"ლონდონგრადის აღმასვლა და დაცემა - დასრულდა თუ არა რუსული ფულის ეპოქა? რა ელოდება წინ ლონდონს?" - The Economist - კვირის პალიტრა

"ლონდონგრადის აღმასვლა და დაცემა - დასრულდა თუ არა რუსული ფულის ეპოქა? რა ელოდება წინ ლონდონს?" - The Economist

ბრიტანულმა ჟურნალმა „ეკონომისტმა“ (The Economist) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით „ლონდონგრადის აღმასვლა და დაცემა“, რომელშიც ლონდონში მცხოვრები მდიდარი რუსების ფინანსური და ქონებრივი პერსპექტივაა განხილული: დასრულდა თუ არა რუსული ფულის ეპოქა? რა ელოდება წინ ლონდონს?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

შორტიან, ჯმუხ, დაკუნთულ მამაკაცს ხელში ევკალიპტის, მუხისა და არყის ხის ფოთლებიანი ტოტების ორი კონა უჭირავს და 90 გრადუსიან სიცხეში რიტმულად ურტყამს მის წინაშე დაწოლილი ადამიანის სხეულს. ყოველ დარტყმაზე გამონადენი ოფლის შხეფები იფანტება და სხეულს ორთქლი ასდის. ათწუთიანი „ცემის“ შემდეგ, როცა მსხვერპლი „ძვალ-რბილის გაერთიანებას“ გრძნობს, ის გარეთ გამოჰყავთ და სათლით წყალს ასხამენ. მომდევნო ეტაპს ყინულივით ცივი წყლის აუზი წარმოადგენს, რომლის შემდეგ ათრთოლებულ-აკანკალებული მსხვერპლი ხის კუნძზე ჯდება და თავს ძლივს იმაგრებს. ეს რუსული აბანოა, რომელსაც სუსტნერვებიანი ადამიანი ვერ გაუძლებს. თუმცა არის სხვა ადგილებიც, სადაც შეიძლება უკეთესად დავინახოთ ლონდონგრადის როგორც აღმასვლა, ისე დაცემაც.

ბრიტანეთის დედაქალაქს ტყუილად არ უწოდებენ მოსკოვს ტემზაზე და ლონდონგრადს - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სწორედ აქ მოედინებოდა მდინარესავით რუსული ფული. ლონდონის ისტ-ენდში (აღმოსავლეთ ნაწილში) ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისშიც არსებობდნენ რუსული აბანოები, მაგრამ ბოლო წლებში მსგავსი დაწესებულებები, უფრო მდიდრულად მოწყობილნი, თითქმის მთელ ქალაქში მომრავლდა. საერთოდ, ლონდონს რუსი დისიდენტების, ემიგრანტებისა და დევნილების მიღების საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია აქვს: იყო დრო, როცა თვით ვლადიმერ ლენინი და ლევ ტროცკი ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში სეირნობდნენ და მუზეუმებს ათვალიერებდნენ... თუმცა ლონდონგრადი ძირითადად 1990-იან წლებში გაჩნდა - „ახალგამოჩეკილი“ მილიარდერებითა და მათი მომსახურე ლაქიების გუნდით...

ლონდონგრადის აღმასვლა „გეგმურად“ მიმდინარეობდა: დიდი ბრიტანეთის ყველა მთავრობა უწყობდა ხელს ქვეყანაში რუსული კაპიტალის შემოდინებას. 1994 წელს, კონსერვატორულმა მთავრობამ, ჯონ მეიჯორის პრემიერ-მინისტრობის დროს, შემოიღო ე.წ. „ოქროს ვიზა“, რომლის ძალით, ყველას შეეძლო ბინადრობის ნებართვის მიღება, ვინც 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს (1,3 მილიონ დოლარს) გადაიხდიდა. კონსერვატორების მიერ დაწყებული საქმე ენთუზიაზმით გააგრძელეს ლეიბორისტებმა ტონი ბლერის პრემიერობის პერიოდში. ლონდონის იმდროინდელმა მემარცხენე მერმა კენ ლივინგსტონმა (2000-2008 წლებში) ისიც კი მოისურვა, რომ ბრიტანეთის დედაქალაქი ევროპაში არსებული რუსული კომპანიებისათვის „ცხოვრებისა და საქმიანობის ბუნებრივ გარემოდ“ გადაექცია. კენ ლივინგსტონის მემკვიდრე მერი - ბორის ჯონსონი (დღევანდელი პრემიერი) მეგობრობდა ევგენი ლებედევთან - საბჭოური „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტის, კომპანია The Evening Standard-ის მფლობელი მილიარდერის ალექსანდრე ლებედევის შვილთან. 2020 წელს, როცა ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, მან თავის რუს-ინგლისელ მეგობარს პერის ტიტული უბოძა.

