"საქართველოს ომში ჩართვით რუსეთი იმასაც გაანადგურებს, რაც 2008 წლის ომის შემდეგ შეგვრჩა“ - კვირის პალიტრა

"საქართველოს ომში ჩართვით რუსეთი იმასაც გაანადგურებს, რაც 2008 წლის ომის შემდეგ შეგვრჩა“

კიევში მცხოვრები მწერლის, რაულ ჩილაჩავას როლი განუზომელია ქართველებისა და უკრაინელების დაახლოებაში.­ ათეული წლების წინ სამეცნიერო მივლინებით უკრაინაში წასული მწერალი ქართველი და უკრაინელი ხალხის სულიერი­ სიახლოვის საყრდენი გახდა, დღეს კი ის ლტოლვილია - იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა და დასავლეთ უკრაინისთვის, კერძოდ, ქალაქ…ბროდისათვის შეეფარებინა თავი, თუმცა იქაც აფეთქებების ხმა ისმის. სულის შემძვრელია იმ წუთებზე თხრობა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო; როდესაც ადამიანებმა გააცნობიერეს, რა ხდებოდა მათ თავს.

- ომის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ ველოდით, ფანტასმაგორიული შეგრძნება აღმოჩნდა. იმ დღეს, დილის ოთხ საათზე, გამაღვიძა უფროსი ვაჟის ზარმა, კიევს­ ბომბავენო. ირგვლივ აფეთქებების ხმა ისმოდა, ტელევიზორი რომ ჩავრთე, იქაც თავდასხმაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა­ ამის დაჯერება მაინც გამიჭირდა. ჩემი უმცროსი­ ვაჟი ბანკომატიდან ფულის გამოსატანად წავიდა, რომელსაც რიგის გამო ვერც კი მიუახლოვდა. როდესაც გავაცნობიერეთ, რომ კიევში ყოფნა სიცოცხლისთვის საშიში იყო, ჩავსხედით მანქანაში და რძალსა­ და ორი წლის შვილიშვილთან ერთად დასავლეთ უკრაინაში წავედით, ლვოვისკენ. გზაში ჩვენსავით დევნილების ავტოსაცობში მოვხვდით და 600 კილომეტრის გავლას ზუსტად 24 საათი მოვანდომეთ. ამის შემდეგ სასტუმროში ბალიშზე თავის მიდებაც ვერ მოვასწარით, რომ საჰაერო განგაში გამოცხადდა და სასტუმროს თავშესაფარში ხუთჯერ ჩავედით. დღეს აღარც ვიცი, რა მოუვა ჩვენს სახლს კიევში.

- თქვენ თავშესაფრიდან თქვენი შვილიშვილის, ევას ფოტო გამოაქვეყნეთ.

- საბედნიეროდ, ბავშვი და რძალი უკრაინიდან წავიდნენ იქ, სადაც ომი არ არის. ეს უდიდესი შვებაა. უკრაინის მოქალაქეები, კაცები უკრაინიდან არ გადიან.

- თქვენ, ალბათ, განსაკუთრებულად გრძნობთ, როგორ განიცდის ქართველი ხალხი უკრაინელების ბედს, რომელთან ერთად, დიდი ხანია, იბრძვის თავისუფლებისთვის. ჩვენს ისტორიაში არაერთი უცნობი ფაქტია, რაც საზოგადოებამ არ იცის.

- მართლაც და, ვფიქრობ, ამის შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს. უკრაინაში 1967 წელს ჩამოვედი - აქ უნივერსიტეტმა უკრაინული ენის შესასწავლად გამომგზავნა. მაშინვე წავედი კიევის სოფიას ტაძარში, სადაც დიდხანს ვუყურე ღვთისმშობლის ხატს, რომელიც XIII საუკუნეში კიევის მთავრის, ილიასლავ მსტისლამოვიჩის ქართველი მეუღლის, დედოფალ რუსუდანის ქართველმა ხატმწერმა მოხატა. ისე შემძრა, რომ პირველად დავწერე ლექსი უკრაინულ ენაზე - "დილა სოფიას ტაძარში". რუსუდანი მეფე დემეტრე I-ის ასული იყო. თარიღიც არის ცნობილი, როდესაც ის კიევში იხსენიება - ეს არის 1154 წელი. ქართველ დედოფალს უკრაინაში­ ქართველ ხატმწერთა ჯგუფი გამოაყოლეს. სოფიას ტაძრის ღვთისმშობელი საოცარი ფრესკაა და ძალიან ჰგავს გელათის ღვთისმშობელს. სხვათა შორის, კიევის უდიდესი, კიევ-პეჩორის ლავრაც ათონის ქართული მონასტრის ასლია. მისი ნახაზები კიევის წინამძღვარმა ათონზე მოგზაურობის შემდეგ ჩამოიტანა და მათ მიხედვით ააშენა კიევ-პეჩორის ლავრა.

