როგორ დააზარალებს სანქციები რუსეთს - კვირის პალიტრა

როგორ დააზარალებს სანქციები რუსეთს

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გრძელვადიან და მოკლევადიან შედეგებზე, აგრეთვე ამ სანქციების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ "კვირის პალიტრა" ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს, გიორგი­ კაპანაძეს­ ესაუბრა.

- თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ შედეგების პროგნოზირება რთულია. არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება სანქციები, კიდევ რა დაემატება ან დააკლდება და რაც მთავარია, ეს უნდა დავინახოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. რაც დრო გავა, დარტყმა რუსეთისთვის უფრო წონიანი იქნება.

ბოლო დღეებში ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის განცხადებები სანქციების თაობაზე ადეკვატური და სწორი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სანქციები მუშაობს და რუსეთის ეკონომიკა უკვე მძიმე დღეშია. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთს საერთაშორისო რეზერვების გაყინვამ, რამაც პირდაპირ იმოქმედა რუბლის მასშტაბურ გაუფასურებაზე. იმავდროულად, რუსეთის SWIFT-დან გათიშვა უმნიშვნელოვანესი ბერკეტია. სრულად გათიშვა აპრილში იგეგმება და ჯერ არ ვიცით, ყველა ბანკი გაითიშება თუ არა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დღეის მოცემულობით, რუბლი ეცემა და რუსეთის ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც ვეღარ შველის, არის უცხოური ვალუტის პრობლემაც. წარმოებაშიც პრობლემები შეექმნათ, კომპანიები მუშაობას აჩერებენ და ცხადია, ამან სამუშაო ადგილებსაც დაარტყა. თავის მხრივ, რუსეთიც დიდ დარტყმას აყენებს საკუთარ ეკონომიკას და რაც დიდხანს გაგრძელდება ომი, სულ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს.

- რუსეთიც ხომ გადადგამს კონტრნაბიჯებს და ეს სანქციების შედეგებს რამდენად შეამსუბუქებს?

- დიახ, შესაძლოა რუსეთმა გააძვიროს ის პროდუქცია, რომლის წყალობითაც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ევროპისა და მსოფლიო ბაზრებზე - ნავთობი, გაზი და ხორბალი. არის კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა - სანქციები სპორტში. შესაძლოა ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ეს ეკონომიკას არ ეხება, მაგრამ სპორტული კლუბებისთვის დაწესებული სანქციები ურტყამს იქაურ ბიზნესმენებსა და კლუბების მფლობელებს, რაც, ბუნებრივია, აისახება ეკონომიკაზე. ერთი სიტყვით, რუსეთი დღეს რთულ სიტუაციაშია, თუმცა ეს დასაწყისია, შესაძლოა უფრო გაძლიერდეს სანქციები და უარეს დღეში ჩავარდეს. თუმცა შეიძლება გადადგას კონტრნაბიჯები, რაც საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში თავი დაიძვრინოს ამ რთული ვითარებიდან.

- რამდენიმე ბანკი გათიშულია SWIFT-დან, მაგრამ არ გაუთიშავთ ის ბანკები, სადაც ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან შედის შემოსავალი. როგორც გაცხადდა, მხოლოდ აშშ-დან და ევროპიდან ამ არხებით დღეში 1 მილიარდ დოლარზე მეტს იღებს რუსეთი, თანაც ნავთობი უფრო გაძვირდა და ცხადია, ეს მეტად გაზრდის რუსეთის შემოსავალს. გასაგებია, რომ დასავლეთში ნავთობი სჭირდებათ, მაგრამ ამგვარ შერჩევით გათიშვას ექნება შედეგი? გათიშვით და არგათიშვით მიღებული შედეგები რამდენად დაბალანსდება?

- გეთანხმებით, რომ ნავთობიდან იღებს შემოსავალს და გარდა ამისა, კიდევ სხვა მიმართულებებიდანაც. ბუნებრივია, SWIFT-დან რუსეთის სრულად გათიშვა დარტყმა იქნება ევროპისთვისაც, რადგან რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა და ეს მსოფლიო ეკონომიკაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას. როგორც ჩანს, ამიტომაც გაფრთხილდა ევროპა, სრულად გათიშვა დროში გაწერეს და როგორც მოგახსენეთ, ეს დაახლოებით 12 აპრილისთვის იგეგმება. დიახ, გარკვეულწილად დასავლეთიც ორმაგი სტანდარტით თამაშობს, რათა მსოფლიო ეკონომიკაც რთულ ვითარებაში არ აღმოჩნდეს.

