მესხური "ტენილი“ ბაზარს იპყრობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ანდრიაწმინდა ისტორიულ წყაროებში XVI საუკუნიდან მოიხსენიება. სოფელში, ძირითადად, მესაქონლეობას მისდევენ, მოჰყავთ მარცვლეული და ბოსტნეული. გალინა ინასარიძე ამ სოფლის მკვიდრია. მის დამზადებულ ყველს საქართველოში კარგად იცნობენ და მოთხოვნაც დიდია. ყველს ძველი მესხური ტრადიციით ამზადებს, რომელსაც "ტენილი" ჰქვია. ის ძროხის რძისგან მზადდება, არის რბილი და გამოირჩევა ცოცხალი გემოთი. ყველი ხელით მზადდება, მისი გაწელვისა და აჩეჩის მეთოდით. ყველის ამოყვანა მარტივი საქმე არ არის, ცოდნასა და დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ჩვენს რესპონდენტს საოჯახო ბიზნესი აქვს, რომელშიც ოჯახის წევრები არიან ჩართული.
გალინა ინასარიძე:
- ამ ყველს, ალბათ, 1980 წლიდან ვაკეთებ. ადრე რიყეზე "თბილისობა" რომ იმართებოდა, ყველი ჯერ კიდევ მაშინ ჩამქონდა, რომ საზოგადოებისთვის გამეცნო, მაგრამ იმ პერიოდში მაინცდამაინც დიდი მოთხოვნა არ იყო. 2000 წლიდან მესაქონლეობის განვითარებისთვის ჩვენთან ბუღები მოიყვანეს. იმ პერიოდში ერთი ახალგაზრდა იყო ჩამოსული და მასთან ტენილ ყველზე ვილაპარაკეთ. მაგ ყველს მეც ვაკეთებ-მეთქი, ვუთხარი და ვედროში დაძველებული ერბომოსხმული ყველი გამოვუტანე. ჰერმეტულად ვინახავდი. გასინჯვის შემდეგ თქვა, ტენილი რაც გამისინჯავს, ეს ყველას სჯობიაო. ფული დამიტოვა და ყველი ერთ-ერთ ცნობილ სარესტორნო ჯგუფში წაიღო. ასე გაიცნეს ჩემი ყველი თბილისში.
- ამ ყველს მესხეთის ყველა სოფელში ამზადებენ?
- მხოლოდ რამდენიმე სოფელში: ანდრიაწმინდაში, მუსხში, თმოგვსა და ნაქალაქევში. სხვაგან არ ვიცი, შესაძლოა აქაური ქალები სადმე არიან გათხოვილი და იქ აკეთებენ.
სტუმრები რომ მოდიოდნენ, ტენილიან კოჭობებს (ასე ეძახდნენ პატარა თიხის ქოთნებს) პატივსაცემად უხსნიდნენ. ქოთნებს ხსნიდნენ ახალ წელს, აღდგომას, ყველა დღესასწაულზე...
- მე ყველის მკვლევარ ანა მიქაძისგან შევიტყვე თქვენ შესახებ და ამ ყველზეც.
- ქალბატონმა ანამ დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი პროდუქტის პოპულარიზაციაში. სიღნაღი "სიყვარულის ქალაქად" რომ გამოცხადდა, ერთ-ერთი ღონისძიებისთვის გვითხრეს, ხუთმა ქალმა სხვადასხვა სოფელში დაამზადეთ ტენილი და გამოგზავნეთ, ქოთნებს კი თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი მიაწერეთო. მეც გავაკეთე 3-4-კილოგრამიან ქოთანში და გავატანე. თბილისში ჩემი მომზადებული მოსწონებიათ და სიღნაღში წაიღეს, ქალბატონ ანას სტუმრებისთვის ჩამოურიგებია. გემო მეც გავუსინჯე და რომ მცოდნოდა, ასეთი გემრიელი იყო, არ დავარიგებდიო, მითხრა. დღესაც აქვს ის ქოთანი სამახსოვროდ შენახული. მოკლედ, ანამ ასე მიპოვა. მერე არაერთი მასტერკლასი ჩავატარეთ თბილისის სხვადასხვა ჰიპერმარკეტში, ბაღებში, ქუთაისშიც.
- გამოდის, ამ ყველის "დედა" მაინც თქვენ ხართ, სიცოცხლე ხელახლა შესძინეთ.
- კი, მანამდეც აკეთებდნენ, მაგრამ სახელი რომ გაითქვა, ეს საქმე მესხეთში ბევრმა გაიხსენა.
- რა ღირს 1 კილოგრამი ტენილი ყველი?
- როცა ყველი 3-4 ლარი ღირდა, 12 ლარად ვყიდდი, მერე 15-ად, 20-ად, 25-ად და ახლა 30 ლარს მიხდიან. ოღონდ ქოთნებით არ ვყიდი, ვედროთი მიაქვთ. პანდემიამ ცოტა უკან დამხია, სარესტორნო ბიზნესი შეჩერდა, იმ ტემპით ვეღარ მუშაობს. ახლა უმეტესად ჰიპერმარკეტებს მიაქვთ, ასევე მაღაზიებს ბათუმსა და თბილისში.
- ყველის დამზადება არ არის იოლი. მგონი, ტენილის დამზადება განსაკუთრებით შრომატევადი უნდა იყოს.
