მწყრის ბიზნესი ვარიანულად
ფერმა ნელ-ნელა ისე მოვაწყვე, რომ მწყრის მოვლა გაადვილებულიყო. სულ ხომ სახლში ვერ ვიქნებოდი. ასე რომ, ფერმა ავტომატურ რელსებზე გადავიყვანე, ფრინველისთვის წყლის მიწოდებაც კი ავტომატურია. ამიტომ მწყრის მოვლას ოჯახის არც ერთი წევრი, დილით თუ საღამოს, ნახევარ საათზე მეტს აღარ ვანდომებთ
ვარიანელი სოსო კერესელიძე 22 წლის არის. სოციოლოგია და დასაქმებულიც არის, თუმცა მის მყარად ფეხზე დგომას ბევრად განაპირობებს საქმე, რომელიც 18 წლისამ დაიწყო და ნელ- ნელა კარგი შემოსავლის წყაროდ აქცია - ეს მწყრის ფერმაა სოფელ ვარიანში. აქედან დისტრიბუტორებს დღეში საშუალოდ 500 კვერცხი გააქვთ სუპერმარკეტებში. მწყრის კვერცხის ფასი 20-დან 30 თეთრამდე მერყეობს. დღეს უკვე აწყობილი ბიზნესი ახალგაზრდამ იმ მოტივაციით დაიწყო, რომ საკუთარი შემოსავალი სურდა ჰქონოდა.
- 18 წლის ვიყავი, როდესაც დეზერტირების ბაზარში პირველად წავაწყდი მწყრის პატარა ჩოჩრებს, რომელთაც ვიღაც კაცი ყიდდა. მანამდე მწყერზე, მგონი, ნაფიქრიც არ მქონდა, მაგრამ ჩოჩრებს შევხედე თუ არა, მათ პატრონს გავესაუბრე, სანამ მწყრის შესახებ ყველაფერი არ გამოვკითხე, არ მოვშორდი. ამიხსნა, როგორ გამეზარდა ან რა შემოსავალი მექნებოდა, თუკი ამ საქმის დაწყებას გადავწყვეტდი. დღემდე მადლობელი ვარ მისი, რომ ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა და თან ფერმის შექმნისკენაც მიბიძგა.
როდესაც შინ მისულმა გამოვაცხადე, მწყრის ფერმა უნდა გავაკეთო-მეთქი, მახსოვს, ჩემს ოჯახს როგორ გაუკვირდა, - რას ლაპარაკობ, ჯერ ერთი, მწყრის მოშენება ასე ადვილი ნუ გგონია, თანაც მწყრით რა შემოსავალი უნდა იშოვოო, მაგრამ დღეს ასე აღარ ფიქრობენ. მე მხოლოდ 150 ლარი მქონდა, რითაც თებერვალში 100 მწყერი ვიყიდე. ყველანი ყუთში ჩავსვი და ღუმელთან დავდგი, ვინაიდან მწყრის გასაზრდელად პირობები არ მქონდა და სიცივეშიც ვერ გავიყვანდი. პირველი კვირის განმავლობაში ჩოჩრებს +35C° სითბო სჭირდება, რომ გაიზარდონ და არ დაიხოცონ. ამიტომ ჩემს ჩოჩრებს თებერვალში კარგა ხანს მოუწიათ თბილ ღუმელთან ყუთში ყოფნამ. ყველა მაინც ვერ გავზარდე, ნახევარი გამოუცდელობის გამო დამეხოცა. გამოცდილებას ყველა საქმეში მნიშვნელობა აქვს იმის მიუხედავად, რომ დღე-ღამის დანიშნულ პერიოდებში მაღვიძარათი ვიღვიძებდი, რომ მწყრებს რაიმე არ გასჭირვებოდათ. ამასობაში დათბა და გალიები ავაწყვე. მაშინ ცოტა მყავდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მამალი და დედალი დავიტოვე, დანარჩენი გავყიდე. ცოტა ხანში მწყერსა და მის კვერცხში აღებული პირველი თანხით კუსტარულად ნაკეთები ინკუბატორი ვიყიდე. მართალია, პატარა იყო და შიგ 100 კვერცხის მეტი არ ეტეოდა, სამაგიეროდ, ინკუბატორი მქონდა და მიხაროდა. ჩოჩრების შემდეგი თაობების გაზრდა აღარ გამჭირვებია, უკვე გამოცდილება მქონდა.
