"ასეთი განცხადებები არის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია"
კოტე ჯანდიერი, მწერალი: - შეგრძნება მაქვს, რომ საშინელი ბოროტება დაიძრა და მას ნახევარი კაცობრიობის განადგურება შეუძლია. ეს არის ბოროტება, რომელიც თავის დროზე ვერ გააჩერა ვერავინ, როცა იზრდებოდა და ძალებს იკრებდა. 2008 წელი იყო ძალების მოსინჯვა, შემდეგ - ყირიმი, ახლა - ეს ომი.
კარგად მახსოვს, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი შრიოდერი დღესაც "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს წევრია და მაღალ ხელფასს იღებს. ეს ხომ წარმოუდგენელია! ყველაფერი ფულით არ იყიდება!
ახლა ყველას ბედი წყდება. თუ ამ ბოროტებამ გაიმარჯვა, ეს ნიშნავს, რომ მთელი დასავლური სამყაროს მარცხის მომსწრენი გავხდებით. ეს იქნება ფასეულობების, ამდენსაუკუნოვანი კულტურის დასასრული. როგორ შეიძლება ამან გაიმარჯვოს?! მგონია, ვერც გაიმარჯვებს, მაგრამ ახლა უკრაინა ძალიან ცუდად არის და, ალბათ, უფრო მძიმე შედეგიც დაუდგება.
საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ აქვს იმის ფუფუნება, ამ ომის შუაგულში, ან თუნდაც განაპირას აღმოჩნდეს... სიფრთხილე და გონიერება საჭიროა, მაგრამ როგორ შეიძლება მთავრობის მხრიდან ისეთი რაღაცების თქმა, რომ ჩრდილოეთ კორეისა და სხვა ბნელი ძალების მხარეს აღმოვჩნდეთ?! ხომ უნდა დაფიქრდე, რას ამბობ მთელი ერისა და ქვეყნის სახელით?! უნდა ეთქვა, რომ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვათანხმებთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენს მოკავშირეებთან და მეგობრებთან, "სვიფტის" დამაარსებლები ჩვენ არ ვართ, საბანკო სისტემას ჩვენ ვერ ვმართავთ, ჩვენი ვალუტა საერთაშორისო ბაზარზე არალიკვიდურია... კარგი, ბატონო, "ბორჯომს" არ გავგზავნით და ღვინოს, მაგრამ ეს რა დანაკლისია რუსეთისთვის? თუმცა ჩვენთვის დიდი დანაკარგია. დიახ, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ დეკლარირება, რომ ამას არ შევუერთდებითო, მეტისმეტია. ამას არც არავინ სთხოვდა... არ შეიძლება ბოროტების მიმართ ლოიალური იყო. ვიცი, რომ არც არიან, მაგრამ ასეთი განცხადებები არის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია. რისი ბრალია ეს - არაკომპეტენტურობის, არადიპლომატიურობის თუ საღი აზრის დეფიციტის, არ ვიცი. ამას აქვს მეორე, საშინაო ასპექტიც, ქვეყნისთვის არანაკლებ სახიფათო. როგორ უნდა მოახერხო, რომ მართლაც ბოროტი ძალა, რომელიც არის ამ ქვეყანაში, შენთან მართალი აღმოჩნდეს?! საგარეო ველზე საშინელი დარტყმა მივიღეთ, საშინაო პოლიტიკაში - უარესი. თან ეს ხდება მაშინ, როცა ბეწვის ხიდზე ვდგავართ. თუ საქართველოში სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, ჩვენთვის ეს შეიძლება ისტორიის დასასრული იყოს.
- იმ უკრაინელებს რას ეტყვით, ვინც ერთმანეთისგან გამიჯნა ქართული მთავრობა და ქართველი ხალხი?
- მე მათ ვუსურვებ გამძლეობას, გადარჩენას, ოღონდ მათ ადგილზე ასე მაინც არ მოვიქცეოდი. სოლიდარობას ვუცხადებ და აღფრთოვანებული ვარ, რომ იქ, ჩვენგან განსხვავებით, ხალხი და მთავრობა ცალ-ცალკე არ არიან და, ცოტა არ იყოს, მშურს კიდეც. სწორედ ამ ერთიანობით ახერხებენ ასეთი ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას. ღმერთმა გადაარჩინოს უკრაინა! რაც შეეხება საქართველოდან ელჩის გაწვევას, ის ხალხი სტრესულ მდგომარეობაშია და ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ ბრიყვულ და გაუმართლებელ გამოსვლებზე. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: მე მესმის, რომ ამან გამოიწვია ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის პროტესტი, განურჩევლად იმისა, როგორია მათი პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ახლა საჭიროა გონიერება. მეტისმეტი არ უნდა ვქნათ. პროტესტის გამოხატვა აუცილებელია, სწორია მოთხოვნა, რომ რაღაცნაირად გამოსწორდეს ეს ქვეყნის დამაზიანებელი საქციელი, მაგრამ მეორე მხარემაც უნდა იცოდეს, რომ ახლა რევოლუციის მოწყობის დრო არ არის! ეს არ შეიძლება, რადგან არც აქედან გამოვა კარგი არაფერი. ჩვენთვის ესეც უბედურება იქნება და ამითაც ისევ რუსეთი იხეირებს...პოლიტიკაში ძველბიჭობა არ შეიძლება, თანაც როცა არც ამ ძველბიჭობის შნო და ძალა გაქვს. ორივე მხარეს ეხება ეს - მთავრობასაც და მის ოპონენტებსაც. ჩემი მთავარი პრეტენზია ის არის, რომ "ოცნება" ხალხს კი არ ელაპარაკება, არამედ "ნაცმოძრაობას", თუ ამ ლანძღვა-გინებას ლაპარაკი ჰქვია. ამ ქვეყანაში "ნაცმოძრაობის" გარდა აღარავინ ვცხოვრობთ?! არ ვართ ღირსი, ჩვენ გველაპარაკონ?! ორივე ძალა თვლის, რომ მარტო თვითონ არიან ამ ქვეყანაში, ჩვენ კი ვართ მასა, რომელიც თუ გააბრიყვეს და ერთმანეთის წინააღმდეგ წააქეზეს, თავიანთ მიზანსაც მიაღწევენ. მხოლოდ ამისთვის ვჭირდებით. ერთმანეთს ქუჩურად ურჩევენ საქმეს და ეს ხდება 30 წელი! ევროპის ნაწილი გახდები მაშინ, როცა საღად აზროვნებას დაიწყებ. თუ არ აზროვნებ, მაშინ არც ევროპის ნაწილი ხარ. როდის მიგვიღებენ ევროპაშიო... ეს იმაზეა დამოკიდებული, შენ თვითონ როდის გახდები ევროპელი...