გერმანიამ, მგონი, ისევ თავი შეირცხვინა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში ანუ ვის რად უნდა „დაბერებული“ „სტრელები“... - კვირის პალიტრა

გერმანიამ, მგონი, ისევ თავი შეირცხვინა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში ანუ ვის რად უნდა „დაბერებული“ „სტრელები“...


პუტინის არმიის უკრაინაში შეჭრის წინა პერიოდში გერმანია კატეგორიულ უარს აცხადებდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, მაშინ როდესაც ლატვიელები, ესტონელები თუ ლიეტუველები ბოლო „ჯაველინებსა“ და „სტინგერებს“ იმეტებდნენ უკრაინელების დასაცავად.

უფრო მეტიც, გერმანიამ დაბლოკა ბალტიისპირეთის ამ ქვეყნებიდან 9 (ცხრა!) ძველი ჰაუბიცის გადაცემა უკრაინისთვის, რომლებიც ბერლინის კედლის დაშლის შემდეგ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიიდან დარჩა ბუნდესვერს და შემდგომში ფინეთის არმიას მიჰყიდა, მან კი ლატვიელებს აჩუქა.

მაშინ, როდესაც მთელი ნატო უკრაინის დახმარებას იწყებდა, გერმანიის მთავრობაში ეტყობა შერცხვათ და უკრაინის არმიას 5 ათასი ჩაფხუტის გადაცემას დაჰპირდნენ, თუმცა უკრაინა ბევრად უფრო სერიოზული შეიარაღების გადაცემას სთხოვდა. ეს „გადმოგდებული“ ჩაფხუტები არავის სჭირდებოდა, მით უმეტეს, თუ ვინმეს ჩაფხუტს აძლევ, ლოგიკურად კომპლექტში ჯავშანჟილეტებიც უნდა გააყოლო, რომ მებრძოლი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით მთლიანად იყოს აღჭურვილი.

პუტინის უკრაინაზე ვერაგული თავდასხმის შემდეგ გერმანიის ხელისუფლებამ, საბედნიეროდ, კარდინალურად შეიცვალა პოზიცია და დასთანხმდა, პირველად ისტორიაში, უკრაინისთვის ლეტალური დანიშნულების შეიარაღების, მათ შორის - ათასამდე ტანკსაწინაამდეგო „პანცერფაუსტისა“ და 500 „სტინგერის“ მიწოდებაზე, რაც ნამდვილად ძალიან დიდი დახმარება გახდა (შეიარაღების ეს პარტია უკვე ჩატანილია დანიშნულების ადგილზე) უკრაინის არმიისთვის.

უკრაინელების დიდი მადლობისა და მსოფლიოს მხრიდან მოწონების ტაშის დაკვრის ფონზე, გერმანელმა პოლიტიკოსებმა ეტყობა კიდევ იფიქრეს თავის გამოჩენა და დიდი ზარზეიმით განაცხადეს, რომ ისინი უკრაინის ცის დამცველებს დამატებით კიდევ 2 700 (!!!) საზენიტო რაკეტას გაუგზავნიდნენ, რასაც, წესით, შოიგუს პილოტებში ინფარქტი უნდა გამოეწვია...

მაგრამ, როდესაც გერმანიამ დააკონკრეტა, თუ დამატებით რა ტიპის საზენიტო რაკეტების მიწოდებას აპირებს უკრაინელი მეზენიტეებისთვის, რუს მფრინავებს ეტყობა გულზე მოეშვათ და დაცინვის ხასიათზეც დადგნენ...

გერმანია უკრაინისთვის დამატებით 2 700 ცალი საბჭოთადროინდელი „სტრელა-2მ“ ტიპის საზენიტო რაკეტის (რაკეტის გამშვებების რაოდენობა უცნობია) მიწოდებას აპირებს, რომლებიც ბუნდესვერის საწყობებში 33 წლის წინ, ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღმოჩნდა...

1970 წელს შექმნილი საბჭოთა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა-2მ“ შეიძლება თავისი დროისთვის პასუხობდა მოთხოვნებს, მაგრამ უკვე 1979-89 წლების ავღანეთის ომისთვის მოძველდა და მისი გამოყენების საბრძოლო ეფექტიანობა მნიშვნელოვნად დაეცა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავები და შვეულმფრენები მაღალ ტემპერატურის გამოყოფით წვადი სპეციალური „ცრუ ხაფანგებით“ აღჭურვეს, ხოლო თავდაცვის თანამედროვე ლაზერულ-ოპტიკურაპარატურიანი დღევანდელი რუსული შვეულმფრენებისთვის და მით უმეტეს - მოიერიშეებისთვის, ეს მოძველებული „სტრელები“ თითქმის არავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.