- ამ საქმეში მთავარია ხელის შეწყობა და ოთახში შესაბამისი ტემპერატურის შექმნა, რომ ყველი არ "გაიქცეს". ძროხას როგორც კი მოწველი და ამოიყვან თავ ყველს, ის როგორც სულგუნი, ისე უნდა დამწიფდეს. თუ "გაგექცა", ტენილი აღარ გაკეთდება. შესაძლოა სამ დღეს იდგეს და ძლივს "მოვიდეს". მჟავიანობა უნდა მიიღოს, მერე ცხელ წყალში გადაიზილოს, ხელში დაძველდეს, უნდა ატრიალო. მთავარია, თანაბრად დაწვრილდეს. შემდეგ ცივ წყალში ვათავსებ. ხელზე რომ აღარ მეკვრება, მარილწყალში ვდებ. იქიდან ამოღებული კი უნდა გაიკიდოს და გაშრეს. ბოლოს ამოვავლებ ნაღებში, ვედროში ჩავტენი და დავლუქავ.
- შრომა რომ გაგეიოლებინათ, ქარხნის აშენებაზეც ამიტომ იფიქრეთ?
- ჩემმა შვილმა კრედიტი გამოიტანა, მაგრამ ქარხანა ბოლომდე ვერ დავამთავრეთ, ფული დაგვაკლდა, რადგან ძალიან გაძვირებულია სამშენებლო მასალა. თუმცა ძირითადი ნაწილი უკვე გამართულია. ახლა საქმეს გავიიოლებთ და უკეთ ავაწყობთ. ყველის დიდ თავებს ვეღარ ვაკეთებ, ამდენი ყველი აღარ რჩება. ახალ ქარხანას რომ ავამუშავებთ, რძეს სოფლიდან დავიმატებთ და თავი ყველიც გვექნება.
- ოჯახის წევრების გარდა ვინ გეხმარებათ?
- 2-3 წელია ზესტაფონელი გოგონა მეხმარება. საქმეში უკვე დაოსტატდა. ისე, ტენილის დამზადება ბევრს ვასწავლე.
- სანამ ყველის დამზადებას დაიწყებდით, რას საქმიანობდით?
- ასპინძის რაიონის სოფელ აწყვიტადან ვარ. ამ ყველს დედაჩემი აკეთებდა. აქეთ რომ გამოვთხოვდი, უკვე მეც დავიწყე მისი მომზადება. ჩემი ქმარი საბჭოს თავმჯდომარე იყო, მე ბიბლიოთეკარი ვარ და კლუბ-ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. ორგანიზებას ვუწევდი ღონისძიებებს და სხვა კერძებთან ერთად ჩემი ყველის წარდგენაც მიწევდა სტუმრებისთვის. ახლა ამ საქმეში ოჯახი ვართ ჩართული. ახლაც გვიანი საღამოა და ჩემი მეუღლე და შვილი ჯერაც არ შემოსულან სახლში, საქონელს აბინავებენ. 20 წელია ამ საქმეში ვართY. არ მეგონა, მესაქონლეობაზე თუ გადავერთვებოდი და დღეში ათობით ძროხას მოვწველიდი. მანამდე ორი-სამი ძროხა გვყავდა მხოლოდ.
- ანუ საქონელიც თქვენია?
- კი, 60 სული საქონელი გვყავს - 35 მეწველია. სუფთა რძით ვაკეთებთ ყველს. ვიტამინებით არის მდიდარი. ძროხები მხოლოდ ბალახით იკვებებიან. კვებით დანამატებს არ ვაძლევთ.
- ალბათ, სხვა საქმეც ბევრი გაქვთ...
- ჩვენს სოფელში მესაქონლეობის გარდა ხალხი ბევრ რამეს მისდევს, მოჰყავთ ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი, ყურძენი. ჩვენც ჩართული ვართ ამ საქმეებში. აქაური პროდუქტი განსხვავებული გემოსია, ცოტა გვიან კი მოდის, მაგრამ კარგია და ხარისხიანი. აქ პროდუქტს არავინ შხამავს, საქონელი ყველას ჰყავს და საქონლის ნაკელია მთავარი სასუქი. მოსავალიც ასე მოჰყავთ. თუ თბილი შემოდგომაა, ყურძენიც ძალიან ტკბილი გვაქვს. ჩვენს ვაშლს რომ შეხედო, შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ გემოთი, შაქრიანობით არაფერი ჯობს. სარდაფში ვინახავ და ისეთია, ერთი წელი ძლებს, კარტოფილიც ასეა. საქართველოში ბუნებრივად ყველანაირი საშუალება არსებობს. მთავარია გლეხისთვის ხელის შეწყობა. გლეხი მარტო ვერაფერს გააკეთებს, თუ მთავრობა არ მიეხმარა. ჩვენთან სარწყავი წლის პრობლემაა. ამიტომ ადგილობრივი მთავრობა საქმეში მეტად უნდა ჩაერთოს. იმდენს ვშრომობთ და შემოსავალს ბარაქა არა აქვს - ამხელა ინფლაციაა. გაზაფხული მოდის და ხედავთ, ბენზინი როგორ გაძვირდა? არადა, უსაწვავოდ ტექნიკას მიწა როგორ დავამუშავებინოთ? ამ ტენილი ყველით ოჯახი ვარჩინო თუ ჰექტრობით მიწა მოვხნა, დავთესო? აქედან აღებული ფული მარტო საქონლის გამოსაკვებად არ კმარა. ვშრომობთ და პრობლემებს ვერ ავუდივართ და უშრომლად რას იზამს ადამიანი, მაგრამ ხელების ჩამოყრას ისევ რაღაცის კეთება ჯობია.