"კახი კავსაძე ჩემი უფროსი მეგობარი იყო. სულ ვამბობდი, რომ ამ დიდ მსახიობთან შედარებით არაფერს წარმოვადგენდი და ერთხელ ხუმრობით მითხრა..." - კვირის პალიტრა

"კახი კავსაძე ჩემი უფროსი მეგობარი იყო. სულ ვამბობდი, რომ ამ დიდ მსახიობთან შედარებით არაფერს წარმოვადგენდი და ერთხელ ხუმრობით მითხრა..."

"ადამიანის ბედი ჭორაობის დონეზე არ უნდა გადაწყდეს"

გეგე სულხანიშვილს ვიცნობთ, როგორც კოლორიტულ, განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებულ ადამიანს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ბატონი გეგე სულ სხვა ამპლუაში წარმოგიდგინოთ და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ, რთულ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

- ალბათ დამეთანხმებით, რომ მიგრაცია საქართველოსთვის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა: ქვეყნიდან ყველაზე მშრომელი, ყველაზე ნიჭიერი ხალხი მიდის - ძირითადად, ქალები. როგორ ფიქრობთ, ქართველმა კაცებმა ამით ძველი ღირსება დაკარგეს და თავიანთი დედების ან ცოლების ხარჯზე ცხოვრებას შეეჩვივნენ?

- ვერ დაგეთანხმებით: ქალები ევროპაში იმიტომ მიდიან, რომ იქ მათთვის სამუშაოს პოვნა უფრო ადვილია. ამას ჩემი მეგობრების გამოცდილების მიხედვით ვამბობ, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ცოლებთან ერთად წავიდნენ, ქალებმა სამსახური უფრო ადრე იშოვეს, ვიდრე მათ. მეც, როგორ უნდა მიჭირდეს ან ჩემს ოჯახს როგორ უნდა გაუჭირდეს, რომ წავიდე, ვინმეს მოვუარო და პამპერსი გამოვუცვალო? ზოგიერთი ჩემი ნაცნობი და მეგობარი ევროპაში ახლაც უმუშევარია და ცოლი ინახავს. ამას წინათ ერთ-ერთმა დამირეკა: გეგე, უკან უნდა დავბრუნდე, მრცხვენია, ასე ცოლის კმაყოფაზე როდემდე ვიცხოვროო? ასეთი მდგომარეობაა იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. მამაკაცები პოლონეთში უფრო მუშაობენ, ძირითადად, ტაქსის მძღოლებად.

- როგორ ფიქრობთ, მთავრობა ვალდებული არ არის, რომ მოსახლეობას ღირსეული პირობები შეუქმნას და ემიგრაციაში წასვლის სურვილი დაუკარგოს?

- ბუნებით ოპტიმისტი ვარ და რაღაცნაირად მჯერა, რომ თანდათან ყველაფერი გამოსწორდება. უცბად, ყველა პრობლემას საკუთარ სახლშიც ვერ მოაგვარებ. ქართველების ემიგრაციაში წასვლა რომელ ქართველს უხარია, მაგრამ თუ ადამიანი ოჯახის შესანახავად და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიდის, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ცუდი ისაა, რომ უკან აღარ ბრუნდებიან. მე არც ერთ მთავრობას არ ვამართლებ, მაგრამ როგორი ქარხნები ან ფაბრიკები უნდა გაიხსნას საქართველოში, რომ თუნდაც, ჩინეთს დავეწიოთ? ჩინელები ყველაფერს კაპიკებად ყიდიან და ჩვენ ერთი საუკუნე მაინც დაგვჭირდება, რომ მათ დავეწიოთ. რა უნდა შევკეროთ ან რა უნდა გამოვუშვათ, რომ მსოფლიოს ბაზარზე გავიდეთ და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ? ძალიან კარგი, ღვთისგან ნაბოძები მინერალური წყალი გვაქვს, მაგრამ ეს ნიშა მსოფლიოში საფრანგეთს უკავია და მან უნდა გადაწყვიტოს, ევროპაში მინერალურ წყალს შევიტანთ თუ - ვერა. მსოფლიოში თითქმის ყველა სფეროში ადგილის მოპოვება ძალიან რთულია.

- თქვენზე როგორ მოქმედებს აგრესია, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში იგრძნობა და თუ გამხდარხართ აგრესიის ობიექტი?