- რუბლი კი უფასურდება სხვა ვალუტების მიმართ, მაგრამ როდესაც რუსეთი და მისი ეკონომიკა, ფაქტობრივად, იზოლირებულია და ამ დროს, ასე თუ ისე, შეუძლია საკუთარი მოთხოვნების თავად დაკმაყოფილება, იქნება რუბლის გაუფასურება შედეგის მომტანი?

- ამან უკვე მოიტანა ეფექტი - მონეტარული საპროცენტო განაკვეთი 9,5%-დან 20%-მდე გაიზარდა. რუსეთს გაეყინა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები და შესაბამისად, ვერ ახერხებს ვალუტის კურსის გაუფასურების დაჭერას. რუბლი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაუფასურდა, შესაბამისად, ეს ყველაფერი მოქმედებს. თუმცა, ისევ და ისევ გრძელვადიან პერსპექტივაში რომ შევხედოთ, იმის პირდაპირ თქმის საფუძველი, რომ რუსეთში დაიწყება დეფოლტი და ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, დღეს არ არსებობს, მაგრამ რუბლის ძალზე დიდი გაუფასურება უკვე არის. ამას თან ერთვის პანიკა ბაზარზე, რაც რუბლზე უარყოფითად აისახება. ეს საკმაოდ მძიმე დარტყმაა, ხოლო თუკი სანქციები შენარჩუნდა და გაფართოვდა, ამოქმედდა ყველა ის ბერკეტი, რომლებზეც დღეს არის საუბარი, მაშინ დარტყმა ძალიან დიდი იქნება. გასაგებია, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკა აქვს და შეუძლია მოთხოვნები მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს, მაგრამ სრულად მაინც ვერ შეძლებს.

- რუსეთის ეკონომიკის მონაცემების მიხედვით და იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც ქვეყანას აქვს, რამდენ ხანს გაძლებს რუსეთი, რომ შედეგი დადგეს, თუნდაც უკვე დაწესებული სანქციების ფონზე?

- თუ შედეგი რუსეთში ეკონომიკური კრიზისის დადგომაა, ამას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება და რთულია იმის თქმაც, რამდენი წელიწადი იქნება ამისთვის საკმარისი. თუმცა, თუკი გაცხადებული სანქციებიც ამოქმედდება, ქვეყნიდან სრულად გავლენ უცხოური კომპანიები, ადგილობრივ ბიზნესმენებს კი დოლარსა და ევროზე წვდომა შეეზღუდებათ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში რუსეთის ეკონომიკა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. ის დადგება დეფოლტის წინაშე, რაც ძალიან რთულ შიდაპოლიტიკურ ძვრებს გამოიწვევს. მეორე მხრივ, ეს მსოფლიო ეკონომიკასაც დაარტყამს. აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში სანქციები რომც შემსუბუქდეს, დღეს რუსეთის ეკონომიკა ისეთ დღეშია, სანქციებამდე არსებულ ნიშნულებზე დასაბრუნებლადაც დასჭირდება რამდენიმე წელიწადი.

- უცხოური კომპანიების გამოსვლა ახსენეთ და, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ისინი სხვა უცხოურმა კომპანიებმა ჩაანაცვლონ, მაგალითად, ჩინურმა?

- რუსეთის ეკონომიკის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება ჩინეთი და ჩინური ბაზარია. თუკი რუსეთის პარტნიორად ჩინეთი დარჩა, მოკლევადიან პერიოდში მოახერხებს გადასვლას SWIFT-ის ალტერნატივაზე, რაც რუსეთს აქვს შექმნილი, და შესაძლოა ამან გამოაძვრინოს რუსეთი მძიმე ვითარებიდან. თუმცა ცნობილია, რომ რუსეთის ცალკეულ ბანკებზე სანქცია ჩინეთმაც დააწესა და არ არის მთლად რუსეთისკენ გადახრილი. ჩინეთი საკმაოდ არის დამოკიდებული აშშ-სა და ევროპაზე და რუსეთისკენ გადახრა ამ ბაზრებს დააკარგვინებს, რაც ნამდვილად არ უღირს. რუსეთისკენ გადახრას სანქციები მოჰყვება და, სავარაუდოდ, ჩინეთი ამაზე არ წავა. რუსეთის მთავარი რესურსი ნავთობი და გაზია და ამის ჩინეთში გასატანად საკმარისი ინფრასტრუქტურა არა აქვს, მის გამართვას კი წლები და რესურსები სჭირდება.

- საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე, ექსპორტ-იმპორტის მიხედვით მეორე-მესამე პარტნიორია. ამიტომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა თუ კრიზისი აისახება საქართველოზეც. ამ საფრთხეს როგორ აფასებთ, რამდენად ძლიერი დარტყმა იქნება საქართველოსთვის და რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ?

- ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს დღევანდელი რეალობა ჩვენზე გავლენას. ეს აისახება სავაჭრო ურთიერთობაზეც. მოსალოდნელია რუსული პროდუქციის გაძვირება. თუ რუსეთთან ექსპორტ-იმპორტი შეგვეზღუდება, ბუნებრივია, ეს უფრო გააძვირებს იმ პროდუქციას, რომელიც ალტერნატიულ ბაზრებზე უნდა ვეძებოთ, მით უმეტეს, რომ ევროპული პროდუქცია ისედაც ძვირია. ამას დაემატება ექსპორტისთვისაც ახალი ბაზრების ძებნა. არის პროდუქცია, რომლის სხვა ქვეყნებში გატანა არ გვიჭირს, მაგრამ ადგილის დამკვიდრება ძნელია და ესეც უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე.

- საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ემიგრანტების გადმორიცხვებზე. ცხადია, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ამაზეც აისახება. რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ წნეხის შესამცირებლად?

- რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში დიდი ოდენობის ფული ირიცხებოდა. თუ რუსეთში გადმორიცხვების პრობლემები შეიქმნება, ცხადია, ეს ჩვენზეც უარყოფითად აისახება. ტურისტული ინდუსტრიაც პანდემიის გამო ისედაც დაზარალებულია, ახლა იწყებდა აღდგენას და დამაიმედებელი ციფრებიც გვქონდა. თუმცა, თუკი ეს ომი დიდხანს გაგრძელდა, ეს ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას მნიშვნელოვნად დაარტყამს. უმეტესწილად ჩვენ კვლავაც დსთ-ის ქვეყნებზე ვიყავით დამოკიდებული, საიდანაც ტურისტები შეგვიმცირდება. ევროპელი ტურისტები კი თავს აარიდებენ იმ რეგიონში ჩამოსვლას, სადაც იციან, რომ კონფლიქტის საფრთხე არსებობს.

- რა შეიძლება მოიმოქმედოს ხელისუფლებამ?

- პანდემიის შემდეგ ეკონომიკა ახლა გამოცოცხლდა და ამ პირობებში კიდევ დამატებითი დარტყმა მეტად რთული იქნება. ამიტომ ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს იმ კომპანიებს, რომლებიც ალტერნატიულ ბაზრებზე ცდილობენ პროდუქციით გასვლას.

მეორე მხრივ, ხელი უნდა შეუწყონ, რომ ფასები დიდად არ გაიზარდოს. გასათვალისწინებელია, რომ თუ ომი დიდხანს გაგრძელდება, ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ლარის კურსზეც, რადგან რეგიონში კონფლიქტები ეროვნულ ვალუტაზე ყოველთვის უარყოფითად ზემოქმედებს. იმედია, ეროვნული ბანკი გონივრულად ჩაერევა პროცესში და ლარი უფრო არ გაუფასურდება. საქართველოსთვის არსებითია პურით უზრუნველყოფის საკითხიც, რადგან მთავარი იმპორტიორი რუსეთია და მოსალოდნელია, რომ ხორბალსა და ფქვილზე ფასს გაზრდის. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ხელისუფლებისგან სუბსიდირება, რათა მოსახლეობას არ დაარტყას გაძვირებამ.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ნებისმიერ მიმართულებაზე, სადაც მოსალოდნელია ფასების ზრდა, დაეხმაროს ბიზნესს, რათა ეს მოსახლეობაზე არ აისახოს. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით უკვე იდგმება ნაბიჯები. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს ომი მალე დამთავრდება, რუსეთს მოუწევს ჯარის გამოყვანა და ჩვენ გავაგრძელებთ სავაჭრო ურთიერთობას ორივე ქვეყანასთან.

დასასრულ, აუცილებლად მინდა ვთქვა - სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას და იმედია, რუსეთს უკან დახევა მოუწევს.

რუსა მაჩაიძე