პუტინის, ასადისა და შოიგუს დაჯილდოებული რუსი პილოტიც ჩამოგდებულია...
ორიოდე საათის წინ, 5 მარტს ქალაქ ჩერნიგოვთან უკრაინელმა მეზენიტეებმა ციდან ჩამოხსნეს ასე ნაქები, თანამედროვე რუსული საფრონტო ბომბდამშენი Су-34, რომელიც ქალაქის საცხოვრებელ უბნებს ბომბავდა.
რუსული ბომბდამშენის საზენიტო რაკეტით ჩამოგდებისა და მისი ორკაციანი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მიმალვის მცდელობა, უკრაინელმა სამხედროებმა მობილურ ტელეფონზე დააფიქსირეს.
კატაპულტირებული და შემდგომ დაკავებული ერთ-ერთი რუსი პილოტის ვინაობის გაგებას დიდი დრო არ დასჭირვებია, რადგან მის მიერ გადაგდებულ საფრენოსნო შლემზე გარკვევით ეწერა - კრასნოიარცევი, მეორე, დაღუპული მფრინავ-შტურმანის გვარი კი კრივოლაპოვი იყო.
შეიძლება ეს გვარები ნაკლებად საინტერესო ყოფილიყო, რომ არა ფოტო, რომელზეც მაიორი კრასნოიარცევი სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზა ჰმეიმიმზე პუტინთან, შოიგუსთან და ასადთან ერთად არის გადაღებული (ის ფოტოზე სირიის პრეზიდენტის უკან დგას), მას შემდეგ რაც ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სირიის, მეტწილად მშვიდობიანი მოსახლეობის რეგულარული დაბომბვისთვის, რუსი მფრინავების ჯგუფი დააჯილდოვა.

მე კი უკრაინელები მეზენიტეებისგან დიდი მოთმინებით ველოდები რუსი მფრინავების - სერგეევისა და შპიტონკოვის ჩამოგდებას, რომლებიც დღეს, ასევე, უთუოდ ბომბავენ უკრაინას, რადგან სწორედ კაპიტანმა შპიტონკოვმა ვორონეჟის პოლკის Су-24М-იდან ნასროლი "ჰაერი-რადიოლოკატორის“ კლასის Х-58У ტიპის რაკეტებით ჯერ თბილისი-გორის გზაზე, შავშვებთან აგვიფეთქა სამხედრო რადილოკატორი, შემდეგ კი უკვე თბილისის ზღვასთან, ქვიშიანში სამოქალაქო რადარი დაგვიზიანა...
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი Су-34 არ უნდა იყოს, რომელიც უკრაინელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს, მანამდე ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომელზეც ჩამოგდებული თვითმფრინავის პატარა ფრაგმენტია ასახული, რისი საშუალებითაც შეუძლებელია თვითმფრინავის ტიპის დადგენა, მაგრამ ამ ფრაგმენტზე დატანილი საღებავის ფერით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის Су-34-ს ეკუთვნის...

პ.ს. Су-34-ის ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარის ახლოდან დათვალიერება 1999 წლის ზაფხულში, ჟუკოვსკის საავიაციო-კოსმოსურ გამოფენაზე შევძელი და მის კაბინაში ვიდეოგადაღებას ვიწყებდი, როდესაც გაბრაზებულმა რუსმა სამხედროებმა უფლება არ მომცეს-დადიან აქ ვიღაცეები და მერე ჩვენი თვითმფრინავები ვარდებაო-ჩაიბურტყუნა ერთ-ერთ მათგანმა. მე, რა თქმა უნდა, არავითარ "დივერსიას“ არ ვაპირებდი, ჩემს ჟურნალისტურ ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებდი (ისევე როგორც იქ მყოფი სხვა ჟურნალისტებიც), მაგრამ ეკიპაჟის კაბინაში დამონტაჟებული ხელსაწყოები მაშინ ჯერ კიდევ საიდუმლოდ ითვლებოდა...
რას წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად 9 წლის შემდეგ სუ-34-ის სწორედ ამ ეგზემლარს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებდა, ოღონდ არა დასაბომბად (მისი ჩამოგდების ეშინოდათ), არამედე რადიოლექტრონული ჩახშობის მიზნით...