"შეშლილი მმართველის მძევალია მთელი მსოფლიო“ - კვირის პალიტრა

"შეშლილი მმართველის მძევალია მთელი მსოფლიო“

ზელენსკი იმედგაცრუებულია, მაგრამ ისიც თქვა, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა დიდ დახმარებას უწევს. უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას და საბოლოოდ დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს

"რუსეთმა ჭაობი შექმნა და ახლა ცდილობს რაც შეიძლება ღრმად შევიდეს... რაც უფრო ღრმად შევა, მით მეტად ჩაეფლობა. რადგან ბლიცკრიგი უკრაინაში ჩავარდა, რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა და სამოქალაქო ობიექტების (მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების) მასირებული დაბომბვა დაიწყეს, რის შედეგადაც დიდია მსხვერპლი - მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში 2 000 სამოქალაქო პირზე მეტი შეეწირა რუსულ რაკეტებსა და ბომბებს. რუსეთის ამ ქმედებას ერთადერთი მიზანი აქვს: სულიერად გატეხონ უკრაინელები და დაამარცხონ. რუსებმა გროზნოში მიიღეს გამოცდილება და ცდილობენ იმავე მოდელით იმოქმედონ", - ასე აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც "კვირის პალიტრას ესაუბრა:

- რუსებმა ძალიან ბევრი რამ არასწორად გათვალეს. ეგონათ, როგორც კი ომს გამოაცხადებდნენ, რუსულენოვანი მოსახლეობა მათ მხარეს გადავიდოდა. სინამდვილეში კი რა მოხდა?! საზღვრის ახლომდებარე, უმეტესად რუსებით დასახლებულ ხარკოვშიც კი მოქალაქეების სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი და რას კარგავს რუსეთი ომის ისტორიაში ჩაწერილი ყოველი ახალი დღით?

- ყველაზე ცუდი სცენარი რომ განვიხილოთ და რუსეთმა ყველა დიდი ქალაქი აიღოს, ამ ომში მაინც დამარცხდება. უკრაინელები მარცხს არ შეეგუებიან და პარტიზანულ ბრძოლაზე გადავლენ, მოსვენებას არ მისცემენ რუს ჯარისკაცებს. მთლიანი უკრაინის ოკუპაციაც რომ მოახდინოს, რა უნდა გააკეთოს მოსკოვმა, როგორ უნდა მართოს ამხელა სამოქალაქო სექტორი?! დარწმუნებული ვარ, ამაზე მოსკოვში არავის უფიქრია. სრული სიგიჟეა, რასაც პუტინი აკეთებს. ამ შეშლილი მმართველის მძევალია მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი საფრთხე გვემუქრება ჩვენ, მის მეზობლებს.

- უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ბოლოდროინდელი განცხადებები მეტყველებს, რომ იმედგაცრუებული არიან - დასავლეთმა, კონკრეტულად კი ნატოს წევრმა ქვეყნებმა უარი თქვეს უკრაინის თხოვნაზე, დაეცვათ მისი საჰაერო სივრცე. მსოფლიოში ბევრი ფიქრობს, რომ დასავლეთმა უკრაინა გასაჭირში მოატოვა. რა დაუჯდება დასავლეთს მის შესახებ შექმნილი განწყობა?

- კი, ზელენსკი იმედგაცრუებულია, მაგრამ მან ისიც თქვა, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა დიდ დახმარებას უწევს. უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას და საბოლოოდ დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს.

- ეს არ იცის ზელენსკიმ?

- რა თქმა უნდა, იცის, თუმცა მესმის მისი, ის არის ქვეყნის ლიდერი, რომლის მოქალაქეებს ყოველდღიურად ხოცავენ. ნამდვილად სასოწარკვეთილია!

- გამოსავალი სად არის?

- გამოსავალია ალტერნატიული საშუალება, რომელიც რეალურად არსებობს. დააკვირდით, ბოლო დროს რუსული ავიაციის ეფექტიანობა ძალიან შემცირდა. რუსებმა უკვე ბევრი საფრენი აპარატი დაკარგეს. ფაქტია, დასავლეთი ყოველდღიურად აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო ტექნიკით და უფრო მეტად უჭერს მარწუხებს რუსებს ეკონომიკური სანქციებით. რუსეთის პოლიტიკაზე დასავლეთის პასუხი ასეთია: გამოფიტოს რუსული ეკონომიკა და რუსეთი აიძულოს შეასრულოს ის, რასაც საერთაშორისო სამართალი მოითხოვს. პუტინი დღეს უკვე ჭაობშია და რაც უნდა მოიმოქმედოს, კიდევ უფრო ღრმად ეფლობა. დასავლური სანქციები უკვე აისახა რუსეთისთვის სამოქალაქო-საჰაერო სივრცის ჩაკეტვასა და რუსული კომპანიების შესაძლო გაკოტრებაზე. სანქციებით, რომლებიც ოფიციალურ მოსკოვს დაუწესეს და მომავალშიც დაუწესებენ, - ყოველდღიურად ათობით მილიარდს ზარალობენ რუსი ოლიგარქები და რუსეთის ეკონომიკა.

