"ყველაფერი დაინახეთ ღვთის თვალით...“
"როცა სიმდაბლით დავინახავთ საკუთარ თავს, ის ღმერთთან მიგვიყვანს. ღმერთთან ჰარმონიაშია ბედნიერება“
თბილისის მახლობლად, ტყის პირას, ცხოვრობს მონაზონი, რომელმაც შიშველი ხელებით დაიწყო მშენებლობა ტყეში და დღეს თითქმის დასრულებული აქვს.
- სანამ ამ გზას დაადგებოდით, რა ცხოვრება გამოიარეთ?
- დავიბადე სამტრედიაში, სადაც 14 წლამდე ვცხოვრობდი. ხატვა მიყვარდა, გაკვეთილებზეც კი სულ ვხატავდი. ამისთვის ფრანგულის მასწავლებელმა გაკვეთილიდან გამაგდო, მეტს არაფერს ვაშავებდი. დედას არ უნდოდა ჩემი მონაზვნობა, მუსიკოსი უნდოდა გამოვსულიყავი. მე კიდევ არ მიყვარს, როცა რაღაცას მაძალებენ, მინდოდა რასაც გადავწყვეტდი, ის გამეკეთებინა. დედა მკაცრი ქალია, ასათიანის ქალი, სვანი, და წინააღმდეგობას ვერ ვუბედავდი, მაგრამ ძალიან ვდარდობდი. ჩემი 6 წლით უფროსი დაც აგიტაციას მიწევდა, მაგრამ ვუთხარი, იცოდე, შეგიძულებ-მეთქი და ჩემი დაც გაჩუმდა. მერე, როცა აღარ მაძალებდნენ, მალე თავად შევედი მუსიკაზე. მიყვარდა და მალე თვითონ გადავწყვიტე მუსიკოსობა, ხატვა კი გვერდზე დამრჩა. იმ პერიოდში დავიწყე ეკლესიაში სიარული, აღსარების თქმა და ზიარების მიღება. 14 წლის ჩამოვედი თბილისში, 15 წლისა ეკლესიაში მივედი და 16 წლისამ რამდენიმე თვეში მონაზვნად შედგომა გადავწყვიტე. ასევე ფიქრობდა ჩემი დაც, რომელიც მაშინ 22 წლის იყო. არ მახსოვს არაფერი, გარდა იმ დიდი სიხარულისა, რასაც ჩემს დასთან ერთად ვგრძნობდი. პირველად ზემო ბეთლემში ავედით, მაშინ ჯერ მოქმედი არ იყო და ის შეგრძნება მახსოვს, როგორი შთაგონებით ვუყურებდით მამა ღმერთის ფრესკას. შემდეგ სიონში მივედით მამა იოანე ჩაჩიბაიასთან და მას შემდეგ ის ჩვენი მოძღვარია. ერთ დღესაც სამთავროს მონასტერში გავიპარეთ. მშობლებს ჩვენ გარდა შვილი არ ჰყავდათ და ეს მოულოდნელი იყო მათთვის. როცა დედა სამთავროში ჩამოვიდა, დაგვინახა, მაგრამ ჩვენ მეზობლებში დავიმალეთ. დედა მაშინვე თბილისში წამოვიდა და პირდაპირ პატრიარქთან მივიდა. იმწუთას უწმინდესს სტუმრები ჰყავდა და დედა ტრაპეზზე მიიპატიჟა, მაგრამ დედამ განაცხადა, პირს არაფერს დავაკარებ, სანამ ჩემი შვილები არ მოვლენო. რა არ უთქვამს უწმინდესს, როგორ არ მოჰფერებია, მაგრამ დედა თავისას არ იშლიდა. საბოლოოდ უწმინდესმა გამოუშვა ხალხი ჩვენს ჩამოსაყვანად და ერთ საათში ჩამოგვიყვანეს ტირილ-ტირილით. პატრიარქის კურთხევააო, თორემ არ წამოვიდოდით.
