ლეჩხუმელი ჩირის დედოფალი - კვირის პალიტრა

ლეჩხუმელი ჩირის დედოფალი

სოფელი დაცლის პირას არის. გზა არ გვაქვს და ეს ხელს ძალიან გვიშლის. ჩვენი ამოსახვევიდან რვაკილომეტრიანი მონაკვეთი და ცაგერთან დამაკავშირებელი სამკილომეტრიანი გზა რომ გაკეთდეს, 10 სოფელი სულს მოითქვამს...

ნანა უჩაძე ცაგერის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ უცხერში, მამაპაპისეულ მამულში ცხოვრობს. წინაპრების ტრადიცია არ დაივიწყა და ძმასთან ერთად საოჯახო მეურნეობას უვლის. კარგა ხანია, ბებიისა და დედის რეცეპტებით ქართული ჩირის, ტყლაპისა და ჩურჩხელის დამზადებაც დაიწყო.

- მშობლები ადრე დავკარგე... დედას შემდეგ მამას ინსულტი დაემართა, მისი მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა და ქუთაისიდან სოფელ უცხერში გადმოვედი. აქ ძირძველი ოჯახი გვქონდა. მართალია, ფიზიკურად ძლიერი არ ვიყავი, რომ სასწაული ჩამედინა, მაგრამ რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. ბაღი გვაქვს და ყველანაირი ხილი ხარობს, მოგვიანებით კი ჩირის მომზადებაც დავიწყე. თან, სულ მახსოვდა ჩემი მარო ბებოს ჩირები, რომლებიც განსაკუთრებული და გემრიელი იყო. გამორჩეული ბებო მყავდა, ძალიან კულტურული და ფუსფუსა და მისმა სიყვარულმა ეს ძველი რეცეპტები აღმადგენინა. დედისგან ტკბილი ნუგბარი მახსოვდა, ისიც აღვადგინე და ასე დავიწყე ეს საქმე.

იმ დროს ჩემი ძმა უკვე მეღვინე იყო. ფესტივალებზე უწევდა სიარული და ღვინო რომ მიჰქონდა, ჩირს ლამაზად ვაფორმებდი და ჩემს ნახელავსაც ვატანდი.

- პროფესიით ბიბლიოთეკარი ყოფილხართ...

- კი, პოლიგრაფისტადაც ვმუშაობდი, ბიბლიოთეკაშიც... მერე აქ ეს საქმე რომ დავიწყე, 2019 წელს, ჩვენს თემში არასამთავრობო ორგანიზაცია შემოვიდა და მიმიწვიეს. მათი მხარდაჭერით გავიარე ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სრული კურსი. ამან ცოდნაც შემძინა და მეურნეობასთან დაკავშირებული ხედვაც ჩამომიყალიბდა. მერე გრანტით დამიფინანსეს ბიოჩირის საშრობი აპარატი, რომელიც ძალიან მეხმარება საქმიანობაში. საკმაოდ დიდია - 140 კგ სველ ნედლეულს იტევს. გამოშრობის შემდეგ წონა იკლებს, მაგრამ მთავარი ხარისხია.

- ვინმე გეხმარებათ?

- ძმა მეხმარება. მომავალი წლიდან პროდუქციის გაზრდას ვფიქრობ, მით უფრო, რომ მოთხოვნა არის. მაქვს ბოსტნეულის ჩირიც. მგონი, პირველი ვარ, ვინც აქ ამ პროდუქტს ამზადებს.

- აპარატი მხოლოდ აშრობს თუ ხილის სარეცხი, სათლელი, საჭრელიც აქვს?

- არა, მხოლოდ საშრობია. ამდენის რეცხვა, დათლა, დაჭრა რთულია, ვიღლები და ღამეებს ვასწორებ... საჩირედ 140 კილოგრამი ხელით უნდა გავრეცხო, გავთალო, დავჭრა და დავალაგო, მაგრამ საქმეს სიყვარულით ვუდგები და ეს სირთულის დაძლევაში მეხმარება, თუმცა უკვე სათანადოდ აღჭურვილი მინისაწარმო მჭირდება. იქნებ დაფინანსება მივიღო, ვნახოთ, როგორ გამიმართლებს...

- მოკლედ, გამზადებული ხილი შეგაქვთ საშრობში და აწყობთ.

- დიახ, მთელ პროცესს 8-დან ზოგჯერ 21 საათამდე სჭირდება. დამოკიდებულია იმაზეც, რა ხილია. ყველა ნორმასა და წესს ვიცავ. დანადგარში მოთავსებულ ნედლეულს ყურადღება სჭირდება, პერიოდულად უნდა ამოწმო, რომ ჩირი არ გაფუჭდეს.

- საშრობს ელექტროენერგია სჭირდება და სოფელში დენი შეუფერხებლად გაქვთ?

- კი, მაგრამ თავიდან დანადგარი რომ ჩამოვიდა, პრობლემები შეგვექმნა. ჩვენთან, ლეჩხუმში, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ამიტომ 220 ვოლტზე ვერ ვამუშავე. ერთი წელი იმაში დავკარგე, რომ აპარატი ვერ დავამონტაჟე და მერე სამფაზიანზე გადავიტანე. ახლა აივანზე მიდგას. მომავალში მინდა, ყველაფერი გარეთ გავიტანო, მინისაწარმოს ცალკე შენობა გამოვუძებნო, მაგრამ ეს ფინანსებზეა დამოკიდებული.

