მტკივნეული კონტრასტები - კვირის პალიტრა

მტკივნეული კონტრასტები

28 თებერვალს კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება გაიმართა. სტუმრებს შორის ყურადღება მიიპყრო მაიკლ დუგლასმა, რომელიც უკრაინის დროშის გულსაბნევით მივიდა ღონისძიებაზე და საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს

შოუბიზნესის, მოდის, კინოსა და სპორტის გამოჩენილი წარმომადგენლების უმრავლესობა უკრაინას თანადგომას უცხადებს, ბევრი მათგანი პირდაპირ მიმართავს პუტინს, შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანების ხოცვა, მაგრამ მიუხედავად ერთიანი პათოსისა, არიან ისეთებიც, ვინც დუმს ან სჯერდება ზოგად მოწოდებას: "მშვიდობა მსოფლიოს!"

"არ მოხვიდეთ, არ დაგვხოცოთ!"

მოსკოვში მცხოვრები უკრაინელი მომღერალი ვერა ბრეჟნევა, რომელიც ქართველი კონსტანტინე მელაძის მეუღლეა, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან აპროტესტებს პუტინის პოლიტიკას. მის ერთ-ერთ ბოლო განცახდებაში ვკითხულობთ: "არასოდეს დამიყვია ჩვენი ერები. არც მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანსა და ბავშვს ვეხმარებოდი, არც მაშინ, როდესაც კონცერტებზე მოსულ ადამიანებს ვუმღეროდი და ვეხუტებოდი. ჩემი დედა და ბებია რუსები არიან, მამა და ბაბუა - უკრაინელები. ორივე ხალხი ჩემი წინაპარი და ჩემი სისხლია. დავიბადე უკრაინაში. 32% რუსი გამომწერი მყავს ინსტაგრამზე. მინდა იცოდეთ სიმართლე და თუ რამის გაკეთება შეგიძლიათ, გააკეთეთ. ბოლო წუთამდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ უკრაინა ომშია. სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება, სულ უფრო მეტი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი ნადგურდება... მე ახლა უსაფრთხოდ ვარ ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჩემი ოჯახი ბომბებს კიევში, სარდაფებში ემალება, რადგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს კიევსა და სხვა ქალაქებში. თითოეული უკრაინელი ეხვეწება რუს ჯარისკაცებს, არ მოხვიდეთ, არ დაგვხოცოთო. ამ ომს არ აქვს გამართლება. აღარ შეიძლება ომის გაგრძელება. შეაჩერეთ ომი!!!"

wifuria3-1646579020.jpg

"მე არ მაქვს ამაზე პასუხი, თქვენ?"

რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა ვალენტინოს“ სახლის დამფუძნებელი, იტალიელი ბიზნესმენი და მეცენატი ჯანკარლო ჯამეტი. ის ომის დაწყების პირველივე დღიდან აპროტესტებს რუსეთის პოლიტიკას და არ ერიდება პუტინის საჯაროდ გაკრიტიკებას. სამწუხაროდ, მისი პოსტი ინსტაგრამის ადმინისტრაციამ დაბლოკა, რის გამოც გაცხარებულმა იტალიელმა ბიზნესმენმა აღშფოთება ვერ დამალა. ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში ჯამეტიმ მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიმართა და ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც მოდის კვირეულის და ომის ქრონიკებია ასახული: "თავსებადობის ალოგიკურობა - მილანის მოდის კვირეული, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს და ომი უკრაინაში. მე არ მაქვს ამაზე პასუხი, თქვენ? შეხედეთ ამ ფოტოებს. მტკივნეული კონტრასტია".

wifuria2-1646579020.jpg

"დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ“

"მივმართავ ჩემს მეგობრებს და ოჯახს უკრაინაში. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ დღევანდელ ვითარებას, რომელიც ასეთი გამანადგურებელი გახდა. ძალიან გთხოვთ, დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ და მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყავით ამ ქაოსურ და დამანგრეველ დროს. იმედი მაქვს, მშვიდობა დაისადგურებს და მოვძებნით პრობლემის გადაჭრის არაძალადობრივ გზებს", - განაცხადა ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ჯარედ ლეტომ და თავის ოფიციალურ ინსტაგრამგვერდზე ფოტო უკრაინის დროშით გამოაქვეყნა.

"ეს უკრაინის დროშის ფერებია“

28 თებერვალს კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული დაჯილდოება, ყოველწლიური SAG Awards გაიმართა. სტუმრებს შორის ყურადღება მიიპყრო მაიკლ დუგლასმა, რომელიც უკრაინის დროშის გულსაბნევით მივიდა ღონისძიებაზე და საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს: "ეს უკრაინის დროშის ფერებია, ეს არის ნამდვილი დემოკრატია. ძალიან ვაფასებ, რასაც უკრაინელი ხალხი აკეთებს..."

დუგლასთან ერთად საჯაროდ გამოხატა თავისი აზრი ლედი გაგამ, რომელმაც ღონისძიებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა: "ჩემი გული ახლა უკრაინაშია".“

ვახშამი პუტინთან

"მე რუსული წარმოშობა მაქვს. დედაჩემს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რუსეთი ძალიან უყვარდა და როდესაც მოსკოვში ჩამოვდივარ, პირველი სწორედ დედა მახსენდება. მოსკოვში მეგობრებიც მყავს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხალხი. მოსკოვში დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება იოლად მივიღე. დიდი გავლენა იმ ფაქტმაც მოახდინა, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი მოსკოვში გადმოვიდა საცხოვრებლად და მეც გამოვყევი", - ეს ამონარიდია 2017 წელს "კვირის­ პალიტრისთვის"­ მიცემული ინტერვიუდან. მაშინ ორნელა­ მუტი ფაბრის კერერვეს პარტნიორი იყო. 2018 წელს წყვილი დაშორდა. ამჟამად ორნელა იტალიაში ცხოვრობს. რატომ არ აპროტესტებს ორნელა მუტი რუსეთის­ აგრესიულ პოლიტიკას? ამ საკითხზე მხოლოდ ვარაუდით შეიძლება მსჯელობა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ვლადიმირ პუტინთან დაახლო­ებული პირია, რასაც 2010 წელს პეტერბურგში გამართულ პუტინის ვახშამზე გადაღებული ფოტო მოწმობს. ეს მიღება ბავშვთა დაავადებებთან ბრძოლას მიეძღვნა და ორნელა მუტის გარდა, მას ესწრებოდნენ კევინ კოსტნერი, ჟერარ დეპარდიე, მიკი რურკი, გოლდი ჰოუნი, ვენსან კასელი, მონიკა ბელუჩი, კურტ რასელი და შერონ სტოუნი.