"ნატოს ერთი ჯარისკაციც რომ ჩავიდეს უკრაინაში, ნატო ომში ჩართული აღმოჩნდება“ - კვირის პალიტრა

"ნატოს ერთი ჯარისკაციც რომ ჩავიდეს უკრაინაში, ნატო ომში ჩართული აღმოჩნდება“

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე "კვირის პალიტრასთან" უკრაინის ომში ამ ეტაპზე ყველაზე დიდ საფრთხედ ჰუმანიტარულ კატასტროფას ასახელებს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და კიდევ რა ბერკეტები აქვს დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ, ამ საკითხებზე თორნიკე შარაშენიძეს­ ვესაუბრეთ.

- ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე უკრაინისთვის ჰუმანიტარული კატასტროფაა. ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, როდემდე გაუძლებს ქვეყანა ამ სიტუაციას? ბავშვები სარდაფებში იმალებიან, საჭმელიც კი არა აქვთ, სხვა საჭიროებებზე აღარაფერს ვამბობ. ეს არის ყველაზე საშინელი. გასაგებია, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს, რადგან უკან დახევა რეჟიმისთვის კატასტროფა იქნება და ყველაფერს გააკეთებენ, რომ განზრახული ბოლომდე მიიყვანონ.

- საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, პუტინმა მასთან სწორედ საქმის ბოლომდე მიყვანაზე ილაპარაკა. "ბოლომდე მიყვანა" რა შეიძლება იყოს?

- მინიმუმ, კიევის აღება და იქ თავისი მარიონეტის დანიშვნა, რომელიც აღმოსავლეთ ტერიტორიებს აიღებს, ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს. არა ვარ დარწმუნებული, რომ ლვოვსაც არ შეუტევს.

- მხოლოდ უკრაინის დაპყრობას დასჯერდება თუ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებსაც შეუტევს. კიევი რომ აიღოს, პუტინს წარმატების რა გარანტია აქვს, რომ მოსახლეობა მიიღებს პუტინის რეჟიმს?

- არა მგონია, სადმე სხვა ქვეყანაში გადავიდეს. უკრაინასთან ომში რამხელა რესურსი ეხარჯება, მისი ოკუპაცია, თუ საქმე აქამდე მიიყვანა, რამდენს წაიღებს, კაცმა არ იცის. მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმს არ აღიარებს, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია.

- რუსულ მედიაში უკრაინისთვის სამ სცენარს განიხილავენ: რეჟიმის სრულად შეცვლა და რუსეთთან მიერთება, ორად გაყოფა და რამდენიმე ნაწილად დაშლა და კონფედერაცია. ამ სცენარებიდან რომელს აქვს მეტი შანსი?

- უკრაინის სრულად მიერთება ამ ეტაპზე არა მგონია გამოვიდეს, რადგან რუსეთი ახლა ბელარუსთან ერთად ამზადებს სამოკავშირეო სახელმწიფოს პროექტს და უკრაინა რომ მიიერთოს და ბელარუსთან მხოლოდ მოკავშირეობას დასჯერდეს, არ აწყობს. უფრო მგონია, სამოკავშირეო ხელშეკრულებაში შეათრევს ოკუპირებულ უკრაინას.

- მთელი უკრაინის ოკუპაციას გულისხმობთ თუ აღმოსავლეთ უკრაინას?

- ყველაფერზე ექნება პრეტენზია.

- გასაგებია, რომ სანქციებს შედეგი უკვე აქვს და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტად ექნება, მაგრამ როდესაც ნავთობისთვის ევროპიდან და ამერიკიდან ყოველდღიურად დაახლოებით მილიარდი დოლარი და მეტი ერიცხება, სანქციებს რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს? ეს საკმარისი იქნება უკრაინისთვის?

- ნავთობსა და გაზზე ევროპელები ასე მარტივად ვერ იტყვიან უარს. ამას წინასწარ მომზადება სჭირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ რუსეთის იზოლაცია არ იქნებოდა მარტივი და ამიტომაც ამჯობინეს ეკონომიკური თანამშრომლობა, რომ რუსეთი, ასე ვთქვათ, გაცივილიზებულიყო. ნაწილობრივ მართლაც ასე მოხდა, მაგრამ მისი ლიდერი სხვანაირად ფიქრობს.

