"საქართველო რუსეთისთვის ახლა იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი“ - კვირის პალიტრა

"საქართველო რუსეთისთვის ახლა იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი“

"მაქვს სანდო ინფორმაცია, რომ საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა სურთ დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკოსსა და რუსეთს“

"განა ასეთი ნატო გვინდოდა?! ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან დაიღუპება,­ დაიღუპება თქვენ გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი უთანხმოების გამო. თქვენ უნდა გეფიქრათ ხალხზე, ადამიანებზე. თქვენ კი რაზე ფიქრობდით იმ სხდომაზე?! ალიანსს დღეს მხოლოდ 50 ტონა დიზელის საწვავის გადაცემა­ შეეძლო უკრაინისთვის. ალბათ, იმისთვის, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი,­ რათა კარგად დაიწვას. თუმცა ის უკვე დაიწვა ჩვენთვის­ რუსეთის ჯარის ცეცხლში.­ განა ასეთი ნატო გვინდოდა? განა ასეთ ალიანსს აშენებდით? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვებს, როდესაც­ უარი თქვა ფრენის აკრძალვის ზონაზე. თქვენ შეგეძლოთ საჰაერო სივრცის დახურვა... მე არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ და შეგიძლიათ თუ არა საკუთარი ქვეყნების დაცვა - ალიანსის ქვეყნების", - ამ განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ ნატომ უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვაზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღო. ცნობისთვის: იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა­ განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო­ სივრცის ჩაკეტვის თაობაზე, თუმცა მხარი არ დაუჭირეს. სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად ერთადერთი გზა არსებობს - ნატოს საჰაერო ძალებმა­ რუსეთის თვითმფრინავები უნდა ჩამოყარონ, რაც ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით ნატო არ გეგმავს კონფლიქტში ჩართვას არც ხმელეთზე და არც ცაში. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შეძლო ალიანსმა, ის არის, რომ უკრაინისთვის 50 ტონა დიზელის საწვავი გადაეტანა. რას ელოდა და რა მიიღო უკრაინამ დასავლეთისგან, რა უნდა გაითვალისწინოს ამ ვითარებაში საქართველომ, ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- მოსალოდნელიც იყო, რომ ნატო უარს იტყოდა უკრაინის საჰაერო სივრცის­ ჩაკეტვაზე. ალიანსს უკრაინის საჰაერო დაცვისთვის ორი ვარიანტი ჰქონდა: ან ნატოს ავიაციის მეშვეობით უკრაინის საჰაერო სივრცე უნდა გაეკონტროლებინა, რაც პირდაპირ ნიშნავს რუს მფრინავებთან საბრძოლო შეტაკებას, ან ნატოს წევრი ქვეყნებიდან საჰაერო თავდასხმები დაეწყო. ორივე შემთხვევაში ნატოს რუსეთთან დაპირისპირება მოუწევდა. ვფიქრობ, ზელენსკიმ ძალიან კარგად იცოდა, რა პასუხსაც მიიღ­ებდა ნატოსგან, უბრალოდ, მას ეს თავისი მძიმე მდგომარეობის ხაზგასმისთვის­ სჭირდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნატოს საბჭოს სხდომამდე ამერიკასა და რუსეთს შორის შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რათა მაქსიმალურად მოერიდონ ერთმანეთთან საბრძოლო კონტაქტს. მართალია, ნატომ უარი თქვა უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვაზე, მაგრამ საკუთარ თავზე აიღო საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უკრაინის გაძლიერება სარაკეტო კომპლექსებითა და გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით. ზელენსკი ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ ის აშკარად გაღიზიანებულია გერმანელი ლიდერებით, რომლებმაც უკრაინისთვის 500 ერთეული საავიაციო სისტემის გადაცემა გადაწყვიტეს. საქმე ის არის, რომ ადრინდელი საჩ­უქრისგან განსხვავებით, ეს არის მოძველებული საბჭოთა იარაღი, რომელიც გერმანიის დემოკრატიული­ რესპუბლიკის საწყობებში ინახებოდა და თანამედროვე ომისთვის გამოუსადეგარია...

- საინტერესოა, რას გულისხმობდა სტოლტენბერგი, როდესაც განაცხადა, უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა აჩვენებს ამ ომის დასრულების აუცილებლობასო.

