"გახსოვთ, მიშა სააკაშვილზე რომ იცინოდნენ, 2008 წლის აგვისტოში ვერტმფრენის ხმაზე რომ გაიქცა და დაცვა გადაეფარა? იმას რაღაც რეალურის მაინც შეეშინდა"
ალექსანდრე ბეგალიშვილი, მსახიობი:
- ბებია უკრაინელი მყავდა, სიჩკარენკოს ქალი. ჩემი ძმის ოჯახი ახლა კიევშია, ასე რომ, ასმაგად განვიცდი, რაც ახლა იქ ხდება. ჩემი წინაპრები ზაპოროჟიისკენ ცხოვრობდნენ, ხუტორში, სადაც ახლა აქტიური ბრძოლებია. ბებიას ძმა ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ბებიას გაზრდილი ვარ, ყველაზე მეტ დროს მასთან ვატარებდი. დღეს "ქოც-ნაცებად" ვართ გაყოფილი. ჩემი სამშობლო არც ქოცეთია და არც ნაცეთი, სხვა ფასეულობებით ვხელმძღვანელობ და ვაფასებ ჩემს ქვეყანას და ხალხს. რაც შეხება პრემიერის განცხადებას, მისი გამოსვლის მერე ხშირად ვფიქრობ, კი არ ვფიქრობ, ტვინში ჩაკეცილი ფაილივით ჩემდა უნებურად მეხსნება კადრები... გახსოვთ, მიშა სააკაშვილზე რომ იცინოდნენ, 2008 წლის აგვისტოში ვერტმფრენის ხმაზე რომ გაიქცა და დაცვა გადაეფარა? იმას რაღაც რეალურის მაინც შეეშინდა, ეს კი თავის სიმხდალეს გვაჩვენებს, რაც მიშა სააკაშვილსაც არ უკადრია. დათო ტურაშვილმა ძალიან სწორად თქვა - სიფრთხილე სხვა რამეა და სიმხდალე სხვა. სიფრთხილე ნამდვილად გვჭირდება, ურაპატრიოტებს ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ პრემიერის განცხადება სიმხდალის გამოვლინებაა. რაც შეეხება ელჩის გაყვანას, ეს ჩვენი მთავრობის სიტყვების გაპროტესტებაა უკრაინის მხრიდან, თორემ ხალხმა თავისი აზრი და ნება გამოხატა და ზელენსკიმაც აღნიშნა, ჯიგრები ხართ, ქართველებოო.
"ახლა საჭიროა გაერთიანება და არა - დაპირისპირება“
დათო ევგენიძე, კომპოზიტორი: - ახლა ერთიანობაა მთავარი და როდესაც ამხელა განსაცდელის წინაშეა ქვეყანა, საქართველოში ერთ აზრზე უნდა იყოს ხელისუფლება და ოპოზიცია. მთავარია უკრაინელი ხალხის გვერდით დგომა და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საშიშროების თავიდან არიდება. ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ოღონდ საჭიროა გაერთიანება და არა დაპირისპირება. არაფრის დიდებით არ შეიძლება საერთაშორისო ეთერით უყურებდნენ ამ დაპირისპირებას...
რუსეთში აღარ მყავს მეგობრები, უფრო სწორად, მხოლოდ ისინი დარჩნენ ჩემს მეგობრებად, ვინც ფიქრობს, რომ პუტინი არის რუსეთის მტერი. უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს, და წარმოუდგენელია, რაც იქ ხდება. რუსეთში ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც წინ აღუდგა ამ ყველაფერს, მაგრამ ვინც პუტინის თანამოაზრედ დარჩა, ისინი ჩემი მეგობრების სიიდან წავშალე. უკრაინელებს ვეტყოდი, რომ მთელი საქართველო მათ გვერდით ვდგავართ, გვტკივა ისე, როგორც მათ, ამიტომაც ვამბობ: "მე ვარ უკრაინა", ყველაფერი, რაც იქ ხდება, ხვდება ჩემს გულს. სოლიდარობას ვუცხადებ ამ შესანიშნავ ქვეყანას!
"მე არ მინდა, ვინმეს სისხლი დაიღვაროს“
"გჯერათ, რომ კრემლი დათმობს პოზიციებს? უკრაინა შევა ევროკავშირში და ბარემ ჩვენც თან შეგვიყოლებს? მე - არა", - სინანულით ამბობს მსახიობი ეკა ჩხეიძე და იქვე დასძენს, ნეტავ ვცდებოდეო.- კრემლი ასე ადვილად არ გაჩერდება. ნეტავ ვცდებოდე, ნეტავ მოიგებდეს უკრაინა და თავისას გაიტანდეს - ევროპაშიც შევიდეს, ნატოშიც, თუმცა პუტინს უკან დახევას ურჩევნია, მიწასთან გაასწოროს ყველაფერი. მართლაც გმირია მთელი უკრაინა! როგორ შეუპოვრად იბრძვიან და იცავენ თავიანთ ქვეყანას! ღმერთმა ძალა მისცეს ამ ქვეყანას... ჩვენი ხალხი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, რითიც შეგვიძლია ვეხმარებით, მაგრამ ჩვენ არ ვართ არც უკრაინისხელა, არც უკრაინის შეიარაღება გვაქვს, არც ევროპა გვესაზღვრება, რომ ამის გამო მხარი დაგვიჭიროს... კარგად გვახსოვს, 2008 წელს რითიც დამთავრდა ჩვენი ბაქიბუქობა. მე არ მინდა, ვინმეს სისხლი დაიღვაროს. ომით ჩვენ რუსეთს ვერაფერს მოვუგებთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ხერხი უნდა სჯობდეს ღონეს. რაღაც მაღალი დონის პოლიტიკაა საჭირო, როდესაც ასეთი შუბლისძარღვგაწყვეტილი მეზობელი და მტერი გყავს. ჩვენ მაშინ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ახლა, ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ ევროპას თავისი ეწვის, თავისი უსაფრთხოების გამო ეშინია, რადგან უკრაინა მას ესაზღვრება. ჩვენ ვინ გვესაზღვრება, ხომ კარგად ვიცით? ამიტომ ჭკუა უნდა ვიხმაროთ. გვერდით დგომა და თანაგრძნობა არავისგან გვესწავლება, მოხალისედ წასვლაც შეიძლება, მაგრამ ამას ქვეყანა ოფიციალურ სახეს ხომ ვერ მისცემს. არ უნდა ვიყოთ მონები, მაგრამ დიპლომატიაა საჭირო... რუსეთს თითქმის მთელმა მსოფლიომ არსებობის წყაროები გადაუკეტა და შეიძლება ისეთ დღეში ჩავარდეს, შიგნიდან აფეთქდეს... მართალია, მოსახლების 68% ამართლებს პუტინის საქციელს, მაგრამ ადრე თუ გვიან ხალხი გაიგებს სიმართლეს... მგონია, კრემლიც უნდა გატყდეს შიგნიდან.