- ახლა ხომ მაინც დარწმუნდა დასავლეთი, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ შეიძლება. რამდენად არის შესაძლებელი, რომ დასავლეთმა ნავთობისა და გაზის ალტერნატიული წყაროების მოსაძიებლად ირანთან შეცვალოს პოლიტიკა?

- შეიძლება, მაგრამ რამდენით გაზრდის ირანი ნავთობის ექსპორტს, რომ რუსეთი ჩაანაცვლოს? რუსეთი ძალიან დიდი მიმწოდებელია და მის ნავთობზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ევროპისთვის ნავთობის ფასს ძალიან გაზრდის. 1970-იან წლებში, როდესაც ნავთობის შოკი მოხდა, ნავთობმწარმოებლებმა სპეციალურად შეამცირეს წარმოება, ფასები რომ აწეულიყო და მაშინ დასავლეთის ეკონომიკა უარესი კატასტროფის წინაშე დადგა. არა მგონია, ახლა ამის გამეორება მოისურვონ. სანქციებით დასავლეთიც ზარალდება და ნავთობი კიდეც რომ გაძვირდეს, ამაზე არ არიან წამსვლელები, რადგან თუ დასავლეთი ეკონომიკურად გადაჰყვა ამ ომს, მაშინ ჩინეთი მოიგებს. ამიტომ ცდილობენ რუსეთი ისე დააზარალონ, თვითონაც არ გადაჰყვნენ.

- როდესაც ვამბობთ, რომ დასავლეთს არ ჰქონდა სწორი წარმოდგენა რუსეთზე, ვისი შეცდომაა, დაზვერვის თუ პოლიტიკის?

- უფრო პოლიტიკის. ომის დაწყებისას გამოჩნდა, რომ დაზვერვას ზუსტი ინფორმაცია დიდი ხნით ადრე ჰქონდა და არა მარტო ომის დაწყებაზე. მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსებს არ სურთ ომზე ფიქრი, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.

- პუტინმა ატომური იარაღით დაიმუქრა და საფრთხის ქვეშ დადგა უკრაინის ატომური სადგურები. საერთაშორისო საზოგადოებრიობას არა აქვს ისეთი ბერკეტები, რომ სადგურების დასაცავად მაინც ჩადგეს თუნდაც ნატოს რომელიმე დანაყოფი?

- ნატოს ერთი ჯარისკაციც რომ ჩავიდეს უკრაინაში, ნატო ომში ჩართული აღმოჩნდება. მხოლოდ ამერიკაა, ვისაც რუსეთის დამარცხება შეუძლია, მაგრამ არ ჩაერთვება, რადგან ნატოს წევრია.

- ბრიტანეთმა და პოლონეთმა ხომ გააკეთეს ალიანსი უკრაინასთან ზუსტად იმისთვის, რომ უკრაინა დაეცვათ? ამ ალიანსის სახელით ჩართვა არ შეუძლიათ ისე, რომ ნატოს ჩართვად არ ჩაითვალოს?

- საქმე ის არის, რომ ჩაითვლება. კიდევ ვიმეორებ - რუსეთის გაჩერება მხოლოდ ამერიკას შეუძლია, მაგრამ ამერიკა რომ ჩაერთოს, უფრო დიდი რისკია, რომ რუსეთი უფრო გაღიზიანდეს და მართლა დადგეს ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე.

- რატომ არ შეიძლება უკრაინას ისეთი ქვეყნის სამხედრო დახმარება გაუწიონ, რომელიც არც ნატოს წევრია და არც ატომური იარაღი აქვს?

- მოხალისეები ჩასულები არიან, პირდაპირ ჩაბმა კი არავის სურს. ჩარტერული რეისით ვინ უშვებს მოხალისეებს, ჩვენ რომ მოვითხოვეთ. ეს ხალხი სამხედრო ფორმებით მივიდა აეროპორტში და სახეები აჩვენეს, რომელიც მეორე კატასტროფაა.

- რუსების შემოშვება-არშემოშვება რამდენად პრობლემურია და კობახიძის განცხადება, რომ რუსების მომსახურებაზე უარის თქმა და მსგავსი ქმედებები ჰომოფობიად ჩაითვლება, ამიტომ სანქცირებისთვის კანონმდებლობა გამკაცრდება, რამდენად ადეკვატურია?

- როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, იმის მანიშნებელია, რომ რუსების ძალიან ეშინიათ. ამას სხვა ახსნა არა აქვს.

რუსა მაჩაიძე