"სანქციების მიუხედავად, რუსეთი და ჩინეთი ვაჭრობას ჯერ კიდევ აგრძელებენ, მაგრამ სამომავლოდ, პეკინი მოსკოვის დასახმარებლად თავს არ გამოიდებს" - რას წერს ჩინური გამოცემა - კვირის პალიტრა

"სანქციების მიუხედავად, რუსეთი და ჩინეთი ვაჭრობას ჯერ კიდევ აგრძელებენ, მაგრამ სამომავლოდ, პეკინი მოსკოვის დასახმარებლად თავს არ გამოიდებს" - რას წერს ჩინური გამოცემა

«South China Morning Post» (ჩინეთი): „სანქციების მიუხედავად, რუსეთი და ჩინეთი ვაჭრობას ჯერ კიდევ აგრძელებენ, მაგრამ სამომავლოდ პეკინი მოსკოვის დასახმარებლად თავს არ გამოიდებს“

ჩინეთის (ჰონკონგის) ინგლისურენოვანი გაზეთ „საუზ ჩაინა მორნინგ ფოსტში“ (South China Morning Post) დაბეჭდილია სტატია სათაურით „სანქციების მიუხედავად, რუსეთი და ჩინეთი ვაჭრობას ჯერ კიდევ აგრძელებენ, მაგრამ სამომავლოდ პეკინი მოსკოვის დასახმარებლად თავს არ გამოიდებს“ (ავტორი - ფრენკ ვანი). პუბლიკაციაში მიმოხილულია რუსეთ -ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობა და პასუხი აქვს გაცემული კითხვას - დაეხმარება თუ არა პეკინი მოსკოვს სამომავლოდ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

„დასავლეთის მიერ გამოცხადებული მრავალრიცხოვანი სანქციების მიუხედავად, მოსკოვი რუსეთის რკინიგზებით ჩინეთისაკენ მარცვლეულისა და სამომხმარებლო საქონლის გადაზიდვას აგრძელებს იმ დროს, როცა საჰაერო და საზღვაო საშუალებები სერიოზულად არის შეზღუდული.

რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობა, რომელმაც გასულ წელს რუსეთის საერთო საგარეო საქონელბრუნვის 18,6%-ს მიაღწია, შესაძლოა რუსეთის ეკონომიკისათვის ერთგვარ „მაშველ რგოლად“ იქცეს, რომელიც, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად დაზარალდება აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გასულ კვირაში გამოცხადებული მკაცრი სანქციებით. ეს ფაქტი ასევე გახდა დელიკატური სიგნალი ჩინეთის მხრიდან, რომელიც მოსკოვს კიევთან მიმართებით თავშეკავებისა და დიალოგისაკენ მოუწოდებს.

გასულ თვეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მოხსნა შეზღუდვა რუსეთიდან ჩინეთში ქერისა და სხვა მარცვლეულის მიწოდების თაობაზე იმ ხელშეკრულების წყალობით, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინ მოაწერეს.

რკინიგზის 50 ვაგონი ქერი ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციამ Shandong Expressway Minsheng Group-მა ნოვოსიბირსკში შეისყიდა. მატარებელმა ჩინეთის მიჯნა მონღოლეთთან მდებარე სასაზღვრო ქალაქ მანჯურიაში გადაკვეთა და შანდუნის პროვინციაში ჩაიტანა, პეკინიდან სამხრეთით. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს პირველი შესყიდვაა დიდი რაოდენობით მარცვლეულისა, რომელიც ჩინეთ-რუსეთ-ევროპის რკინიგზის მეშვეობით განხორციელდა: ეს არის ვაჭრობის პოლიტიკის ეფექტური რეალიზების მაგალითი, რომელიც „ერთი გზა - ერთი სარტყლის“ ინიციატივის ჩარჩოებში ვითარდება და რომელსაც სტრატეგიული უპირატესობა აქვს“.

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ვან ვენტაომ სამშაბათს განაცხადა, რომ პეკინი ცდილობს ნორმალური სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდეს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთანაც. თავის მხრივ, ჩინეთის საბანკო და სადაზღვევო რეგულირების კომისიის განცხადებით, პეკინი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში.

მაგრამ ანალიტიკოსების მტკიცებით, ჩინეთს არ შეუძლია რაიმე განსაკუთრებული დახმარება გაუწიოს რუსეთს ასეთი მრავალრიცხოვანი სანქციების პირობებში. პეკინისათვის აშშ-თან, ევროკავშირთან და თავის აზიელ მეზობლებთან არსებული სავაჭრო კავშირების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთთან კომერცია.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული „სპეცოპერაციის“ დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა პეკინში შეხვედრისას განაცხადეს, რომ მათი ქვეყნების მეგობრობას საზღვრები არ აქვს, მაგრამ დღეს, მოსკოვის სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში „მომავლისაკენ მიმართული სტრატეგიული პარტნიორობა“ შეზღუდულია“, - ამბობენ იანმეი სე და დან ვანი ანალიტიკური კომპანიიდან Gavekal Dragonomics.

„ჩინეთი იზიარებს რუსეთის მტრულ დამოკიდებულებას არსებული საერთაშორისო სისტემის მიმართ, რომლის სათავეში აშშ დგას, მაგრამ მოსკოვისათვის პეკინის მიერ გაწეული დახმარება, დაწესებული სანქციების ფონზე, მიზერული იქნება. ბოლო დღეებში პეკინელი ოფიციალური პირები დისტანცირებას ახდენენ თავიანთი ადრე გაკეთებული პრორუსული განცხადებებიდან და შედარებით უფრო ნეიტრალურ პოზიციებს იკავებენ. იმ პირობებში, როცა დაწესებულ სანქციებს შეუძლიათ რუსეთი ეკონომიკურად იზოლირებულ ქვეყნად გადააქციონ, ჩინეთი მის საშველად თავს არ გამოიდებს“.

ამჟამად ჩინეთსა და ევროპას შორის ათობით სატრანსპორტო ხაზი მოქმედებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან „ერთი გზა - ერთი სარტყლის“ სისტემაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით 50 ათასზე მეტი სარკინიგზო შემადგენლობით ტვირთების უდიდესი მოცულობა იქნა გადატანილი. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე სწრაფად იზრდება.

შანდუნის პროვინციის ეკონომიკა ჩინეთში მოცულობით მესამე ადგილს იკავებს. 2019 წელს შანდუნმა რუსული ფქვილის იმპორტი დაიწყო, რომელსაც შემდეგ საკვები ზეთი, მინერალური წყალი და ქვანახშირი დაემატა.

2021 წელს რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობის საერთო მოცულობა, 2020 წელთან შედარებით, 35,8%-ით გაიზარდა და ფულადი გამოხატულებით, 146 მილიარდ დოლარს მიაღწია. მაგრამ ჩინური იმპორტის სტრუქტურაში მკვეთრი დისპროპორცია შეიმჩნევა: ერთი მხრივ, ვაჭრობის მესამედზე მეტი, ანუ თითქმის 50 მილიარდი დოლარი, ენერგორესურსებზე მოდის, მეორე მხრივ კი, რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა ჩინეთში გასულ წელს მხოლოდ 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა მიზნად დაისახეს, რომ 2025 წლისათვის ორმხრივი ვაჭრობა 250 მილიარდ დოლარს მიაღწევს, მაგრამ, სავარაუდოდ, დღევანდელი სიტუაციის ფონზე, „მისია შეუსრულებელია“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