თბილისელი კაცის "მეგრულ-აფრიკული“ ეგზოტიკა - კვირის პალიტრა

თბილისელი კაცის "მეგრულ-აფრიკული“ ეგზოტიკა

"ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე, ჩემთვის ეს ბიზნესია თუ გატაცება“

საქართველოში სირაქლემების ფერმას თუ აღმოვაჩენდი, ნამდვილად არ მეგონა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც შევიტყვე, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნავოში აფრიკული სირაქლემები მშვენიერ პირობებში ცხოვრობენ. მათი პატრონი კრეატიული ფერმერი ლევან ფაღავა გახლავთ. ლევანი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მისი წინაპრები მარტვილიდან ყოფილან.

ლევან ფაღავა:

- ბაბუაჩემის მამას მშობლები 14 წლის ასაკში დაუხვრიტეს. ოჯახს ყველაფერი ჩამოართვეს და ობოლი ბიჭი თბილისში ნათლიამ გაზარდა... სამწუხაროდ, ბაბუაჩემმა წინაპრების სოფლის მოძებნა ვერ მოახერხა და ეს უკვე მე შევძელი. არქივში მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ ამ სოფელშია წინაპრების ქორწინებისა და ნათლობის დოკუმენტები... მოკლედ, ჩამოვედი და დამხვდა ხალხი, რომელმაც მიმასპინძლა.

- კარგია, რომ წინაპრების ფესვებს დაუბრუნდით, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანისთვის სოფელში ცხოვრება ადვილია?

- იმის გამო, რომ მაქვს მასშტაბური გეგმები და ამ ყველაფერს პერსპექტივაში ვხედავ, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. ჩემი გეგმების განხორციელებას ფინანსების მოძიებაც სჭირდება, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, საბოლოოდ როგორი იქნება ჩემი ჩანაფიქრი, ამ ნაბიჯების გადადგმა მიადვილდება.

lali2-1646561791.jpg

მიწაზე, რომელიც შევიძინე, სახლი იდგა, გავარემონტე. მიხარია, რომ ჩემი სამივე შვილი და მეუღლეც სიხარულით მოდიან, საბოლოოდ კი ყველანი აქეთ გადმოვალთ.

ფერმა 4 ჰექტარზეა განთავსებული. ამ ეტაპზე გვყავს 25 დასახელების ქათამი, მათგან უმეტესობა - დეკორატიული, ასევე ხოხბის 10 სახეობა, ფარშავანგის ოთხი სახეობა და სირაქლემები - ჩვენი ყველაზე დიდი ფრინველები. გვყავს დეკორატიული იხვებიც. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქაურობა კონტაქტური ზოოპარკივით იყოს.

მარტვილი ტურისტულად აქტიური ზონაა, მაგრამ ცოტა რამეა ტურისტების დასაინტერესებლად, ამიტომ მინდა შევქმნა ადგილი, რომლის არა მარტო დათვალიერების სურვილი ექნებათ, არამედ აქ დარჩენასაც მოინდომებენ. მინდა, გავაკეთო ნახევრად ღია ტიპის რესტორანიც, სადაც ნატურალური პროდუქტის მირთმევა შეეძლებათ. ყველაფერი აქვე უნდა იყოს წარმოებული. ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები ესტონეთიდან ჩამოვიყვანეთ და სტუმრებისთვის ჩვენი რძის პროდუქტების შეთავაზებაც შეგვეძლება. გვყავს თხები, ცხვრები, ადგილობრივი და ვიეტნამური ჯიშის ღორები.

lali3-1646561792.jpg

- სირაქლემები აქ საიდან გაჩნდნენ?

- სირაქლემის კვერცხები სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოტანილი. ისინი საბურთალოზე, ჩემს სახლში დავჩეკეთ. საძინებელში გვქონდა ინკუბატორი, რომ ტემპერატურული რეჟიმი დაგვეცვა. ზაფხულში გათბობას ვრთავდით, ზამთარში - კონდიციონერს, მერე აივანზე გვყავდა, ბოლოს კი აქეთ წამოვიყვანეთ. ნაწილი აქაც გამოვჩეკეთ. ცხრა თვის არიან, ახლა უკვე ესენი იწყებენ კვერცხის დადებას და მალე საქართველოში დადებული სირაქლემის კვერცხიც გვექნება.

- ვიცი, რომ სირაქლემები ცოტა აგრესიული არიან...

- კი, ამის დამადასტურებელი ბევრი ვიდეო არსებობს. არ ვიცი, რით არის გამოწვეული, მაგრამ ესენი აგრესიას არ ავლენენ. შეიძლება იმიტომ, რომ ხელით ვატარებდით, ხელით ვაჭმევდით და ასე გავზარდეთ, მშვიდები არიან. ვნახოთ, კვერცხის დადების შემდეგ როგორ მოიქცევიან, როგორ დაიცავენ შთამომავლობას.

lali4-1646561792.jpg

თუ არ იხმაურებ და სწრაფად არ იმოძრავებ, არც მოგეკარებიან. რომ დაუძახო, არ მოდიან, მაგრამ თუ ერთი მოვიდა, მერე ყველა ჯგუფურად მოდის და ინტერესით გათვალიერებენ... ახლა ოჯახებად გვყავს დასანაწილებელი, რადგან არის ალბათობა, რომ მამლებმა ერთმანეთი დააზიანონ.

