"ჩემს დალაგებულ ქუჩებში ნემსი არ დაიკარგება“ - კვირის პალიტრა

"ჩემს დალაგებულ ქუჩებში ნემსი არ დაიკარგება“

"ახალგაზრდებთან და ბავშვებთან ვმეგობრობ, ხშირად ლიტერატურული საღამოებიც კი ჩამიტარებია მათთვის. მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატარებსაც ამას ვასწავლი: გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, მისი ისტორია, ოჯახი და ადამიანები-მეთქი. კმაყოფილი მივდივარ ამ ქვეყნიდან. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ამდენი ქართველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული. მათ მინდა მივმართო: დაბრუნდით, შვილებო, ილოცეთ, იბრძოლეთ და იმუშავეთ მამულის საკეთილდღეოდ. ეს არის თქვენი მისია!“

თინა ბებო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 95 წლისაა, ყოველდღე დილის ოთხ საათზე დგება და სამსახურში მიდის - რუსთავის ქუჩებს ასუფთავებს. თინა გრიგალაშვილი წლების განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა. ლექსებსაც წერს და კრებულიც გამოსცა, სახელწოდებით "გულის კარნახით", გიორგი კეკელიძის ფონდის "გურული დღიურების", უხუცესი სტიპენდიანტია. გვარწმუნებს, რომ დასუფთავების სამსახურში გასამრჯელოს გამო არ მუშაობს. შვილი ეხმარება და ხშირად საყვედურობს კიდეც: "შვილი მეტყვის ხოლმე, ამ ხნის ქალი რომ მუშაობ, ჩემი სირცხვილიაო, მაგრამ რა ვქნა?! რომ არ ვიმუშაო, თავს უსარგებლოდ ვიგრძნობ. საქმეს მთელი გულით ვაკეთებ. სკოლაშიც ასე ვიყავი, მეხვეწებოდა დირექტორი, არ წახვიდეო, მაგრამ ვიგრძენი, რომ წასვლის დრო იყო და წავედი. ახლაც ვიგრძნობ, როდის უნდა გავჩერდე. ჯერ შემიძლია. დავაწკრიალებ ჩემი საყვარელი ქალაქის ქუჩებს, მივალ შინ, სადაც ჩემი წიგნები მელოდებიან, მოვიკითხავ შვილს, შვილიშვილს, ერთადერთ დას, ჩემს პატარა ბაღს მივხედავ და კმაყოფილი მშვიდად ვიძინებ", - ამბობს თინა ბებო, რომელიც იმაზე საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

- 1927 წელს დავიბადე, აპრილის თვეში, მაშინ, როდესაც ბუნება იღვიძებდა და იფურჩქნებოდა. ძვირფასი მშობლები მყავდა, მორწმუნეები, ღვთისმოშიშები. 9 დედმამიშვილიდან ორნიღა დავრჩით. დედა 39 წლისა დაქვრივდა. სკოლიდან რომ დავბრუ­ნდებოდი, დედა სამარილეს მოხსნიდა­ თავს, მომცემდა და მეტყოდა, შვილო, გაიქეცი ბაღში, პრასია, ნიახურია, ოხრახუშია, მარილში ამოაწე და ჭამეო.­ თვალნათლივ მახსოვს, მამა როგორ გავაცილეთ ფრონტზე... აღარ დაგვიბრუნდა. მამას ძალიან უნდოდა, რომ ყველას გვესწავლა. ასეც მოხდა, ერთი დის გარდა, ენაცვალოს მის სულს ჩემი თავი, ყველამ ისწავლა. ეჰ, ომიდან და ჟამიანობიდან დაწყებული, რას აღარ მოვესწარი. პატარა ვიყავი, ჩემს სოფელში ქოლერა რომ გავრცელდა. ხარაგაულის ულამაზეს სოფელში, გრიგოლეთში ვცხოვრობდით. მაშინ ექიმებს იმდენი ცოდნა არ ჰქონდათ, რომ ხალხს დახმარებოდნენ. ვისაც ქოლერა შეეყრებოდა, მიტოვებულ სახლში მიჰყავდათ, იწვოდა სიცხისგან და მშველელი არავინ ჰყავდა. ხალხი ერიდებოდა გარეთ გასვლას, სასაფლაოზეც კი არ მიდიოდნენ, მიწა არ მოგვხვდესო. მაშინაც გადავრჩი და ახლაც, "კორონა" ახლოსაც არ მომეკარა.

- თქვით, რომ მორწმუნე მშობლები გყავდათ, ამის გამო კომუნისტები არ დევნიდნენ?

