"პუტინი ძალიან იმპულსურია, ბოღმიანი, ეჭვიანი... უკრაინის ოპერაცია ისე დაიწყო, წესიერად დაგეგმილიც არ ჰქონდა"
რუსეთ-უკრაინის ომში მხარეთა მთავარი გმირების შედარება და განხილვაც აქტიურად მიმდინარეობს. თუ ზელენსკის სანაქებო თვისებებით ამკობენ, პუტინს თითქმის ყველა ქვეყანაში საპირისპირო ეპითეტებით მოიხსენიებენ. მეტიც, მის ადეკვატურობაშიც კი ეპარებათ ეჭვი... ამის გათვალისწინებით, სწორად მივიჩნიეთ, მასზე ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან გვემსჯელა.
- ჩემი მსჯელობა პროფესიულად სრულფასოვანი ვერ იქნება, მხოლოდ ზოგადი შთაბეჭდილების გაზიარება შემიძლია. ექიმს ხომ ვერ მოვთხოვთ ზუსტ დიაგნოზს პაციენტის გასინჯვის გარეშე? უპრიანი იქნებოდა პუტინის შეფასება იმ ფსიქოლოგის მიერ, ვინც პირადად იცნობს. გარდა ამისა, როგორც ექიმი არ ლაპარაკობს პაციენტის სამედიცინო პრობლემებზე, რადგან პროფესიული ეთიკა არ აძლევს პირადი ინფორმაციის გაცემის უფლებას, მეც არ მიყვარს მოქმედი პოლიტიკოსების ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე საუბარი, თუმცა ახლა, ალბათ, შეიძლება გადავუხვიოთ ამ პრინციპს, ვინაიდან, ჯერ ერთი, თავად პუტინია ეთიკასთან მწყრალად და მეორეც, ჩვენი საუბარი ზოგადი იქნება. მესამე და უმთავრესი ის არის, რომ პუტინის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე დღეს ჭორაობის გამო კი არ ვამახვილებთ ყურადღებას, მის გადაწყვეტილებებს ადამიანები ეწირებიან, ამასთან, მას უჭირავს ატომური ბომბი და ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა მდგომარეობაშია ის ადამიანი, რომელიც ბომბით იმუქრება, რას უნდა ველოდოთ მისგან? პრაგმატულია თუ არა პუტინის სამხედრო კამპანია?
თუ პუტინის პოლიტიკას დავაკვირდებით, მისი პოპულარობა რუსეთში შემთხვევითი არ არის - მან თითქმის პირველმა გამოიყენა გაზისა და ნავთობის საშუალებით ევროპასთან ეკონომიკური შანტაჟის მექანიზმი. ეს პრაგმატული ხაზია, მაგრამ, ამავე დროს, პუტინის პოლიტიკას ახლავს მთელი წყება სამხედრო მოქმედებებისა, რომელთა საშუალებით ახლო მიზნების მიღწევა შეიძლება, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში მათ პრაგმატულობა აკლია. ერთი იყო 2008 წელს ომი საქართველოში, მეორე - 2014 წელს ყირიმის ანექსია და ახლა ისევ უკრაინაში დატრიალებული საშინელება. პრაგმატულად რომ შევხედოთ, რუსეთმა თავი საზიანო მდგომარეობაში ჩაიყენა, რადგან დიდი ხნით გადაიმტერა ქვეყნები, რომლებთანაც ნორმალური ურთიერთობა მისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. საერთოდ, საქართველოსადმი რუსების დამოკიდებულება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, წინდაუხედავი ჯიბრში ჩადგომაა და ამას რუსი ანალიტიკოსებიც აღიარებენ. ისინი იხსენებენ, რომ შამილი ქართველების წყალობით დაატყვევა რუსეთმა, რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიის გაკონტროლებაშიც საქართველომ დიდი როლი ითამაშა, რადგან თვითონ ჰქონდა გამწარებული ცხოვრება ლეკიანობით, რამაც ერეკლეს დროს მთელი აღმოსავლეთ საქართველო გამოფიტა. სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქართველებმა ჩრდილო კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებას შეუწყვეს ხელი - იქ საერთო ინტერესები იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი რუსეთმა თავი არ შეიწუხა საერთო ინტერესების ძებნით და სამხედრო ძალით დაუჭირა მხარი აფხაზ და ოს სეპარატისტებს, რითაც მტრად მოიკიდა ყველას მიმართ ტოლერანტული საქართველო. იგივე გზა გააგრძელა პუტინმა და 2008 წელს დასავლეთის ჯიბრით შემოიჭრა საქართველოში, რითიც მტრობა უფრო გააღრმავა. ახლა, ისევ დასავლეთის ჯიბრით, პუტინი უკრაინაში ღვრის სისხლს და გადაიმტერა ხალხი, რომელიც რუსებს ძმებად თვლიდა, რუსული ენა კი მშობლიურად მიაჩნდა.
