ქართული ხილის ბუნებრივი გემო უცხოეთს იპყრობს - კვირის პალიტრა

ქართული ხილის ბუნებრივი გემო უცხოეთს იპყრობს

"კახეთში მოსახლეობისგან და საერთოდ საქართველოს მასშტაბით შესყიდულ ხილს გადავამუშავებთ. იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ერთ წელიწადსაც გლეხებმა დაკრეფილი ხილი ვერ ჩააბარეს და გადაყარეს. მოკლედ, ჩანაფიქრმა, რომ ხილი გლეხებისგან შეგვესყიდა, გაამართლა. პირველი პროდუქცია 2019 წლიდან გამოვუშვით, რაც მომხმარებელს მოეწონა. ჯამში, წლის განმავლობაში, 350 ათას ლიტრზე მეტ სხვადასხვა სახეობის ხილის წვენს ვასხამთ ბოთლებში“

სამუშაო ადგილები, სივრცეები და ახალი პროდუქტები ჩვენს ქვეყანაში ინტენსიურად არა, თუმცა მცირე მასშტაბით ნელ-ნელა იქმნება. მაგალითად, თელავში ხილის გადამმუშავებელი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. ის 2018 წელს ამოქმედდა, წელიწადში 600-700 ტონა ხილს გადაამუშავებს და სხვადასხვა ნატურალურ წვენს ამზადებს. პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე, სუპერმარკეტების თითქმის ყველა მსხვილ ქსელში იყიდება. ექსპორტზეც გადის აშშ-ში, კანადაში, ერაყში, ყაზახეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ჩეხეთში... საწარმოს ხელმძღვანელის გოჩა ღვინეფაძის თქმით, მოლაპარაკებას აწარმოებენ კიდევ არაერთ ქვეყანასთან. კომპანიის შესახებ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გამოქვეყნდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით შეიქმნა. "გოჩა ღვინეფაძეს ჰქონდა შესანიშნავი იდეა, მაგრამ სჭირდებოდა ინვესტორი, რომელიც ხარისხის კონტროლის, სურსათის უვნებლობის, ბრენდინგისა და თანამედროვე მართვის სტანდარტების განვითარებაში დაეხმარებოდა. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა დაეხმარა თელავში ცივი გამოწურვის ტექნოლოგიის ჩასატანად საჭირო სესხის უზრუნველყოფაში. ამ მეთოდის წყალობით პროდუქტი ქართული ხილის ბუნებრივ გემოს, სასარგებლო ნივთიერებებს, ფერსა და კონსისტენციას ინარჩუნებს. სამაცივრე მეურნეობის დახმარებით ხილი ხანგრძლივად ინახება, რათა წვენი სხვადასხვა სეზონის შემდეგ აწარმოოს". სააგენტო ასევე დაეხმარა საწარმოს პროდუქციის აშშ-ში გასატანად საჭირო სერტიფიკატის მიღებაში. როგორ მოიპოვებენ ნედლეულს, რა წესით მუშავდება ხილი და რით არის მათი პროდუქტი მნიშვნელოვანი, ამის შესახებ ბატონი გოჩა გვესაუბრება:

- მოგეხსენებათ, პანდემიას უარყოფითი პროცესები ახლავს, თუმცა ექსპორტზე დაბრკოლება არ შეგვქმნია. ჩვენი წარმოებული ქართული ხილის ნატურალური წვენი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდა. რადგან მოთხოვნა არის, გვინდა პროდუქცია კიდევ არაერთ ქვეყანაში შევიტანოთ. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, ახალ-ახალ ბაზარს კი იმის მიხედვით ვიმატებთ, რისი მომარაგების შესაძლებლობაც გვაქვს.

- პროექტი რა ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა?

- საწარმოს ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა "სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებში. ინვესტიციამ სულ 2,5 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 975 ათასი შეღავათიანი აგროკრედიტია, 632 ათასი კი, სახელმწიფო გრანტი.

vashli2-1646412592.jpg

- ხილს შეისყიდით თუ საკუთარი ბაღებიც გაქვთ?

- კახეთში მოსახლეობისგან და საერთოდ საქართველოს მასშტაბით შესყიდულ ხილს გადავამუშავებთ. იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ერთ წელიწადსაც გლეხებმა დაკრეფილი ხილი ვერ ჩააბარეს და გადაყარეს. მოკლედ, ჩანაფიქრმა, რომ ხილი გლეხებისგან შეგვესყიდა, გაამართლა. პირველი პროდუქცია 2019 წლიდან გამოვუშვით, რაც მომხმარებელს მოეწონა. ვამზადებთ ვაშლის, ატმის, მაყვლის, ყურძნის, ციტრუსის, ალუბლის, კომშის, ბროწეულის წვენებს. ვამუშავებთ პამიდორსაც... ჯამში, წლის განმავლობაში, 350 ათას ლიტრზე მეტ სხვადასხვა სახეობის ხილის წვენს ვასხამთ ბოთლებში.

- ცივი წესით დამუშავება რას გულისხმობს?

- წვენი ყოველგვარი დანამატის გარეშე მზადდება, ნატურალურია. ხილი ინარჩუნებს თავის რეალურ გემოს, შემცველობას, არომატს, ეს კი ცივი გადამუშავების დამსახურებაა. შემდეგ კეთდება პასტერიზაცია, სწორედ ის უნარჩუნებს ჩამოსხმულ პროდუქციას გემოვან თვისებებს.

ცივი დამუშავება ნიშნავს, რომ ხილის ზოგიერთი სახეობა იწურება, ზოგიერთი იხეხება ან იჭყლიტება. ამ ყველაფერს სხვადასხვა დანადგარი აკეთებს. ზოგიერთი მყარი ხილი, მაგალითად, კომში, იკუწება და მერე ხდება მისი გამოწურვა. რბილობიანი ხილი, მაგალითად, ატამი, იხეხება, იჭყლიტება. ყურძენი და კენკროვანები კიდევ სხვა მეთოდით იწურება. აქტიურად ვმუშაობთ სეზონურად, რადგანაც პროდუქტს სეზონზე ვიღებთ, მერე კი უკვე ჩამოსხმა შეკვეთების მიხედვით მიმდინარეობს. ხილს სპეციალურ ბოქსებში ვინახავთ, შეკვეთის მიღების შემდეგ კი იწყება მისი გადამუშავება და ჩამოსხმა.

- ესე იგი, პროცესებს დანადგარები აადვილებს. რამდენი კაცი გყავთ დასაქმებული?

- მუშახელი ადგილობრივია, სულ 25 კაცია ამ საქმეში ჩართული. საწარმო 1600 კვმ-ზეა განთავსებული, დამონტაჟებულია ავტომატიზებული ევროპული ხაზები. ასე რომ, წლის განმავლობაში 350 ათასი ლიტრ წვენს ვამზადებთ, ვამუშავებთ 600-700 ტონა ხილს, თუმცა 3000 ტონის რესურსი გვაქვს.

- პერსპექტივა როგორია, რა აჩვენა გამოცდილებამ?

- წარმოების მთლიანი დატვირთვით ამოქმედებამდე ბევრი გვიკლია. ამიტომაც ვცდილობთ ახალი ბაზრების მოძიებას. ვაშენებთ შესანახს მზა პროდუქტისთვისაც, რათა მისი რეზერვი გვქონდეს. ლალი ფაცია