"უკრაინელები კარგად არჩევენ საქართველოში კარგსა და ცუდს“
"ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა ფრთხილი რომ არ იყო, სწორედ იმიტომ არსებობენ საქართველოს მთავრობის წევრები" - წერს მამუკა ღლონტი, რომელიც "კვირის პალიტრის" სტუმარია.
- შენ თუ აღიარებ, რომ ეს განცხადებები იმიტომ გააკეთე, რომ სიფრთხილეა საჭირო, მაშინ ამ განცხადებების გაკეთებას აზრი ეკარგება, იმიტომ, რომ ამოცანა ნათქვამია. ანუ მე თუ რუსეთის ხელისუფლება ვარ და მოვისმენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას იმიტომ ამბობს, რომ სიფრთხილეს იჩენს, ე.ი. სხვანაირად ფიქრობს, ხომ? თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გამოსაჩენია, ისევე, როგორც რისკი, გაბედულება და ა.შ. ოღონდ ყველაფერს სჭირდება ზომიერება. პრეზიდენტი კარგ განცხადებებს აკეთებს და სწორად იქცევა.
პუტინი არის 21-ე საუკუნის ჰიტლერი! წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც თვლის, რომ უკრაინა რუსეთია და ეს მათი მოძმე ერია, რაებს აკეთებს იქ და რას გააკეთებს ქვეყნებში, რომელთა მცხოვრებლებს თავის ნათესავად არ თვლის... რაც შეეხება ურაპატრიოტებს, ისინი მუდამ იქნებიან და მეხუთე კოლონაც მუდამ იარსებებს. ჩემი აზრით, საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი გაცილებით მეტია და ისინი კარგად არჩევენ ურაპატრიოტებსა და მტრის მსახურებს იმ ჯანსაღი ძალისგან, რომელიც, საბედნიეროდ, არის სამოქალაქო საზოგადოებაში. ცუდია, რომ უკრაინის ხელისუფლებას კატეგორიულად არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები, მაგრამ შესანიშნავად არჩევენ ერთმანეთისგან საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულებას. მე არ ვთვლი, რომ ეს უკრაინის თვალში ქართველებს მიაყენებს ზიანს. ეს ზიანს მხოლოდ ხელისუფლებას მიაყენებს. შეიძლება საზოგადოებასაც მოხვდეს სილა, მაგრამ უკრაინელები მეტწილად კარგად არჩევენ საქართველოში კარგსა და ცუდს. მიუხედავად იმ უბედურებისა, რაც უკრაინას დაატყდა თავს და რომელსაც სიტყვით ვერ გადმოვცემ, მათ წილად ხვდათ ბედნიერება, შეცვალონ მსოფლიო და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. უკრაინა დღეს ბევრ რამეს ცვლის მსოფლიოში და ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
"ბევრი ქვეყანა იქცევა ფრთხილად, მაგრამ საკუთარ ღირსებას ფეხქვეშ არ თელავს“
რატი ამაღლობელი, პოეტი: - უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის გაგრძელება იმპერიის მშენებლობისა, ამას უკვე ყველა ხვდება. ამაზე მეტყველებს ის უპრეცედენტო სანქციები, რომლებიც შლის რუსეთის ეკონომიკას და ამის შედეგებს მალე ვნახავთ. მთელი მსოფლიო ძალიან ოპერატიულად ეხმარება უკრაინას, მთელი ევროპარლამენტი ფეხზე დადგა პრეზიდენტ ზელენსკის, მიიღო მისი განცხადება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და ის გახდა კანდიდატი ქვეყანა, რაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა და ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი კი არა, ნახტომია. ჩვენც იქვე უნდა ვიყოთ და ვაჩვენებდეთ წლების განმავლობაში ჩვენს დაღვრილ სისხლსა და ოფლს... კარგია, რომ ახლა მაინც გამოვიღვიძეთ და ჩვენც გავაკეთეთ განაცხადი... რასაკვირველია, სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო პოლიტიკოსისთვის, მაგრამ სიფრთხილეს თან უნდა ახლდეს გეგმები, იდეალები, იდეები, მომავლის ხედვა... ჩვენთან კი ჩანს შიში და არანაირი იდეა. ბევრი ქვეყანა იქცევა მოზომილად, ფრთხილად, მაგრამ საკუთარ ღირსებას ფეხქვეშ არ თელავს, როგორც ეს ღარიბაშვილმა გააკეთა.