- ჩიხში მოქცეული პუტინი უფრო დიდი საფრთხე ხომ არ არის, მით უფრო, როცა ის ბირთვული სისტემის გამოყენებაზე ლაპარაკობს, მისი ჯარისკაცები კი ატომურ ელექტროსადგურებს ბომბავენ?

- პუტინმა იცოდა, რომ უკრაინაში შეჭრისთვის ფასის გადახდა მოუწევდა, უბრალოდ, ის უკრაინისგან არ ელოდა ამხელა წინააღმდეგობას და არც დასავლეთისგან ასეთ მასშტაბურ სანქციებს. ამ ქვეყანას თავისი პოლიტიკოსებით, ოლიგარქებით, ელიტით, უბრალო ხალხით ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს იმპერიალისტური ზრახვების გამო და ეს არ იქნება ერთჯერადი. ათწლეულები გაგრძელდება ის შედეგები, რაც ეკონომიკურ სანქციებს მოჰყვება.

- ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, რუსეთმა თავისი სამხედრო რესურსის 90% უკვე გამოიყენა და ახლა უკრაინელმა ხალხმა მხოლოდ 10%-ს უნდა გაუძლოს. ზოგიერთის აზრით კი, ეს ჯერ ჟურნალია, რადგან არმიის არსენალში ბირთვული/ატომური იარაღის გარდა, სხვა სახის იარაღიც არის, რომლის გამოყენება სავალალო იქნება უკრაინისთვის. საუბარია ფლოტზეც.

- ყველაზე სანდოდ და ობიექტურად პენტაგონის ინფორმაცია მიმაჩნია, რომლის მიხედვით, რუსეთმა უკვე გამოიყენა უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალის 90%. ახლა საუბარია დამატებითი ძალების მობილიზებაზე, მაგრამ ამას რამდენიმე კვირა მაინც სჭირდება. არადა, თუ რამდენიმე დღეში ვერ მოახერხეს უკრაინაში მებრძოლი ძალების ჩანაცვლება, იქ მალე აღარაფერი იქნება ჩასანაცვლებელი და დასახმარებელი. მოსკოვი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გასაგებია, რომ რუსეთს ფლოტი ჰყავს და უკრაინა საზღვაო ქვეყანაა, მაგრამ ცარიელი ფლოტით რას იზამს მოსკოვი ან ხმელეთზე ვის აბრძოლებს? რაც შეეხება კონვენციით აკრძალულ იარაღს, მისი გამოყენება რუსებს ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ერთიანად იზოლაციაში მოექცევიან და იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიდრე დღეს არიან. მაგალითად, უკვე საუბარია, აკრძალონ თუ არა ნავთობითა და გაზით ვაჭრობა. ასე რომ, რუსეთის წინაშე დგას საფრთხე იმისა, რომ ეკონომიკა ერთიანად ჩამოექცეს. ამიტომ ბევრჯერ მოუწევს რუსეთს დაფიქრება იმაზე, კიდევ რა გამოიყენოს და რა არა.

- რუსეთში ეკონომიკური კრიზისისა და პუტინის იმპერიალისტური რეჟიმის გამო ბევრმა რუსმა საქართველოში ჩამოსახლება გადაწყვიტა, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი საფრთხედ აღიქვამს.

- ეს ნამდვილად არის საფრთხე. როდესაც რუსეთში 1917 წელს რევოლუცია მოხდა, ძალიან ბევრი რუსი გამოექცა შიმშილს, ქაოსს და რეჟიმის სისასტიკეს საქართველოში. საქართველომ ისინი მიიღო, გაათბო, დააპურა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი 1921 წელს ბოლშევიკების მხარეს დადგა და ყველაფერი გააკეთეს საქართველოს გასაბჭოებისთვის. ასეთი მწარე გამოცდილება გვაქვს რუსებთან. ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა შეძლონ ათასობით შემოსულ რუსში გაარჩიონ, ვინ სპეცაგენტია და ვინ რეჟიმს ან ეკონომიკურ კრიზისს გამოქცეული. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალია სავიზო რეჟიმი. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით დაიწყო. შესაბამისად, რუსების აქ შემოსვლა ნამდვილად სახიფათოა, მით უფრო, რომ სინამდვილეში რუსი ხალხის დიდი ნაწილი სწორედ პუტინის მხარდამჭერია.

- თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარკვეული ძალები საქართველოში ახალი ფრონტის ხაზის გახსნას ცდილობენ?

- მე ეს შემოგდებული თემა მგონია. საქართველოს ხელისუფლებას ის ურჩევნია, სწორი პოზიცია დაიკავოს - არ დაუპირისპირდეს უკრაინას, დასავლეთს, მარტო არ დაგვტოვოს იმპერიალისტი რუსეთის წინაშე და შეთქმულების თეორიების გავრცელებას თავი დაანებოს. საქართველოს ადგილი დასავლურ სამყაროშია, კობახიძეები და ძმანი მისნი ქართველ ხალხს საუკუნეების წინ გაკეთებულ ისტორიულ არჩევანს ვერ შეაცვლევინებენ. ურჩევნიათ ცოტა მეტი იკითხონ საქართველოს ისტორია და ცოტა უკეთ გაიცნონ საკუთარი ხალხი.

ხათუნა ბახტურიძე