მოკლედ, დავამთავრეთ სწავლა და რამდენიმე ხანში მეორედ წავედით მონასტერში - მე 20 წლის ვიყავი, ჩემი და - 26. სულ ეს იყო ჩემი მიწიერი ცხოვრება. ბევრი ვერაფერი მოვასწარით ამ ცხოვრებაში, მაგრამ არც არაფერი გვინდოდა მეტი. ასი ცხოვრება რომ მომეცეს თავიდან, ასჯერვე ამას ავირჩევდი. ჩემი და, დედა ელისაბედი, ახლა ბევრეთის მონასტერშია. სხვათა შორის, ჩვენს დიდ ბებიებს ერთს თეკლა ერქვა, მეორეს - ელისაბედი. ეს აღკვეცის შემდეგ გავიგეთ, მანამდე არც ვიცოდით.
- მშობლები?
- ამასობაში შეეჩვივნენ. მამა რბილი ხასიათის კაცია, დედა კი დიდხანს ემზადებოდა ამის მიღებისათვის.
- აღკვეცის დღე გაიხსენეთ..
- არ იყო რაღაც განსაკუთრებული, თან რადგან ბევრეთის მონასტერი თვითონ გავაკეთეთ, დიდი დრო დასჭირდა, სანამ აღკვეცამდე მივიდოდა საქმე. მერე სანამ მონასტრის სტატუსი მიიღო, იმანაც დიდი დრო წაიღო, თან ახალბედა მონაზვნები ვიყავით, სულ რვა. უწმინდესმაც, არ იჩქაროთო, და 12 წელი ველოდებოდით ამ დღეს. თუმცა მონაზვნური წესით ვცხოვრობდით.
- ახლა როგორ არიან თქვენი მშობლები?
- ახლა სოფლიდან გვიგზავნიან პროდუქტებს და ორად ყოფენ. ერთს ბევრეთში გზავნიან, მეორე ნახევარს - ჩემთან.
- ბევრეთის მონასტრიდან რატომ წამოხვედით? იქ ამხელა შრომა გასწიეთ.
- ჯერ ერთი, არ ვიტყოდი, რომ მე ავაშენე, ერთ-ერთი ვიყავი, ვინც თავს არ ზოგავდა. მოხდა ისე, რომ გარკვეულ გარემოებათა გამო წამოვედი. ღვთის განგებულება რომ არა, იქაურობას არ დავთმობდი. გავემგზავრე საფრანგეთში, საიდანაც ხატის დაწერა შემიკვეთეს. თავიდან ორი თვით წავედი, მაგრამ 9 თვე დავრჩი, რადგან შეკვეთები დამემატა. დავწერე დიდი კანდელის ხატები, ხოლო 15 - საშუალო ზომის. როცა მუშაობა დავამთავრე, 27 ათასი ევრო გადამიხადეს და ეს ადგილი ვიყიდე. აქ მხოლოდ ცარიელი შენობა იდგა, გამოხრული კედლებით. დიდხანს ვეძებე ასეთი ადგილი, თბილისთან ახლოს, მზიანი ადგილი და თან ტყეში. საბედნიეროდ, გამიმართლა. უკვე ორი წელია, აქ ვარ.
- სულ მარტომ დაიწყეთ ამხელა მონასტრის მშენებლობა?
- დიახ. თავიდან სულ მარტო ვიყავი. დეკემბერში მარიამი მოვიდა და დარჩა. ყველა ამბობს, მონასტერი დედა თეკლამ ააშენაო, მაგრამ მარტო დედა თეკლა ხალხის გარეშე ვერაფერს გააკეთებდა. ყველაზე დიდი დახმარება ერთმა ადამიანმა გამიწია, უამრავი ბლოკი შემოსწირა მონასტერს და გალავანისთვისაც მპირდება.
- ქალისთვის რთული არ არის ეს საქმე?
- როგორ არა. ზამთარი აქ ისეთი მკაცრი არ არის, მაგრამ თვითონ ვარ მცივანა და ერთი სული მაქვს, როდის გამოზაფხულდება. ბევრეთიდან მიგზავნიან შეშას, სხვა დროს ელექტროქურას ვრთავთ.
- უკვე წირვასაც ატარებთ?
- დიახ, სანამ მთავარი, ზედა ტაძარის მშენებლობა ბოლომდე დასრულდება, პატარა ტაძარში ხუთშაბათობით მოდის მამა იოანე და წირვას ატარებს.
- ხატების წერას როგორ ასწრებთ?
