"ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშნებია...“ - კვირის პალიტრა

"ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშნებია...“

ტარიელ ხარხელაური: „ახლა ხელისუფალმა ხანჯლის პირზე უნდა იაროს და ჩვენ მას ხელი კი არ უნდა შევუშალოთ, უნდა წავეხმაროთ. ხელისუფლებამ საღ აზრს უნდა მოუსმინოს და არა იმ ავადმყოფურ აზრს, რაც დღეს ტრიალებს ქვეყანაში... არა აქვს მნიშვნელობა, ვინ სად დგას, მთავარია, ქვეყნის გვერდით იდგეს. ახლა მაინც გავერთიანდეთ!“

რამდენიმე დღის წინ ქართველმა მწერლებმა სუვერენულ უკრაინაში რუსეთის შეჭრა თბილისში, ტარას შევჩენკოს ქანდაკებასთან გააპროტესტეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. პუტინის ოკუპაციას ისინი ჩვენთან საუბარშიც აპროტესტებენ და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველ ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ ასეთი გამბედაობა 2008 წელს უნდა გამოგვეჩინა"

ტარიელ ხარხელაური, პოეტი: - ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს ამბავი და უბედურება უკვე მომხდარია ჩვენს თავს, ჩვენ ეს გადავიტანეთ. ისე განვიცდი ამ ამბავს, ისეთი შემზარავი ქაოსია... უპატრონო­ ერი გამოვდექით... როდესაც მთელმა მსოფლიომ იგრძნო, რომ ეს აქლემი, რომელიც ჩვენთან იყო და ახლა უკრაინაშია, მალე მათთანაც დაიჩოქებს, ფხა კი გამოიღეს, მაგრამ დააგვიანეს. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ბავშვები იხოცებიან, ქალაქები ინგრევა. ალბათ, სამყაროში კარგა ხანია ასეთი შემზარავი ომი არ ყოფილა. ეს რა სისასტიკეა, როგორ შეიძლება ასე ებრძოლო მშვიდობიან მოსახლეობას, ანგრიო სახლები, ქალაქები?!

ქუდზე კაცი გამოდის უკრაინაში. არც ჩვენ გვაწყენდა, ასე გამოგვედო თავი ჩვენი­ ტერიტორიებისთვის. ჩვენ ასეთი გამბედაობა 2008 წელს უნდა გამოგვეჩინა...

განა შეიძლება ჩვენ ახლა ერთმანეთს ვებრძოდეთ? ისევ ერთმანეთს ვჭამთ. გავიგოთ, რომ ჩვენც თავზე გვემხობა სამშობლო და ჩვენ ისევ ერთმანეთს ვებრძვით. ისე მაქვს გონება დაბინდული, ისე ვარ დაბნეული, ისეთი გამწარებული ვარ იმით, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. მე თუ სხვა ქვეყანაში ომში წასვლა მინდა, არ მჭირდება ხელისუფლების ნებართვა, წავალ და ვიბრძოლებ. ჩემი ათი წლის წინანდელი პატრიარქთან ლექსი-გასაუბრება "აღსარება პატრიარქს" მახსენდება: "თქვენო უწმინდესობავ, მე ფარ-ხმალი დავყარე, - ასე მივმართავ უწმინდესს, - "თქვენო უწმინდესობავ, როგორ შევძლო მოთმენა/ მექცეოდეს სამშობლო, და მე არა მტკიოდეს... /ხან თუ გაბეზრებული ფიქრს ნისლივით ამოვშლი,/ იქ ვარ ჩამომჩვარული, სადაც უნდა ვხვიოდე, /თქვენო უწმინდესობავ, ამ შემზარავ ქაოსში/ როგორ შესამჩნევია ჩემი ქვეყნის სიობლე".