- კიევის მთავარს ცოლად იმ მეფის ასული ჰყოლია, რომელმაც "შენ ხარ ვენახი" დაწერა. ცნობილია, რომ ქართველებს ზაპოროჟიელ თავისუფლების მოყვარე კაზაკებთანაც ჰქონდათ ურთიერთობა...

- უკრაინელ კაზაკთა თემი გასამხედროებული, ძლიერი ძალა იყო. ხშირად ესხმოდნენ თავს თურქეთს. კონსტანტინოპოლამდეც ჩადიოდნენ თავიანთი უნიკალური ხომალდებით, რომელთაც "თოლიებს" ეძახდნენ. Uგზად საქართველოს ზღვის სანაპიროებზე სახელდახელოდ აშენებულ ხუტორებში ბანაკდებოდნენ. ამ ისტორიიდან სამეგრელოში დღესაც არის შემორჩენილი სიტყვა "ნახუტურუ" - ნახუტორალი. რაც შეეხება საკითხს, რომ რუსები და უკრაინელები სლავი ძმები არიან, ეს თემა უკრაინაში აღარ არსებობს. ის რუსეთის იმპერიისა თუ საბჭოთა სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად არის შექმნილი. უკრაინელები­ სლავებად თავიანთ თავს მიიჩნევენ და არა რუსებს. ისინი თვლიან, რომ რუსები თათარ-მონღოლების, უნგრო-ჩინელების, და ა.შ შთამომავლები არიან, რომელთაც უკრაინელებს სახელი "რუსიაც" კი წაართვეს.

- დაპყრობილი ხალხის კულტურის მისაკუთრების მაგალითი არაერთია ისტორიაში.

- რუსეთის სახელგანთქმულ მხედარმთ­ავართაგან ზოგიერთი XVI საუკუნემდე მუსლიმანი იყო, რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოები კი დაწერეს პეტრე I-მა და იმპერატორმა ეკატერინემ, რომელთაც დასხეს ისტორიკოსები და სწორედ იმ ისტორიის დაწერა დაავალეს, რომელიც დღეს აქვს რუსეთს. რუსები და უკრაინელები მართლაც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან თუნდაც წეს-ჩვეულებებით, ოჯახის სიყვარულით, ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებით, ესთეტიკით. უკრაინელის ეზო რომ ნახოთ, მაშინვე შეამჩნევთ განსხვავებას. უკრაინელი გლეხების ეზო-კარი მუზეუმივით კოხტად არის მოწყობილი.

- უკრაინელი ხალხის დამპყრობთან ბრძოლამ მსოფლიო გააოცა. ვრცელდება მოსაზრება, რომ ამ ბრძოლას უკრაინელი ე.წ. ბენდერები მეთაურობენ...

- ბენდერების არსებობა მითია. ამ ომში თითოეული უკრაინელი იბრძვის. სტეფან ბანდერა ფაშისტებთან ბრძოლის გამო გაიგივდა თავისუფლებასთან, რის გამოც ფაშისტებმა საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს 1942-45 წლებში.

- უკრაინის ომმა საქართველოში პოლიტიკურ მოსაზრებათა სხვადასხვაობაც გაამწვავა.­ ბევრი გმობს ხელისუფლებას, რომელმაც უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ამ ომში ჩათრევის შიშით შეუშალა ხელი.

- მე ვფიქრობ, რომ ეს შიში არ არის. საქართველოს ომში ჩართვით რუსეთი იმასაც გაანადგურებს, რაც 2008 წლის ომის შემდეგ შეგვრჩა.

- ზელენსკიმ საქართველოს მთავრობის­ საქციელით უკმაყოფილება გამოხატა და ელჩიც კი გაიწვია, თითქოს კონსულტაციებისთვის...

