შავ-თეთრი რუსები სპორტის გარეშე!
პუტინს და ლუკაშენკოს ერთმანეთთან თამაშის მეტი აღარაფერი დარჩენიათ
აბანოც“ აღარ არის საჭირო - შავი და თეთრი ისედაც კარგად ჩანს. შავი და თეთრი რუსები - რუსეთი და ბელარუსი. სხვა სახის სანქციებთან ერთად, შავ(ბნელებ)ი და "თეთრი რუსები“ საერთაშორისო სპორტის გარეშეც რჩებიან. ბნელი ძალის წამოწყებულ კიდევ ერთ უსამართლო და უმიზეზო ომს უკვე მოჰყვა ნგრევა, ათასობით ადამიანის სიკვდილი, პროტესტი და სანქციები, მათ შორის სპორტულიც.
რუსი (და რუსეთის თანამზრახველი ბელარუსის წარმომადგენელი) სპორტსმენებისთვის აკრძალვების დაწესება უკრაინაში ომის გაჩაღებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო. ერთ-ერთი პირველი და რეზონანსული სანქტ-პეტერბურგისთვის ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა გახლდათ ("გაზპრომ არენის" ნაცვლად, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალს წელს პარიზის "სტად დე ფრანსი" უმასპინძლებს), და რადგან რუსეთის სახელმწიფო გაზის კორპორაციის სახელი ვახსენე, ისიც ვთქვათ, რომ "გაზპრომი" უკვე აღარ არის უეფას სპონსორი! ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო რუსული კომპანიისგან ყოველწლიურად იღებდა ათეულობით მილიონ ევროს და ხელშეკრულება მინიმუმ 2024 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა... უეფამ რუსებთან კონტრაქტი გაწყვიტა. "გაზპრომისგან" მიღებულ დაფინანსებაზე უარი თქვა გერმანულმა საფეხბურთო კლუბმა "შალკემაც", რომელიც რუსული გაზის კორპორაციასთან ბოლო 15 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა გელზენკირხენის კლუბის ღირსებას ლევან კობიაშვილი იცავდა. 2008 წლის ომის შემდეგ, კობიაშვილმა "გაზპრომის" წარწერიანი მაისურით თამაშზე უარი განაცხადა, 14 წლის შემდეგ კი რუსებს მთელმა ევროპამ უგანა.
მივყვეთ სახეობების მიხედვით.
ფეხბურთი:
უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მსოფლიო და ევროპის ფედერაციებს რუსეთის და ბელარუსის ნაკრები გუნდების, კლუბებისა და ცალკეული სპორტსმენების დისკვალიფიკაციის რეკომენდაცია მისცა და... დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რომელსაც ყოველდღიურად ემატება სხვადასხვა სანქცია:
ფიფამ და უეფამ საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობა აუკრძალა რუსეთის ყველა გუნდს - კლუბებს, ეროვნულ, ასაკობრივ და ქალთა ნაკრებებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდები წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირსაც ჩაეხსნენ. რუსეთის ვაჟთა ნაკრებს "ყატარი-2022"-ის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში 24 მარტს პოლონეთისთვის უნდა ემასპინძლა (დისკვალიფიკაციაც რომ არა, პოლონელები ისედაც უარს აცხადებდნენ რუსეთში ჩასვლაზე), ქალთა ნაკრების მატჩი კი 7 აპრილს იყო დანიშნული. დისკვალიფიკაცია შეეხო ევროთასებს შემორჩენილ ერთადერთ რუსულ კლუბ "სპარტაკსაც": მოსკოველებს 10-17 მარტს გერმანულ "ლაიფციგთან" უნდა ეთამაშათ ევროპა ლიგის მერვედფინალის შეხვედრები.
საერთაშორისო სანქციების პარალელურად, უცხოელები რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატსაც მასობრივად ტოვებენ. თუმცა ლეგიონერებისგან დაცლილ რუსულ ფეხბურთს წერილის ბოლოს კიდევ მივუბრუნდებით.