არა ჩანს ჩემი ქვეყნის სიობლე ამ შემზარავ ქაოსში? როგორ შეიძლება დღეს დამშვიდებული იყო?! როგორ შეიძლება დღეს მოიცალო ერთმანეთის სალანძღავად, ერთმანეთის ზიზღისთვის?! თუ ასე გაგრძელდა, მთელი მსოფლიო დაემხობა, სიცოცხლე დაემხობა. მარტო უკრაინელების თავს კი არაა ეს უბედურება, ეს მთელი სამყაროს უბედურებაა. თავის დროზე თუ არ ამოსდეს ლაგამი, რუსეთი უკრაინას რომ გაივლის, იქვეა პოლონეთი. პუტინს მის ტერიტორიებთანაც აქვს პრეტენზიები, იქვეა ევროპის ქვეყნები, რომლებიც ადრე მის საზღვრებში იყო. შეაჩერებ ამას? ეს დროზე უნდა გაჩერდეს. ყველაზე მეტად ჩემი ხალხის დღევანდელი მდგომარეობა მაშფოთებს. ადრე თითქოს რაღაცას ვეგუებოდი,­ ველოდი, იქნება დავმშვიდდეთ, იქნებ რაღაცამ მოგვიყვანოს გონს, იქნებ გვეშველოს და ეს ზიზღი მოვიცილოთ, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას მოვეშვათ-მეთქი. არა! უფრო აქტიურნი გავხდით, ჭირიც კი აღარ გვაერთიანებს. ჩვენ ვფიქრობთ, ეს სხვისა ჭირი ჩვენს გასაღიზიანებლად იყო, რომ ერთმანეთს უფრო დავერიოთ, არ დავზოგოთ ერთმანეთი.

მინდა ჩემი შვილების და შვილიშვილების თაობას მოვუწოდო - გადახედონ ქვეყნის ისტორიას, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ილიასთან, იცხოვრონ და ილოცონ ქვეყნის გადარჩენისთვის. ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის. ხომ ვატყობთ, რომ გათითოკაცებული ქვეყანა ვართ?! ეს ფაშისტი თუ არ გააჩერეს, მთელ ევროპაზე გადავა.

მაკედონელის და ნაპოლეონის ომები მახსენდება... არ დაკმაყოფილდება და მადა გაეზრდება. არც რუსეთს დაადგება კარგი დღე, პუტინი არც თავის ხალხს დაზოგავს, ეს კაცი თვითლიკვიდაციისკენაც მიდის.

- უკრაინაში დღეს ჩვენი ბედიც წყდება. რა გვმართებს ქართველებს ახლა?

- ერთმანეთი ვიცნოთ, შვილო! ჩვენ უერთმანეთოდ არაფერი ვართ. ჩვენი გონება და გული სიკეთისა და სიყვარულისკენ­ მივმართოთ, გულით გავათბოთ გონება. უნდა ვიფრთხილოთ, ყოველ წუთს შეიძლება დაატყდეს საფრთხე ქვეყანას. ახლა ხელისუფალმა ხანჯლის პირზე უნდა იაროს და ჩვენ მას ხელი კი არ უნდა შევუშალოთ, უნდა წავეხმაროთ. ხელისუფლებამ საღ აზრს უნდა მოუსმინოს და არა იმ ავადმყოფურ აზრს, რაც დღეს ტრიალებს ქვეყანაში. ჩემთვის არც "ქოცი" არსებობს, არც "ნაცი" და არც ლეიბორისტი, ჩემთვის საქართველო და ჩემი ხალხი არსებობს. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ სად დგას, მთავარია, ჩემი ქვეყნის გვერდით იდგეს. ახლა მაინც გავერთიანდეთ!

"ახლა ჩვენ მშვიდობა, სიწყნარე და ჭკუით მოქმედება გვჭირდება"

ბაღათერ არაბული, პოეტი, მწერალთა­ კავშირის თანათავმჯდომარე: - ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა, დაიწყო 2008 წელს, როდესაც პუტინმა საქართველოსთან ომით დაიპყრო აფხაზეთი და სამაჩაბლო და დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა. მაშინ სხვა ქვეყნების სათანადო­ რეაგირება არ ყოფილა და პუტინს ხახვივით შერჩა ოკუპაცია. ლამის 20 წელია პრეზიდენტია და დაიჯერა, რომ მარადიული ლიდერი და რუსეთის გადამრჩენელია. მან რუსეთს გაუღვიძა იმპერიული ამბიციები და დაიჯერა მისი უძლეველობა. 2014 წელს მას ყირიმის ოკუპაციაც შერჩა და არც ამაზე ყოფილა მსოფლიოს დიდი რეაგირება. უკრაინაში რუსეთის შეჭრა ევროპისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. უკრაინა, რუსეთის შემდეგ, ევროპაში სიდიდით მეორე ქვეყანაა და მისი მოსახლეობა 40 მილიონს აღემატება. თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს. მწერალთა კავშირმა ტარას შევჩენკოს ძეგლთან მწერალთა მხარდამჭერი აქცია ჩავატარეთ და მიმართვაც გავუგზავნეთ უკრაინის ხელმძღვანელობას.