- თავს მართლა მიწაში რგავენ? გამოთქმა: "სირაქლემის პოზა" ყველას გვსმენია...

- ასეთი ჩვევა არ შემიმჩნევია. ალბათ, უფრო შიშის დროს იქცევიან ასე...

- რით კვებავთ?

- 15-კომპონენტიანი საკვები აქვთ, ძირითადად, მარცვლეული. დღეში 2-დან 5 კილოგრამამდე სჭირდებათ, თუმცა ხასიათის ფრინველები არიან: ერთ დღეს ბევრს ჭამენ, მეორე დღეს - ნაკლებს. რაციონის 30-40% ბალახია, ასე რომ, ბალახობაც უყვართ. მათი გამოკვება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

lali5-1646561792.jpg

თავიდან, როცა ამ საქმეს ვიწყებდი, ევროპული ბაზარი შევისწავლე. შევიტყვე, რომ მათი ხორცი ბევრ ქვეყანაში დელიკატესად მიიჩნევა. მერე ხორცი მეც გავსინჯე და მომეწონა. ნაკლებქოლესტერინიანი პროდუქტია, დაახლოებით ინდაურისა და ხბოს ხორცს შორის.

- ესე იგი მეხორცულ მიმართულებაზეც იფიქრებთ?

- შესაძლოა, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ პირველ 17 სირაქლემას ეს არ შეეხება. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. სახელს რომ დაარქმევ ფრინველს, უკვე ოჯახის წევრივითაა.

თავიდან სათუთი ფრინველია, სანამ მოძლიერდება, შეიძლება ფეხი დაუზიანდეს, სამი-ოთხი თვის შემდეგ კი მასავით გამძლე ფრინველი არ შემხვედრია. აცრებიც არ სჭირდებათ. წლეულს ჩვენთან იმდენი ნალექი იყო, აქაურებსაც უკვირდათ, ბოლო 20 წელიწადია, მსგავსი არ გვახსოვსო და გვეშინოდა, მაგრამ კარგად გაუძლეს.

- ხოხბებზე, ფარშავანგებზე, იხვებზე რას გვეტყვით?

- მეკვერცხული მიმართულებით ინდური მორბენალი, მეკვერცხული იხვები გვყავს, რომლებიც ბევრ კვერცხს დებენ. სამომავლოდ მათი მასობრივად მოშენება მინდა. პლუსი ის აქვთ, რომ მათი საკვების 50% ბალახია. დDანარჩენი საკვები, რასაც ვაძლევთ, ნატურალური პროდუქტისგან შედგება და ხორციც გემრიელი აქვთ.

ფარშავანგის ოთხი სახეობა გვყავს. ინდური ფარშავანგის ორი ოჯახია, თეთრი ფარშავანგის - ერთი, გვყავს "არლეკინო" - თეთრი და ინდური ფარშავანგის ნაჯვარი და კიდევ - შავზურგა ფარშავანგი. რთულად მოსაძებნი ჯიშებია და მათი რაოდენობა, სხვა ფრინველებთან შედარებით, მცირეა.

ისინი, ძირითადად, დეკორატიული მიზნით არიან საინტერესო, თუმცა სტუმრის მიღებას აქტიურად რომ დავიწყებთ, აქვე საკვებიც უნდა მივაწოდოთ და მეხორცულ ჯიშებზე ამიტომ ვფიქრობ. კვერცხსაც გავყიდით - ჩვენი ინკუბატორი გვაქვს.

- ამდენი სხვადასხვა ჯიშის ფრინველის მოვლას ცოდნა უნდა... არადა, მითხარით, რომ ბიზნესის კუთხით გაქვთ განათლება მიღებული, 10 წლის განმავლობაში ღვინის სპეციალიზებული მაღაზია გქონდათ, მანამდე თამაშობდით ფეხბურთს და რაგბის... ეს ყველაფერი როდის ისწავლეთ?

- პანდემიის პერიოდში ძალიან დაზარალდა ჩემი სფერო. სამწუხაროდ, ღვინის მაღაზიების უმეტესობის დაკეტვამ მომიწია. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მუშაობს, ისინიც - პასიურად...

ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე, ჩემთვის ეს ბიზნესია თუ გატაცება. სულ მინდა, ახალ-ახალი ფრინველი მოვიყვანო... პირველი სირთულე, რასაც გადავაწყდი, პერსონალია. გლეხს ამ უცხო ფრინველების მოვლა-პატრონობის ცოდნას ვერ მოსთხოვ, ამიტომ ერთად ვისწავლეთ ჩვენც და თანამშრომლებმაც. ოთხი ადამიანი გვეხმარება და, ალბათ, სამს კიდევ დავიმატებთ.

სიახლის არ მეშინია. როცა რაღაც გაინტერესებს, მისკენ ისწრაფვი, ცდილობ, მოიძიო შესაბამისი მასალა, ინფორმაცია და თეორიული ცოდნა გაიმდიდრო. პირველი არ ვარ სამყაროში, ვინც ეს საქმე დაიწყო, არიან უკვე გამოცდილი ადამიანები და ისინი თავიანთ გამოცდილებას მიზიარებენ.

თხების მოშენებაც მინდა ვისწავლო და ჩემს მეურნეობაში მეგრული და ალპური ჯიშის შეჯვარებით მივიღო ისეთი თხები, რომ მერძეული მიმართულებით უკეთესი შედეგები გვქონდეს.