"დღეს ქართულმა დიპლომატიამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს და გაიაროს ღირსეულად!“ - კვირის პალიტრა

"დღეს ქართულმა დიპლომატიამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს და გაიაროს ღირსეულად!“

„რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია მტრებისგან წამოსული საფრთხე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მეგობრებმა ჩვენგან გულგრილობა და, ჯვარი გვწერია, ღალატი არ დაინახონ“

არაერთ ლიტერატურულ კონ­კურსში­ გამარჯვებული მწერალი ლექსო ქურხული­ არის იმ თაობის შვილი, რომელსაც ე.წ. გარდამავალ პერიოდში მოუხდა ცხოვრება და თავის დამკვიდრება. შესაბამისად, მისთვის მშვიდობის ცნება არის ქვეყნის, საზოგადოების სტაბილური მომავლის ის მთავარი განმსაზღვრელი, რაზეც მწერალი "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ლექსო, ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, უკრაინიდან საზარელი ინფორმაცია რომ არ მოდიოდეს, გკითხავდით, რამდენად საინტერესო დროში ვცხოვრობთ-მეთქი, მაგრამ ახლა ეს კითხვა­ უადგილოა. რა განცდა გაქვთ?.. როგორ ფიქრობთ, უკრაინაში აპოკალიფსური პროცესები გაგრძელდება?

- ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელიც არ იცვლება და, ალბათ, არც არასდროს შეიცვლება. რაც თიხის ფირფიტების ჩანაწერებიდან გვახსოვს, უფრო ადრეც ასევე იქნებოდა და, ალბათ, გაცილებით უარესად. კაცობრიობის მთელი ცხოვრება უხსოვარი დროიდან დღემდე ძალმომრეობის, სიხარბის, სიბრიყვისა და გულგრილობის უწყვეტი ქრონიკაა. ზოგჯერ დიდი გამონათებებიც გაიელვებს და ამის დამსახურებაა, რომ ბოლომდე სახეს არ ვკარგავთ და ქაღალდზე ან სინდისის ყველაზე მივიწყებულ ბნელ კუთხეშიც კი ანათებს რაღაც ადამიანური, ღვთაებრივი. წინასწარ ბოდიშს მოვუხდი თქვენს მკითხველს, ჩემი პასუხები თუ ბანალური, პათოსით, ციტატებით და რაციონალური აზროვნების ცდით სავსე იქნება. დღეს იმდენად მკაფიო, იმდენად ცხადია, რაც ხდება, მტყუან-მართლის გარჩევაზე მსჯელობა სასაცილოა. მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი ვდგავართ გადამწყვეტი არჩევანის წინაშე - სამართალი თუ უსამართლობა, გულგრილობა თუ თანაგრძნობა, ნამდვილი თანადგომა თუ ყალბი სლოგანები და ლოზუნგები. რუსეთი არის ოქროს ურდოს პირდაპირი მემკვიდრე მენტალიტეტით, გენეტიკით, ტერიტორიით, სისხლის ღვრის, მიწების დაპყრობის დაუოკებელი სურვილით, ყაენებისადმი მონური მორჩილებით. ეს ურდო დღესაც ისე იქცევა, როგორც იქცეოდა მეცამეტე საუკუნეში. „ისტორიის მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ ისტორიისგან ვერაფერს ვერ ვსწავლობთ - მთავარია, ამ სენტენციამ აზრი დაკარგოს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილმა ერთა ლიგამ ბუტაფორიის როლი შეასრულა, დიდი სახელმწიფოების ბრიყვულმა პრაგმატიზმმა პლანეტა მეორე მსოფლიო ომის ცეცხლში გაახვია. "თქვენ მშვიდობისთვის დათმეთ ღირსება და ღირსებააყრილები მიიღებთ ომს", - ამბობდა ჩერჩილი. "კბილებამდე შეიარაღებული საფრანგეთი ჩვილივით უწყინარია", - ესეც მისი ფრაზაა. ჩერჩილი და ნაცისტები კი შემდეგ პარიზში უბრძოლველად შევიდნენ. დღეს, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში, ცივილიზებული სამყარო არის შუა საუკუნეების, თან მონღოლური სიველურის, სისასტიკისა და განუკითხაობის, სისხლიანი ქაოსის პირისპირ. ამ დღეებში კარიბის კრიზისის დროს ყველაზე ღირსეული ლიდერის ფრაზა მახსენდება: "ან კაცობრიობა დაასრულებს ომს, ან ომით დასრულდება კაცობრიობა". თავგანწირვას, სამშობლოს სიყვარულსა და რწმენას აქვს დიდი ძალა, რომელსაც მსოფლიო ერთ ოჯახად შეუძლია შეკრას.

