მეფრინველეობის მეურნეობა ენერგეტიკოსისგან
როგორ ვიშოვოთ საარსებო სახსარი მაშინ, როცა თითქმის ყველა გაიძახის, რომ ეს ძალიან ძნელი და ხანდახან შეუძლებელიც არის. ზოგიერთი ხელს ჩაიქნევს, ზოგი კი უფრო მეტად ეცდება საშუალების გამონახვას. ზუსტად ასე მოიქცა ზუგდიდელი ხვიჩა მანველიძე, რომელსაც ქრონიკული დაავადების გამო ოჯახიც ეუბნებოდა, ზედმეტ საქმეს რატომ იმატებ, დაისვენეო, მაგრამ მან არავის უსმინა და პროფესიით ენერგეტიკოსმა ქათმების ფერმის მოწყობა გადაწყვიტა. ამისთვის სამტრედიაში გაემგზავრა და იქიდან ქართული ქათმის 600-მდე წიწილა წაიყვანა ზუგდიდში. რამდენიმე თვეში ეს წიწილები ქათმებად იქცა და ბატონ ხვიჩასაც არაფერი დაუკარგავს, ცხადია, არც ჯანმრთელობის თვალსაზრისით. პირიქით, თავს უფრო მხნედ გრძნობს და მატერიალური სტიმულიც მოემატა, თან ეს უკანასკნელი ახლობლებსაც გაუნაწილა. როცა ისინი ახალშემდგარი ფერმერის ქათმებს უყურებენ, ცხადია, ფიქრობენ, რომ შეუძლებელი არაფერია.
- ბატონო ხვიჩა, როგორ მოხდა, რომ ენერგეტიკოსმა ქათმების ფერმის მოწყობა გადაწყვიტეთ, თანაც ისე, რომ სახელმწიფოს დახმარების იმედიც არ გქონიათ?
- ადამიანი, რომელსაც შრომა შეუძლია, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოს და არავის არ უნდა უდარაჯებდეს, დაველოდები და დამეხმარებაო. ეს ხომ თავმოყვარეობაზე მოქმედებს. აი, ამ რწმენით ვცხოვრობ. ამიტომაც ქალაქ ზუგდიდთან ახლოს მიწა ჯერ კიდევ მაშინ შევიძინე, როდესაც ეს უპრობლემოდ შეიძლებოდა და ახლა ქათმების ფერმის მოწყობაც სწორედ აქ გადავწყვიტე. აქაურობას პატარა ღელეც ჩამოუდის, რაც ამ საქმისთვის აუცილებელია.
სანამ საქმეს შევუდგებოდი, შინაური ფრინველის შესახებ უამრავი ინფორმაცია გადავიკითხე, მე ხომ ენერგეტიკოსი ვარ და არა მეურნე. მით უფრო, რომ დღეს ქათმის გაზრდა არც ისე მარტივია - ძალიან ბევრი უჩივის, წიწილები გვეხოცება, რადგან დაავადებები უჩნდებათო. ასე რომ, ჯანმრთელი წიწილა, თანაც აუცილებლად ქართული, სამტრედიაში შევიძინე. სხვათა შორის, მეფრინველეობის ამ ტრადიციულ რაიონს ქართველებისგან მადლობის თქმა არ აწყენდა, რადგან ხარისხიანი მეფრინველეობისთვის არ უღალატიათ. დღეს ხარისხიანი წიწილას ყიდვა ვისაც უნდა, სამტრედიაში მიდის. აქ ხალხი ათეული წლებია ერთგულად ემსახურება ამ საქმეს.
- ალბათ, ქართული წიწილა იმიტომ იყიდეთ, რომ გამძლეა სხვა ჯიშის ქათმებთან შედარებით, ის ხომ ქართული ენდემია, რომელიც ადგილობრივ პირობებს მიჩვეულია.
