უკრაინის ცის ჩასაკეტად "სტინგერებზე" უფრო ძლიერი საზენიტო რაკეტებია საჭირო... - კვირის პალიტრა

უკრაინის ცის ჩასაკეტად "სტინგერებზე" უფრო ძლიერი საზენიტო რაკეტებია საჭირო...

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ომის ბოლო დღეებია გამწარებული სთხოვს ნატოს სასწრაფოდ დაეხმარონ უკრაინის ცის ჩაკეტვაში, რადგან რუსეთმა „ხალიჩისებური“, დაუნდობელი საჰაერო დაბომბვები დაიწყო, მათ შორის, უკრაინის ქალაქების.

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სასწრაფოდ მიწოდებულმა რამდენიმე ასეულმა „სტინგერმა“ უკვე დაიწყო თავისი შედეგის მოტანა, მარტო 5 მარტს, უკრაინელმა მეზენიტეებმა არანაკლებ ორი თვითმფრინავი და ამდენივე რუსული შვეულმფრენი ჩამოაგდეს, სამი რუსი სამხედრო მფრინავი კი ტყვედ აიყვანეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინის ცაში მიღწეული ამ გამარჯვებების ამსახველი და დამამტკიცებელი ვიდეოკადრებიც არსებობს.

მაგრამ „სტინგერი“ ჯადოსნური ჯოხი არ არის, რომ ყველა სიმაღლეზე და სიშორეზე მფრენი რუსული თვითმფრინავები, შვეულმფრენები და უპილოტოები ჩამოყაროს - „სტინგერის“ ადრეულ მოდიფიკაციას (რომლებიც სავარაუდოდ, ყველაზე მეტი უწილადეს უკრაინას ნატოს ქვეყნების არმიებმა თავიანთი საწყობებიდან) 4,5 კმ-ის სიშორემდე და 3,8 კმ-ის სიმაღლემდე შეუძლია საფრენი აპარატის დაზიანება ან ჩამოგდებაც.

მაგრამ რა ქნას უკრაინელმა მეზენიტემ თუკი რუსული თვითმფრინავი 5კმ-ის სიმაღლიდან ბომბავს ან რაკეტას 6 კმ-ის სიშორიდან ისვრის?

ამიტომაცაა საჭირო ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის მოწყობა და რაღაც ამის მსგავსი ჰქონდათ უკრაინელებს ომის დაწყებამდე - „იგლას“, „სტრელა-10“-ის, „ოსას“, „ტორ“-ის, „ბუკ“-ისა და „ს-300 პტ“-ს სახით.

275349050-297145649184100-529440531386272377-n-1646581906.jpg

თითქოს მრისხანედ ჟღერს ეს ჩამონათვალი, მაგრამ ომის დაწყებისთანავე, ზოგიერთი საზენიტო საშუალება (პირველ რიგში, სტაციონარულად მდგარი „ს-300“-ის უზარმაზარი სარაკეტო დანადგარები) რუსეთმა „წერტილოვანი“ სარაკეტო დარტყმებითა და საჰაერო დაბომბვებით გაუნადგურა, ბევრი საზენიტო რაკეტა უკრაინელებმა უკვე ბრძოლებში გახარჯეს, სამ ათეულ წელზე ხანდაზმული ბევრი რაკეტაც კი უბრალოდ არ გაეშვა ან სტარტაღებულმა მალევე დაკარგა სამიზნე და თვითლიკვიდაცია განიცადა...

საბჭოთადროინდელი „ბუკების“ თუ „ოსას“ ახალი რაკეტების შოვნა თვით რუსეთშიაც კი შეუძლებელია, რადგან დიდი ხანია, მათი წარმოება შეწყდა, ლოგიკურად მოჩანს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება მხოლოდ დასავლური წარმოების საზენიტო-სარაკეტო საშუალებებით თუ შეიძლება.

ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი გამოსავალი იქნებოდა, თუკი მაგალითად ამერიკელები თავიანთ „პეტრიოტებს“ კიევის და სხვა უკრაინული ქალაქების დასაცავად დააყენებდნენ, თანაც თავისივე მომსახურე პერსონალით, რადგან „პეტრიოტის“ საბრძოლო გამოყენების ასათვისებლად უკრაინელ მეზენიტეებს თვეები მაინც დასჭირდებათ.

მაგრამ ამერიკელებიც და ნატოს წევრი ევროპელებიც გასაგებად ამბობენ - ამერიკელ და ევროპელ სამხედრო სპეციალისტებს უკრაინის ცაში ვერ ჩამოვაგდებინებთ რუსულ თვითმფრინავებს, რადგან ეს უკვე ნატო-რუსეთის ომის დაწყების ტოლფასი იქნებაო...

პუტინსაც მეტი რა უნდა, ეთანხმება ამერიკელებს - ასეთ შემთხვევას ჩვენ რუსეთისთვის ომის გამოცხადებად ჩავთვლითო...

არის გამოსავალი, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს უკრაინის საჰაერო სივრცის (ნაწილის მაინც) დაცვის დონე?

არ ვიცი, შეიძლება თუ არა ეს გამოსავლად მივიჩნიოთ, მაგალითად, საშუალო სიშორეზე მოქმედი რომელიმე ევროპული საზენიტო-სარაკეტო სისტემის არააფიშირებული გადასროლა ჯერ დასავლეთ უკრაინაში, შემდეგ კი სიტუაციის მიხედვით, უფრო ახლოს კიევთან, ოდესასთან, დნიპროსთან, პავლოგრდთან, კრემენჩუგთან...

ევროპული იმიტომ, რომ ამერიკულ არმიას „სტინგერსა“ და „პეტრიოტს“ შუა, რაიმე მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემა არ აქვს შეიარაღებაში, ხოლო „ავენჯერები“ კი მხოლოდ ყველგანმავალ „ჰამვიზე“ დამონტაჟებული „სტინგერების“ გამშვებ მანქანას წარმოადგენენ.

სამაგიეროდ, ფრანგებს აქვთ „კროტალის“, „მიკასა“ და „ასტერის“ ძლიერი საზენიტო-სარაკეტო სისტემები, გერმანელებს - „როლანდი“, ნორვეგიელებს - „ნასამსი“.

ამ ევროპულ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს თადარიგში გასული ანუ არამოქმედი სამხედრო სპეციალისტები უნდა მოემსახურონ, თუმცა მათი გამოძებნა და დაყოლიება, თუნდაც ძალიან დიდი თანხის შეთავაზებით,შეიძლება იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ამ საზენიტო სისტემების უკრაინაში ჩატანის ოპერაცია...

ამ ეტაპზე ისე გაკეთება, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური, ანუ „სტინგერზე“ უფრო ძლიერი საზენიტო-სარაკეტო სისტემები თავისივე საბრძოლო გათვლებით მიაშველოს დასავლეთმა უკრაინას და ამის გამო, პუტინისგან ნატოსთვის ომის გამოცხადება არ მიიღოს, თითქმის შეუძლებელია...

მაგრამ სხვანაირად რომ ვიმსჯელოთ, განა „ჯაველინებისა“ და „სტინგერების“ უკრაინელებისთვის გადაცემის გამოც არ ემუქრებოდა პუტინი დასავლეთს ომის დაწყებით, დაიწყო? მაგრამ, წავლენ კი ასეთ რისკზე ნატოს წამყვანი წევრი ქვეყნების ლიდერები? ჯერ-ჯერობით არ მიდიან და ითმენენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან ნატოს მშიშარობაში დადანაშაულებას...