წავლენ თუ არა აფხაზები უკრაინაში რუსეთის მხარდასაჭერად? - კვირის პალიტრა

წავლენ თუ არა აფხაზები უკრაინაში რუსეთის მხარდასაჭერად?

დონეცკიდან ჩამოიყვანეს პირველი ეტაპი, 100-მდე დევნილი, ახლახან კი 17 დონბასიდან, მათგან 7 ბავშვია. ამბობენ, რომ მშობლები დაბომბვისას დაეხოცათ. შეგვიძლია აფხაზეთში ამ ბავშვებს ნორმალური გარემო შევუქმნათ? მეეჭვება, რადგან 15 წლის ნარკომომხმარებლები გვყავს. სასტუმრო „აიტარაში“ დაუბინავებიათ. გვითხრეს, შეეგუეთ იმაზე ფიქრს, რომ ის დევნილები შესაძლოა აქ სამუდამოდ დარჩნენო. კი მაგრამ, როგორ უნდა ვარჩინოთ, ან სამუშაო ადგილები სად არის?

აფხაზური მედია Апсадгьыл-инфо-ს ცნობით, "აფხაზეთის თავდაცვამ შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ისინი გეგმურ სამხედრო სწავლებას გადიან". თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც: აფხაზი სამხედროების ნაწილს უკრაინაში წასასვლელად ამზადებენ, რაც მხოლოდ პირველი ეტაპია. ე.წ. თავდაცვის მინისტრ ვლადიმერ ანუას განმარტებით, "თავდაცვის უწყება გეგმური ღონისძიებების გამო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და სამხედროებს დავალებების შესასრულებლად ამზადებენ. იმიტირებულ სამხედრო მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა ტიპის შეიარაღება". აფხაზებს სჯერათ, თუ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები მალე არ შეწყდა, აფხაზეთიდან ჯარისკაცების წაყვანა გარდაუვალია. თავად სამხედროებიც ამბობენ, რომ სწავლება ძალზე ხანმოკლეა და ტაქტიკურადაც განსხვავებული.

რუსეთს ნებისმიერი სახით მხარდაჭერას სთავაზობს აფხაზური "სახალხო მოძრაობა", რომელიც თავის მიმართვაში აღნიშნავს: "აფხაზი ერი თავს ვალდებულად თვლის საჭირო დროს მხარში დაუდგეს თავის მთავარ მოკავშირეს". მოსახლეობა ამ მიმართვამ გააღიზიანა - ეს განცხადება ხომ აფხაზი ახალგაზრდების რუსეთისთვის ფრონტის ხაზზე გაგზავნის შეთავაზებაა.

აფხაზი მოსახლეობა შეშფოთებით ადევნებს თვალს რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრას, რადგან მიაჩნიათ, რომ საჭირო­ების შემთხვევაში, მცირერიცხოვანი მოსახლეობის ომში ჩართვას ვერ აირიდებენ, რადგან მათმა ხელისუფლებამ ამ სავალალო­ ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ ნებით მოაწერა ხელი ვითომ იმ იმედით, რომ რუსეთის დახმარება არასდროს მოუწევდათ და ყოველთვის ის იქნებოდა მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი...

აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რამდენიმე "ელიტური ნაწილის ქვეყნის გარეთ გაყვანისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია".

"ჯარისკაცს არასდროს ეუბნებიან, სად მიჰყავთ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსების პასუხი, რომ ამ ვითარებაში სხვისი ომი არ არსებობს, ეჭვს აჩენს, რომ ჩვენს ბიჭებს საზარბაზნე­ ხორცად გამოიყენებენ. 30 წელია სული ვერ მოვითქვით, რამდენიმე ათასი დავრჩით­ და დასახოცი ბიჭები არ გვყავს. თუ ვინმე იტყვით, რომ უკრაინაში საშიში არაფერია, გიპასუხებთ, რომ რუსული მედიის გარდა, სხვა წყაროებსაც გაეცანით. ბოლოს და ბოლოს, კადიროვის წლების განმავლობაში გაწვრთნილი რაზმი გაანეიტრალეს. ჩვენს მთავრობას რა ენაღვლება, შვილები სასწავლებლად უცხოეთში­ ჰყავთ", - წერს რამინ ხაგბა.