- არა, რადგან ყველაფერს გულით ვამბობ. შეიძლება მოწინააღმდეგე არ მეთანხმებოდეს, მაგრამ ჩემს აზრს ყოველთვის ალალად, იუმორით გამოვხატავ. სხვათა შორის, კახი კავსაძე ჩემი უფროსი მეგობარი იყო. სულ ვამბობდი, რომ ამ დიდ მსახიობთან შედარებით არაფერს წარმოვადგენდი და ერთხელ ხუმრობით მითხრა: სადაც კი შენს სახელს ვახსენებ, ყველას უყვარხარ. ვფიქრობდი, ეს კაცი ხალხს ასე რატომ უყვარს-მეთქი და ბოლოს მივხვდი: არაფერს რომ არ წარმოადგენ, იმიტომაც, თორემ ისე ბევრი მტერი გეყოლებოდაო. ამ სიტყვებში არის სიმართლის მარცვალი. რასაც ვამბობ, ყველაფერს სიყვარულით ვამბობ, ალბათ ამიტომ, ხალხის აგრესია არასდროს მიგრძნია. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში არსებულ აგრესიას, იქ ძალიან ბევრი ხალხია, რომელიც პრობლემებზე ნიშნის მოგებით წერს და როცა ცუდი ხდება, თითქოს უხარიათ. ყველას ეტყობა, ესა თუ ის პრობლემა მართლა აწუხებს თუ არა. წესიერი, თბილი და გულიანი კაცი ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე ნიშნის მოგებით ვერც დაწერს და ვერც ილაპარაკებს. რატომღაც მგონია, მოსახლეობის 20 პროცენტი რაღაცაზე დაბოღმილი, განაწყენებულია და სწორედ ისინი წერენ ბოღმით სავსე სტატუსებს. სამწუხაროა, მაგრამ ზოგი სწორედ ამ აგრესიით ცოცხლობს, ამით უთენდება და უღამდება.

- ყველაზე დიდი კამათი და კრიტიკა უკრაინის მოვლენებს მოჰყვა: ჩვენი საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველო უკრაინის მხარდაჭერას უფრო აქტიურად უნდა გამოხატავდეს.

- მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ: ამხელა კაცი ვარ და ასე გაწონასწორებული, სწორი რეაქცია, ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოხატული, ჯერ არ მინახავს: არც მწვადი დაწვეს, არც შამფური და მტერი ზედმეტად არ გააღიზიანეს. რასაკვირველია, უკრაინას მხარს ვუჭერთ, მაგრამ პუტინს არ ვაგინებთ. ლანძღვა-გინებას რა მოაქვს? როგორ შეიძლება რომელიმე ქვეყნის მმართველი ჟურნალისტმა უშვერი სიტყვებით "შეამკოს" და მერე ეს ლანძღვა-გინება ტელევიზიით გაუშვან? ვგულისხმობ გიორგი გაბუნიას, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პუტინს აგინა, ამით რაიმე გამოსწორდა? - არა! რაც დღეს მსოფლიოში ხდება, დიდი პოლიტიკის ნაწილია. ჩვენ არ ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ, დიდ ქვეყნებს შორის რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რეალურად რა ხდება. თუ ამ კონფლიქტში ზედმეტად ჩავერევით და არასწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, შეიძლება ამან დაგვაზიანოს.

- ოპონენტები გეტყვიან, რომ უკრაინამ რუსეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ამის გამო, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა დაიმსახურა. მათ რას უპასუხებთ?

- მე პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ როგორც ერთი, რიგითი ქართველი, კარგად ვხედავ: რუსეთმა უკრაინას უკვე წაართვა, რაც წასართმევი ჰქონდა. ყველაზე მდიდარი რეგიონები დაიპყრო და კიევი რად უნდა? მიუხედავად იმისა, რომ რუსები და უკრაინელები "ბიძაშვილები" არიან, რუსებმა ის მიიღეს, რაც სურდათ. არავითარი გინება და არავითარი გაღიზიანება - ჩემი პოზიცია ასეთია. აბა, წინა ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი - გიორგი თარგამაძე რომ ამბობდა, რუსეთის მთელ ჯარს დავადუღებთო, ასეთი მიდგომაა მოსაწონი? რას დაადუღებ? არ მოინდომონ, თორემ ნახევარ საათში ჩვენი ქვეყანა აღარ იარსებებს. გორიდან თბილისამდე ტანკებით 45 წუთში მოაღწევენ. მართალია, მეზიზღებიან, რადგან დაპყრობით "კაიფობენ", მაგრამ რუსულ არმიას ბაქიბუქი რომ დავუწყოთ, კარგს რას მივიღებთ?

- თუმცა, ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკითაც ვერაფერს ვაღწევთ: ისინი "საზღვარს" თანდათან აფართოებენ და მავთულხლართები უკვე მეჯვრისხევამდე ჩამოსწიეს.

