"ზეთისხილის კულტურას ჩვენში დიდი პერსპექტივა აქვს“
"სამწუხაროდ, ჯერჯერობით ზეთისხილის ნერგები საქართველოში ვერ გამოგვყავს, ისრაელიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს“
არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც საქართველოში ტროპიკული კულტურის, ზეთისხილის გაშენებით დაინტერესდნენ და დღეს უკვე პლანტაციები შენდება, რის გამოც ზეთისხილის ნერგებს არაერთ სანერგეში შეხვდებით. ბაზარზე გამოჩნდა ქართული მაღალხარისხოვანი ზეითუნის ზეთიც, თუმცა ზეთისხილს მხოლოდ ზეთისთვის როდი იყენებენ, ამ კულტურისგან მზადდება ბავშვის საკვები, მარინადები, კოსმეტიკური საშუალებები. ამის გამო, მაღალი ფასის მიუხედავად, ზეთისხილის ნერგებზე მოთხოვნაც იმატებს. როგორ შეიძლება ზეთისხილის მოშენება? გვესაუბრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ალექსანდრე ხატიაშვილი, რომელიც საქართველოში ზეთისხილის პოპულარიზაციასა და გაშენებას უწყობს ხელს.
ალექსანდრე ხატიაშვილი:
- საქართველოს ტერიტორიაზე ზეთისხილი ყოველთვის იყო და ამჟამადაც არის, თუმცა მცირე რაოდენობით და იმ ხარისხის, რომ საბაზრო ღირებულება ნაკლები აქვს, თუმცა დღეს ის უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რასაც კლიმატის ცვლილებამ, ტემპერატურის მომატებამაც შეუწყო ხელი. კულტურა საუკეთესოდ იტანს მაღალ ტემპერატურას და თუკი შესაბამის ჯიშებს შევარჩევთ, დასავლეთ საქართველოშიც ხარობს. მისი ნაყოფი ადამიანებს კურნავს და ამშვიდებს. თავად ხეც თითქოს მისტიკურია თავისი ვარჯის ფორმით თუ სიცოცხლის ხანგრძლივობით. ის 1500 წლამდე ცოცხლობს, ასე რომ, ამ კულტურას ჩვენში დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ზეთისხილის ნერგები საქართველოში ვერ გამოგვყავს, ისრაელიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს. ბოლო დროს მთლად თურქეთზე შევჩერდით, რადგან იქიდან ნერგის შემოტანის ხარჯი ნაკლებია.
რაც შეეხება ჩვენში მის გავრცელებას, ზეთისხილის გავრცელებისთვის უკეთესი პირობები აღმოსავლეთ საქართველოშია, ამიტომაც პირველი პლანტაცია დედოფლისწყაროში გაშენდა და იქ უკვე ქართულ ზეთსაც ხდიან. ამ საქმით სახელმწიფოც დაინტერესდა და უკვე ფიქრობენ, რაც შეიძლება მეტი ზეთისხილის ბაღი გააშენონ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ამის შესაძლებლობას ჩვენი ნიადაგური და კლიმატური პირობები იძლევა. შედეგად ხალხიც დასაქმდება. ზეთისხილზე მთელ მსოფლიოშია მოთხოვნა, ჩვენს კლიმატურ პირობებში მოყვანილი ეს კულტურა კი მართლაც საუკეთესოა. მომავალში ზეთისხილის ნერგების გამოყვანასაც დავიწყებთ, მანამდე კი ორ-სამწლიანი ნერგები ჩამოგვაქვს, რომლებიც მსხმოიარობას ხუთი წლის შემდეგ იწყებს. ნერგებზე მოთხოვნილება თანდათან იზრდება. მაგალითად, კახეთში ორ-სამ ნერგს ბევრ ოჯახში შეხვდებით. ჩვენ მაღაზიაში შეძენილ ზეთისხილის მარინადებს მივირთმევთ, თუმცა კახეთში, გლეხის ოჯახში დამზადებული მარინადი მათ გემოთი არ ჩამოუვარდება და ჩვენი დიასახლისებიც სიამოვნებით ირჯებიან მის დასამზადებლად.
- ალბათ, უცხოეთიდან შემოტანილი ნერგები მსხმოიარობით გამოირჩევა, თორემ ფასი არცთუ მცირე აქვს (15 ლარი)...
- ასეა. ზეთისხილი თესლით, მყნობით, დაკალმებით, ამონაყრებითა და გადაწვენითაც შეგიძლია გაამრავლო, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაყოფი ნაკლები და წვრილი იქნება. ნერგის გამოყვანის ახალი ტექნოლოგიები ჯერჯერობით დახვეწილი არ გვაქვს, რაც აუცილებლად უნდა შევძლოთ, რომ მომავალში სხვა ქვეყნიდან არ გვიხდებოდეს ნერგების შემოტანა. ზეთისხილის პლანტაციის გასაშენებლად ვაკე ადგილები უნდა შევარჩიოთ, ან - ოდნავ დაქანებული ფერდობი. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადაც ზეთისხილს ვაშენებთ, ტემპერატურა 12°ჩ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ნერგები კი აუცილებლად 3-4 მეტრით უნდა დავაშოროთ. რაც მთავარია, პლანტაციას აუცილებლად სჭირდება წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რადგან ხანგრძლივმა და მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ზეთისხილიც გააფუჭოს. ვარჯის გამოყვანა თუ გვსურს, ეს მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა ნერგები დაახლოებით მეტრ-ნახევარი სიმაღლისა გაიზრდება. გასხვლა პერიოდულად შეიძლება და ეს როდის არის საჭირო, გამოცდილი მეურნე ადვილად შეამჩნევს.
- ზეთისხილის კრეფას როდის ვიწყებთ?
- გააჩნია, რა გსურთ. კრეფას იწყებენ იმის მიხედვით, რა მიზნით სჭირდებათ ნაყოფი. ზეთის გამოსახდელად ან დასამწნილებლად ზეთისხილი უნდა მოიკრიფოს სრული სიმწიფისას - ნოემბერ-დეკემბერში, მწვანედ დასამწნილებლად კი - მომწიფებამდე, აგვისტო-სექტემბერში. და კიდევ ერთი: გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ზეთისხილის კულტურას აქვს საოცარი თვისებები, რითაც მას ბუნების გადარჩენა შეუძლია. მაგალითად, ნიადაგის აღდგენისა და კლიმატის მავნე ზეგავლენის შემცირების უნიკალური უნარი აქვს, ეს კი ყველამ ვიცით, როგორ გვჭირდება კლიმატის ასეთი მკვეთრი ცვლილების ფონზე, რასაც უკვე საქართველოშიც ვხედავთ. ჩემი ოცნებაა, საბერძნეთში აღარ ვირბინოთ ზეთისხილის საკრეფად, რადგან მას საქართველოშიც მშვენივრად გავაშენებთ და ხალხიც აქვე დასაქმდება.