"მთავარია, დასავლეთის მხარეს ვიყოთ და ყველამ იცოდეს, რომ ცივილიზაციას ვგულშემატკივრობთ“ - კვირის პალიტრა

"მთავარია, დასავლეთის მხარეს ვიყოთ და ყველამ იცოდეს, რომ ცივილიზაციას ვგულშემატკივრობთ“

იაგო ხვიჩია, საპარლამენტო უმცირესობის წევრი: - ევროკავშირში განაცხადის შეტანა პრობლემა არაა. ეს "ოცნების" დაპირება იყო, 2024 წელს შევიტანთო. თუმცა მაშინაც ბუნდოვანი იყო ეს დაპირება და ახლაც, როცა არ იცი, რა პერსპექტივა აქვს ამ განაცხადს. ახლა უკრაინის კონფლიქტიდან გამომდინარე გაჩნდა შესაძლებლობის ფანჯარა, მაგრამ ჩვენი მთავრობის პოლიტიკის გამო რამდენად გადაწყდება ჩვენს სასარგებლოდ, ძნელი სათქმელია. როცა ზელენსკის მთელი მსოფლიო როგორც გმირს უყურებს, ღარიბაშვილი კი "ნაციონალებთან" მოკავშირეობას აბრალებს, ამ განაცხადის პერსპექტიულობა დიდად არ არის საიმედო. წარმატების შანსს სკეპტიკურად ვუყურებ. თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ძალიან სწრაფად იცვლება სამყარო და შეიძლება კიდევ ერთხელ გაიხსნას ეს ფანჯარა, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მოხდა. მაშინ ვერ გამოვიყენეთ, იმედია, ახლა მაინც გამოვა.

- რას ფიქრობთ ღარიბაშვილის განცხადებაზე და საზოგადოდ, უკრაინის საკითხისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე? ეს პროცესს ხომ არ დააზიანებს?

- ხელს არ შეუწყობს. 4 წლის შემდეგ იმიტომ ვაპირებდით შეტანას, რომ ეს აქამდე არარეალური იყო. ახლა უკრაინას მიეცა შანსი და ამ დროს ჩვენ ზელენსკის ვაკრიტიკებთ, მას კი ელჩი გაჰყავს ქვეყნიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი შანსი არც ისე დიდია, რადგან ყველას ესმის, რომ შენი ქცევა მთლად ადეკვატური არ არის.

- ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის აქციები თუ არის ადეკვატური?

- ოპოზიციის მოთხოვნა ევროინტეგრაცია უნდა იყოს. ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა იმის გამო, რომ უკრაინამ ელჩი გაიყვანა, შიდაპოლიტიკური ამბებია. ჩვენი მიზანია საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში. ვინც უნდა იყოს "ოცნების" ხელმძღვანელი, ის უნდა იქცეოდეს რელევანტურად, რათა მისი ქცევების გამო უარი არ მივიღოთ. ძალიან სენსიტიური დროა, არავინ იცის, რუსეთი სად წაიყვანს ამ პროცესს. მთავარია, დასავლეთის მხარეს ვიყოთ და ყველამ იცოდეს, რომ ცივილიზაციას ვგულშემატკივრობთ.