კალათბურთი:
რუსეთის VTB გაერთიანებულ ლიგაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ესტონეთის "კალევმა" და პოლონეთის "ზელენა-გურამ". ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟულმა საკლუბო ტურნირმა - ევროლიგამ დროებით აუკრძალა თამაში რუსულ კლუბებს - მოსკოვის "ცსკას" და "უნიქსს", სანქტ-პეტერბურგის "ზენიტსა" და ყუბანის "ლოკომოტივს". გაურკვეველი ვადით გადაიდო მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რუსეთი-ნიდერლანდები. მოსკოვის "ცსკა" დატოვა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ (და კიდევ რამდენიმე ლეგიონერმა), სანქტ-პეტერბურგის "ზენიტში" თამაშზე უარი განაცხადა ხუთმა უცხოელმა კალათბურთელმა... რადგან რუსეთის გაერთიანებული საკალათბურთო ლიგის მთავარი სპონსორი ვახსენეთ, გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც მოვუწონოთ: ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კონტრაქტი გაწყვიტა რუსულ VTB ბანკთან და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსაც ახალი სპონსორი ეყოლება.
ჩოგბურთი:
რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს (და ასეთი ძალიან ბევრია როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ტურის წამყვან პოზიციებზე) აეკრძალათ საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა. ATP-მ (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) გააუქმა მოსკოვში გასამართი „"ჩელენჯერი". ამავე დროს, რამდენიმე რუსმა ჩოგბურთელმა, მათ შორის მსოფლიოს პირველმა და მეექვსე ჩოგნებმა, დანილ მედვედევმა და ანდრეი რუბლევმა ის მაინც გაბედეს, დაეწერათ: - არა ომს!“
ძიუდო:
IJF-ის (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) გადაწყვეტილებით, გაუქმდა ყაზანის გრან-სლემი, თანამდებობიდან გადადგა ევროპის ძიუდოს კავშირის რუსი პრეზიდენტი სერგეი სოლოვეიჩიკი, ვლადიმირ პუტინს კი, რომელიც თავის დროზე ძიუდოთი იყო გატაცებული და სპორტის ამ სახეობას დიდ ყურადღებას უთმობს, ჩამოერთვა IJF-ის უმაღლესი ჯილდო. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ჩამოართვეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი სპორტული ჯილდო - სეოკ-ის ორდენიც, რომელიც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზებისთვის მიიღო დმიტრი ჩერნიშენკოსა და დმიტრი კოზაკთან ერთად.
ჭადრაკი:
ხანტი-მანსიისკში აღარ გაიმართება ტრადიციული საჭადრაკო ოლიმპიადა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყანა უმასპინძლებს ამ პრესტიჟულ საჭადრაკო ოლიმპიადას.
ჰოკეი:
რუსეთს უკვე ჩამოართვეს 2023 წლის ახალგაზრდული მსოფლიო პირველობის მასპინძლობის უფლება. დიდი ალბათობით, აკრძალვა შეეხება მომავალ წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატსაც, რომლის მასპინძლადაც ოფიციალურად ისევ სანქტ-პეტერბურგი ითვლება. რაც შეეხება წლევანდელ ტურნირებს, გადაწყვეტილია, რომ რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები არ დაიშვებიან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე! იმავდროულად, რუსების შექმნილი „კონტინენტის ჰოკეის ლიგა“ დატოვეს ფინურმა "იოკერიტმა"“ და რიგის „"დინამომ". შვედეთმა და ფინეთმა უარი განაცხადეს ბურთიანი ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. თუ არაფერი შეიცვალა, 2022 წლის ჩემპიონატს სიკტივკარმა უნდა უმასპინძლოს.
რაგბი:
27 თებერვალს გასამართი საქართველო-რუსეთის შეხვედრის გაურკვეველი ვადით გადადების შემდეგ დისკვალიფიკაცია მთლიანად რუსულ რაგბის შეეხო: რუსეთის ნაკრებ გუნდებს აეკრძალათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა.
ციგურაობა:
ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მარტის ბოლოს მონპელიეში გაიმართება, რუსი მოციგურავეების გარეშე ჩაივლის. გარდა ამისა, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ვერ იასპარეზებენ საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში ჩქაროსნულ ციგურაობასა და შორტ-ტრეკში.
საწყლოსნო სახეობები:
გაუქმებულია ყაზანში გასამართი მსოფლიო სერიის ეტაპები წყალში ხტომასა და სინქრონულ ცურვაში. გადადებულია მსოფლიო ლიგის მატჩი წყალბურთში - რუსეთი-საბერძნეთი.
