რამდენი და რა ტიპის რაკეტები ესროლა რუსეთმა უკრაინას...
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი კვირის თავზე უკვე ცხადია, რომ კრემლს ბლიცკრიგის ოპერაცია ჩაუვარდა და ის უკრაინის ქალაქების მასობრივ დაბომბვაზეა გადასული.
აშშ-ის დაზვერვა კოსმოსიდან, ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან 24 სთ-ის განმავლობაში აკვირდება უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს (ასევე, რუსეთისა და ბელარუსის მომიჯნავე რეგიონებსაც) და საჭირო სადაზვერვო ინფორმაციას დროის რეალურ რეჟიმში აწვდის უკრაინულ მხარეს, რაც ძალიან ეხმარება უკრაინელ მეზენიტეებს, რადგან რამდენიმე წუთით ადრე იციან, რომელი რუსული და ბელარუსული აეროდრომიდან აფრენილი ბომბდამშენები თუ მოიერიშეები რა მიმართულებით მოფრინავენ და ასწრებენ მომზადებას...
ამის გარდა, პენტაგონი ზუსტად ითვლის, რამდენი და რა ტიპის ისეთი შორსმფრენი რაკეტა გამოიყენა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება შემდგომში უკვე თავად ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი დაემუქროს არაპროგნოზირებადი პუტინისგან, ოღონდ - უკვე ბირთვული ქობინით აღჭურვილი...
პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, 24 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 480 რაკეტა გამოიყენა, აქედან 230 რაკეტა გაშვებული იქნა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანილი მობილური დანადგარებიდან, 70 რაკეტა - ბელარუსის, ხოლო 160 კი - უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან ესროლეს უკრაინას. გარდა ამისა, 10 რაკეტა გაშვებული იქნა შავ ზღვაში მცურავი რუსული სამხედრო ხომალდებიდან.
ჩამონათვალი თითქოს ამომწურავია, მაგრამ გასაგებია, რომ ამ რიცხვში, დიდი ალბათობით, არ შედის არც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებიდან - „კორნეტიდან“ თუ „კონკურსიდან“ გაშვებული კუმულაციურქობინიანი პატარა რუსული რაკეტები (ასეთი უკვე ათასობითაა ნასროლი და ყველა მათ სტარტს ვერც ასე ნაქები ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრები დააფიქსირებდნენ) და ეტყობა, არც „გრადის“ 122 მმ-ანი რეაქტიული ჭურვები, რადგან 720 რაკეტას „გრადის“ ერთი დივიზიონი (40-ლულიანი 18 მანქანა) მხოლოდ 20 წმ-ში (!) ისვრის.
ამიტომაც, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანილ რუსულ მობილურ სარაკეტო დანადგარებში, რომლებმაც უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და ქალაქებს 230 რაკეტა ესროლეს, დიდი ალბათობით იგულისხმება 220 მმ-იანი „ურაგანებისა“ და მით უმეტეს - 300 მმ-იანი „სმერჩების“ ზალპები, რომელთა რაკეტების სტარტის დაფიქსირება ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრებისთვის უფრო ადვილია.

უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანილ რუსულ მობილურ სარაკეტო დანადგარებში „ისკანდერ-მ“-ები ვერ იქნება მოაზრებული, რადგან ისინი რუსეთის კურსკის, ბელგოროდის, როსტოვის ოლქებიდან, ასევე - ანექსირებული ყირიმიდან და ბელარუსის სამხრეთი ნაწილიდან, ისედაც თითქმის მთლიანად ფარავენ უკრაინის მთელ ტერიტოიას, ხოლო უკრაინაში „ისკანდერების“ უზარმაზარი დანადგარების შეყვანას რუსი გენერლები ვერ გაბედავენ უკრაინელი „მეტყევეების“ (ასე ეძახიან უკვე გამოჩენილ უკრაინელ პარტიზანებს) მიერ მათი აფეთქების ან უფრო უარესი, ხელში ჩაგდების შიშით.
შეიძლება გვეფიქრა ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელ ოპერატიულ-ტაქტიკურ „ტოჩკა-უ“-ს სარაკეტო დანადგარებზე, მაგრამ რუსეთმა თავის სარაკეტო ბრიგადებში ისინი დიდი ზარზეიმით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მთლიანად „ისკანდერ-მ“-ებით ჩაანაცვალა. თუმცა, ბოლომდე არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ რუსეთის გენერალიტეტმა უკრაინის ფრონტებზე დიდი წინააღმდეგობის წაწყდომის შემდეგ, დასაწყობებული „ტოჩკა-უ“-ებიც ისევ გამოიტანა მზის შუქზე...
რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინისკენ გაშვებული 160 რაკეტა ნამდვილად „ისკანდერ-მ“-ების „სინდისზე“ უნდა იყოს, ესენია, როგორც აერობალისტიკური, ისე - ფრთოსანი რაკეტები.