"ბიჭების გაწვევა კი არა, ისედაც საშინელ დღეში ვართ ეკონომიკური სანქციების გამო: ყველაფერი გაძვირდა, დილით პური სხვა ფასში ვიყიდე, საღამოს ორმაგი გახდა. შეიძლება ამ მაფიოზებმა­ ომიც სათავისოდ გამოიყენონ?! მე და ჩემი ოჯახი პენსიაზე ვართ. ხომ შეიძლება მოსახლეობის სულადობაზე საარსებო მინიმუმი ასწიონ?! წამლები დეფიციტურია. ჩემი შვილი ტაქსაობს და ისე შოულობს ლუკმაპურს, ახლა კი ბენზინი კიდევ გაძვირდა­. საწვავის ფასი აფხაზეთში ყოველთვის რუსეთზე დაბალი იყო, ახლა კი, ლამის გავასწარით, რა ხდება? ხვალ-ზეგ უარესს უნდა ელოდოთო, გვითხრეს", - ამბობს მურად ქარაია.

"დონეცკიდან ჩამოიყვანეს პირველი ეტაპი, 100-მდე დევნილი, ახლახან კი 17 დონბასიდან, მათგან 7 ბავშვია. ამბობენ, რომ მშობლები დაბომბვისას დაეხოცათ. შეგვიძლია აფხაზეთში ამ ბავშვებს ნორმალური გარემო შევუქმნათ, სადაც გაიზრდებიან და ინტეგრაციას შეძლებენ? მეეჭვება, რადგან 15 წლის ნარკომომხმარებლები გვყავს. სასტუმრო "აიტარაში" დაუბინავებიათ. კი ამბობენ, რომ რუსეთი მართავს სიტუაციას, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ლამის მსოფლიო გაერთიანდა მის წინააღმდეგ. დავუშვათ, წააგო რუსეთმა, როგორი იქნება ჩვენი მომავალი? გვითხრეს, შეეგუეთ იმაზე ფიქრს, რომ ის დევნილები შესაძლოა აქ სამუდამოდ დარჩნენო. კი მაგრამ, როგორ უნდა ვარჩინოთ, ან სამუშაო ადგილები სად არის?", - წერს ევა ბაგათელია.

აფხაზების სკეპტიკურ დამო­კი­დებულებას­ "უმადურობას" უწოდებენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები: "რუსეთი თავად ნავთობის ქვეყანაა და როგორც ამბობთ, თქვენ უფრო იაფად ყიდულობდით ბენზინს, ვიდრე რუსეთის მოსახლეობა. როგორც კი მცირედით გაგიძვირდათ, მაშინვე აღშფოთდით, თურმე უსამართლობა ყოფილა, რადგან პატარა ქვეყანა ხართ, რომელსაც უჭირს და ოცდაათი წელია ჩვენ უნდა გარჩინოთ. ჩვენი პენსიებით და ხელფასებით არსებობთ ამდენი წელია, მხოლოდ ბიუჯეტური ტურისტები ჩამოდიან და მათაც ან კლავთ, ან სცემთ, ყელყელაობთ, რომ აგრძნობინოთ, აქ ჩვენ ვართ უფროსებიო. ეს უმადურობაა, რომელიც ყველა პატარა ერს ახასიათებს... ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ერთხელ დასჭირდა რუსეთს თქვენი თანადგომა, ალბათ, 200 ან 300 სამხედროზეა საუბარი და მაშინვე წამოცვივდით, ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და დასაკარგი ხალხი სად გვყავსო... არც ლტოლვილების მიღება გინდათ, რესურსები არა გაქვთ თურმე. არადა, თავად უნდა შეგეთავაზებინათ მოხალისეების გაგზავნა და რუსეთი ათმაგად დაგიბრუნებდათ, მაგრამ არა. იმედია, ეს ამბები რომ დასრულდება, ხელისუფლება რაღაცებს გადააფასებს და მიდგომებს შეცვლის", - წერს რუსი ალიონა ივანენკო.

"უკრაინაში წასვლა კი არა, რუსეთიდანაც გარბის ხალხი, მათ შორის, საქართველოში. რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ ასეთი ერთიანობა არასდროს ყოფილა. არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, თავს უშველეთ, აფხაზებო!" - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი სერგეი შუკლენკო.

"ახლა სილაში თავის ჩარგვის დრო არ არის. ჩვენ არ გვჭირდება ომი. ჩვენ ვნახეთ ომი რაც არის და საკმარისია, ისედაც ძალიან ბევრი დავკარგეთ. 30 წელია წინ ვერ მივდივართ და არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს ვიქნებით ასე... ყველაფერი ძვირდება, რით უნდა ვიკვებოთ? თუ რუსეთი ომს გააგრძელებს, სანქციებს კიდევ უფრო მოუჭერენ და მშივრები დავრჩებით. ყველაფერი იქიდან შემოდის. პენსიის ამბავიც გასარკვევია, იქნება თუ არა. რუსულ ინვესტიციებს დავემშვიდობოთ", - წერს აფხაზი ლუდმილა კვიწინია.