"ვცდილობთ ტატამზე დავამარცხოთ რუსები“
ეთერ ლიპარტელიანი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დაასახელა. ეს არ იყო მისი ერთადერთი წარმატება. შარშან თელ-ავივში გამართულ გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს მედალი მოუპოვა. გარდა ამისა, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა. ამბობს, რომ საკუთარ ისტორიას დიდი შრომის ფასად წერს, სპორტსმენის სლოგანია: "იშრომე მანამ, ვიდრე შენი ხელმოწერა ავტოგრაფად არ იქცევა".
- პანდემიის ეს ორი წელი რთული აღმოჩნდა სპორტსმენებისთვისაც, რადგან, ძირითადად, სახლში გვიწევდა ვარჯიში, ვეღარ დავდიოდით შეკრებებზე საზღვარგარეთ, თუმცა მაინც ყველანაირად ვცდილობდით, საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავით. რამდენიმე ტურნირზე წარმატებითაც ვიასპარეზე, თუმცა, ვფიქრობ, შემეძლო თავი უკეთესადაც წარმომეჩინა.
- ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ხართ, ევროპის ჩემპიონი და ევროპის თასის მფლობელი, ასევე, სხვა არაერთი ტურნირის გამარჯვებული. ყველაზე მეტად რომელმა გამარჯვებამ გაგახარათ?
- 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატზე დავამარცხე რუსი სპორტსმენი - ეს იყო 2019 წელს. 2021 წელსაც თბილისის გრანდ სლემზე ერთ-ერთ პერსპექტიულ რუს ძიუდოისტს ვაჯობე. ეს მართლაც სხვა შეგრძნება იყო! შეიძლება სხვა ვერაფრით დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ საქმითა და წარმატებებით გვერდით ვუდგავართ და ვცდილობთ, ტატამზე დავამარცხოთ რუსები.
- შარშან წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დაგასახელეს. თუ ელოდით და მოტივაციას გაძლევთ თუ არა ეს წარმატებები?
- ეს მართლაც დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის. გულწრფელად გეტყვით, ამას ველოდი, თუმცა სხვებიც ისეთები იყვნენ, არ გამიკვირდებოდა, რომელიმე მათგანი დაეჯილდოებინათ. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.
- თელ-ავივის გრანდ სლემი, რომელზეც ვერცხლის მედალი მოიპოვეთ, 2022 წელს პირველი ასპარეზობა იყო?
- ეს იყო ამ წლის სტარტი და მიხარია, რომ კარგად დაიწყო. შემეძლო ჩემპიონობა, მაგრამ არაფერია, ბევრი რამ კიდევ წინ არის. მალე თბილისის გრანდ სლემიც ჩატარდება და წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ.
- უფრო რა გაძლევთ მოტივაციას - ოჯახი, მეგობრები, საქმის სიყვარული?
- სამივე ერთად. ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავ, ბევრს ვვარჯიშობ და არ მინდა, ჩემი შრომა ფუჭად გაიფლანგოს. ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობენ ჩემს ყოველ გამოსვლაზე. დედა ვერც მიყურებს - დადის და ლოცულობს თურმე. წაგებასაც ჩემზე მეტად განიცდიან, თუმცა მე წაგებასაც ღირსეულად ვხვდები. სხვანაირად წარმოუდგენელია. წაგებამ უკან არ უნდა დაგახევინოს, პირიქით, გამოცდილება და მეტი მოტივაცია უნდა შეგძინოს. ყოველი წაგებიდან რაღაცას ვსწავლობ, ვხვდები, რა მაკლია იმისთვის, რომ მეტს მივაღწიო. მეტოქის არასდროს შემშინებია და არ მიფიქრია, ამას ვერ დავამარცხებ-მეთქი. მირჩევნია, ჩემზე ძლიერს შევხვდე, რადგან მეტი სტიმული მაქვს და უფრო მეტად მინდა მისი დამარცხება.
- წინასწარ თუ სწავლობთ მის ხასიათს, ტაქტიკას?
- ყოველთვის ვაანალიზებ, როგორ ჭიდაობს, რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარე. მეც მაქვს ბევრი ისეთი ილეთი, რომელსაც მოწინააღმდეგე არ ელოდება.
- წარმოშობით ძალიან ლამაზი სოფლიდან ხართ, ყარიშიდან. მე ვყოფილვარ იქ და ვიცი, ძალიან გიყვართ იქაურობა და იქაურებსაც ძალიან ეამაყებით.