- ეს აუცილებლად გამოსწორდება. უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობას ხელს ვერაფერი შეუშლის... ზელე­ნსკის დღეს მხარს მთელი უკრაინა უჭერს, პუტინი კი დამპყრობელია. ის იმ რუსების მტერიც არის, რომლებიც დღეს უკრაინაში ცხოვრობენ და საკადრის პასუხსაც იღებს იმ ხალხისაგან, ვისაც სახლს უნგრევს. პუტინი თავის ჯარს არწმუნებდა, ხარკოვში შესვლისას რუსები ვარდ-ყვავილებით დაგხვდებიანო, მაგრამ ამის ნაცვლად ტყვია მიიღეს. მან უკრაინა მტრის წინააღმდეგ გააერთიანა. ღმერთმა ნუ ქნას და პუტინმა რომც გაიმარჯვოს, უკრაინა ბრძოლას არ შეწყვეტს.

- თქვენ ლიეტუვაში უკრაინის ელჩიც ბრძანდებოდით. ამ ხალხების დაახლოებისათვის თქვენი საქმიანობა მართლაც შეუფასებელია.

- ვფიქრობ, შეუფასებელი არ არის, რადგან სამშობლომ უდიდესი ჯილდო - რუსთაველის პრემია უკვე მომანიჭა.Mმე ქართველი მწერალი ვარ, ჩემი სამშობლო საქართველოა, მაგრამ სიცოცხლის დიდი ნაწილი უკრაინაში გავატარე და მიხარია, თუკი რამეს ვაკეთებ იმ ქვეყნისთვის, სადაც ვცხოვრობ. თუმცა სიამოვნებით ჩამოვთვლი ნაწილს იმისას, რაც შევძელი: ბრწყინვალე ილუსტრაციებით გამოვეცი უკრაინელი მწერლის, მიკოლა ბაჟანის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი"­ და "დავითიანი"; ასევე უკრაინულად თარგმნილი "ქართული პოეზიის ანთოლოგია", უკრაინულად ვთარგმნე და გამოვეცი აკაკი წერეთლის, ძმებ ჭილაძეების, ანა კალანდაძის, ტარიელ ჭანტურიას, მუხრან მაჭავარიანის, გრიგოლ აბაშიძის და სხვათა, ასევე თანამედრვე ახალგაზრდა მწერლების, მათ შორის, გიორგი კეკელიძის ნაწარმოებები. მეამაყება ლიეტუვაში ელჩობაც. სწორედ ამ დროს გამოვეცი "ვეფხისტყაოსანი" ქართულ-ლიეტუვურ-უკრაინულ ენებზე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რამდენიმე თავი იყო ლიეტუვურად ნათარგმნი და თავად შევავსე. მიხარია, რომ ამ საქმეში მხარი დამიჭირა ლიეტუვის პრეზიდენტმა, თუმცა მთავარი მაინც მშობლიური ენაა, რომელზეც ყველაზე ძლიერი გრძნობები გადმოიცემა. მახსოვს უნივერსიტეტის მასწავლებლის ნათქვამი, უკრაინულ ენას ნამდვილად მხოლოდ მაშინ დაეუფლებით, როდესაც ამ ენაზე სიზმარს ნახავთო. მას შემდეგ არაერთი სიზმარი ვნახე უკრაინულ ენაზე, მაგრამ სიზმრებშიც კი ჩემს ყველაზე ხელშეუხებელ გრძნობაზე მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობ. ამის მიწიერი მაგალითი ჩემთვის მწერალ კონდრატე თათარაშვილის რომანი "მამლუქია", რომელიც ასევე უკრაინულად ვთარგმნე. მამლუქს ქართული ენა დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ სიკვდილისას გაახსენდა და "ვაი ნანა" აღმოხდა. უძველეს სახარებაში ყველაფერი ბერძნულად წერია, გარდა იმ სიტყვებისა, რომლებიც სამყაროს იტევს. ეს არის ქრისტეს ფრაზა: "ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი"…("ღმერთო, ღმერთო, რატომ მიმატოვე"). ჩვენც ვთხოვოთ ღმერთს, განსაცდელში არ მიატოვოს უკრაინელი და ქართველი ხალხი.