"პუტინი ბირთვული თემის გააქტიურებით თამასის აწევას და ამ ომისგან მაქსიმალური პოლიტიკური შედეგის მიღებას ცდილობს“ - კვირის პალიტრა

"პუტინი ბირთვული თემის გააქტიურებით თამასის აწევას და ამ ომისგან მაქსიმალური პოლიტიკური შედეგის მიღებას ცდილობს“

"ბირთვული იარაღით დამუქრება პუტინის ხელში კიდევ ერთი ზეწოლის ბერკეტია... პუტინი მართლაც რომ შეიშალოს, მის გარემოცვაში იქნებიან რაციონალურად მოაზროვნე პირები, რომლებიც პუტინს ხელს შეუშლიან“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლახან რუსული არმიის შეკავების ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის ბრძანება გასცა, რამაც ბევრი კითხვა დაბადა, მით უმეტეს, რომ შეკავების ძალებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვთ და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღით იმუქრება. სხვადასხვა მოსაზრებით, შესაძლოა ეს მხოლოდ მინიშნებაა, რადგან სტრატეგიული შეკავების ძალების არსენალში სხვა სახის იარაღიც არსებობს. რამდენად რეალურია რისკი იმისა, რომ პუტინმა მართლაც გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რა შემთხვევაშია შესაძლებელი მისი ამოქმედება, ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი და პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ანთაძე გვესაუბრება:

- ჩემი აზრით, პუტინი ბირთვული თემის გააქტიურებით თამასის აწევას და ამ ომისგან მაქსიმალური პოლიტიკური შედეგის მიღებას ცდილობს. ბირთვული იარაღით დამუქრება მის ხელში კიდევ ერთი ზეწოლის ბერკეტია. ეს დასავლელმა ლიდერებმა კარგად იციან. ამერიკული დაზვერვისა და არაერთი სხვა წყაროს ინფორმაციით, პუტინის ამ განცხადებას არანაირი ნაბიჯი არ მოჰყოლია. თავის მხრივ, რუსეთს კარგად ესმის, რომ ნებისმიერი ასეთი მოქმედება თავადვე დააზარალებს - ბირთვული სისტემის გამოყენება თუნდაც პატარა ტაქტიკურ ოპერაციაში სავალალო შედეგის მომტანია.

- როგორი შეიძლება იყოს ატომური ბომბის სითბური სიმძლავრე, გამოსხივება და როგორ აისახება ის ადამიანის ჯანმრთელობაზე?

- სიმძლავრიდან გამომდინარე, ატომურ ბომბს სხვადასხვაგვარი ზემოქმედება ახასიათებს, მაგალითად, დარტყმითი ტალღა, ელექტრომაგნიტური იმპულსი, სითბური გამოსხივება, რაც იწვევს ნგრევას, ხანძარს, ელექტრომაგნიტური ხელსაწყოების გათიშვას. ეს წამიერი ეფექტებია. რამდენიმე წამში დაიწყება საშინელი, დამანგრეველი მოქმედება, დაიწვება ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რამდენიმე წამში­ საშინელ ხოცვასა და ნგრევას გამოიწვევს,­ ატომურ ბომბს შენელებული მოქმედების ბომბს უწოდებენ - რადიაციამ შესაძლოა საუკუნის განმავლობაში დააბინძუროს გარემო. გააჩნია, საით წაიღებს რადიოაქტიულ ღრუბელს ქარი, რა მანძილზე აფეთქდება, რა სიმაღლეზე - ბევრი ფაქტორია, შედეგები დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე, ეს ყველაფერი ჰაერის მასებს მიაქვს. ადგილს, რელიეფს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეგახსენებთ,­ რომ ჩერნობილის დროს რადიაციული ღრუბელი ჯერ ჩრდილოეთით წავიდა, სკანდინავიისკენ, შემდეგ სამხრეთისკენ წამოვიდა. საქართველომდეც მოაღწია, 200 000 კვადრატული კილომეტრი დააბინძურა.­ საფუძვლიანად არყევს ადამიანის ჯანმრთელობას - იქ, სადაც ძალიან დიდი რადიაციული იოდი დაგროვდება, ჩიყვის სიმსივნე და ლეიკემია ჩვეულებრივ ამბად გადაიქცევა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩერნობილიდან რადიაცია ნელ-ნელა გავრცელდა, ბირთვული იარაღის გამოყენებას კი მყისიერი ეფექტი აქვს - აფეთქების დამანგრეველ ძალას რადიაციისა და რადიაციული ნარჩენების უფრო დიდ ფართობზე გავრცელება მოჰყვება.

putin2-1646577368.jpg

- მართლაც ძნელია დაჯერება, რომ საღ ჭკუაზე მყოფმა ადამიანმა ბირთვული იარაღის­ ამოქმედება გადაწყვიტოს. თუმცა ჩვენ გვახსოვს პუტინის განცხადება: "ბირთვული იარაღი კატასტროფაა სამყაროსთვის, მაგრამ რად მინდა ისეთი სამყარო, სადაც რუსეთი არ იქნება"­. ბოლო დროს არაერთი მსოფლიო ლიდერიც ამბობს, რომ პუტინი შეურაცხადია.