ბელარუსიდან სტარტაღებული 70 რაკეტაც იქ წინასწარ შეყვანილი რუსული „ისკანდერ-მ“-ებს უნდა ეკუთვნოდეთ, მაგრამ თუკი აღმოჩდა, რომ მათ შორის ბელარუსის შეიარაღებაში არსებული „ტოჩკა-უ“-ბიც გამოერია, მაშინ უკრაინელები ამას მეზობლებს ვერასოდეს დაუვიწყებენ...
შავი ზღვის მხრიდან უკრაინისკენ ნასროლი 10 ფრთოსანი რაკეტა ნამდვილად რუსული ფრეგატებიდან და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული „კალიბრებია“, რომელთა საბრძოლო ნათლობა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ფოთის პორტის მიმართულებით ვეღარ მოასწრო, სამაგიეროდ - 2015 წელს სირიაში განახორციელა.

რუსების მიერ გაშვებული რაკეტების დათვლა მარტო უბრალო სტატისტიკა არ არის - ამერიკული დაზვერვა დეტალურად აანალიზებს თუ რომელი რუსული „ჭკვიანი“რაკეტა რამდენად ახლოს აფეთქდა მიზანთან და რა დაზიანება მიაყენა მას.
გარდა ამისა, ნატოს დაზვერვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, თუ რამდენ მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტას დახარჯავს რუსეთი უკრაინის ომში და რამდენი დარჩება ხელუხლებელ მარაგში, ასევე, რამდენი „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ ახალი რაკეტის წარმოება შეუძლია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ყოველთვიურად დასავლეთის სერიოზული ეკონომიკური სანქციების პირობებში...
რუსული „ჭკვიანი“ „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ რაკეტები ხშირად კი ზუსტად ხვდება უკრაინის აეროდრომებს, ტელეანძებს თუ საცხოვრებელ კორპუსებს, მაგრამ ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა - ნუთუ სულ ეს არის რუსების ასე ნაქები „ისკანდერი“, ერთი კორპუსიც კი ბოლომდე ვერ დაანგრია, მაგის ნატოს როგორ უნდა ეშინოდესო...

სინამდვილეში „ისკანდერიც“ და „კალიბრიც“ გათვლილია ბირთვული ქობინის გადასატანად და თუკი ვინმეს „ისკანდერის“ 480 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ნაწილის აფეთქების ძალა არასაკმარისად ეჩვენება, მის ადგილზე ჩანაცვლებული 50 კილოტონა ანუ 50 ათასი ტონა ტროტილის აფეთქების ძალის ექვივალენტი ბირთვული ქობინის ამოქმედება ერთ დიდ ქალაქს მთლიანად შეიწირავს...
პ.ს. ამერიკის კოსმოსურმა დაზვერვამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც დათვალა საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული რუსული რაკეტების რიცხვი - სულ 20-ზე მეტი, აქედან ორი - „ისკანდერ-მ“ (გორის თავზე აფეთქება „ისკანდერის“ საბრძოლო ნათლობა გახლდათ), დანარჩენები - ტაქტიკური „ტოჩკები“ და ოპერატიულ-ტაქტიკური „ტოჩკა-უ“-ები, მათი უმეტესობა კასეტური ქობინებით იყო აღჭურვილი და უფრო ადამიანების განადგურებისთვის იყო განკუთვნილი, ვიდრე ტექნიკის ასაფეთქებლად...