ტყვიის სროლა:
მოსკოვს უნდა ემასპინძლა ევროპის ჩემპიონატისთვის ტყვიის სროლასა და სასტენდო სროლაში, თუმცა საერთაშორისო ფედერაცია ამ ტურნირების სხვა ქვეყანაში გადატანას აპირებს.
"ფორმულა-1":
სოჭში აღარ გაიმართება რუსეთის გრან-პრი, რუსი პილოტები კი საყოველთაო კრიტიკის და ბოიკოტის ობიექტები გახდნენ - მათ რუსულ ტრასებზე მარტოდმარტო რბოლას ურჩევენ. ამასობაში, "ფორმულა-1"-ის კლუბ "ჰაასიდან" გაუშვეს რუსი პილოტი, მილიარდერ დმიტრი მაზეპინის ვაჟი ნიკიტა. მას სარეზერვო პილოტი პიეტრო ფიტიპალდი შეცვლის.
ფარიკაობა:
სამართლიანობის აღდგენამდე“ თანამდებობიდან გადადგა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი. აღსანიშნავია, რომ უსმანოვი ერთ-ერთია რუსეთის იმ გავლენიან წარმომადგენლებს შორის, ვისაც პერსონალურად დაეკისრა სხვადასხვა სახის საერთაშორისო სანქცია. როგორც ჩანს, „სამართლიანობის აღდგენაში“ უსმანოვი სწორედ ამ სანქციებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
ხელბურთი:
ევროპის ხელბურთის ფედერაციამ მისი ეგიდით გამართული ტურნირებიდან მოკვეთა რუსეთისა და ბელარუსის გუნდები.
შერეული ორთაბრძოლები:
შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციამ (IMMAF) რუსეთისა და ბელარუსის MMA-ს წევრობის სტატუსი შეუჩერა. რუსები და ბელარუსები საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებულ ვერც ერთ ტურნირში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, რუსეთსა და ბელარუსში IMMAF-ის ორგანიზებით არც ერთი ტურნირი არ ჩატარდება.
სათხილამურო სპორტი:
გაუქმდა რუსეთში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო ტურნირი. ლაპარაკია მსოფლიო თასის ეტაპებზე თხილამურობაში, ფრისტაილსა და ტრამპლინიდან ხტომაში.
კერლინგი:
ევროპის ჩემპიონატისთვის პერმს უნდა ემასპინძლა, თუმცა საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ტურნირი სხვა ქვეყანაში გაიმართება.
ფრენბურთი:
რუსეთში აღარ გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ფრენბურთში.
რაც შეეხება რუსეთიდან წასულ ლეგიონერებს: თორნიკე შენგელიასა და სხვა კალათბურთელებზე უკვე ვთქვით. თუმცა გაცილებით დიდი გადინებაა რუსულ ფეხბურთში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის უმაღლესი და პირველი ლიგების კლუბები ლეგიონერების გარეშე რჩებიან და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება. გასულ კვირას რუსული კლუბები დატოვა ორმოცამდე უცხოელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა. უკრაინელების გარდა (რაკიცკი, ვორონინი, გონჩარენკო, დუბკო, გოძიური, ორდეცი და სხვ.), რუსეთის პირველობას მასობრივად ტოვებენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარმა", რომელიც ერთბაშად ცამეტმა უცხოელმა დატოვა, მათ შორის მთავარმა მწვრთნელმა, გერმანელმა დანიელ ფარკემ, მისმა სამმა ასისტენტმა და წამყვანმა მოთამაშეებმა. მთავარი მწვრთნელის, ასევე გერმანელი მარკუს გიზდოლისა და მისი ასისტენტის გარეშე დარჩა მოსკოვის "ლოკომოტივი", რვა უცხოელი მოისაკლისა პირველი ლიგის კლუბმა "აკრონმა" და ა.შ.
მოკლედ, რუსული სპორტი სრულ იზოლაციაშია და ადგილობრივი "ბეი-ბეგის" იმედად რჩება. მით უმეტეს, თუ რეალობად იქცა ინგლისის პრემიერლიგის აღმასრულებელი დირექტორის ინიციატივა რუსეთში მატჩების ტრანსლირების შეწყვეტის შესახებ, დიდი ალბათობით, ინგლისელებს სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ და... რუსები ნამდვილ ფეხბურთს ტელევიზორშიც ვეღარ ნახავენ!