პუტინის რუსეთიდან ყველა წამოსულს ლონდონი უსაფრთხოებას, დაცვას და კონფიდენციალურობას სთავაზობდა. დიდ ბრიტანეთში კომფორტული კანონებია საგადასახადო სფეროში, ქონების საკითხებში, ცილისმწამებლების წინააღმდეგ. კანონთა დაცვა-აღსრულებას ემსახურება თუმც საკმაოდ ძვირი, მაგრამ ეფექტური სასამართლო სისტემა, რომელიც ზოგჯერ საკმაოდ დამთმობია რიგი აკრძალვების მიმართ. ბრიტანელი მოსამართლე არასოდეს დაუშვებს განსასჯელის რუსეთში ექსტრადირებას, რადგანაც ინგლისელთა თვალში რუსი მოსამართლეები კორუმპირებულები არიან. გარდა ამისა, ბრიტანეთი რუს მილიარდერებს იზიდავდა კარგი კერძო სკოლებით, მაღაზიებით... ოლივერ ბულოუ, რომელიც ავტორია წიგნისა „მსოფლიოს მსახურთუფროსი: როგორ გადაიქცა ბრიტანეთი მაგნატების, გადასახადების არგადამხდელების, კლეპტოკრატებისა და დამნაშავეების ლაქიად“ - ამბობს, რომ „ლონდონი ყველას და ყველაფრის ნავსაყუდელს წარმოადგენს“. ლონდონში მთავარია წინდახედულობის გამოჩენა - აბანოს კარზეც კი ასეთი წარწერებია: „გთხოვთ ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ“.

ბრიტანელთა ახალი კლასი მომსახურის როლით სრულიად კმაყოფილია. მაგალითად, ფირმას, რომელიც დაკავებულია საზოგადოებასთან ურთიერთობითა და კავშირებით, თვეში 100 ათასამდე გირვანქა სტერლინგის შემოსავლები აქვს. ასეთი ფირმების წყალობით ყოველ ოლიგარქს ჰყავს მიჩენილი ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემას აარიდებენ. თავის მხრივ, ყოფილი ბრიტანელი პოლიტიკოსებიც, რომლებიც რუსული წარმომავლობის მქონე კომპანიების დირექტორთა საბჭოში სხედან, ექვსნიშნა თანხებს „ხვეტავენ“ - უფრო მეტს, ვიდრე ლორდთა პალატაში ლორდებს უხდიან (323 გირვანქა სტერლინგს დღეში).

რუსი ოლიგარქები განთქმულნი არიან მდიდრულ ე.წ. „წვრილმან გასამრჯელოთი“, ამიტომაც მათ ხშირად იწვევენ „VIP-დარბაზებში“ და უმაღლესი დონის რესტორნებში. იურისტებიც აღფრთოვანებულები არიან - რუსი ოლიგარქები მათ ხელგაშლილად უხდიან. მარკ ჰოლინგსვორტისა და სტიუარტ ლენსლის წიგნში - „ლონდონგრადი: რუსეთიდან ნაღდი ფულით. ოლიგარქთა საიდუმლო ისტორიები“ ერთ-ერთი იურისტი-კარიერისტი აცხადებს: „რაც თქვენ გჭირდებათ ჩემს შესახებ იცოდეთ, ისაა, რომ ჩემთვის იურიდიული დავა სექსზე უფრო ტკბილია!“. აბა, რა - იურისტი ხომ საათში 1000 გირვანქა სტერლინგს იღებს.

