"ევროკავშირში მიღება კი არა, განაცხადსაც არავინ წაიკითხავს, თუ..." - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე? - კვირის პალიტრა

"ევროკავშირში მიღება კი არა, განაცხადსაც არავინ წაიკითხავს, თუ..." - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე?

თუ "ქართული ოცნება“ არ შეუერთდა იმ რეფორმებს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია გაწერილი, ევროკავშირში მიღება კი არა, განაცხადს საერთოდ არავინ წაიკითხავს, - ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ ხელისუფლების მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებას.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადი პროტესტის ფონზე თავისი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა.

"ევროკავშირში განაცხადს პროტესტის ფონზე მოეწერა ხელი. „ოცნებამ“ ძლივს მოახერხა გაეკეთებინა. მინდა პირდაპირ გითხრათ, თავის ნების საწინააღმდეგოდ. ეს სწორედ იმ ხალხის და ახალგაზრდების დამსახურება იყო, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან. აგიხსნით, რატომ არის ნების საწინააღმდეგო: იმიტომ, რომ ეს არის ფიქცია, თუ „ქართული ოცნება“ არ შეუერთდა შარლ მიშელის დოკუმენტს და იმ რეფორმებს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია გაწერილი, ევროკავშირში მიღება კი არა, საერთოდ განაცხადს არავინ წაიკითხავს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ „ქართველი ხალხი ბევრჯერ მოატყუა“ და ახლაც მისი ქმედება "ახალი ტრიუკია".

„ეს არ არის „ქართული ოცნება“, ეს არის რუსული ოცნება. გაგახსენებთ, პროპორციული არჩევნების დაპირებას, როგორ გადააგდო მთელი მოსახლეობა. რომელი რეფორმა გაატარა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში ეწერა? ახლა განაცხადი შევიტანეთ და შარლ მიშელი დოკუმენტში არ დავბრუნდებითო, ეს არის ახალი ტრიუკი, ახალი მოტყუება, ახალი ნაცრის შეყრა ადამიანებისთვის თვალებში. 2024-ში კი არა, დღეს წყდება მსოფლიოს ბედი, დღეს წყდება ჩვენი რეგიონის ბედი, დღეს წყდება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ბედი. დღეს ერთად დგომით შეიძლება დავამარცხოთ იმპერიული სულისკვეთება, რომელსაც უკვე ღილაკზე აქვს თითი დაჭერილი და შეიძლება ბირთვული ომი დაიწყოს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად სალომე ზურაბიშვილი უნდა მონაწილეობდეს.

„სალომე ზურაბიშვილი გვესახება სამწუხაროდ ერთადერთ თანამდებობის პირად, რომელსაც შეუძლია ეს მოლაპარაკება წარმართოს. პრემიერი პირდაპირ აცხადებს, რომ ომი უკრაინაშია და ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება, არანაირ თანამონაწილეობას არ იღებს თუნდაც დეკლარირების დონეზე იმ პროტესტში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, 5 წუთსაც ვერ ნახულობს, რომ ზელენსკის დაურეკოს და ქართველი ხალხის სულისკვეთება , მხარდაჭერა გადასცეს, ხოლო ქალბატონი პრეზიდენტი კი ჩასული იყო და შეხვდა, ძალიან კრიტიკულ და სწორ მომენტში, ყველა იმ ადამიანს ევროპაში, რომლის ხელშიცაა საქართველოს გაწევრიანების საკითხი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"