- მარტო ჩემი მშობლები კი არა, მთელი სოფელი ჩუმად ლოცულობდა. ერთხელ მშობლებმა გერის წმინდა გიორგის ეკლესიაში წამიყვანეს, ურმით წავედით, ცხინვალიც გადავლახეთ. მისი მადლი ფარავდეს საქართველოს! დედამ მისი სიყვარულით ჩემს ძმას გერასიმე დაარქვა.

- პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრეთ.

- 20 წლის ასაკში უკვე დიპლომიანი მასწავლებელი ვიყავი. მე და ჩემი ამხანაგი ახალქალაქში სომხებს ვასწავლიდით ქართულს. მერე ბორჯომში ვიმუშავე და საბოლოოდ ჩემს მეუღლესთან, რუსთავში გადმოვედი. სკოლაში 50 წელი ვიმუშავე.

- მეუღლეს როგორ შეხვდით.

- ბორჯომში შევხვდი, ჩემი მოწაფე­ იყო, ჯარიდან ახალი ჩამოსული იყო, დაგვიანებით, მაგრამ სწავლა სწყუროდა.

- დასუფთავების სამსახურში როგორ მოხვდით?

- 90-იანი წლები იყო. ერთ დღეს მეზობელმა ყვავილების მაღაზიაში მუშაობა შემომთავაზა. მაღაზიის გარშემო ნამდვილი ბაღნარი მოვაწყვე. თურმე დასუფთავების სამსახურის უფროსს თვალში მოხვედრია ჩემი ფუსფუსი. მოვიდა ერთ დღეს და მითხრა, თინა ბებო, ქალაქის დასუფთავებაში ხომ არ მიიღებთ მონაწილეობასო? რატომაც არა-მეთქი. მას მერე მთელი რუსთავის ქუჩები მოვიარე მუშაობით. Aახლა ქალაქის მთავარ ქუჩას ვასუფთავებ. შვილის საყვედურებს ვეღარ ავუდივარ, მეჩხუბება, რად წვალობ, ლუკმაპურს ხომ არ გაკლებო. არადა, მაბედნიერებს, შვილო, ეს სამსახური. თანამშრომლები მყავს, მეგობრები... ძალიან მიფასდება შრომა. ხან მაცივარი მაჩუქეს, ხან პრემია გამომიწერეს... მიხარია, მომავალი თაობა რომ მაფასებს.

დილით ალიონზე ვდგები, იცით, ამ დროს ცა რა ლამაზია?! სულ ნარინჯისფრად კაშკაშებს. გრიგოლ ორბელიანის ლექსი მაგონდება ხოლმე: "ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეჰღება, ცას სიხარული მოჰფინა და ქვეყანასა მშვენება! აენთნენ ცეცხლის ალებრივ შორს გაბნეულნი ღრუბელნი", მტკვარზე გადასასვლელ ხიდზე შევდგები და ბარათაშვილი მომაგონდება: "წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად"... ამან როგორ უნდა მომკლას?! სამუშაოს რომ დავამთავრებ, ცოტა ხნით ჩამოვჯდები და გავხედავ ქუჩას, მიხარია, გაწკრიალებულს რომ ვხედავ. ჩემს დალაგებულში ნემსი არ დაიკარგება. ქუჩაში მუშაობისას ხშირად მხვდებიან ჩემი ჭაღარა ნამოწაფრები. რომ მომიკითხავენ, სიხარულით სულ ცასა ვწვდები! ძალიან კარგი თაობა მოდის, თვალს უხარია ლამაზ-ლამაზი გოგო-ბიჭების დანახვა.

ამ თაობის ის მომწონს, რომ შრომა არც ეზარებათ და არც ეთაკილებათ. ჩემს უფროსს ვეხუმრები ხოლმე, რომელიმე ახალგაზრდაში არ გამცვალო, სამსახურიდან არ გამიშვა-მეთქი. ახალგაზრდებსა და ბავშვებთან ვმეგობრობ, ხშირად ლიტერატურული საღამოებიც კი ჩამიტარებია მათთვის. მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატარებსაც ამას ვასწავლი: გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, მისი ისტორია, ოჯახი და ადამიანები-მეთქი. კმაყოფილი მივდივარ ამ ქვეყნიდან. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ამდენი ქართველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული. მათ მინდა მივმართო: დაბრუნდით, შვილებო, ილოცეთ, იბრძოლეთ და იმუშავეთ მამულის საკეთილდღეოდ. ეს არის თქვენი მისია!

ხათუნა ბახტურიძე