- განრიგი მაქვს და იმას მივყვები. ნახევარი დღე ვხატავ, ნახევარი დღე საქმეებს ვაკეთებ. მაგრამ ყოველთვის ვერა, ხან სტუმარი მოდის, ხან დამხმარე. მაშინ კი მთელ დღეს ვმუშაობ... აქ დრო სხვანაირად გადის. როცა ქალაქში ჩავდივარ, ის დღე ჩემთვის დაკარგულია. ამიტომ ვცდილობ აუცილებელზე ჩავიდე. ძირითადად, ინტერნეტში ვკითხულობ, რაც მაინტერესებს. მაგალითად, როგორ უნდა მოჭრა მიწა და ჩაყარო ხეები. აგერ, სამი დღის წინ 50 ძირი ხეხილი დავრგეთ. თუმცა მაქვს მომენტები, როცა ფუნჯი მენატრება, როცა ფუნჯიც მღლის, სხვა საქმეზე გადავდივარ...
- დიდი მარხვა გვიახლოვდება...
- დიახ. ადამიანს ღვთის ძიების სურვილი უნდა ჰქონდეს, უნდა ეძებდეს ყველაფერში, ყველგან. ეკლესიაა საშუალება იმისა, რომ ღვთის საიდუმლოებებს ვეზიაროთ და ამით მივუახლოვდეთ. უამისოდ მორწმუნეები ყალიბდებიან ფარისევლებად, რომლებიც კითხულობენ ლოცვებს, აკეთებენ მეტანიებს, მაგრამ რადგან ღვთის ძიება მათ სულში არ ყოფილა, ამ გარეგნული რაღაცებით შემოიფარგლებიან და ყოველდღიური პრობლემებიც აქედან ჩნდება.
- უკვე 27 წელია, მონასტერში ხართ. ჩემნაირ ადამიანებს რას ეტყვით?
- ყველაფერი დაინახონ ღვთის თვალით: საგნები, გარემო, სამყარო... როგორც სახარება გვასწავლის, ამ სახით დანახული საგნები ადამიანს ანიჭებს სრულ ჰარმონიაში ყოფნას სამყაროსთან, ბუნებასთან, ღმერთსა და თავის თავთან, თავის უვარგისობასთანაც კი, თავის ცოდვილობასთან. ამას მიღება სჭირდება, თავისებურად შეხედვა, სინანული, სიმდაბლე სჭირდება. აი, როცა სიმდაბლით დავინახავთ საკუთარ თავს, ის ღმერთთან მიგვიყვანს. ღმერთთან ჰარმონიაშია ბედნიერება. საქმეს რომ ვაკეთებ, სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უფალი მუდმივად აქაა, ერთად ვმუშაობთ. მკითხეთ, ადამიანებს რას ეტყოდითო. მეც თქვენნაირი ვარ, არანაირი განსხვავება არ არის ჩვენ შორის, პირიქით, თქვენ უფრო მეტს აკეთებთ, ვიდრე მე. მე კონკრეტულად ერთი გზა ავირჩიე და იმას მივყვები, თქვენ კიდევ აბა, დაუკვირდით, რამდენ მოულოდნელობას აწყდებით ყოველდღიურად. მე - ნაკლებად, თუ ვინმე არ მოვიდა, საერთოდ არა მაქვს მოულოდნელობა. თქვენ კი რამდენ ტკივილს, იმედგაცრუებას აწყდებით. სულ იბრძვით. ეს ცხოვრებაც ხომ მუდმივი ჭიდილი და ბრძოლაა საკუთარ თავთან. ჩვენი ცხოვრება კი, განსხვავებულია, განსაზღვრულია თავიდანვე და თუ რაიმე მოკლებული მაქვს, ეს ჩემივე სურვილითაა.
უფალს ვთხოვ, ყველას გაგვინათოს გონების თვალი, რათა ვიხილოთ მისი სიკეთე, შევიყვაროთ ის მთელი არსებით და ავირჩიოთ ჩვენი ცხოვრების წინამძღოლად. ყველას ვუსურვებ ამას და ჩემს თავსაც. უფალს კი ვეტყოდი: "გმადლობ ყველაფრისათვის!"
რუსუდან შაიშმელაშვილი