ფერმა ნელ-ნელა ისე მოვაწყვე, რომ მწყრის მოვლა გაადვილებულიყო. სულ ხომ სახლში ვერ ვიქნებოდი. ასე რომ, ფერმა ავტომატურ რელსებზე გადავიყვანე, ფრინველისთვის წყლის მიწოდებაც კი ავტომატურია. ამიტომ მწყრის მოვლას ოჯახის არც ერთი წევრი, დილით თუ საღამოს, ნახევარ საათზე მეტს აღარ ვანდომებთ.
- რამდენი მწყერი გყავთ?
- ზაფხულში, როდესაც მოვლაზე ნაკლები იხარჯება, 3-4 ათასამდე გვყავს. ზამთრობით კი, როცა ფრინველს ელექტროენერგიით ვათბობთ, ვამცირებთ. ამჯერად 700 კვერცხისმდებელი მწყერი მყავს.
- ესე იგი, კვერცხს ბლომად ყიდით.
- რა თქმა უნდა, მწყრის კვერცხი თუნდაც ბავშვებისთვის საუკეთესო პროდუქტია, ამიტომ ადვილად იყიდება. ყოველდღიურად 500 და მეტი კვერცხი გადის სადისტრიბუციოდ. კომპანიონები თავად მოვიძიე სოციალური ქსელის საშუალებით. რეალიზაციის პრობლემა არ არის, რადგან მწყრის კვერცხს ბევრი ყიდულობს ბავშვებისთვის. მაგალითად, მწყრის 5 კვერცხი, რომლებიც წონით ქათმის 1 კვერცხს უტოლდება, შეიცავს 5-ჯერ მეტ ფოსფორს, 7,5-ჯერ მეტ რკინას, 6-ჯერ მეტ B1 ვიტამინსა და 15-ჯერ მეტ B2 ვიტამინს.Mმიუხედავად ამისა, ფასი მერყევია, 20-დან 30 თეთრამდე იცვლება. უფრო ძვირი ღირს საინკუბაციო კვერცხი, საიდანაც ჩოჩრები უნდა გამოიჩეკონ. მასთან მეტი სიფრთხილეა საჭირო, მისი მოხმარებაც მხოლოდ 10 დღის განმავლობაშია შესაძლებელი, სარეალიზაციო კვერცხს კი ვადა მთელ თვეს არ გასდის.
- მწყერიც იმ ვადებში ჩეკავს წიწილებს, რამდენშიც ქათამი?
- სულაც არა. მწყერი რამდენადაც ქათამზე უფრო მომცრო ფრინველია, იმდენად მცირე ვადა აქვს გამოსაჩეკადაც. ჩოჩრები მე-16 დღიდან იჩეკებიან.
- კვერცხის დებას როდის იწყებენ?
- დაახლოებით 40 დღის ასაკში და თითქმის ყოველდღე დებენ, წლის ასაკამდე. წლის ბოლოს მწყერს დაახლოებით 300 კვერცხი აქვს ადამიანისთვის მიცემული. წლის შემდეგ შენელდებიან და შედარებით ნაკლებ კვერცხს დებენ. ამიტომაც გამოცდილი ფერმერი კვერცხისმდებელ მწყერს წელიწადზე მეტხანს არ იტოვებს, ყიდის. საერთოდ, მწყერი მაშინ იყიდება, როდესაც დედალი მწყრის წონა 150 გრამს მიაღწევს. გამრავლების ხანმოკლე პერიოდის გამო მწყერს კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს: ამ პერიოდის სიმოკლისა და სწრაფი ზრდის გამო, თუ მოინდომებ, შეიძლება წლის განმავლობაში 4-5 და მეტი თაობაც გაზარდო. თავად მწყრის ხორციც ხომ მოთხოვნადი საკვებია.
- რით კვებავთ?
- მხოლოდ საქართველოში მოყვანილი მარცვლეულის ნარევით. სპეციალური საკვებია. მისი წარმოების აუცილებლობა ჩვენში არსებულმა არცთუ ცოტა მწყრის ფერმამ განაპირობა. ვისაც შრომა შეუძლია, ეს მარტივი და კარგი საქმეა, თუმცა მაშინ, როდესაც შრომა არ გეზარება. თავდაპირველად რეალიზაცია ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მერე ყველაფერში გავერკვიე და სადისტრიბუციო გზები თავად ვიპოვე.
- კიდევ აპირებთ ფერმის გაფართოებას?
- გამოცდილება და სურვილი მაქვს, ოჯახის წევრებიც მეხმარებიან, რეალიზაციაც არ მიჭირს. რატომ არ უნდა შევეცადო, რომ უფრო მეტი მოგება მქონდეს?!