2-1646400089.jpg
33 წელზე მეტი ხნის გერმანულ „სტრელებს“ სპეციალური დიაგნოსტიკა სჭირდებათ, რათა რაკეტის ძრავის ნაწილს მიკრობზარები არ ჰქონდეს და სტარტისას რაკეტის აფეთქება თავად მეზენიტისთვის არ გადაიქცეს უბედურ შემთხვევად...


თანაც, ბუნდესვერის საწყობებიდან ამოღებული ამ „სტრელების“ ასაკი 35 წელზე ნაკლები არ იქნება და მათი გასროლა საერთოდ არ შეიძლება, რადგან ძალიან სახიფათოა - ათწლეულების განმავლობაში რაკეტის ძრავის კორპუსზე შეიძლება მიკრობზარები გაჩენილიყო და რაკეტის სტარტისას ძრავის აფეთქების საშიშროება არსებობს...

პ.ს.

იცით, რა მაკვირვებს? - 2000-იან წლებში ეუთომ და გაერომ უკრაინას საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი რამდენიმე ათასი „იგლას“ ლიკვიდაცია აიძულა გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე საერთაშორისო კონტროლის გამკაცრების მექანიზმის ფარგლებში, მაშინ, როდესაც, თურმე, გერმანიის ბუნდესვერს საწყობები „იგლაზე“ ბევრად უფრო ძველი „სტრელებით “ ჰქონია გადაჭედილი...

პ.ს.ს. ისე, ყველა რაღაცნაირად იარაღით ეხმარება უკრაინას და „ჩვენებური“ სეპარატისტებისთვის წართმეული ერთი „სტრელა-2მ“-ი ამ ბლოგის ავტორსაც შემორჩა 2008 წლის აგვისტოს ომიდან, რომელსაც მტვერი ედება „არსენალის“ სარედაქციო ოთახში და გერმანელების არ იყოს, მეც ხომ არ გავუგზავნო ეს „სტრელა“ უკრაინელებს საქართველოდან დახმარების სახით?

მაგრამ როგორც ჩემი „სტრელა“ არ გამოადგებათ უკრაინელ მეზენიტეებს, ისე ვერც გერმანელების ნაჩუქარი ძველი „სტრელებით“ იხეირებენ და იქნებ აჯობებდა 2 700 სტრელის სანაცვლოდ, ბუნდესვერმა უკრაინისთვის უკვე მიწოდებულ 500 „სტინგერს“ კიდევ რამდენიმე ასეული ასეთივე საზენიტო რაკეტა მიაყოლოს?!

პ.ს.ს.ს. „სტრელასთან“ დაკავშირებით ერთი ანეკდოტური, მაგრამ ნამდვილი ამბავი გამახსენდა, რომელიც ერთმა ბულგარელმა პოლკოვნიკმა მომიყვა - წლების წინ საქართველოს არმიამ ბულგარელი სპეციალისტები მოიწვია მის არსენალში არსებული „სტრელების“ ვარგისიანობის გასარკვევად და საჭიროების შემთხვევში - გასარემონტებლად. მიდის ეს ბულგარელი სპეციალისტი საწყობთან და რას ხედავს - გამოუფენიათ კაშკაშა მზეზე ქართველ მეზენიტეებს ეს „სტრელები“ და თანაც ომახიანად აცხადებენ - საწყობის სახურავიდან წვიმის წყალი იყო ჩასული, ეხლა მზეზე გამოვაშრობთ რაკეტებს და მერე გასინჯეთო... ბულგარელს ენა მუცელში ჩაუვარდა - „სტრელას“, თუგინდ „იგლას“, რაკეტის ინფრაწითელი თვითდამიზნების ძალიან მაღალმგრძნობიარე „თვალი“, პირიქით, ყველანაირად უნდა მოარიდო მზის სხივების პირდაპირ დაცემას, არათუ მზეზე „გამოაშრო“, რადგან მზის სხივი მას „ამოწვავს“ და მრძნობიარობას დაუკარგავს, აღმოაჩინოს ცის ფონზე დიდი სიმხურვალის გამომყოფი საფრენი აპარატი. სწორედ ამიტომაცაა, თუკი პილოტმა მოასწრო მისკენ გაშვებული ინფრაწითელი დამიზნების საზენიტო რაკეტის დაფიქსირება, ის ეცდება, თვითმფრინავი სწრაფი მანევრით მზის დისკოსკენ მიმართოს და ამით რამენაირად მოატყუოს „ჭკვიანი“ რაკეტა...