- საჩირე ხილიც თქვენ მოგყავთ?

- ჯერჯერობით სულ ჩემი ეზოსია, მაგრამ როდესაც საწარმო მექნება, მეზობელ სოფლებში ყიდვაც მომიწევს. მაქვს ანტონოვკა ვაშლი, გულაბი მსხალი, ჭანჭური, ატამი, კომში, ქლიავი, კარალიოკი. კარალიოკს­ ვამზადებ დაჭრილსაც, აკინძულსაც და თათარაში ამოვლებულსაც. ყურძენს, მწვანე ცოლიკაურს, მტევნებით ვინახავ ექვსი თვე (აპარატს ყურძნისთვის არ ვიყენებ) და თავისით შრება. არის რბილი და არომატული. ჭანჭურს კურკიანად ვაშრობ, დანარჩენ ხილს - უკურკოდ და ჟელეს ფორმებით ლამაზად ვჭრი.

tylapi-1646557917.jpg

- ანუ თქვენი ოჯახი მეღვინეობასა და ხილის მშრალი წესით დამუშავებას მისდევს. ტურისტებს ხომ არ მასპინძლობთ?

- შერეულ მეურნეობას ვუვლით, ჩავერთეთ გასტროტურიზმშიც. პანდემიისას ტურისტების რიცხვმა კი იკლო, მაგრამ იმედია, მალე ყველაფერი შეიცვლება. ბოსტანიც არაჩვეულებრივი მაქვს. ექსპერიმენტები მიყვარს, ჩემს ბოსტანში მოყვანილი პროდუქტის გამოშრობაც ვცადე და კარგი შედეგი მივიღე. საცდელად ჯერ სტაფილო გამოვაშრე. მერე - ყაბაყი, ჭარხალი, ყველა სახის მწვანილი, შემდეგ ფორმები მივეცი, "სასუპე" და "საბორშე" მასალად დავახარისხე. მაქვს ბადრიჯნის ჩირი; გამომშრალი პომიდორი და კიტრი. ვამზადებ ცაცხვის, ქაცვის, ასკილის, ჩემი ბოსტნის პიტნის ჩაისაც.

მაქვს ვაშლის, ქლიავის, ტყემლის ტყლაპი. ტკბილ კვერებს ვაკეთებ, სიმინდის ტაროს ვავლებ თათარაში, რომ ლამაზი ფორმა ჰქონდეს... ამ კვერებს ბებო და დედა ამზადებდნენ. ტკბილი კვერების მეორე ვარიანტიც მაქვს - ამისთვის ბადაგს ვინახავ და ვისაც როგორ უნდა, ისე ვუმზადებ. ჩურჩხელას ნიგვზითაც ვამზადებ და თხილითაც. მინდა ხარისხიანი, გემრიელი პროდუქტი შევქმნა, მადლიერი კლიენტი მყავდეს. უდიდეს შვებას მგვრის, როცა ადამიანი მიკვეთავს, პროდუქციას იღებს და კმაყოფილია. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია... შედეგებს სიხარული მოაქვს, მაგრამ ვაღიარებ, რომ ძალიან რთულია სოფელში ცხოვრება...

tylapi3-1646557918.jpg

- სად იყიდება ეს ყველაფერი?

- ძირითადად, შეკვეთებით ვმუშაობ. თბილისში მიაქვთ კერძო პირებს, სასტუმროების ქსელებს.

- სოფელში მოსახლე ბევრია?

- სოფელს კარგი წარსული აქვს. ნათავადარი სოფელია, საინტერესო. გვაქვს სამი ტაძარი, ერთი ციხე-კოშკი. უახლოეს მომავალში უფრო განვითარდება მეღვინეობა. ჩემი ძმა მეხუთე თაობის მეღვინეა. მას ბევრმა მიჰბაძა და მასობრივად დაიწყეს ვენახების გაშენება. ოჯახები მისდევენ მესაქონლეობას. მოსავლიანი სოფელია, კარგი მიწაა, მხოლოდ შრომა უნდა, მაგრამ მშრომელია ცოტა.

სოფელი დაცლის პირას არის. ზამთარ-ზაფხულ აქ 40 ოჯახამდე იქნება. უცხერი მთებზეა შეფენილი, ვაკეც არის და გვაქვს საინტერესო ხედებიც. რაც ყველაზე მტკივნეულია, გზა არ გვაქვს და ეს ხელს ძალიან გვიშლის. ჩვენი ამოსახვევიდან რვაკილომეტრიანი მონაკვეთი და ცაგერთან დამაკავშირებელი სამკილომეტრიანი გზაც მოსაწესრიგებელია. ეს რომ გაკეთდეს, 10 სოფელი სულს მოითქვამს, მაგრამ როდის გაკეთდება, არ ვიცით.

- თქვენი გამოცდილებით რას ურჩევთ ჩვენს მკითხველებს?

- არასდროს გაჩერდე, ცდა ყოველთვის ღირს. ხელი არ უნდა ჩაიქნიო. ბევრი დაბრკოლება გავიარეთ და ახლაც ბევრი წინააღმდეგობა გვხვდება, მაგრამ მაინც ვიბრძვით. ჯერჯერობით ზღვაში წვეთია, რაც გავაკეთე. სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს და ვნახოთ, რას შევძლებ... ჩირის მიკროსაწარმოსთან ერთად მინდა თანამედროვე სტანდარტების საოჯახო სასტუმრო მქონდეს.