- იქნებ ჩვენ და უკრაინას ევროკავშირისა და ამერიკისკენ გახედვა არ გვაპატია?
- ჩვენც და უკრაინასაც, ისევე, როგორც ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ევროკავშირისა და ნატოსკენ რუსეთის აგრესიულობამ გვიბიძგა. შევარდნაძე ნეიტრალიტეტის გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ როცა რუსებმა სოხუმი თავზე დაამხეს, ნატოს კარზე დააკაკუნა. ყველა ეს პატარა ქვეყანა, ჩვენი ჩათვლით, ნეიტრალიტეტს ამჯობინებდა, მაგრამ რუსეთი ისეთი აგრესიულია, რომ ახლა ფინეთიც ფიქრობს ნატოში შესვლაზე.
2008 წლის ომი პუტინს არ სჭირდებოდა. ერთადერთი მოტივი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ბრაზობდა დასავლეთზე, რომელმაც კოსოვო აღიარა. მაშინ საჯაროდ დაიმუქრა, თუ თქვენ კოსოვოს აღიარებთ, მე აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ვაღიარებო და კოსოვოს აღიარების შემდეგ საომარი მოქმედებებით საქმე იქამდე მიიყვანა, რომ იპოვა საბაბი, ხელი გახსნოდა მათი აღიარებისთვის. ანალოგიური რამ მოხდა უკრაინაშიც. მაიდანის დროს დასავლეთი ხელს უწყობდა იქ მიმდინარე მოვლენებს. პუტინი გაბრაზდა და მაშინაც თქვა, ნუ უხარიათ უკრაინელებს, თორემ არის უკრაინაში რუსული ორიენტაციის რეგიონები და ეს ქვეყანა შეიძლება დაიშალოსო, ცოტა ხანში კი ვნახეთ დონეცკისა და ლუგანსკის მოვლენები, მერე - ყირიმიც. რაში სჭირდებოდა უკრაინის გადამტერება, მას ხომ ასეთი მეგობარი ცოტა ეყოლებოდა? მაგრამ მეგობრობას ურჩევნია, ურთიერთობა მორჩილებაზე ააგოს.
- ეს ფსიქოლოგიურად როგორ იკითხება?
- ეს არის სხვისი ჯიბრით მოქმედება. ამის გამო რუსი ექსპერტების ნაწილი მას "პახანს" ეძახის. ეს სიტყვა კრიმინალური ლექსიკის ნაწილია და თვლიან, რომ პუტინის ხასიათიც კრიმინალური ურთიერთობებით ჩამოყალიბდა. ამას ნაწილობრივ იმით ხსნიან, რომ იგი ოჯახის გარეშე, უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა. ასეთი ბავშვობის გამო მას შეიძლება ჰქონდეს ბოღმა ყველასა და ყველაფრის მიმართ და სამაგიეროს გადახდა უნდოდეს ყველასთვის, ვინც მას პატივით და დიდებით არ მოეპყრო. საყურადღებოა პუტინის ბიოგრაფიის სხვა ცნობილი მომენტებიც. ის არის კა-გე-ბეს ოფიცერი აქედან გამომდინარე შედეგებით...
კარიერის განმავლობაში, როდესაც სობჩაკთან იყო, ფინანსური მხარეც აინტერესებდა და დიდი მონდომებით აგროვებდა ქონებას. ახლა ის უზარმაზარი ქონების პატრონია, აქამდე სხვების ქონების დაგროვებასაც უწყობდა ხელს და ამით შეიქმნა გარემოცვა. მეორე მხრივ, მას არ შეუძლია, მაგალითად, ბიზნესმენს აპატიოს დაუმორჩილებლობა და ასეთი ბევრი ფაქტია ცნობილი, ხადარკოვსკით დაწყებული...
ბევრი პათოლოგიური მოვლენის საფუძველი შეიძლება გახდეს ხანგრძლივი ძალაუფლებაც. იყო ერთი ინგლისელი პოლიტიკოსი და ჭკვიანი კაცი, ოუენი, რომელმაც შრომები შექმნა, რომ არსებობს ე.წ. ჰიბრისის სინდრომი. თავდაჯერებულობა, აგრესიულობა, სიჯიუტე ამ სინდრომის დამახასიათებელი ნიშნებია. ოუენი აღნიშნავდა, რომ რაც უფრო დიდხანს არის ადამიანი პოლიტიკაში, ეს თვისებები მით უფრო უმძაფრდება... პუტინს ყველა ეძახის, გენიოსი ხარო და ისიც საკუთარ თავში მეტისმეტად დარწმუნებული ხდება. მე მგონია, მისი ბიოგრაფიული მომენტები და 20 წელიწადი ხელისუფლებაში ყოფნა, თანაც ისე, რომ რუსეთიც და მსოფლიოც არწმუნებს, რა მაგარი ხარო, არის მიზეზი, რის გამოც მისმა ხასიათმა ასეთი მწვავე სახე მიიღო... ახლა რუსეთი უკრაინაში მარცხის პირას არის, მაგრამ პუტინი აპირებს ბოლომდე მივიდეს. რადგან გადაწყვიტა, უკრაინა დააჩოქოს, ახლა ყველაფერს შესწირავს ამის შესრულებას.