- უკრაინის ტერიტორიაზე 15 ატომუ­რი ობიექტია. როგორც ჩანს, დას­ავლეთი გააძლიერებს უკრაინის­ ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ უკრაინელებმა არ მოინდომონ თხუ­თმეტივეს დაცვა, ვინაიდან დაცვა ნიშნავს სადგურზე საომარ მოქმედებებს. ამიტომ ჯობს ისევ რუსებმა გააკონტროლონ, ვიდრე საბრძოლო შეტაკებების დროს თუნდაც შემთხვევით დაზიანდეს რომელიმე ნაგებობა და რადიაციამ გაჟონოს.

- ჩვენ გავხდით იმის მომსწრეც,­ რომ რუსებმა დამიზნებით ესროლეს ატომურ ელექტროსადგურს ზაპოროჟიეში.

- კი, იყო ერთი ასეთი შემთხვევა, მაგრამ რუსებმა დააზიანეს ნაგებობა, სადაც რადიაციული ნივთიერება არ იყო. ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ დასავლეთმა უკრაინას ატომური ობიექტები დაათმობინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია.

- რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს სანქც­იებით ჩიხში მოქცეულ პუტინს, როცა აცხადებს, მეზობლების მიმართ ცუდი განზრა­ხვა­ არა გვაქვს და ვურჩევ სიტუაცია არ დაძაბონო?

- ის ახლა ისეთ დღეშია, მუქარისა და კუნთების თამაშის გარდა, სხვა გამოსავალი არა აქვს. მას ეს სჭირდება საკუთარი კაბინეტის წევრებისთვისაც. პუტინს ახლა მუდმივი ზეწოლა უწევს­ საკუთარ გარემოცვაზე, რომლის დიდ ნაწილს არ მოსწონს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ამის თაობაზე ხშირად წერენ, მაგრამ დასავლეთში რუსების მიმართ ძალზე ხშირია დისკრიმინაციული შემთხვევები. მაგალითად, ბრიტანეთში რუს ჩინოვნიკებს მხოლოდ ქონება კი არ დაუყადაღეს, მათი შვილებიც გამოყარეს უმაღლესი სასწავლებლებიდან.

- ზელენსკიმაც თქვა, თუ რუსეთი უკრაინაში მიზანს მიაღწევს, შემდეგი იქნება ლატვია,­ ლიეტუვა, ესტონეთი, საქართველო და პოლონეთიო...

- სიმართლე გითხრათ, არა მგონია, რუსეთმა უკრაინაში გამარჯვების შემდეგ პოლონეთსა და ბალტიისპირეთში დაიწყოს სამხედრო აგრესია, თუმცა ეკონომიკური ზეწოლა ნამდვილად იქნება. რაც შეეხება­ საქართველოსა და მოლდოვას, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ბედი გადაწყვეტილი იქნება. რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში სრულფასოვნად დასაბრუნებლად ბევრი იწვალა. ყარაბაღის ომში მიზანს თითქმის მიაღწია, მის ერთადერთ დაბრკოლებად საქართველო იქცა. საქართველო რუსეთისთვის ახლა იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი. დასავლეთსა და რუსეთს შორის ბრძოლის ერთ-ერთი მიზეზი ხომ შავი ზღვაც არის?! თბილისში საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს გაუხარდათ, თურქეთმა მონტრეს კონვენცია აამოქმედა, შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვიდან რუსე­თის სამხედრო გემების­ შემოსვლა აიკრძა­ლაო. ის ვერ განსაზღვრეს, რომ ეს კონვენცია რუსულ გემებთან ერთად ამერიკულ გემებსაც­ უკრძალავს შავ ზღვაში შემოსვლას, რუსული­ გემები კი აქ ისედაც იყვნენ. ესე იგი, რუსეთმა წარმატებას მიაღწია მხოლოდ უკრაინის სამხრეთით, ანუ იმ რეგი­ონში, რომლის დაპყრობაც თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი­ - ეს არის მარიუპოლ-ხერსონ-ოდე­სის ხაზი დნესტრისპირეთამდე. დანარჩენი მოსკ­ოვს არ სჭირდებოდა, იქ დროებით გაჩერება და ხელისუფლების შეცვლა ჰქონდა დაგეგმილი.