ამ ომმა რუსეთის სახე დაანახა მსოფლიოს. ეს დიდი ტრაგედიაა რუსეთისთვისაც. პუტინმა დაუშვა დიდი შეცდომა და ამ ომში გინდაც გაიმარჯვოს, ეს მისთვის დიდი დამარცხება იქნება. მან დაიპირისპირა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა.

- არ გამორიცხავენ, რომ შემდეგი სამიზნე საქართველო იყოს...

- ამ ომიდან პუტინი მორალურად და ფსიქოლოგიურად ისეთი გაფუჭებული გამოვა, აქ ომის წამომწყები აღარ არის. უთუოდ ხვდება თავის შეცდომას, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ აქვს - დაიხევს­ და მსოფლიოს თვალში მისი სიდიადე დილის ნისლივით გაქრება. ამიტომაც ბოლომდე წავა შეტევაზე და დამპყრობლის, ჯალათის სახელს მოიპოვებს. უკან დახევა მისთვის მარცხი და თავის მოჭრა იქნება. უკრაინას არაფერი დაუშავებია, უბრალოდ, ნატოში შესვლა სურდა. ამ ქვეყნის დანგრევისთვის რუსეთი მსოფლიოსგან გაირიყება და არაა გამორიცხული, ჰააგის სამხედრო ტრიბუნალმაც გაასამართლოს. პუტინს მილოშევიჩის ბედი ელის, თუ მისი იზოლირება მოხდა. რა უფლება გაქვს, მშვიდობიან ხალხს, ბავშვებს რომ ხოცავ, უნგრევ სახლებს და მათ ლტოლვილებად აქცევ? მილიონამდე მოქალაქეა გასული უკრაინიდან. ხალხი, რომელიც მშვიდად ცხოვრობდა, ამ აგრესორმა აყარა, ნაცარტუტად აქცია სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები... პუტინს ამას არავინ აპატიებს. ეს დიდი ტრაგედიაა უკრაინისთვის და კაცობრიობისთვის. ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშნებია. კაცი ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში ქმნის 2 რესპუბლიკას. რამხელა ავადმყოფი უნდა იყო, ეს გაბედო! აქამდე გასდიოდა და ამიტომ მოიქცა ასე, ამაშია საქმე. ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად დამთავრდეს.

ჩვენ ახლა არ გვაწყობს აქტიური ჩარევა და ხელისუფლება სწორად მოიქცა, როცა გამოაცხადა, რომ არ უერთდება სანქციებს. ჩვენ არაფერი გვაქვს ისეთი, ამას გავუძლოთ, ლავირება გვმართებს. დღეს ენერგომატარებლები და ყველაფერი რუსების ხელშია, ფქვილის 80% რუსეთიდან შემოდის, რომ გადაგიკეტოს ყველაფერი, ხალხი ხელისუფლებას აუჯანყდება, რატომ შეუერთდი სანქციებსო. დაჟეჟილი ჯობია გატეხილსო, ნათქვამია.

ერთიც მინდა დავამატო - 30 წელი გავიდა და ისევ იმ მდგომარეობაში ვართ, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პარტიულ, ბიზნეს- და სხვა ინტერესებს ვაყენებთ. პარლამენტის წინ უკრაინის სოლიდარობის აქციები იმართება და პოლიტიკურ მოთხოვნებს და მიშას თავისუფლებას ითხოვენ. როცა უკრაინას, საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს უცხადებ სოლიდარობას, ეს ლოზუნგები რა საჭიროა? ეს "ნაციონალები" ყველაფერს სათავისოდ იყენებენ, მუშაობენ ფილოსოფიით, რაც უფრო ცუდადაა საქმე ქვეყნისთვის, მით უკეთესადაა ჩვენთვისო. ამ დროს ხელისუფლებას კი არ უნდა აგინო, ერთად უნდა ებრძოლო საერთო მტერს. სწორედ "ნაციონალების" აქტიური ჩარევის შედეგია ის ყველაფერი, რაც საქართველოს თავს ხდება.

