"უკრაინელ დევნილებს რუსი ოლიგარქების სახლებში განვათავსებთ" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"უკრაინელ დევნილებს რუსი ოლიგარქების სახლებში განვათავსებთ" - რას წერს უცხოური გამოცემა

"უკრაინელები, რომლებმაც სამშობლო რუსეთის წამოწყებული ომის გამო დატოვეს და დევნილობაში იმყოფებიან, სულ მალე ფუფუნებაში იცხოვრებენ,“ - წერენ უცხოური გამოცემები.

როგორც ცნობილია, უკრაინელი დევნილები დიდ ბრიტანეთში რუსი ოლიგარქებისა და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენების ჩამორთმეულ ვილებში იცხოვრებენ. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა - დომინიკ რააბმა გააკეთა.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს მსგავს ინიციატივას, რააბმა აღნიშნა: "დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ ყველაფერს კომპლექსურად განვიხილავთ“.

მისი თქმით, ბრიტანეთი რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციას ახდენს, თუ ამის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.

"თუ ჩვენ გვაქვს შესაბამისი მტკიცებულება და სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ამას ვაკეთებთ,“- განაცხადა რააბმა რადიო LBC-სთან საუბარში, როდესაც მას ჰკითხეს რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციის შესაძლებლობებზე.

მილიონიანი ქონება და ვილები, რომლებიც რუს ოლიგარქებს დიდ ბრიტანეთში აქვთ, გამოუყენებელია და არავინ ცხოვრობს.

"ჩამორთმეული უძრავი ქონების უმეტესი ნაწილი ცარიელია,“ - წერია ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის წერილში, რომელმაც ამ საკითხით დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიმართა.

"მოვიდა დრო გავყინოთ და გამოვიყენოთ ეს აქტივები, დროებით შევასახლოთ უკრაინელი დევნილები, რომლებიც ამ საშინელ ომს გადაურჩნენ“.

alisherr-1646398513.jpg
ალიშერ უსმანოვი

მედიის ცნობით, ბრიტანეთის ოპოზიციური პარტიის მიმართვას რააბი დაეთანხმა და განაცხადა: „უკრაინელ დევნილებს რუსი ოლიგარქების სახლებში განვათავსებთ“.

ბრიტანელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, ალბათ, ყველას მოეწონება, ვინც რუსეთის წამოწყებულ ომს გმობს, თუმცა როგორც უცხოური მედია წერს, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისა და მათი ქონების აღრიცხვას გარკვეული დრო სჭირდება.

იდეა ბრიტანელ პოლიტიკოსებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც სანქციები ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვსა და ექსვიცე-პრემიერ იგორ შუვალოვს შეეხო. უზბეკური წარმომავლობის რუს ბიზნესმენ უსმანოვს 60 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული სახლი აქვს, კრემლის ყოფილ მაღალჩნოსანს კი - 11,4 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული სახლი. როგორც ამბობენ, ის კერძო თვითმფრინავითაც სარგებლობდა, რომლის ღირებულება 38 მილიონი გირვანქა სტერლინგია. თვითმფრინავს პოლიტიკოსის მეუღლე ევროპაში ძაღლების შოუზე დასასწრებადაც იყენებდა.

sechini-1646398513.jpg
იგორ სეჩინი, "როსნეფტის“ ხელმძღვანელი

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუს ოლიგარქებსა და ბანკებს სანქციები მაშინვე დაუწესა, როცა რუსი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თუ თავდაპირველად 5 რუსული ბანკისა და პუტინის 3 უახლოესი ოლიგარქის აქტივები გაყინეს, ახლა ევროკავშირის სანქციები 26 ოლიგარქს შეეხო. მედიაში გავრცელდა იმ 9 ყველაზე მსხვილი ოლიგარქის სახელიც, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ, ესენია:

ალიშერ უსმანოვი USM Holdings-ის თანამფლობელი - ის პუტინის ერთ-ერთ საყვარელ ოლიგარქად და კრემლთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა; იგორ სეჩინი, "როსნეფტის“ ხელმძღვანელი; ალექსეი მორდაშოვი; ნიკოლაი ტოკარევი; პიოტრ ავენი და მიხეილ ფრიდმანი; გენადი ტიმჩენკო; ალექსანდრ პონომარენკო; პიოტრ ფრადკოვი.

იხილეთ ასევე: ვინ არიან პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები, რომელთაც სანქციები დაუწესეს