- დასავლური სანქციები რომ რუსეთის ეკონომიკაზე უკვე მოქმედებს, სამხედრო რესურსების საქმე როგორ იქნება?

- სამხედრო თვალსაზრისითაც აუცილებლად იქონიებს გავლენას, თუმცა არ ვიცი ეს რამდენად შეარყევს­ რეჟიმს. გასაგებია, რომ პუტინის გარემოცვაში სერიოზული უკმაყოფილებაა, არ მოსწონთ, პუტინის ხუშტურების გამო კომფორტის ზონიდან რომ უწევთ გამოსვლა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის პოზიცია. რუსი ეროვნების ფსიქოტიპისთვის ჩვეულებრივი ამბავია "უზენაესის" მორჩილებაში ყოფნა და ყველაფრის ატანა. დასავლელი ექსპერტები შეცდომას უშვებენ, როდესაც რუს ხალხზე ევროპელი ხალხის მაგალითებით მსჯელობენ. ეკონომიკის ნგრევა სერიოზული იქნება, მაგრამ ძნელი სათქმელია, მოახდენს თუ არა ამაზე რეაგირებას მოსახლეობა. პუტინმა არეულობა შეიძლება მიიღოს კავკასიაში, ციმბირში, თათარსტანში, ბაშკორსტანში, მაგრამ არა მკვიდრ რუს მოსახლეობაში...თუ რუსეთი დასუსტდება, რეგიონში დეცენტრალიზაცია აუცილებლად დაიწყება და ამის სათავეში იქნებიან როგორც კავკასიური რესპუბლიკები, ასევე თათარსტანი. ეს იციან მოსკოვში და საკუთარ ხალხს აშიმშილებენ, მაგრამ კავკასიაში ფულს მაინც გაგზავნიან. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა აფხაზეთსა და ცხინვალში ხდება - ამას ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით გეუბნებით. ძალიან ბევრი ძალა ცდილობს საქარ­თველოს ომში ჩათრევას. ყურადღება მინდა გავამახვილო რადის დეპუტატ გონჩარენკოს განცხადებებზე, რომელიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალისკენ გასეირნებისკენ მოუწოდებს. ეს მისი ინდივიდუალური გამოხდომა არ გეგონოთ. სხვათა შორის, ის ჭიპლარით არის მიბმული "გაზპრომზე". ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული ქართველები ომისკენ მოგვიწოდებენ. ჩვენ სხვა ინფორმაციაც გვაქვს, დასავლეთიდანაც კეთდება მსგავსი მინიშნებები. როგორც ჩანს, მეხუთე კოლონის ზოგიერთი წარმომადგენელიც ამაზე მუშაობს. მოხალისეების ხმაურითა და პერფორმანსებით უკრაინაში გაცილებაც ამ საერთო სცენარის ნაწილია... მაქვს სანდო ინფორმაცია, რომ საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა სურთ დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკოსსა და რუსეთს.

- დასავლეთის მიზანი გასაგებია, ალბათ­, რუსეთის კიდევ უფრო დისკრედიტირება სჭირდებათ, მაგრამ რისთვის შეიძლება აწყობდეს რუსეთს დამატებითი თავსატეხი?

- მართალი ხართ, დასავლეთის მიზანი ეგ არის, კიდევ უფრო მეტად პირსისხლიანად წარმოაჩინოს პუტინი. რუსეთი კი ფიქრობს, სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო, უკვე მაინც დისკრედიტირებულია და სანქციებდაწესებული და ბარემ მიაყოლებს მოლდოვას და საქართველოს, რაღას კარგავს?! - ესე იგი, რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს ეს ომი, ჩვენ მაინც მოგვხვდება?- კი, მაგრამ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში უფრო მეტად მოგვხვდება. პუტინი არ შეეგუება, რომ სამხრეთ კავკასიაში არის ქვეყანა, რომელიც მისი პოლიტიკური სურვილების ასრულებას ხელს უშლის. თუ რუსეთი მიზანს ვერ მიაღწევს, ასეთი სურათი იქნება: დანგრეული, მაგრამ გამარჯვებული უკრაინა და ეკონომიკაჩამოშლილი რუსეთი. მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ეს პოლიტიკურმა ჯგუფებმა და პირებმა უნდა განსაზღვრონ.

ხათუნა ბახტურიძე