უკრაინელი ხალხის გმირობითა და ტრაგედიით ყველა მოვიმკით მშვიდობას, მაგრამ რა მოხდება, თუ რეალურად მარტო დარჩენილმა უკრაინამ ომი წააგო?! მივიღებთ იმას, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია დიდ თუ პატარა სახელმწიფოებს - სისხლს, შუა საუკუნეების ძალმომრეობას, სიღატაკეს, მონობას და სიკვდილს. დაირღვევა მსოფლიო წესრიგი და ძალა გადაწყვეტს ყველაფერს.

- სად არის ჩვენი ადგილი ამ ქაოსში?

- ჩვენ სულ ქაოსში ვართ და ის, რაც არ მოგვწონს საკუთარ თავში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში, არის ჩვენი თითქმის განწირული ბედისწერის შედეგი. საუკუნეების განმავლობაში დაუმორჩილებლები იხოცებოდნენ და კოლაბორაციონისტები ელიტებად ყალიბდებოდნენ, იქნებოდა ეს ოსმალეთის, სპარსეთის, მონღოლეთის, ცარისტული რუსეთის თუ მისი სახესხვაობის, საბჭოთა კავშირის დროს. ორი უკიდურესობა - თითქოს ვართ საუკეთესო და წილხვედრი ერი, ან ჩვენზე ლაჩარი, ზარმაცი და უტვინო ხალხი არ არსებობს. სისულელეა. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ღირსება და სახასიათო სისუსტეები, რომელთაც უნდა ვებრძოლოთ.

დღეს გადამწყვეტი მომენტია მთელი კაცობრიობისთვის და მით უმეტეს ჩვენთვის, ვისი მთავარი პრობლემაც რუსეთის შეშლილი იმპერიაა. ერთი კონკრეტული კაცის ბედისწერა და რეპუტაცია ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ქვეყნის ბიოგრაფიასა და ღირსებას. უკრაინელებს ჩვენგან გაცილებით მძაფრად ეწყინათ ის, რაც სხვებისგან ნაკლებად მტკივნეულად შეიმჩნიეს. კიდევ კარგი, რომ ადამიანური ურთიერთობებისა და საერთო-სახალხო განწყობის გამო ჩვენმა მეგობრებმა იციან, რომ ქართველი ხალხი მათი უერთგულესი მხარდამჭერი ვართ. ამ დროს მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქართული სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობენ და ასჯერ დაფიქრდნენ, სანამ ამ ბეწვის ხიდზე გასასვლელ გზას სიბრიყვით ჩაანგრევენ.

ჩემი თაობა, საბჭოთა კავშირის მიწურულს დაბადებული, უცნაურ, ვაკუუმურ დროში აღმოჩნდა, დრო კი ბავშვობისა და ახალგაზრდობის არასდროს განებებს თავს, შენთან ერთად ცხოვრობს სრულიად სხვა ეპოქაშიც, ღრმა სიბერემდე, უფრო სწორად, სკლეროზამდე, გარდაცვალებამდე. ჩვენ გავიზარდეთ მაშინ, როცა წინა თაობის ჰეროიკაც სისულელედ მიაჩნდათ და მომდევნო თაობის პრაგმატულობაც. ვხედავდით, რომ თავგანწირვას შედეგი არ მოაქვს, არც სწავლას აქვს აზრი, იმიტომ, რომ პროფესორები კარტოფილს ყიდდნენ და გმირობაც სიბრიყვეს ჰგავდა. დავრჩით მძაფრი, რომანტიკული სულისკვეთებისა და სწავლის აუცილებლობის გარეშე, შესაბამისად, არც "ხიშნიკის" უნარ-ჩვევები გვაქვს და არც მიზანმიმართული ადამიანის, რომელიც ცდილობს საკუთარი საქმის პროფესიონალი გახდეს. "დაკარგული თაობა" ჩვენია და არა ის, გერტრუდა სტაინმა რომ შეარქვა. იმათ დიდი, ძალიან დიდი მემკვიდრეობა დატოვეს, ჩვენ კი 35 წლის ქართველი ფეხბურთელებივით პერსპექტიულები ნუ გვეგონება თავი, გასაკეთებელს აქამდე გავაკეთებდით. ჩვენი თაობის ეს დამღა თუ ნიშანი უკლებლივ ყველა სფეროს ატყვია. თუმცა ახალი თაობის დიდი იმედი მაქვს, ძალიან ბევრი რამ მომწონს. მათ უკეთეს გარემოში უწევთ­ ცხოვრება; თავისუფალ საქართველოში დაიბადნენ და ეს აუცილებლად დაეტყობა ქვეყანას. ყველაზე მეტად მაშფოთებს გაუცხოება უფროს თაობასთან და ის გულუბრყვილო შეხედულება, რომ თითქოს მეტი ესმით... ერი ვერ გაერთიანდება, თუ ყველა თაობა საერთო ენას ვერ მოძებნის.

