"აქციებზე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა ემოციის შედეგია“ - კვირის პალიტრა

"აქციებზე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა ემოციის შედეგია“

გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი: - კარგია, რომ განაცხადი გააკეთეს. ხელისუფლება მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არა აქვს. სამიტზე გვიმტკიცებდნენ, რომ ეს შეუძლებელია, შემდეგ 71 დეპუტატს მოვაწერინეთ ხელი ამაზე მე და "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა თამუნა გეგენავამ. ამ დროს "ოცნება" გვიმტკიცებდა, არ შეიძლება ამის გაკეთებაო. კარგია, რომ შეავსეს განაცხადი, მაგრამ ახლა მთავარია, საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ხელისუფლებას შევთავაზე, რომ ბრიუსელში წავიდეთ საერთო დელეგაცია. ახლა გარჩევების დრო არ არის, მარტო "ნაცი" და "ქოცი" ხომ არ არიან ამ ქვეყანაში. ხომ შეიძლება რაღაც მომენტში მაინც დაამთავ­რონ ერთსა და იმავეზე ლაპარაკი. ამიტომ ვამბობ - წავიდეთ ბრიუსელში, დაველაპარაკოთ, რომ საქართველო მიუახლოვდეს ევროკავშირს და ამოქმედდეს დაჩქარებული გაწევრების საკითხი. თუმცა, უკრაინასთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს. უკრაინის ერთ-ერთ ტელეარხზე საქართველო ძალიან ნეგატიურად მოიხსენიეს. იმიტომ, რომ როცა ხალხი ომშია, მაშინ სჭირდება სოლიდარობა და მეგობრობა.

1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული დარტყმას პირველად სულ ჩვენ ვიღებდით, ძალიან ბევრი რამ გაიღო ჩვენმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ევროკავშირში მიგვიღონ. ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრებით ეკონომიკური განვითარების ისეთ დონეს მივაღწევთ, რომ უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი გვექნება და ქვეყნის წინსვლის მექანიზმიც. მუხლჩაუხრელი მუშაობაა საჭირო და რაც გაფუჭებულია, გამოვასწოროთ, რათა ცოტა წინ წავიდეთ. მაგიდაზე გვიდევს ევროკავშირის წევრობა და თუ არ მიგვიღებენ და კიდევ ჭიდაობას დავიწყებთ, რომ კლანური სასამართლო სამართლიანია, არაფერი გამოგვივა.

- ოპოზიციის აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ადეკვატურია?

- ეს ემოციური ფონის შედე­გია, ამის დრო არ არის. ახლა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ უკრაინის მხარდაჭერაზე, საქართველოს უსაფრთხოებასა და ევროკავშირში გაწევრებაზე.