- გასაგებია, მაგრამ წელიწადში 2 მეტრით მოდიან და თუ ცეცხლზე ნავთს დავასხამთ, 5 წუთში თბილისამდე მოაღწევენ. დაკარგული ტერიტორია ლავირებით, მოფერებით და ტკბილი სიტყვით იქნებ დავიბრუნოთ, გინება ხომ ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა! მე ასე ვფიქრობ და მაინტერესებს, სხვა გზა რომელია? ყველას ვეუბნებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას საქმის კურსში ვაყენებთ, მაგრამ ასეთ რთულ მდგომარეობაში ვართ და რა ვქნათ?! მათ მარტივი ლოგიკა აქვთ: "სილა ესტ, უმა ნე ნადო". უხეშ ძალას ჭკუა და გამჭრიახობა უნდა დავუპირისპიროთ და არა - გინება და მუქარა.

- სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ დაძაბული ფონია: ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის სახით "ბუა" შექმნა, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება. თქვენი დაკვირვებით რა ხდება ჩვენს თავს?

- დიდ განსხვავებას ვხედავ ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის. შეცდომები "ოცნების" წევრებსაც მოსდით, მაგრამ იმის დავიწყება როგორ შეიძლება, რაც წინა ხელისუფლების დროს თუნდაც, საპატიმროებში ხდებოდა? ამ ორი ძალის შედარება როგორ შეიძლება? ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ მთავრობა აკრიტიკოს და თქვას, რომ ქვეყანა უკან მიდის. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და დღევანდელ სიტუაციას ნეიტრალურად ვაფასებ. რომელიღაც მხარე რომ ხარ, უნებურად ძველს მისტირი ან ახალი არაფერი მოგწონს - ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.

- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს...

- პრეზიდენტობა რა შუაშია? რამდენიმე წლის შემდეგ მეათე პრეზიდენტი გვეყოლება, მერე - მეოცე და თუ რომელიმე დანაშაულს ჩაიდენს, არ უნდა მოეკითხოს? პირიქით, შეიძლება მე არ მეპატიოს, თქვენ არ გეპატიოთ, მაგრამ პრეზიდენტს უფრო მეტი მოეთხოვება. მაშინ ყველა დამნაშავე გამოვუშვათ ციხიდან. სალომე ზურაბიშვილს ლაპარაკის დროს დაშვებულ შეცდომებს არ პატიობენ და მესამე პრეზიდენტს ყველაფერი ეპატიება? მით უმეტეს, ზურაბიშვილი ევროპაში გაიზარდა, პირველი საშუალო სკოლა ხომ არ დაუმთავრებია? პირიქით, მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ქართველობა შემოინახა. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ჯერ უნდა დაუმტკიცონ. დაგავიწყდათ, წინა ხელისუფლების დროს, ღამის 3 საათზე რომ იბარებდნენ ხალხს და მათ ქონებას იფორმებდნენ? მსგავსი რამ ახლა გაგიგიათ? თუ მსგავსი რამ მოხდა, ათიდან 8 მაინც ხომ იტყოდა?...

- სამაგიეროდ, "ოცნების" ჩინოვნიკებს კორუფციაში სდებენ ბრალს და ეს არანაკლები დანაშაულია...

- ყველაფერს დამტკიცება უნდა, ადამიანის ბედი ჭორაობის დონეზე არ უნდა გადაწყდეს, ამიტომ, მე ვერავის უსაფუძვლო კრიტიკას ვერ დავეთანხმები.

- ბოლო წლებში უმუშევართა და სოციალურად დაუცველთა რიცხვი ქვეყანაში გაიზარდა და საშუალო ფენა გაღარიბდა.

- როგორ გგონიათ, ამერიკაში თანასწორობაა? რომელ ქვეყანაშია თანასწორობა, დამისახელეთ და ჩამომითვალეთ. ამტკიცებენ, გვიჭირსო და საღამოს რესტორანში რომ შეხვიდეთ, ადგილს ვერ იპოვით. თბილისში ამდენი მანქანა რომ დადის და ბენზინი 3 ლარი ღირს, როგორ, ყველა მანქანაში პარლამენტის წევრი და თანამდებობის პირი ზის? - რასაკვირველია, არა. ამიტომ, ეს საკამათო თემაა - რესტოrნებში ადგილი არ არის, დედაქალაქი საცობებითაა სავსე და რომელ გაჭირვებაზე მელაპარაკებით, იქნებ ამიხსნათ? არ უარვყოფ, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ გამოსავალს იცით, რაში ვხედავ? - არა ღვარძლი და არა - ერთმანეთის სიძულვილი - აი, ამაში! თუ ქართველებს ერთმანეთის მიმართ ნაკლები ბოღმა და სიძულვილი ექნებათ, მე მგონი, ყველაფერი მოგვარდება, მერე სხვა ქვეყნებიც სხვა თვალით შემოგვხედავენ. საქართველოს უკეთესი მომავლის გასაღები ისევ ჩვენს ხელშია.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"