- მაინც მგონია, როდესაც მსოფლიო ლიდერები მის შეურაცხადობაზე საუბრობენ, იმას გულისხმობენ, რომ ისეთი ძალაუფლების მქონე ადამიანი, როგორიც პუტინია, ხშირად ინფორმაციულ იზოლაციაშია, მას რეალურის ნაცვლად სასურველ ინფორმაციას აწვდიან. თუმცა პუტინი მართლაც რომ შეიშალოს, მის გარემოცვაში იქნებიან რაციონალურად მოაზროვნე პირები, რომლებიც პუტინს ხელს შეუშლიან.

- სავარაუდოდ, ატომური იარაღის გამოყენებას პროტოკოლი უნდა ჰქონდეს, მათ შორის სამედიცინო შემოწმებაც.

- დიახ, არაერთი პროცედურაა საჭირო, რომ ბირთვული პოტენციალი აამოქმედონ. ყველა ქვეყანას თავისი პროტოკოლი­ აქვს. დეტალები გასაჯაროებული არ არის, მაგრამ ვიცით, რომ ბრძანების გაცემიდან აღსრულებამდე მართვის არაერთია ჯაჭვია გასავლელი და არაერთი დასტურია მისაღები. აქედან გამომდინარე, არ ველი რადიკალურ სცენარს. მეტიც, მგონია, საქმე აქამდე არც მივა. სხვათა შორის, დღეს საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ ისეთ ფაზაშია, რომ რუსეთს შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ასე თუ ისე, მისაღებს გახდის.

- რას გულისხმობთ?

- დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების შედეგი დამოკიდებულია საბრძოლო მოქმედებებზე, ანუ იმაზე, თუ რა ტერიტორიების დაკავებას შეძლებს მოსკოვი. ჩვენ ახლა უნდა დაველოდოთ მოვლენებს, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ბირთვული პოტენციალის გამოყენების ალბათობა მაინც მინიმალურია.

- დავუშვათ, რუსეთმა გამოიყენა ბირთვული პოტენციალი, როგორი იქნება ამაზე დანარჩენი სამყაროს პასუხი? ალბათ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საკუთარი ბირთვული არსენალი რუსეთს გადასცა, სანაცვლოდ კი რუსეთისგან, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოსგან უსაფრთხოების გარანტია მიიღო.

- ამას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება, რადგან ეს არა მარტო რუსეთს, არამედ მთლიანად სამყაროს გაანადგურებს, შედეგი აპოკალიფსური იქნება.

- გავრცელდა მოსაზრება, რომ რუსული­ არმიის არსენალში ბირთვული/ატომური იარაღის გარდა, სხვა სახის იარაღიც არსებობს,­ რომლის გამოყენება სავალალო იქნება, მათ შორის, საუბარია კლიმატურ იარაღზეც.

- არსებობს ჰიპოთეზური წარმოდგენები, რომ რუსულ არმიაში არის იარაღი, რომელსაც კლიმატური ცვლილების გამოწვევა შეუძლია, თუმცა ეს არ არის დადასტურებული. ეს მაინც კონსპირაციული თეორიაა.

- ითქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში ვაკუუმური ბომბები გამოიყენა და ასეთი ტიპის ბომბის გამოყენება დანაშაულად ითვლება. რამხელა ტერიტორიის განადგურება და რა ტიპის ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანებისთვის?

- ვაკუუმური ბომბი ყველაზე ძლიერი­ არაბირთვული იარაღია, რომელსაც "ყველა ბომბის მამას" უწოდებენ. დიახ, ითქვა, რომ რუსებმა გამოიყენეს ვაკუუმური ბომბი,­ მაგრამ არ არის დადასტურებული. მსგავსი­ ტიპის ბომბები უფრო დახურულ სივრცეებში გამოიყენება. ინფორმაცია, რომ ვაკუუმური ბომბი "ცოცხალ რაიონში"­ გამოიყენეს, სამხედრო ლოგიკას მოკლებულია.

ხათუნა ბახტურიძე