მაგრამ ახლა ისეთი დრო დადგა, რომ ამგვარი ფულის აღებით კაცმა შეიძლება „ხელიც დაიწვას“. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ ბრიტანეთის მთავრობამ რუსული კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესა, ბევრი მათგანი ბრიტანეთთან საკმაოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. მოსალოდნელია, რომ სანქციების რიგში ინგლისში „ჩაბუდებული“ ოლიგარქები იქნებიან. კითხვები, თუ როგორ და საიდან დააგროვეს მათ თავიანთი ქონება, მკაცრი იქნება და თუ რაიმე ეჭვი გაჩნდება, ასეთი საეჭვო ფულის მქონე მდიდრებს ახსნა-განმარტება ან მოზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. „ოქროს ვიზები“ გაუქმდება. გამჭვირვალობის რეფორმის თანახმად, რუსული წარმოშობის მქონე კომპანიებს მოუწევთ ე.წ. „მატრიოშკების“ და შვილობილების სააშკარაოზე გამოტანა. წინა წლებში მათი ფული საიმედოდ ინახებოდა ლონდონის საიდუმლო საცავებში, რათა რუსეთის ხელში არ მოხვედრილიყო, მაგრამ ახლა, თუ მათ გამოამჟღავნებენ, ვერსად ვეღარ გადარიცხავენ. მოკლედ, როცა აბანოში ძალიან დაცხება, საკმაო ხნით ყინულიანი წყლის აუზში არასასიამოვნო ჩაყვინთვა მოგიწევს, უფრო უარესისა და მტკივნეულის თავიდან ასაცილებლად.

ყოველი ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც თუ გამოუცდია რუსულ აბანოში მუხისა და არყის ხის ფოთლებიანი „ცოცხით ცემა“, გეტყვით, რომ ყინულიანი აუზის შემდეგ, ტემპერატურული სხვაობის შედეგად, ის ეიფორიაში ვარდება. თუმცა ასეთი შეგრძნება მცირე ხნის შემდეგ ქრება. თუ თქვენ იმის იმედი გაქვთ, რომ ლონდონგრადელების მიმართ ანგარიშსწორების შემდეგ დიდი ბრიტანეთი „გამოსწორდება“, მაშინ ცდებით: ბრიტანეთი იმიტომ კი არ არის დახარბებული საეჭვო ფულს, რომ იქ კანონები არ მოქმედებენ, არამედ პირიქით - მოქმედებენ, მაგრამ შერჩევით. მთავრობა ყოველწლიურად ერთ მილიარდზე ცოტა ნაკლებ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს ფინანსური ხასიათის დანაშაულების გასახსნელად, მაგრამ იმავდროულად, „ფულის გარეცხვა“ ეკონომიკას ასჯერ უფრო ძვირი უჯდება. მთავრობის სამსახურში მყოფ დაბალი ხელფასების მქონე ადვოკატებს და გამომძიებლებს კერძო მესაკუთრეები „აუთოებენ“, რომლებსაც ათჯერ უფრო მეტი შემოსავლები აქვთ. სისტემის აზრიც ამაში გამოიხატება: სწორედ ასეთმა გარემოებამ გადააქცია ლონდონი არატრივიალური წესებით გამდიდრების მოყვარულთა ბუნაგად... სწორედ ეს იყო და არის ლონდონის ბიზნეს-მოდელი.

როცა საეჭვო რუსული ფული ამოიწურება, მას არანაკლებ საეჭვო ფული შეცვლის უკვე სხვა წყაროებიდან. რუსეთი ხომ ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც დიდი რესურსები აქვს, მაგრამ ელიტისგან დაწყევლილია. ლონდონში უკვე „შხეფებს ისვრის“ ნიგერიული და აზერბაიჯანული ფული. დღეს რუსეთი გარიყულია, მაგრამ მისნაირი ქვეყნები კიდევ არიან. მაგალითად, საუდის არაბეთი, რომელიც ჟურნალისტებს კლავს და ანაწევრებს, მეზობლებს აფეთქებს და ამიტომ არასასურველ მოკავშირედ გადაიქცა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ბრიტანეთის მთავრობა საუდელებს უყოყმანოდ აძლევს ფასიანი აქტივების შესყიდვის ნებას (ისეთებისაც კი, როგორიცაა ფასდაუდებელი „ნიუკასლ იუნაითედი“). „ოქროს ვიზების“ მფლობელთა ერთი მეხუთედი, რომლებიც 2008 წელს იქნა გაცემული, რუსები არიან, ერთი მესამედი კი ჩინელები. რა მოხდება მაშინ, თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება? იგივე რუსი ოლიგარქების მსგავს ანალოგიურ პროცესებს უნდა ველოდოთ, როცა სისტემიდან უკვე ჩინური ფული გამოძევდება. მოკლედ, ლონდონგრადი დაეცა. მას, ალბათ, მეტსახელს შეუცვლიან, მაგრამ აბანოები დარჩებიან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო