"ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა და მისგან ველით პასუხს“ - კვირის პალიტრა

"ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა და მისგან ველით პასუხს“

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე­ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება „ძალიან დროული იყო, რადგან შესაძლებლობის ფანჯარა ამწუთას არის ღია, რომლის გაღებასაც ათწლეულები სჭირდება.

- განაცხადის გაკეთება ნიშნავს ევროკავშირში გაწევრების პროცესის ოფიციალურად დაწყებას. რაც შეეხება დროულობას, ძალიან დროული იყო, რადგან შესაძლებლობის ფანჯარა ამწუთას არის ღია, რომლის გაღებასაც ათწლეულები სჭირდება. ძალიან კარგია, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ და უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად გავაგრძელებთ გზას, რაც ლოგიკური გაგრძელება იქნება იმ გზის, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული - სამივე ქვეყანას გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

- მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დადებითად დაკმაყოფილდეს?

- თუ წევრობაზე ვილაპარაკებთ, მაშინ, საქართველო ახლა მზად არ არის. თუმცა გაწევრების პროცესი სწორედ იმაში ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს, რომ უფრო მეტად დაუახლოვდნენ ევროკავშირის სტანდარტებს. კანდიდატის სტატუსს რაც შეეხება, ბუნებრივია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა და მისგან ველით პასუხს.

- რაც გახდა ცნობილი, რომ განაცხადი გაკეთდებოდა, გაჩნდა აზრიც, რომ ხელისუფლებამ ეს საგანგებოდ გააკეთა, რადგან არ ვართ მზად, ევროკავშირი უარს გვეტყვის და ეს იქნება მათთვის საბაბი. რამდენად რეალისტური ჩანს ეს მოსაზრება?

- როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ გააკეთეს განაცხადი და ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, მაშინ შესაძლოა ეთქვათ, განაცხადი იმიტომ არ გააკეთეს, წევრობა არ სურთო. ამ ეჭვისთვის საფუძველი არ არსებობს. მე არ ველოდები ევროკავშირისგან უარს, რადგან თუ ევროკავშირის გაფართოების ისტორიას გადავხედავთ, უარი ერთადერთხელ თქვეს, 1986 წელს - მაროკოზე, რომელიც არ არის ევროპის კონტინენტზე და შესაბამისად, ეს იყო მიზეზი, რის გამოც გაწევრებაზე უარი უთხრეს. უბრალოდ, რასაც ველოდები, ის არის, რომ შესაძლოა ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდეს.

- რა პროცედურებია გათვალისწინებული და რა დრო შეიძლება დასჭირდეს კარგ და ცუდ შემთხვევებში?

- შემდგომ ეტაპზე ევროპული საბჭო ევროკომისიას სთხოვს, რომ მოამზადოს შეფასება, თუ რამდენად არის მზად საქართველო, რომ მისცეს ან არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. თუ შეფასება იქნება დადებითი და კომისია გაუწევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, უკვე საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოგვცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ იწყება გაწევრებისთვის მოლაპარაკებების გახსნა, რაც 35 სფეროს, ანუ თავს მოიცავს. თითოეული თავი სათითაოდ იხსნება და იხურება და როდესაც 35-ვე თავი დაიხურება, საქმეში ჩაერთვება ევროკომისია, რომელიც წარმოადგენს დასკვნას, თუ ქვეყანა რამდენად არის მზად, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნა დადებითი იქნება, ევროსაბჭო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას გაწევრების შესახებ. ამის შემდეგ გაფორმდება გაწევრების შესახებ ხელშეკრულება კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის.

დროს რაც შეეხება, ეს ჩვენზე იქნება დამოკიდებული. თუ ავიღებთ აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებას, დაახლოებით 8-10 წელი სჭირდება. ამდენივე დასჭირდათ პოლონეთს, ჩეხეთს, უფრო მეტი - რუმინეთს, ბულგარეთს. ყველაზე კარგი ვარიანტია ფინეთის, შვედეთისა და ავსტრიის გამოცდილება - მათ დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდათ.

- ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ რა მდგომარეობაა და იქონიებს თუ არა ეს ზეგავლენას ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე?

- რა თქმა უნდა. ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირის ნორმატიული აქტები მასში იმიტომ ჩაიდო, რომ ევროკავშირს დავახლოებოდით. თუმცა, ვიტყვი, რომ შესრულების თვალსაზრისით უთანაბრო მდგომარეობა გვაქვს. მაგალითად, არის სფეროები, სადაც მეტ-ნაკლები წინსვლა გვაქვს. თუმცა სადაც ყველაზე დიდი ჩავარდნა გვაქვს, არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება.

- რამდენად არის შანსი, რომ საქართველოც მოხვდეს დაჩქარებული წესით განხილვის სიაში უკრაინის გვერდით?

- ძალიან მეეჭვება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან ცდილობს, ჩვენც უკრაინის პაკეტში გავიდეთ. შესაძლებელია გაიყოს და უკრაინას მისცენ დაჩქარებული პროცედურა, ჩვენ და მოლდოვას - არა. თუმცა ევროკავშირში ჯერ უკრაინაზეც კი არ არის ერთიანი აზრი. 24-25 მარტს გაიმართება ევროპული საბჭოს შეხვედრა და შესაძლოა მაშინ გამოიკვეთოს, ამ სამი ქვეყნიდან რომელზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი.

- ხელისუფლებამ რაც განაცხადი შეიტანა, თუ გაძლიერდა კომუნიკაცია ამ სფეროში მომუშავე წრეებთან?

- ჯერ ცოტა დროა გასული და შესაბამისად, ინტენსიური კომუნიკაცია არ ყოფილა, მაგრამ იყო არაფორმალურ დონეზე. იმედია, ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ძალიან მალე უფრო აქტიურად დავიწყებთ მოქმედებას.

რუსა მაჩაიძე