- მაგას დაამატეთ ისიც, რომ ქართული ჯიშისგან განსხვავებით, სხვა ჯიშების ქათამს, მეკვერცხულსაც და მეხორცულსაც, უფრო მეტი კვება სჭირდება, რაც ზარალია, მით უფრო, როცა სიმინდი გაძვირდა. თუმცა თავად ნაყიდი სიმინდის იმედად არა ვარ. როდესაც ფერმის გაკეთებას ვაპირებდი, სიმინდიც დავთესე. მართალია, ცოლ-შვილი მეუბნებოდა, ამდენს ნუ შრომობ, დაავადება არ გაირთულოო, მაგრამ არ დავუჯერე. რომ არ მეშრომა, ნერვიულობით გავგიჟდებოდი. მართალია, ბეხტერევის დაავადება მაქვს, მაგრამ შრომაში დაავადებაც უკან იხევს და უხასიათობაც. გარდა ამისა, ის სტიმულიც მაქვს, რომ შვილებსა და შვილიშვილებს თუ კლიენტს ჯანმრთელ პროდუქტს ვაწვდი. სხვათა შორის, როდესაც ქათმის შესახებ ლიტერატურას ვეცნობოდი, ისიც კი წავიკითხე, რომ ქათმის ხორცი გარკვეულწილად სიბერის საწინააღმდეგო ნივთიერებებსაც შეიცავს, რაც კარგი ამბავია.
წიწილების გაზრდა არ გამჭირვებია - პირველი შვიდი დღის განმავლობაში აუცილებლად კვერცხის ტემპერატურაზე ოდნავ ნაკლები ტემპერატურა სჭირდებათ, ანუ +33Co. ჰოდა, პირველ დღეებში სწორედ ასეთი ტემპერატურული რეჟიმი შევუქმენი. რომ დავფიქრდი, შესაძლოა ახალგამოჩეკილი წიწილები სწორედ ასეთი სითბოს დეფიციტის გამო ეხოცებათ. როდესაც წიწილას კრუხი არ ზრდის, დახოცვის საშიშროებაც მეტია. წიწილების გამოკვებასაც არ გავუწვალებივარ - პირველ დღეებში საქართველოში წარმოებული ფრინველის საკვები მივეცი. თუმცა მალევე გადავიყვანე სიმინდით კვებაზე. გარდა ამისა, პირველი შვიდი დღის შემდეგ სადგომი დავუსუფთავე, რადგანაც წიწილებს სკორით სავსე სადგომში მოძრაობა უჭირთ და ვეღარ იზრდებიან. მოკლედ, დღეს 560 ფრთამდე ხარისხიანი ქართული ქათამი მყავს გასაყიდი. მათი წონა 2-3 კილოგრამამდეა.
- ბრძანეთ, რომ ფერმა ქალაქიდან მოშორებით გაქვთ. ალბათ, ფერმაში ღამითაც რჩებით?
- ღამის თევა არ დამჭირვებია, მით უფრო, ქურდობისა და ყაჩაღობის არ მეშინია, ვინაიდან ჩემი შვილებმა ფერმაში სათვალთვალო კამერა დააყენეს. ვინც ჩემი ფერმის ვიდეოთვალს აკონტროლებს, მუდამ იმას მეუბნება, ყოჩაღ, რომ ამდენი შეძელიო. ეს ძალიან მახარებს და მიმტკიცებს, რომ ვინც იშრომებს, ყველაფერს შეძლებს. მთავარია, ჯანმრთელობა გვქონდეს. იმიტომაც მაღიზიანებს, როდესაც ჯანმრთელი კაცი სხვის იმედად ცხოვრობს. რა ჯობს, საკუთარი შრომის შედეგს რომ უცქერი. კარგი ხარისხის ფრინველი მყავს, წესით, მისი გაყიდვა არ უნდა გამიჭირდეს.
- ფრინველის საკლავი თუ გაქვთ?
- ჩვენისთანა მცირე ფერმერების პრობლემა სწორედ ის არის, რომ არა გვაქვს, მაგრამ არა უშავს, ფრინველს ცოცხლად გავყიდი. ცოცხალი ქათამი უკვე 25-30 ლარი ღირს.
- მიმბაძველები თუ გამოგიჩნდნენ, ან ოჯახში რას გეუბნებიან, ყველაფრის მიუხედავად, რომ იშრომეთ და შედეგიც მიიღეთ?
- რა თქმა უნდა, უხარიათ. მომავალში კიდევ სხვა საქმესაც გავაკეთებ. ერთი საქმის წარმატებით დაგვირგვინებაც კი ისეთ სტიმულს იძლევა, რომ ფრთებს გასხამს. რაც შეეხება მომბაძველებს, ვფიქრობ, ასეთებიც გამოჩნდებიან და ეს მხოლოდ გამახარებს.