მესმის ახალი თაობის ხმა და დარწმუნებული ვარ, თუ ისევ რუსულ წიაღში, ჩვენი პლანეტის შავ ხვრელში არ შეგვითრიეს, ქართველების ახალი თაობა აუცილებლად იტყვის თავის გამორჩეულ სიტყვას. საკუთარი ქვეყნის და შესაბამისად, მთელი პლანეტის აღმშენებლობისთვის არაერთ აგურს დადებს.

- ქართველ ხალხს უახლოესი ისტორიის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა მასშტაბის ომის გადატანა მოუხდა. რა გვასწავლა ამ მძიმე წარსულმა, რამდენად სწორად ვალაგებთ ღირებულებებს?

- ყველაზე მეტად გვაკლია ერთიანობა და ყველაზე მეტად გვიშლის ხელს ეგოიზმი, ამბიციები. როგორც ძველ, ძალიან კარგად გამოცდილ ქართულ შეგონებაშია, ბევრი ისრით გავსებულ კაპარჭს ვერ გადატეხენ. უდიდესი და ურთულესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ეპოქალური ცვლილებების დროა და ჩვენი ერი, ისევე როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, სიმართლის მხარეს უნდა დადგეს, რომელიც ძალიან ადვილი დასანახია.

- ნათქვამია, ისტორია კარგი მასწავლებელიაო, მაგრამ მთავარი მტრისგან, რომელიც ხან იარაღით გვებრძოდა, ხან ყველაზე საშიში ძალით - იდეოლოგიით, მისი გავლენისგანაც ბოლომდე ვერა და ვერ გავთავისუფლდით. რატომ?

- ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი ქვეყნის მსოფლიო კონტექსტიდან გამიჯვნაა. კაცობრიობა ერთ გზას გავდივართ და რაც უფრო მეტი ერი გაიაზრებს, რომ მშვიდობას, სამართალსა და ფუნდამენტური ღირებულებებისთვის ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, უფრო მალე მივაღწევთ უკეთეს ცვლილებებს. საქართველო ნაწილია ამ ყველაფრის და ისეთივე პასუხისმგებლობა გვაკისრია, როგორიც გაცილებით დიდ სახელმწიფოებს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია მტრებისგან წამოსული საფრთხე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მეგობრებმა ჩვენგან გულგრილობა და, ჯვარი გვწერია, ღალატი არ დაინახონ. დღეს ქართულმა დიპლომატიამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს და გაიაროს ღირსეულად!

- ამ ბოლო ხანებში ხშირად გვესმის, რომ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი უკრაინელი ხალხისგან. რა დაგვანახეს ამ უმძიმეს დღეებში სამაგალითო ერთიანობით და უტეხად დგომით?

- უკრაინელი ხალხი იბრძვის მსოფლიოს მშვიდობისთვის და ეს ერთი მისხალითაც არ არის პათეტიკა ან გადაჭარბება. უკრაინელი ხალხის გმირობამ და დაღვრილმა სისხლმა მსოფლიო გააერთიანა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან ნათელ და ძალიან ტრაგიკულ მსხვერპლს მსოფლიოს გამოღვიძება მოჰყვება. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაშვებული შეცდომები. რაც უფრო ადრე დავუპირისპირდებით ამ უდიდეს ბოროტებას, მით უფრო ნაკლები დანაკარგი გვექნება: ადამიანური, მორალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ.

- ქართველმა კლასიკოსმა მიხეილ ჯავახიშვილმა ანდერძად დაგვიტოვა: "ჩვენ ქართველები ვართ, დაბადებიდან რაინდობა და ვაჟკაცობა თან მოგვდევს, ჩვენს ძარღვებში კეთილშობილი სისხლი ჩქეფს... ცხოვრება ყველაფერზე ხელს აგვაღებინებს, მაგრამ რაინდობაზე, ვაჟკაცობაზე, პატიოსნებასა და კეთილშობილებაზე ხელს ვერასდროს აგვაღებინებს". როგორ ფიქრობთ, მივყვებით ამ გზას?

- მწერალი იქნება, მეწაღე თუ ასტრონავტი, მთავარია, ვაცნობიერებდეთ, სად არის სიმართლე და კრემლიდან წამოსულ ძალიან საშიშ ფსევდოიდეოლოგიას არ ავყვეთ. იარაღზე საშიში ტვინგამორეცხილი და ფანატიკოსი მოქალაქეა, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის კარგს აკეთებს. საქართველო თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიმართლის მხარეს უნდა იყოს და ეს იქნება ყველაზე დაცული, ყველაზე პრაგმატული დამოკიდებულება. ცხადია, არ ვგულისხმობ ესკალაციასა და ომში პირდაპირ ჩართვას. წინასწარ მოგიხადეთ ბოდიში პათოსისთვის და ასე დავასრულებ - დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს, დიდება გონიერებას, რომელიც ბოროტებას წინ უნდა აღუდგეს!