- ბოლო დღეებში მას ხშირად ადარებენ ჰიტლერს. თქვენი აზრით, არის ალბათობა, რომ დამარცხების შემთხვევაში თავი მოიკლას?
- როცა ადამიანისთვის დამარცხება უფრო მძიმედ გადასატანია, ვიდრე სხვა რამ, შეიძლება ესეც ჩაიდინოს, მაგრამ პუტინის თვითმკვლელობამდე მისვლა იოლი არ არის. გაიხსენეთ, ჰიტლერმა როდის მოიკლა თავი - როცა მთელი გერმანია დააქცია! მისი საქციელის შედეგად მთელი მსოფლიო რომ დაესხა თავს გერმანიას და ქვა ქვაზე აღარ დატოვეს, მაშინღა გადაწყვიტა თვითმკვლელობა... დიახ, ის და პუტინი ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ჰიტლერმა პროფესიის არჩევისას დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ მერე პოლიტიკას მოჰკიდა ხელი და იქ აღმოჩნდა წარმატებული. ჰიტლერიც ნაკლებად პრაგმატული იყო - საბჭოთა კავშირისკენ რომ არ წამოსულიყო, ევროპა ფეხქვეშ ამოდებული ეყოლებოდა. ჰიტლერი უბედურება იყო და, როგორც ჩანს, სანამ პუტინიც უბედურებამდე არ მიიყვანს მსოფლიოს, არ გაჩერდება. დიდი შანსია, იქამდე მივიდეს, რომ მათხოვრად აქციოს მთელი რუსეთის მოსახლეობა, ოღონდ თვითონ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ყაზახეთში მომხდარმა მოვლენებმა მას დაანახვა, რომ მემკვიდრე შეიძლება წინამორბედს დაუპირისპირდეს, ანუ, შესაძლოა, მთელი ქონების შენარჩუნება სათუო გაუხდეს, ამიტომ იბრძვის, რომ 2024 წელს ისევ აირჩიონ პრეზიდენტად. პრეზიდენტის სკამის მიტოვების ეშინია, რადგან ახალი, ვინც მის კაბინეტში შევა, შემოუტრიალდება და უარესს უზამს. ერთ-ერთმა მილიარდერმა, რუსმა ებრაელმა, რომელიც ახლა ამერიკაშია, გამოაცხადა, მილიონ დოლარს მივცემ, ვინც პუტინს მოკლავსო. ამ ჭკუაზე ბევრია მათგან, ვინც მილიარდებს კარგავს. როცა უკრაინის პროცესები დაიწყო და პირველი სანქციები გაჩნდა, ბუნკერში გავარდა - შეეშინდა, რომ თავისი გარემოცვა მოკლავდა. ახლაც გარემოცვის ეშინია...
პუტინი ძალიან იმპულსურია, ბოღმიანი, ეჭვიანი... უკრაინის ოპერაცია ისე დაიწყო, წესიერად დაგეგმილიც არ ჰქონდა. ეჩქარებოდა, ბოღმა ვიღაცაზე ამოენთხია! აგრესია მისი უბედურებაა, თუმცა ახლა ეს მთელი მსოფლიოს უბედურებად იქცა. ვარაუდობენ, რომ აგრესია უჩნდება მას, ვინც თვითონ არის აგრესიის მსხვერპლი. კი ბატონო, ეს შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსიც არის, ეჯიბრება ევროპასა და ამერიკას, ოღონდ ეჯიბრება აგრესიით - თუკი ანგარიშს არ გამიწევთ, ომს დავიწყებო... მუსლიმ ტერორისტებს ჰქონდათ ამგვარი მოდელი.
- მისი გამოხედვის, მანერების მიხედვით კიდევ რა დასკვნების გაკეთება შეიძლება?
- ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც კამერების წინ იქცევა ისე, როგორც მოეთხოვება... ჩუმად გადაიღეს და გამოაქვეყნეს, როგორ ხატავდა დიდი ფურცლის პატარა ნაწილზე მცირე ზომის ფიგურებს. ასეთ დეტალებს პიროვნების შესახებ დასკვნის გამოსატანად შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგალითად, მან შეიძლება დეტალებზე გადაიტანოს ყურადღება და მთლიანობა ვერ აღიქვას, რაც იმით გამოიხატოს, რომ ხშირად მისი ნაბიჯები პრაგმატული არ იყოს.