ამ 30 წლის განმავლობაში ოთხი ომი გამოვიარეთ - შინა თუ გარე ომები. ახლა ჩვენ მშვიდობა, სიწყნარე და ჭკუით მოქმედება გვჭირდება. ქართველები 3-4 მილიონი ვართ და ვეცადოთ ერთმანეთის გვერდში დგომით გადავარჩინოთ ერი და სამშვიდობოს გავიყვანოთ. ამასთან, გავაგრძელოთ მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობა უცხო ქვეყნებთან.

"არ გამოვრიცხავ, რომ მართლა ჩვენ ვიყოთ შემდეგი სამიზნე"

გურამ ოდიშარია, მწერალი: - აფხაზეთში ომს არავინ ელოდა, მაგრამ 1992 წლის აგვისტოში რომ დაიწყო,­ 18 თვესა­ და 18 დღეს გაგრძელდა. უღელტ­ეხილი­ რომ გადმოვიარე, ეს ყველაფერი "დევნილთა უღელტეხილში" აღვწერე. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ეს წიგნი უკრაინაში ითარგმნა, "ლიტერატურულ უკრაინაში" მისი ბეჭ­დვა უნდა დაწყებულიყო იმ კვირაში, როცა ომი დაიწყო. უკრაინის ომმა გამიღვიძა ჩემი ტკივილი და ყველაზე მეტად მესმის ახლა იმ ხალხის. უკრაინაში მცხოვრები ჩემი ახლობლები მირეკავენ და მათ თითქოს გამოცდილებას ვუზიარებ - როგორ მოიქცნენ ამ ტრაგიკულ ვითარებაში. მე სოხუმში ვნახე ეს სისასტიკე და მართალია, მაშინ ლიდერი ელცინი­ იყო, მაგრამ ზოგადად ასეთია რუსული იმპერიალისტური პოლიტიკა. ჩვენ 2008 წლის ომიც ვნახეთ რა იყო. მადლობა ღმერთს, მალე დამთავრდა, თორემ წელში გაგვწყვეტდა.

ჩემს ერთ რომანში, რომლის პრეზენტაციაც შარშან უკრაინაში გაიმართა, ვწერ, რომ ყოველ ომში ჩვენ, კაცობრიობა, მამების თაობა ვწირავთ შვილების თაობას. ეტყობა, კაცობრიობას დიდი დრო მოუნდება, რომ ეს გაისიგრძეგანოს. როგორც დიდმა მწერალმა თქვა, ადამიანში ღმერთი და ეშმაკი იბრძვის და ბრძოლის ველი ადამიანის გულია. რადგან ასეთი ბრძოლა მიდის, არ გამოვრიცხავ, რომ მართლა ჩვენ ვიყოთ რუსეთის შემდეგი სამიზნე.

საუბედუროდ, ქართველებმა ერთმანეთში ლაპარაკი ვერ ვისწავლეთ. გახლეჩილი ვართ და ნაცვლად იმისა, ისეთი სივრცე შევქმნათ, სადაც ყველა დაპირისპირებული აზრის მქონენი შევიკრიბებით და საერთო, სასარგებლო დასკვნას გამოვიტანთ, ერთმანეთს ვჭამთ. უპირველესი ღირებულება ჩვენი სამშობლო და სიცოცხლეა. რა ურჩევნია სამშობლოს, ამაზე ლაპარაკი ვერ ვისწავლეთ. ჩვენი ერთადერთი ხსნა ის არის, რომ ეს ენერგია ერთმანეთთან ბრძოლაში კი არ დავხარჯოთ, ვისწავლოთ ამის გაერთიანება. ასეთ საქართველოს უფრო მეტ ანგარიშს გაუწევს ყველა, ადვილად არავინ წამოგვარტყამს თავში ხელს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც გაუხარდება ჩვენს მეგობარს, და არა მტერს. ჩვენ კი, მტერს უფრო ხშირად ვახარებთ. მე, როგორც მწერალს, გადაწყვეტილი მაქვს მეტად ვიაქტიურო ერის გაერთიანებისთვის. არსებობს ამის ფორმულა, რა გაგვაერთიანებს და მინდა სხვებთან ერთად მეც მივაგნო მას, ვალმოხდილი წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ მეც რაღაც გავაკეთე ამ საქმისთვის. მით უმეტეს, აფხაზეთიდან ვიცი, რას ნიშნავს დაშლა. როცა ერი ფრაგმენტაციას იწყებს, მერე ქვეყანაც ძნელი გადასარჩენი ხდება. ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს!