აღვმოვჩნდით უკრაინაში, ჩვენ საბრძოლველად არ მოვდიოდითო...

ერთი შეხედვით, შეიძლება ასეც იყოს - ჩამოძენძილ და მშიერ რუს ჯარისკაცს რომელი რუსი გაბღენძილი გენერალი გაუმხელს შეტევის დაწყების დროსა თუ მიმართულებას, თუმცა...

თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ლენინ-სტალინ-პუტინის რეჟიმების არმიებში მაღალ დონეზე იყო და არის დაყენებული პირად შემადგენლობაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა „ზამპოლიტების“ ინსტიტუტის მეშვეობით და წარმოუდგენელია, უკრაინაში შეჭრის წინ რუსი სამხედროები ფსიქოლოგიურად არ დაემუშავებინათ და მათ არ დამუქრებოდნენ - პუტინის ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ციხე არ აგცდებათო...

ეს ჩვენი ვარაუდი გაამაგრა ამ ოფიციალურმა დოკუმენტმა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის დაზვერვამ ერთ-ერთი მორიგი რუსული ჯავშანკოლონის განადგურებისას საშტაბო მანქანაში აღმოაჩინა.

2-1646385242.jpg

რუსული სამხედრო უწყისი - იმის დამამტკიცებელი დოკუმენტი, რომ უკრაინაში შეჭრაზე რუსი სამხედროები ხელს აწერენ...

ოფიციალური დოკუმენტის სახელწოდებაა „პირადი შემადგენლობის უწყისი, ვინც თანხმობა განაცხადა სპეციალური (საბრძოლო) ამოცანების შესრულებაზე უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე!“

ამ კონკრეტულ უწყისში რუსეთის შეიარაღებული ძალების „სამხედრო ნაწილი-01485“-ის მე-4 მოტომსროლელი ასეულის პირადი შემადგელობის ხელმოწერებია, დაწყებული ასეულის მეთაური - კაპიტნის, ასევე, სამხედრო-პოლიტიკურ ნაწილში მისი მოადგილის (ანუ „ზამპოლიტის") ხელმოწერებით და გაგრძელებული (რომლებიც უწყისის სხვა გვერდებზე იქნება) ასეულის ყველა დანარჩენი წევრის ხელმოწერით.

თუ ამ დოკუმენტს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ასეულიდან ყველა ხელმომწერის გვარის გასწვრივ კიდევ ერთი ხელმოწერაა იმ პასუხისმეგებელი პირის, რომელმაც მას სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარა.

რა შეიძლება იგულისხმებოდეს სპეციალურ ინსტრუქტაჟში? უწყისის დასახელებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის, თუ რისთვის შეჰყავთ ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სპეციალური (საბრძოლო) ამოცანის შესასრულებლად და როგორ უნდა მოიქცეს იქ „დიადი“ რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე...

ეს უწყისი, თავისი ხელმოწერებით, არის ერთგვარი წინასწარი განაჩენი რუსეთის არმიის იმ სამხედროებისთვის (უდავოა, რომ ასეთივე უწყისებზე ხელი იმ 150 ათასამდე რუსმა სამხედრომ წინასწარ მოაწერა, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე უკვე შეიჭრა ან დღე-დღეზე ელოდება შეყვანას), რომლებმაც შემდეგ შეიძლება, ომისგან თავის არიდება სცადონ დეზერტირობის ან სპეციალურად ტყვედ ჩაბარების სახით.

ასე რომ, რუსი სამხედრო ტყვეების გაზეპირებული პასუხი - არ ვიცოდით, თუკი მეთაურობას უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლველად მოვყავდითო, - მორიგი დიდი ტყუილია...

