"არ გამოიჩენ სიფრთხილეს და მართლაც, ჩვენც არ დაგვცხონ! მსოფლიოს დაპყრობა უნდათ, ყველა უნდა გააწითლონ" - კვირის პალიტრა

"არ გამოიჩენ სიფრთხილეს და მართლაც, ჩვენც არ დაგვცხონ! მსოფლიოს დაპყრობა უნდათ, ყველა უნდა გააწითლონ"

"პრიმიტიულად ერთ მაგალითს მოგიყვანდით: ადამიანი მეგობართან ერთად ქუჩაში მიდიხარ, შენს მეგობარს ხულიგნები თავს დაესხნენ და კლავენ, შენ კი განზე დგახარ და უყურებ, მეც არ მომკლანო... ამ დროს ხომ შენც უნდა გაწირო თავი, თუნდაც მოგკლან! დარწმუნებულიც რომ იყო მოგკლავენ, მაინც უნდა ჩაერთო, თუ კაცი და ვაჟკაცი ხარ!", - გვითხრა ბევრისათვის საყვარელმა მსახიობმა - ლეო ანთაძემ, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ თავისი მოლოდინი და შეხედულება გაგვიზიარა...

- ბატონო ლეო, ელოდით რომ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, მიუხედავად იმ დაძაბულობისა, რაც წინა დღეებში იყო?

- არათუ ომის დაწყებას ველოდი, ახლა ძალიან დიდი შიში მაქვს იმის, რომ პუტინი ყველა შესაძლო ხერხსა და საშუალებას გამოიყენებს, რაზეცაა საუბარი... არანორმალური ადამიანია და აუცილებლად იზამს მაგას, საშინელი მოლოდინი მაქვს...

- რატომ ხართ ასე დარწმუნებული?

- კაცი ამბობს, რუსეთი თუ არ იქნება, მაშინ მთელი მსოფლიო არ უნდა იყოსო... თუ შიგნიდან რამე გადატრიალება არ მოხდა, სხვა საშველი არ ჩანს. მაგის იმედი კი საერთოდ არ მაქვს, რადგან გამოაცხადეს, რომ რუსეთის დუმა, ანუ მთელი მთავრობა ამ ომის და უბედურების მომხრეა.

პუტინს იდეაფიქსი აქვს, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა აიღოს და მერე საბჭოთა კავშირი აღადგინოს. უკრაინაზე ვერ იმარჯვებს და რაღა დარჩა?! ამიტომაც ბირთვულ იარაღზე რაღატომ დაიხევს უკან? ან საბჭოთა კავშირს აღადგენს, ან კაცობრიობას გაანადგურებს - ეს აქვს მიზნად, ამიტომაც მეშინია მაგ ავადმყოფის... უკრაინაში რომ ის ააფეთქოს, რისიც ახლა ყველას ეშინია, ათჯერ უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე ჩერნობილი და სამყაროს დაანგრევს. როგორმე უნდა შეაჩერონ, დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს!

რა სანქციები შეაშინებს პუტინს? მილიარდები აქვს, ლუკმა-პური, კომფორტი არ მოაკლდება და სხვა ადამიანები, მაპატიეთ და სულ ფეხებზე ჰკიდია... ყველაფერზე მიდის და ვერანაირ გამოსავალს ვეღარ ვხედავ თუ მკვეთრი ნაბიჯები არ იქნება დასავლეთიდან!

მაგის პიროვნებიდან გამომდინარე, ლოგიკურად ეგრე ჩანს, რომ ყველაფერს გამოიყენებს, რადგან მას ჰააგა გაასამართლებს და მანამდე, თავს მაგით გადაირჩენს, რომ ბოლომდე ყველაფერზე წავა. ვინ არის, კაცო, ეს მანიაკი?!

- ყოფილხართ უკრაინაში, რამდენად ახლოა უკრაინელი ხალხი თქვენთვის?

- დიახ, გადაღებები მქონდა უკრაინაში და იქ ბევრი გავიცანი. საოცრად თბილი და გულისხმიერი ადამიანები არიან, ქართველები განსაკუთრებულად ვუყვარვართ... ოჯახშიც კი დაგვპატიჟეს, საოცარი სუფრა გაგვიწყვეს, მახსოვს, მასპინძელი ქალბატონი როგორ თან გადაგვყვა...

- რუს ხალხზე რას იტყოდით?

- რუსეთში, მაშინდელ ლენინგრადში ვიყავი გადაღებაზე, სადაც ფილმში მთავარი, ქართველი ალპინისტის როლი განვასახიერე... რუსები, ვისაც დავუმეგობრდი, ძალიან თბილები, მეგობრულები იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი მეკითხებოდნენ, საქართველოს რატომ არ გინდათ ჩვენთან, ჩვენს შემადგენლობაში იყოთო... ყველა რუსშია ეს სურვილი, რომ შენც აუცილებლად რუსი უნდა იყო! ინტელიგენტია თუ არა, მათ ბუნებაშია იმპერიალიზმი. მსოფლიოს დაპყრობა უნდათ, მხოლოდ საბჭოთა კავშირის აღდგენა კი არა, ყველა უნდა გააწითლონ.

- რუსების მასობრივად საქართველოში შემოსვლის მომხრე ხართ?

- ძალიან ძნელი იქნება გარჩევა, ზოგი შეიძლება დივერსანტი, ჯაშუში იყოს... ვერ უნდა ვენდოთ, არ არიან ეგენი სანდო ხალხი და არ უნდა შემოვუშვათ...

- საქართველოს მთავრობის პოზიციაზე რას იტყოდით?

- უკრაინის მხარდაჭერაზე, მგონი, ზედმეტ სიფრთხილეს იჩენენ... თუმცა ფრონტის ხაზის მეორე ნომრად საქართველო აქვს რუსეთს გეგმაში და არ გამოიჩენ სიფრთხილეს და მართლაც ჩვენც არ დაგვცხონ! გიჟები არიან, მაგათი ნდობა როგორ შეიძლება?! ვერ გიპასუხებთ, რა აჯობებდა, არ მაქვს ზუსტი პასუხი... თუმცა პრიმიტიულად ერთ მაგალითს მოგიყვანდით: ადამიანი მეგობართან ერთად ქუჩაში მიდიხარ, შენს მეგობარს ხულიგნები თავს დაესხნენ და კლავენ, შენ კი განზე დგახარ და უყურებ, მეც არ მომკლანო... ამ დროს ხომ შენც უნდა გაწირო თავი, თუნდაც მოგკლან! დარწმუნებულიც რომ იყო მოგკლავენ, მაინც უნდა ჩაერთო თუ კაცი და ვაჟკაცი ხარ!

აქედან გამომდინარე, მეგობარი ქვეყნისთვის ცოტა მეტი მხარდაჭერა გვმართებდა!

(სპეციალურად საიტისთვის)