- მართლაც უზომოდ მიყვარს სოფელიც და იქაურებიც. ისიც ვიცი, რომ ყარიშელები ძალიან მქომაგობენ. მამა იმ სოფელში გაიზარდა. ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ, ერთი წლის, რომ სახლი, რომელშიც ვცხოვრობდით, დაგვეწვა. პაპას გადავურჩენივართ მე და ჩემი და. სახლს ვინ ჩიოდა, რაკი ჩვენ ცოცხლები გამოვუყვანივართ. ლენტეხში გადავედით საცხოვრებლად, მამა კი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ და 9-10 წლის ვიყავი, როდესაც დაბრუნდა. სულ თავიდან დავიწყეთ ცხოვრება, მაგრამ მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ არაფერი მოგვკლებოდა. ოთხი დედმამიშვილი ვართ, ორი და მყავს და ერთი ძმა, რომელიც ახალი დაოჯახებულია. ახლახან ძმისშვილიც მეყოლა. პატარა სოფელია, მაგრამ ერთი დიდი ოჯახივით ვართ. მინდა, ყველა გავახარო ჩემი გამარჯვებით ლენტეხშიც, სადაც ახლა ვცხოვრობთ. ბედნიერები არიან, რომ ამ პატარა რაიონის სახელი მსოფლიოს გავაცანი, თუმცა უცხოეთში საქართველოს ბევრი უკვე იცნობს ვარლამ ლიპარტელიანის გამო. მეუბნებიან, მთიდან რომ ხარ, ამიტომაც გაქვს ამხელა შემართება და ძალაო. მეამაყება, რომ ჩემი შრომითა და თავდადებით საზღვრებს გარეთ გავიტანე ლენტეხის სახელი.
ხშირად მეუბნებიან, მაროს ჰგავხარო, ბებიაჩემს. ძალიან ყოჩაღი ქალი ყოფილა, თურმე სულ თოფით დადიოდა, ცხენით ჯირითობდა. კაცებს ეშინოდათ მისი. სვანურად ლოცულობდა ხოლმე, ღმერთო, გეხვეწები, ეთოს მსოფლიოს ჩემპიონობას მომასწარიო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო - 2017 წელს გარდაიცვალა, მე კი 2019 წელს გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი.
- ფორმის შენარჩუნება დიდ ენერგიას მოითხოვს. ეს, ალბათ, რთულია ქალისთვის.
- თუ გაქვს მიზანი და ოცნება, ყველაფერს შეძლებ. 10 წლიდან თბილისში ვიზრდებოდი, ოჯახისგან შორს. ბიძამ, მალხაზ ლიპარტელიანმა წამომიყვანა, რადგან ლენტეხში გოგონები ძიუდოში არ ვარჯიშობდნენ. ყველანაირად გვერდით მედგა, მაგრამ მაინც მიჭირდა ჩემებთან დაშორება. ამ დროს უფრო მოტივირებული ვიყავი და ვფიქრობდი, აქ ხომ იმისთვის ვარ, რომ წარმატებას მივაღწიო და ჩემი ახლობლები გავახარო-მეთქი. სხვაზე მეტს ვვარჯიშობდი, მინდოდა, მალე გავმხდარიყავი ჩემპიონი და, უფლის წყალობით, დამიფასდა კიდეც ეს შრომა, მაგრამ ჯერ ჩემი მიზნები და ოცნებები ასასრულებელია. ახლა ვემზადები თბილისის გრანდ სლემისთვის, რომელიც 25 მარტს ჩატარდება. აპრილში ევროპის ჩემპიონატია, მერე უკვე - მსოფლიოსი და ა. შ. 2022 დატვირთული წელი იქნება.
- თქვენი რჩეული თემურ ნოზაძე ძიუდოისტია, ჭაბუკებს შორის ევროპის თასის 2014 წლის გამარჯვებული. დაოჯახებას ხომ არ აპირებთ?
- ჯერჯერობით არ ვაპირებთ. 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაა და მინდა, დიდი ხნის ოცნება ავიხდინო და გავიმარჯვო, ამას კი სერიოზული მომზადება სჭირდება. დანარჩენს დრო გვიჩვენებს... დიდი ხანია, რაც შეყვარებულები ვართ და თემო დაიცდის...
- ორივეს მებრძოლი ხასიათი გაქვთ, ალბათ, არც დათმობა გიყვართ. ეს აისახება თქვენს ურთიერთობაზე?
- სხვათა შორის, მართლაც ძალიან ჯიუტები ვართ, მაგრამ როდესაც რამეზე წავკამათდებით, ზოგჯერ მე ვურიგდები, ზოგჯერ - ის. დღემდე ასე შევინარჩუნეთ ურთიერთობა.
ნინო ჯავახიშვილი