P.S. ამ ბლოგის ავტორს სამხედრო ჟურნალისტიკაში მუშაობის 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა ახლო შეხება სამხედრო ტყვეებთან და ცოტათი ერკვევა იმაში, თუ რას გრძნობს ადამიანი, რომელიც მოწინააღმდეგემ იარაღით ხელში დაატყვევა და შეიძლება ყოველ წუთში დახვრიტოს ან კიდევ უფრო უარესი (თუ დახვრეტაზე უარესი არსებობს) - საშინელი წამებითა და მორალური დამცირებით, ნელ-ნელა მოკლას...

მახსოვს იმ, ორი ჩრდილოკავკასიელის სახე და საუბარი, ვინც აფხაზეთის ომში, გაგრის დაკარგვის შემდეგ, სოხუმიდან გუდაუთაში ჩავიყვანეთ გადასაცვლელად - გზაში დარწმუნებული მეუბნებოდნენ - ხომ ვიცით, დასახვრეტად მიგყავართ და ბარემ გვითხარიო, მე კი (ჯერ კიდევ დამწყები სამხედრო ჟურნალისტი, თუმცა ეს უკვე მეორე ომი იყო, რომელსაც ვაშუქებდი) ვუმტკიცებდი, რას ამბობთ, რა დახვრეტა, ქართველ ტყვეებში უნდა გადაგცვალოთო... სიტყვა შევასრულეთ და ეს ორი მართლაც „ბოევიკი“, უზარმაზარი წვერებით, გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე, მოწინააღმდეგის მთავარ ბაზაში გადავცვალეთ... თუმცა ერთ სვანურ ოჯახზე - მამა, დედა და ორი შვილი, რითაც, მიმაჩნია, კარგი საქმე გავაკეთეთ, პაატა ზაქარეიშვილთან და გია ბარამიძესთან ერთად.

მეორედ კი ისევ გუდაუთაში, უკვე თვითმფრინავით, ტყვე სირიელი გენერალი ჩავუყვანეთ, რომელიც აფხაზების მხარეზე ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა.

აი, მასში კი გაგრის ბრძოლების დროს დატყვევებული მეფარიშვილის სპეცდანიშნულების ბატალიონის ორმოცზე მეტი ჩვენი მებრძოლი გადაგვიცვალეს...

და ჩვენი შინაგანი ჯარების იმ ბიჭების სახეებიც არ მავიწყდება, ვინც 2004 წლის აგვისტოში ვანათის სკოლაში დაატყვევეს, ცხინვალის ცენტრში დააჩოქეს და მათ მოსანახულებლად ცხინვალის ციხეში შევედით - მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, სეპარატისტების ლიდერები მშობლების ჩამოყვანას ითხოვდნენ, რომ ტელეკამერების წინ მორიგი საინფორმაციო შოუ მოეწყოთ, მაგრამ მათი გამოხსნა ამის გარეშე მოხერხდა.

საერთოდ, ტყვედ მოხვედრა ასეთ ომებში, სადაც ნაკლებადაა ან საერთოდ არ იცავენ სამხედრო ტყვეების საერთაშორისო ნორმებს, დიდი ტრაგედიაა და ძალიან გაუმართლებს მათ, ვისი სახე და გვარიც დაფიქსირდება ვიდეოკამერაზე თუ ჟურნალისტის ფოტოაპარატზე, რადგან მათი უკვალოდ გაქრობის შანსი იკლებს და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მათი გამოხსნის საშუალება ეძლევა...

ყველაზე რთულ სიტუაციაში ტყვედ ჩავარდნილი სხვა ქვეყნის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც სამხედრო ტყვედ არ აღიარებენ და როგორც დაქირავებულ მებრძოლს, შეიძლება ადგილზე გაუსწორდნენ.

დიდი ტანჯვა ელის იმ ტყვესაც, რომელსაც უპოვიან თავწაჭრილ ტყვიებიან ვაზნებს, ხოლო ტყვედჩავრდნილს თუკი მოწინააღმდეგის სამხედრო ფორმა ეცვა, ე.ი. დივერსანტია და ის შეიძლება ადგილზევე დახვრიტონ...