ტოლკინის ფენტეზი, რეალური ცხოვრება და "ბეჭდების მბრძანებელი“
თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ტოლკინის ლეგენდარული ტრილოგია, შანსი გეძლევათ განსაკუთრებულ ფასად შეიძინოთ ის თქვენთვისა თუ მეგობრებისთვის. ეს არის მსოფლიო კლასიკა, რომელიც სულ სხვა, ახალ სამყაროს აღმოგაჩენინებთ და მასში გამოგზაურებთ
ფენტეზის ჟანრზე საუბრის დროს ადამიანს ერთ-ერთი პირველი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი და მისი "ბეჭდების მბრძანებელი" ახსენდება. ტოლკინის ნაწარმოებმა გავლენა იქონია მსოფლიო ლიტერატურაზე, უპირველეს ყოვლისა კი, ფენტეზის ჟანრზე. მან ასევე ახალი ხედვა შესძინა ხელოვნების სხვა დარგებსაც.
სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი მწერლობას თავის მთავარ საქმიანობად არ მიიჩნევდა. ის გახლდათ ლინგვისტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში და ძალიან უყვარდა თავისი საქმე. მიუხედავად ამისა, ის მსოფლიო ისტორიაში შევიდა როგორც "ჰობიტისა" და "ბეჭდების მბრძანებლის" ავტორი. ავტორის ყველა ნაწარმოები მეტწილად დაფუძნებულია გამოგონილ და რეალურ ამბებზე, გამოგონილ ენებსა და ესეებზე, რომლებიც მოგვითხრობენ არდის სამყაროსა და შუახმელეთზე.
საოცარი და უსაზღვრო იყო ტოლკინის ფანტაზია, ის სულ უფრო და უფრო საოცარ ამბებს ქმნიდა. ბავშვობაში ჯონს ბაღში დიდმა ობობამ უკბინა. მკვლევრების ნაწილის აზრით, ამ მოვლენამ გავლენა იქონია მის ლიტერატურულ შემოქმედებაზეც. თუმცა თავად ავტორი ამბობდა, რომ ამ შემთხვევაზე მძაფრი შეგრძნება არ დარჩენია და არც ობობები შესზიზღებია. მისი ბავშვობიდან ასევე ერთ-ერთი შთამბეჭდავი მომენტი იყო მეგობართან ერთად კრაალში ღამის გატარება. ასეთი ცხოვრებისეული ეპიზოდები მისი ფანტაზიის განვითარებას უწყობდა ხელს.
ტოლკინის შემოქმედებაზე გავლენა იქონია პირველ მსოფლიო ომში მიღებულმა გამოცდილებამაც. ის ომის ვეტერანი იყო - საფრანგეთში ბრიტანეთის საექსპედიციო ძალის მე-11 ბატალიონში ლეიტენანტად მსახურობდა. ჯონი მომსწრე იყო ომის რამდენიმე სისხლიანი შეტაკებისა, მათ შორის, სომის ბრძოლის. მორდორისკენ ფროდოსა და სემის მოგზაურობის შთაგონების წყაროც ნაწილობრივ სანგრებში ყოფნის ტოლკინისეული გამოცდილება იყო.
ტოლკინმა ლეგენდარული ტრილოგია "ბეჭდების მბრძანებელი" 1948 წელს დაასრულა თითქმის 10-წლიანი მუშაობის შემდეგ. ამ პერიოდში ტოლკინის გატაცება ახალი ენების შექმნა იყო, რომელთა ნაწილი შუახმელეთის ამბებში გამოიყენა. გარდა ამისა, გამოგონილ ენებზე შექმნა სიმღერები და ლექსები. ამასთან, მწერალი უკვე დავიწყებული ენების, მაგალითად, შუა საუკუნეების უელსურისა და ლომბარდიულის აღდგენასა და განახლებას ცდილობდა. ტოლკინის ლექსი "ხეების ყვავილი" მთელ ათასწლეულში გოთურ ენაზე დაწერილი პირველი ტექსტია.
1959 წლიდან ფართო საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა ტოლკინის შემოქმედებით. ამ პერიოდიდან არ წყდება "ბეჭდების მბრძანებლის" პოპულარობა. საინტერესოა, რომ ნაწარმოების შექმნის პირველ ეტაპზე ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა "ჰობიტის" გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით ის უფრო მასშტაბურ ნაშრომში გადაიზარდა.
"ბეჭდების მბრძანებლის" მზარდ პოპულარობას მოჰყვა ტოლკინის სახელობის საზოგადოებების ჩამოყალიბება და ტოლკინისა და მისი ნამუშევრების შესახებ წიგნების გამოცემა. "ბეჭდების მბრძანებელმა" გავლენა მოახდინა და კვლავ ახდენს მხატვრობაზე, მუსიკაზე, კინემატოგრაფზე, ტელევიზიაზე, ვიდეოთამაშებზე და ლიტერატურაზე. რომანის ადაპტაციებს შორის არის რადიოსერიალები, თეატრალური დადგმები და პოპულარული კინოეკრანიზაცია. ეს არის წიგნი, რომელიც მესამე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი წიგნების რეიტინგში. "ბეჭდების მბრძანებელი" მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მისი 150 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ტოლკინს, როგორც ლინგვისტს, თავად აქვს წაკითხული და შეფასებული მათი დიდი ნაწილი. მთარგმნელებისთვის მან აგრეთვე შექმნა "ბეჭდების მბრძანებლის" საკუთარი სახელების სათარგმნი სახელმძღვანელო. ამ წიგნის მიხედვით, ყველა ენაში განსხვავდება ამა თუ იმ სახელისა და გვარის თარგმნა.
"ბეჭდების მბრძანებლის" დიდი პოპულარობა მისმა ჟანრმა და სრულიად ახალმა მიმართულებამ განაპირობა. მკითხველი ფენტეზის ახალ და საოცარ სამყაროში მოგზაურობს.
დღეს უკვე კლასიკად ქცეული "ბეჭდების მბრძანებელი" არის ტრილოგია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო. ის მკითხველს ლიტერატურის სრულიად განსხვავებულ და გასაოცარ შესაძლებლობებს გააცნობს და მოაჯადოვებს.
ტოლკინი და მისი "ბეჭდების მბრძანებელი" ძალიან პოპულარულია საქართველოშიც. არსებობს მისი რამდენიმე გამოცემა და მათ შორის სქელყდიანი სასაჩუქრე ვარიანტიც. 28 მარტიდან კი ტრილოგიის თითოეული ნაწილის შეძენა თვეში ერთხელ განსაკუთრებულ ფასად, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება შესაძლებელი. წიგნის სპეციალური ფასია 12 ლარი, გაზეთთან ერთად - 14 ლარი. წიგნის შეძენა სპეციალურ ფასად შესაძლებელი იქნება გამომცემლობა "პალიტრა L“-ის საიტზე www.palitral.ge, „"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ტოლკინის ლეგენდარული ტრილოგია, შანსი გეძლევათ განსაკუთრებულ ფასად შეიძინოთ ის თქვენთვისა თუ მეგობრებისთვის. ეს არის მსოფლიო კლასიკა, რომელიც სულ სხვა, ახალ სამყაროს აღმოგაჩენინებთ და მასში გამოგზაურებთ.
ნანა მღებრიშვილი